საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-916(კ-22) 1 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ა. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ა. ხ-ემ 2020 წლის 30 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2020 წლის 7 ოქტომბრის №SSVA 00019659 და 2020 წლის 13 ოქტომბრის №SSVA 00020141 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ა. ხ-ისათვის სამხედრო ძალების ვეტერანის შშმ პირის სტატუსის უვადოდ მინიჭების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინებით ა. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ-ემ.
კასატორის განმარტებით, სამხედრო ძალებში მსახურობის დროს მიღებული ტრავმის გამო, იგი ითვლება შშმ პირად უვადოდ. ხოლო მისთვის მინიჭებული მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსის გამო იგი სარგებლობდა სოციალური შეღავათებით, რაც, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შემდგომ, შეუწყდა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ა. ხ-ისათვის სამხედრო ძალების ვეტერანის შშმ პირის (ინვალიდის) სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლი ადგენდა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შემდეგ კატეგორიებს: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) თავდაცვის ძალების ვეტერანები. ხოლო კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლით დადგენილია ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) თავდაცვის ძალების ვეტერანები. ვეტერანთა ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს, თითოეულს ცალ-ცალკე განსაზღვრავს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები.
დადგენილია, რომ ა. ხ-ეს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2018 წლის 6 აგვისტოს №SSVA 00016332 ბრძანებით მიენიჭა
სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსი. ხოლო განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სამხედრო ძალების ვეტერანის ზემოაღნიშნული სტატუსი შეესაბამება ამჟამად მოქმედ თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსს. ა. ხ-ემ 2020 წლის 25 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა მისთვის სამხედრო ძალების შშმ პირის სტატუსის მინიჭება იმ საფუძვლით, რომ იგი არ ეთანხმება მისთვის მინიჭებულ სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსს (ამჟამად, თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსი). სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2020 წლის 7 ოქტომბრის №SSVA 00019659 სადავო გადაწყვეტილებით ა. ხ-ეს უარი ეთქვა სამხედრო ძალების შშმ პირის სტატუსის მინიჭებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე, რომლის შესაბამისად, თავდაცვის ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ყოფილი შინაგანი ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებული არიან ორდენებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), აგრეთვე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან დაკავშირებით. ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მეორე მსოფლიო ომისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს მიეკუთვნებიან: ა) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოქმედი არმიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილები /გადამდგარნი/, პარტიზანები, აგრეთვე საპენსიო უზრუნველყოფის მხრივ სამხედრო მოსამსახურეებთან გათანაბრებული შესაბამისი კატეგორიის მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდდნენ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფრონტზე, სამხედრო მოქმედების რაიონში, რკინიგზისა და საავტომობილო გზების ფრონტისპირა უბნებში, თავდაცვითი ზღუდეების, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და აეროდრომების მშენებლობის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად; ბ) სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც დაინვალიდდნენ მეორე მსოფლიო ომისა და შემდგომ პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად; გ) შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც დაინვალიდდნენ საბრძოლო მოქმედებების რაიონებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად; დ) სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, გამანადგურებელი ბატალიონების, ოცეულებისა და სახალხო დაცვის რაზმეულის მებრძოლები და მეთაურები, რომლებიც დაინვალიდდნენ მთავრობის საბრძოლო დავალებების შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად; ე) პირები, რომლებსაც ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა ომის წლებში დაავალეს საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის შეგროვება, ტერიტორიებისა და ობიექტების განაღმვა და დაინვალიდდნენ ამ პერიოდში მიღებული ჭრილობის, კონტუზიის ან დასახიჩრების შედეგად; ვ) მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სხვა სახელმწიფოში მოქმედ სამხედრო კონტინგენტს და დაინვალიდდნენ საბრძოლო მოქმედების პერიოდში ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს მეორე მსოფლიო ომისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად, იგი უნდა აკმაყოფილებდეს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანო კი მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა, ვინაიდან საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული იმ სტატუსის პირისათვის მინიჭება, რომელსაც მოსარჩელე ითხოვს. მოსარჩელის მოთხოვნის ინტერესს წარმოადგენს სოციალური პაკეტის მიღება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ხსენებული შეღავათის მისაღებად სახეზე უნდა იყოს იმგვარი გარემოება, რომელიც დააკმაყოფილებდა სოციალური შეღავათის პირობას. აღნიშნული ვითარება კი სადავო შემთხვევაში სახეზე არ არის. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ არსებობს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2020 წლის 7 ოქტომბრის №SSVA 00019659 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2020 წლის 13 ოქტომბრის №SSVA 00020141 გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემულია ის წესები, რომელთა დაცვითაც უნდა იქნეს ადმინისტრაციული აქტი გამოცემული, ანუ ის ნორმები, რომლებითაც განისაზღვრება ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, ადმინისტრაციული აქტის მომზადება და გამოცემა. აღნიშნული კოდექსის 102-ე მუხლით რეგლამენტირებულია ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
დადგენილია, რომ 2020 წლის 7 ოქტომბერს, ა. ხ-ემ კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და იმავე ფაქტებზე მითითებით, სამხედრო ძალების ვეტერანის ინვალიდობის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. საკასაციო პალატა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ 2020 წლის 7 ოქტომბრის განცხადებაში ა. ხ-ის მიერ არ ყოფილა მითითებული ახალი გარემოებები, რომლებიც განაპირობებდა მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შესაბამისად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2020 წლის 13 ოქტომბრის №SSVA 00020141 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი აღნიშნული განცხადების დაკმაყოფილებაზე.
კასატორის მიერ, საკასაციო საჩივარში დაყენებულია ასევე შუამდგომლობა საკასაციო სასამართლოს მიერ ა. ხ-ის ავადმყოფობის ისტორიის დედნის სახით გამოთხოვის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არა აქვს მინიჭებული პროცესუალური კომპეტენცია, დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და ამ მიზნით მოიპოვოს მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები ანუ საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასახულია საქმის მასალებში ან ჩამოყალიბებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იხილავს ა. ხ-ის საკასაციო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინების კანონიერებას სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ახალი მტკიცებულებების მიღების უფლება მოქმედი კანონმდებლობით საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია, რის გამოც, არ არსებობს ა. ხ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცესუალური წინაპირობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე