Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1092(კ-22) 30 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს. ქ-ა)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 24 თებერვალს ს. ქ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის N03-168/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 28 იანვრის N03-168/ო ბრძანება; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ს. ქ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-13, მე-14, მე-19, მე-20 მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე, მე-3, მე-6 მუხლებზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა, ს. ქ-ას დევნილი ოჯახის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების თაობაზე. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით (...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2021 წლის 16 თებერვლის ცნობით, 2021 წლის 17 თებერვლის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეთა სახით დაკითხული პირების განმარტებებით, ელექტროენერგიის გადახდის ქვითრებით) დასტურდება ს. ქ-ას ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ძველი ...ის შენობაში ცხოვრების ფაქტი. პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა, 70 წლის პენსიონერ დევნილს არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსი, საცხოვრებელი ადგილის კეთილმოსაწყობად, უტყუარად არ ადასტურებს მოსარჩელის ნგრევად ობიექტში არცხოვრების ფაქტს. რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს გააჩნია სხვა ალტერნატიული საცხოვრისი, აპელანტს არც დავის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნები, მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, ქალაქ ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინსიტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რომელიც გამოიყენა.

კასატორის განმარტებით, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების უტყუარად დადასტურებას. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება დააფუძნა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე და მოსარჩელის ნგრევად ობიექტში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებლად მიუთითა ელექტროენერგიის გადახდის დამადასტურებელ ქვითრებზე, საიდანაც ნამდვილად არ დგინდება ზუგდიდის რაიონის, სოფელ ...ში, „...ის“ შენობაში ნამდვილად მოსარჩელის მხრიდან არის მოხმარებული ელექტროენერგია თუ სხვა პირის მიერ. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ამონაწერზე სოცილაურად დაუცველთა ბაზიდან, სადაც ს. ქ-ას მისამართად დაფიქსირებულია ზუგდიდი, სოფელი ...ი, თუმცა ნგრევადი ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე გამოსახლებისა და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას, სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია არა მოსარჩელეთა მითითებულ მისამართზე რეგისტრაცია, არამედ ფაქტობრივად ცხოვრება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, მონიტორინგის სამსახურს ევალება მოულოდნელი ვიზიტების განხორციელება ნგრევად ობიექტებში და დევნილის რეალურად ცხოვრების ფაქტების დადგენა. მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად, გამოყენებულია ყველა ის საშუალება, რაც გააჩნია სააგენტოს. სასამართლოს არ მიუთითებია კონკრეტულ ქმედებაზე, რომელიც უნდა შეესრულებინა სააგენტოს სადავო საკითხის გამოკვლევისას და არ შეასრულა.

კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაზე. სააგენტო არ არის ვალდებული, უპირობოდ გაიზიაროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემობები. შეფასების სტანდარტი ამ შემთხვევაში უფრო მაღალია, ვიდრე შემწეობის გაცემისას. შესადარებელი სიკეთეები განსხვავდება ერთმანეთისაგან, საკითხი შეეხება სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ბინის გადაცემას და არა ყოველთვიური შემწეობის გაცემას, რაც თავისთავად გულისხმობს სააგენტოს მხრიდან საქმის ყოველმხრივ, დეტალურად და ობიექტურად მოკვლევას.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ და აღნიშნავს, რომ მართალია, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. სახელმწიფოს ვალდებულება - უზრუნველყოს დევნილი ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით, როგორც წესი ხორციელდება კრიტერიუმების საფუძველზე, საჭიროებათა პრიორიტეტულობის პრინციპით, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ შენობა, რომელშიც დევნილი ოჯახი ცხოვრობს წარმოადგენს ნგრევად საშიშს, ამ ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ოჯახის უსაფრთხოების მიზნით განხორციელდება მინიჭებულ ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე. შესაბამისად, დევნილი ოჯახის, ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, დაუყოვნებლივ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას, დევნილი ოჯახის ნგრევად საშიშ შენობაში ფაქტობრივად ცხოვრება წარმოადგენს.

კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია, პრიორიტეტი მიანიჭოს ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული სართხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. ამგვარი მდგომარეობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით. მოსარჩელის საკითხის განხილვისას კომისიას წარედგინა ექსპერტიზის დასკვნა და მონიტორინგის ამსახველი მასალა. ადმინისტრაციულ ორგანოს გაუჩნდა გონივრული ეჭვი მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, მე-601, 96-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მასალებით დასტურდება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა. გასაჩივრებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონთან და მის საფუძველზე მიღებულ ნორმატიულ აქტებთან. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

სადავო პერიოდში მოქმედებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი N1). აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას ჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა შემთხვევას, როდესაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო, ამ „წესის“ მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, პრიორიტეტი მიენიჭებინა და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განეხორციელებინა იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობდნენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დადასტურებულიყო სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდებოდა სააგენტოს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე.

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მასზე გაცემულია შესაბამისი მოწმობა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე, დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხის განხილვისას, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის N77 საოქმო გადაწყვეტილებით ს. ქ-ას უარი ეთქვა ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. საოქმო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების შესაბამისად, სამეგრელოს რეგიონში მდებარე ნგრევადი ობიექტების დახურვის მიზნით, კომისიამ იმსჯელა მათში მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხზე. წარმოების ფარგლებში, განხორციელდა მონიტორინგს დაქვემდებარებული 68 ნგრევადი და სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტის აღწერა, რაც დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნებით. ნგრევადად შეფასდა ასევე ზუგდიდში, სოფელ ...ში მდებარე „...ის“ შენობა, რომელშიც ს. ქ-ას ფაქტობრივად ცხოვრება დადასტურებულად არ იქნა მიჩნეული.

ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის N03-168/ო ბრძანების გამოცემას.

დადგენილია, რომ სადავო ადმინისტრაცილი წარმოებისას, ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, ყოფილი ...ის შენობაში განხორციელდა მასში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა. 2020 წლის 27 ივნისს შედგენილ აღწერის ფორმაში მოსარჩელის ოჯახის წევრად მითითებულა მხოლოდ ს. ქ-ა. აღწერის დროს მისამართზე იმყოფებოდა ს. ქ-ა, რომელსაც ფართი დაკავებული აქვს 1993 წლიდან.

...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 16 თებერვალს გაცემული ცნობის მიხედვით, ს. ქ-ა 1999 წლიდან 2021 წლამდე ნამდვილად ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში (...ის შენობა - ...ო).

საქმეზე წარმოდგენილია მოწმეთა წერილობითი ჩვენება, რომლითაც მ. ქ-ა, კ. ლ-ა, ნ. ს-ა, ფ. წ-ა, რ. გ-ა და გ. გ-ა ადასტურებენ ს. ქ-ას 1999 წლიდან დღემდე ცხოვრებას ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში (ყოფილი ...ის შენობაში). მოწმეთა განმარტებით, ს. ქ-ა არასოდეს გადასულა სხვაგან საცხოვრებლად. აღნიშნული გარემოება დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმეთა სახით დაკითხულმა პირებმაც - დ. ძ-ამ, თ. ქ-ამ, ფ. წ-ამ და ნ. ფ-ამ.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად გამორიცხა მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი. საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირთა განსახლების საჭიროება, აღნიშნული კი, ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა შესაძლებლობას, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნის არსებობის პირობებში, ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა ობიექტში მცხოვრები მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა მისი ნგრევად ობიექტში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და გამოირიცხებოდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ს. ქ-ას სახელზე, უძრავ ქონებაზე არ არის რეგისტრირებული საკუთრების უფლება. საქმეში არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ს. ქ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ზუგდიდიდს რაიონის სოფელი ...ი, ყოფილი ...ის შენობა. საგულისხმოა, რომ სადავო საკითხის განხილვის პროცესში, მონიტორინგის განხორციელებისას, მოსარჩელე იმყოფებოდა შესაბამის მისამართზე მდებარე ნგრევად ობიექტში. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საწინააღმდეგო მტკიცებულებებზე მითითების გარეშე, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობა იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, უსაფუძვლოა. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის N03-168/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე