საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1024(კ-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ნ. ტ-ე, ა. ა-ა, თ. ა-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 26 აპრილს ნ. ტ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, ნ. ტ-ემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის N03-834/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება ნ. ტ-ის, თ. ა-ას და ა. ა-ას ოჯახი, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის/ბინის შესყიდვაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე - ნ. ტ-ესთან ერთად, მოსარჩელეებად მითითებულ იქნენ ა. ა-ა და თ. ა-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ტ-ის, თ. ა-ას და ა. ა-ას სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 08 აპრილის N03-834/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, კანონით დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება ნ. ტ-ის, თ. ა-ას და ა. ა-ას ოჯახი, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის/ბინის შესყიდვაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6 მუხლებზე, ასევე სადავო აქტის გამოცემის დროის მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-4 მუხლზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ მოპასუხე, როგორც დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელი უწყება, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად, სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებს საკუთრებაში არ აქვთ რაიმე სახის უძრავი ქონება, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა, რომ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამო, ამ ეტაპზე მოსარჩელეების გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ არსებობს. არ უნდა იქნეს გაზიარებული მოპასუხის მოსაზრება, ნ. ტ-ის მამამთილის საკუთრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, როგორც განქორწინების მოწმობით, ისე მონიტორინგის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ტ-ე განქორწინებულია მეუღლესთან და შვილებთან ერთად, დროებით ცხოვრობს ცალკე ოჯახად, სხვის საკუთრებაში.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ბავშვის საუკეთესო ინტერესი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2, მე-3, მე-8 მუხლებზე და განმარტა, რომ კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელეების ოჯახის განსახლების გადაუდებელი აუცილებლობა. სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო უნდა დაყრდნობოდა პრიორიტეტულობის პრინციპს. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის Nბს-308-304(2კ-14) გადაწყვეტილებაზე და განმარტა, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დევნილთა უფლებების დაცვას, მათ წინაშე აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას. დევნილთა ბინით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფოს ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები არ შეიძლება აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ სააგენტოს სადავო 2021 წლის 8 აპრილის N03-834/ო ბრძანება დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე, უკანონოა და არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ნ. ტ-ის, თ. ა-ას და ა. ა-ას ოჯახი დაკმაყოფილდება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის/ბინის შესყიდვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. ამდენად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
კასატორი მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისათვის, სახეზე უნდა იყოს ნორმატიულად განსაზაღვრული წინაპირობები. ამასთანავე, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების საკითხი, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, უპირატესობა მიენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს განსახლებაზე უარი ეთქვა სწორედ ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის საფუძვლით, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო და არა ქულათა არასაკმარისობის მიზეზით. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნ. ტ-ის ყოფილ მეუღლეს ზუგდიდში აქვს საკუთრება. ამასთანავე, ნ. ტ-ის მშობლებსაც გააჩნიათ საკუთრება. 2001 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ნ. ტ-ე ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად, ქ. ზუგდიდში, ...ის ქუჩაზე. 2019 წლის 14 თებერვალს ნ. ტ-ე მეუღლესთან განქორწინდა, იმისათვის, რომ მამამთილის საკუთრება არ ყოფილიყო ხელშემშლელი გარემობა, საცხოვრებლის მისაღებად. ამის შემდეგ, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 4 მარტს წარადგინა განცხადება საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, სახელმწიფო აღიარებს თავის პასუხისმგებლობას დევნილი ოჯახების მიმართ, თუმცა არასრულწლოვნების წინაშე მის მშობლებსაც აკისრიათ პასუხისმგებლობა. ნ. ტ-ის მეუღლესთან განქორწინება არ გამორიცხავს მშობელი მამის ვალდებულებას - აღზარდოს თავისი შვილები, იზრუნოს მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს კვლევის საკითხს წარმოადგენდა დევნილი ოჯახის საჭიროების განსაზღვრა, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინება, ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის დადგენა. სააგენტო წარმოადგენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე პასუხისმგებელ უწყებას. შესაბამისად, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუსუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის საკითხი. გადაწყვეტილების მიღების დროს გასათვალისწინებელია არამხოლოდ ქულათა რაოდენობა, არამედ მონიტორინგის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, წერილობითი მტკიცებულებები, კომისიის წევრის მოსაზრება, ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა, საცხოვრებელი პირობები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესიდან“ გამომდინარე, პირველ რიგში, საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვებული აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, მე-601, 96-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი კანონშესაბამისია, ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 19 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განმარტებულია, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ამავე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაში იგულისხმება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) მე-4 მუხლი ადგენდა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის პროცედურას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილი ოჯახის მიერ შევსებული „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმის“ და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმის“ საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის საკითხი განიხილებოდა კრიტერიუმებისა და ამ „წესის“ მე-6 მუხლის პირველი-მე-5, მე-8-12 პუნქტებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, შესაბამის გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, იღებდა კომისია, ხოლო მე-15 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-10-14 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდგომ, განაცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემოდა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდებოდა სასამართლოში. ამავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). დანართებში მოცემული იყო ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებზეც გაცემულია შესაბამისი მოწმობები.
კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე ნ. ტ-ემ თავდაპირველად განაცხადი გააკეთა 2019 წლის 4 მარტს და ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა შვილები: ა. ა-ა და თ. ა-ა. განმცხადებელმა შეავსო შესაბამისი კითხვარი.
ზემოაღნიშნული განაცხადის დამუშავების შედეგად, სადავო საკითხის გადაწყვეტამდე, წინასწარი შეფასებით, ნ. ტ-ის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 1,5 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავები).
2020 წლის 13 აგვისტოს შედგენილი მონიტორინგის ფორმის მიხედვით, 2020 წლის 13 აგვისტოს განხორციელდა მონიტორინგი მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე: ზუგდიდი, მ. კოსტავას ქუჩა N7, კორპუსი 1, ბინა 35. გამოვლინდა, რომ 1993-1995 წლებში ოჯახი ცხოვრობდა ზუგდიდში, ...ის ...ში; 1995-2000 წლებში - საზღვარგარეთ, მოსკოვში; 2001-2018 წლებში - ზუგდიდში, ...ის მეორე შესახვევში (მეუღლის სახლი), ხოლო 2018 წლიდან - მონიტორინგის მისამართზე, ქირის გარეშე. ოჯახი შედგება 3 წევრისაგან: ნ. ტ-ე, ა. ა-ა და თ. ა-ა. სახლი, სადაც მოსარჩელეები ცხოვრობენ, ეკუთვნის ნ. კ-ას (შორეული ნათესავი), რომელიც იმყოფება რუსეთში. განმცხადებლის განმარტებით, იგი განქორწინებულია მეუღლესთან. ჰყავს ორი შვილი, მათ შორის, ერთი-ერთი არასრულწლოვანია. სხვა საკუთრება ოჯახს არ გააჩნია.
2020 წლის 13 აგვისტოს შედგენილი დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმის მიხედვით, ვიზიტი განხორციელდა ნ. ტ-ის მეუღლის -ზ. ა-ას სახლში (ზუგდიდი, ...ის მეორე შესახვევი, N11). სახლი დასურათდა გარედან, ვინაიდან მისამართზე არავინ იმყოფებოდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 10 სექტემბრის N49 ოქმის მიხედვით, კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად იმსჯელა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის საკითხზე. კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით ნ. ტ-ეს უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე, საკითხის განხილვის ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის N03–834/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 10 სექტემბრის N49 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ნ. ტ-ეს უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე, საკითხის განხილვის ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოპასუხე, როგორც დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელი უწყება, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებთან მიმართებაში, არ დასტურდება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა, რამაც უნდა გამორიცხოს მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. უსაფუძვლოა მოპასუხე მხარის მოსაზრება, ნ. ტ-ის მამამთილის საკუთრებასთან დაკავშირებით, რამდენადაც, როგორც განქორწინების მოწმობით, ისე მონიტორინგის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ტ-ე განქორწინებულია მეუღლესთან და შვილებთან ერთად, დროებით ცხოვრობს ცალკე ოჯახად, სხვის საკუთრებაში. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ნ. ტ-ეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, თუმცა სადავო გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ბავშვის საუკეთესო ინტერესი. „ბავშვის უფლებათა კონვენციიდან“ გამომდინარე, დაცული უნდა ყოფილიყო ბავშვის ინტერესები, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არამხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მოსარჩელეებთან მიმართებაში ალტერნატიული ფართის არსებობა, რაც გამორიცხავდა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
გენადი მაკარიძე