საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-856(კ-22) 15 ნოემბერი, 2022 წელი თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ.ს-ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ბ.ს-ემ 2019 წლის 24 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 15000 ლარის ოდენობით, ხოლო მორალური ზიანის - 9000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ბ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ბ.ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 2000 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 3000 ლარის ოდენობით ანაზღაურება. საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა საპროცესო ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ღირებულების სახით 500 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.
კასატორი საქართველოს გენერალური პროკურატურა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ არ არსებობს პროკურატურისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდება პროკურატურის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია აღნიშნული სახის ზიანი.
საქართველოს გენერალური პროკურატურის მითითებით, ზიანის ანაზღაურებისათვის სახეზე უნდა იყოს მოხელის უკანონო ქმედება, რომელიც პირისთვის ზიანის მიყენების საფუძველი გახდა. მოცემულ შემთხვევაში კი, პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს.
კასატორის განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, მსგავს საქმეებზე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მატერიალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 3000 ლარის, ხოლო მორალური ზიანის - 2000 ლარის დაკისრება არაგონივრულად მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ შეესაბამება ეროვნული და ევროპული სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას. კასატორი ასევე არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას გენერალური პროკურატურისათვის ადვოკატის მომსახურების - 500 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ბ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ბ.ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 2000 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 3000 ლარის ოდენობით ანაზღაურება; საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა საპროცესო ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ღირებულების სახით 500 ლარის ანაზღაურება. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. მოწინააღმდეგე მხარეს - ბ.ს-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ბ.ს-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 3000 ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით 2000 ლარის დაკისრებისა და ასევე, საპროცესო ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ღირებულების - 500 ლარის ნაწილში.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი, ხოლო ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.
საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გასამართლებულ ბ.ს-ეს, 2016 წლის 7 სექტემბერს თბილისში, ...ის გამზირისა და ...ის ქუჩის გადაკვეთაზე, პირადი გასინჯვისას აღმოაჩნდა ქარხნული წესით დამზადებული, მჩხვლეტავ-მჭრელი დანა მაფიქსირებელი მოწყობილობით, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ.ს-ეს წარედგინა ბრალდება ცივი იარაღის ტარების გამო განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის განაჩენით ბ.ს-ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სისხლის სამართლოს კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილის წარდგენილ ბრალდებაში. ბ.ს-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდა გირაოს შემტანს. აღნიშნული განაჩენი ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ...ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა და ითხოვა გამართლებულ ბ.ს-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა მტკიცებულებათა ერთობლიობა ბ.ს-ის ბრალეულობის დასადასტურებლად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით, ...ის პროკურატურის პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2017 წლის 15 ივნისის ზემოაღნიშნული განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. ამდენად, სახეზეა ბ.ს-ის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უკანონო ბრალდებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორი სახელმწიფო ორგანოს მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის ხანგრძლივობა და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ.ს-ის მიერ პატიმრობაში გატარებული დროისა (2 წელი და 7 დღე) და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 2000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
განსახილველ შემთხვევაში, მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით მოსარჩელე ითხოვდა სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში ადვოკატის იურიდიული მომსახურებისათვის თანხის ანაზღაურებასაც. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში ადვოკატისათვის მომსახურების ღირებულების თანხა. აღნიშნულს განაპირობებს უშუალო მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა - სისხლისსამართლებრივ დევნასა და იურიდიული მომსახურების მიღების საჭიროებას შორის. რომ არა უკანონო ბრალდება/მსჯავრდება, მოსარჩელეს არ ექნებოდა სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში იურიდიული მომსახურებისათვის ხარჯის გაწევის საჭიროება. ასეთ დროს სახელმწიფოს ეკისრება ადვოკატის მიერ მოსარჩელისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდა მაშინაც კი, თუ არ დასტურდება ხარჯის ფაქტობრივად გაწევა. საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იურიდიული მომსახურების გაწევის ფაქტს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-432-429 (2კ-17)).
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელის ინტერესებს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე იცავდა მისი ადვოკატი, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება ადვოკატისათვის იურიდიული მომსახურების ფაქტობრივი ანაზღაურება და აღნიშნული მიზნით გაწეული ხარჯის ოდენობა, რის გამოც საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ადვოკატის მომსახურების ღირებულების თანხის ოდენობასთან დაკავშირებით და ვერ გაიზიარებს საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს ადვოკატის მომსახურების თანხის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ამდენად, როდესაც გამართლებულ პირს მორალური ზიანის სახით მიეცემა ფულადი კომპენსაცია, მის მიერ ადვოკატებისათვის გაწეული ხარჯები განხილულ უნდა იქნეს როგორც მატერიალური ზიანი. შესაბამისად, გონივრულია მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 3000 ლარის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება.
რაც შეეხება საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის სახით 500 ლარის ოდენობით საადვოკატო მომსახურების დაკისრებას, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ განსახილველი საქმის მიმდინარეობისას მოსარჩელე წარმოდგენილი იყო ადვოკატით. ამასთან, ეროვნული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი შეიძლება ანაზღაურდეს იმ პირობებშიც, როდესაც არ არის წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ადვოკატის მომსახურება სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს გაწეული ხარჯის ოდენობა გონივრულ ფარგლებში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ზემოაღნიშნული მსჯელობის, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მართებულია საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის ადვოკატის მომსახურების ღირებულების სახით 500 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე