საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-979(კ-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ბ. ჯ-ა, თ. ხ-ა, თ. ჯ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 12 ივლისს ბ. ჯ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის N03/2058 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა; „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 2 ივლისის N03/11877 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, კანონით დადგენილი წესით და ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ბ. ჯ-ას და მისი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინებით დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე: ბ. ჯ-ასთან ერთად, მოსარჩელეებად მითითებულ იქნენ თ. ხ-ა და თ. ჯ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ. ჯ-ას, თ. ხ-ასა და თ. ჯ-ას სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის N03/2058 წერილობითი მიმართვა; ბათილად იქნა ცნობილი „ბ. ჯ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 02 ივლისის N03/11877 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელეთა ოჯახთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბ. ჯ-ას, თ. ხ-ას და თ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტზე, ამავე კანონის მე-13 მუხლის მეორე, მე-3 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, იგი ვალდებულია, დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლითაც გათვალისწინებულია დადგენილი კრიტერიუმების გარეშე, ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახებისათვის პრიორიტეტის მინიჭებისა და გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნგრევად ობიექტში დევნილი ოჯახის ცხოვრების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ოჯახის უსაფრთხოებას და კანონმდებლობა ითვალისწინებს ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, დევნილი ოჯახის დაუყოვნებლივ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას. ამასთანავე, უნდა დადასტურდეს დევნილი ოჯახის ნგრევადსაშიშ შენობაში ფაქტობრივად ცხოვრება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება მოსარჩელისა და მისი ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ...ას ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ნგრევად ობიექტში (...ას ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 29 მარტს გაცემული ცნობა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერები), ხოლო მეორე მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივად არ წარმოადგენდნენ ნგრევადი ობიექტის მაცხოვრებლებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის მქონე მტკიცებულებათა არსებობის პირობებში, შეუძლებელია ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება სადავო საკითხთან მიმართებაში. სააპელაციო სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენლის მიერ სააპელაციო პალატის სხდომაზე წარდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მოსარჩელეებს დარიცხული შემწეობა არ მიუღიათ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა განმარტა, რომ პანდემიის განმავლობაში, საოკუპაციო რეჟიმმა ჩაკეტა ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი და მოქალაქეებს არ ეძლეოდათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება. ამდენად, სხვა სერვისებთან ერთად, მოქალაქეები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, ესარგებლათ საბანკო სერვისით და აეღოთ დარიცხული შემწეობა. სწორედ აღნიშნული დაბრკოლება წარმოადგენდა იმის მიზეზსაც, რომ მონიტორინგისას მოსარჩელეები არ იმყოფებოდნენ დროებითი რეგისტრაციის ადგილზე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ...ას ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ყოფილი ...ის შენობაში.
საქმეში არსებული მტკიცებულებების შინაარსისა და სადავო საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია, რა მიზეზით შეიძლებოდა მოსარჩელეთა ოჯახი მისამართზე არ ყოფილიყო. ამასთანავე, უნდა შემოწმებულიყო მოსაჩელის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული ვერსიის რეალურობაც. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეესწავლა - გამოწვეული იყო თუ არა მოსარჩელეთა მისამართზე არყოფნა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლის აკრძალვით; რა პერიოდის განმავლობაში იყო ჩაკეტილი ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. „სასაზღვრო გამშვები პუნქტი“. ამასთანავე, მოპასუხეს უნდა მოეპოვებინა ინფორმაცია, მოსარჩელეთა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლის, უკან დაბრუნების სიხშირისა და ინტენსივობის შესახებ, უტყუარად დაედგინა, დევნილთა ოჯახის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ...ას ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ყოფილი ...ის ნგრევად შენობაში ოთახის დაკავებას ფორმალური ხასიათი ჰქონდა თუ დევნილთა ოჯახი იქ რეალურად ცხოვრობდა. ამ მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მოეპოვებინა ნგრევად ობიექტში მოსარჩელეთა მიერ კომუნალური მომსახურებისათვის გადახდილი გადასახადის ქვითრები ან აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, კომუნალური ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ ორი მეზობლის, არამედ ნგრევად ობიექტში მცხოვრები ადამიანების უმეტესი ნაწილის გამოკითხვა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, 2019 წელს მონიტორინგის ჯგუფს მოსარჩელე ნგრევად ობიექტში დახვდა. ამასთანავე, საქმეზე წარმოდგენილი, ...ას ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 29 მარტს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ბ. ჯ-ა და მისი მეუღლე თ. ხ-ა 1993 წლიდან ნამდვილად ცხოვრობენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ...ას ადმინისტრაციულ ერთეულში (...ი).
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რამდენადაც საცხოვრებელი შენობა ნგრევად ობიექტს წარმოადგენს, ბუნებრივია, რომ მასში მცხოვრებ პირებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მოტივით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დროებით მოუწიოთ ასეთი საცხოვრებლის დატოვება და სხვასთან თავის შეფარება, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია - რა ინტენსივობით ჰქონდა აღნიშნულ ფაქტს ადგილი. სააპელაციო პალატამ ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნია, გამოკვლეულ იქნეს, თუ სად სწავლობს ფაქტობრივად ბ. ჯ-ას შვილი - თ. ჯ-ა და არის თუ არა დასაქმებული ბ. ჯ-ას მეუღლე ზუგდიდის სკოლაში. როგორც სააპელაციო პალატის სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა განმარტა, თ. ჯ-ა სწავლობს ოკუპირებული გალის სოფელ ...ის სკოლაში, რომელიც ძალიან ახლოს არის სოფელ ...ასთან და უპრობლემოდ არის შესაძლებელი, სოფელი ...ადან სოფელ ...ამდე გადაადგილება. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეესწავლა, რამდენად შესაძლებელია სოფელი ...ადან სოფელ ...ის სკოლაში სწავლა და მოსწავლის გადასვლა სოფელი ...ის ტერიტორიაზე, ყოველდღიურ რეჟიმში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სააგენტოს არ დაურღვევია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები. მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების საკითხი შესწავლილია დეტალურად, გამოკითხულია არაერთი პირი, რომელთაც შეიძლებოდა მიეწოდებინათ ბ. ჯ-ას ნგრევად ობიექტში ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ობიექტის აღწერის დროს, მოსარჩელე არ დაფიქსირებულა ოჯახთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ას საბავშო ბაღში ფაქტობრივ მაცხოვრებლად. საქმეზე წარმოდგენილია ნგრევად ობიექტში ერთ-ერთი მცხოვრები პირის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, ბ. ჯ-ა არ წარმოადგენს ...ის ფაქტობრივად მცხოვრებ პირს. მას დაკავებული ჰქონდა ოთახი, რომელიც დაკეტილია. ოთახის დაკავება ფაქტობრივად ცხოვრებას არ გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ პირს ოთახი მართლზომიერ მფლობელობაში გადაეცა და რეგისტრაციის მისამართად დაუფიქსირდა. რეგისტრაცია მუდმივად ცხოვრებას არ გულისხმობს. გარდა ამისა, მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ბ. ჯ-ა იმყოფებოდა გალში. სააგენტომ ასევე მოიძია ინფორმაცია მოსარჩელის ოჯახის სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით. მ. გ-ას განმარტებით, ბ. ჯ-ა ოჯახთან ერთად იშვიათად გადმოდის ...ას ტერიტორიაზე, ხოლო როცა გადმოდის, ოჯახი რჩება სიმამრის სახლში, რომელიც მდებარეობს ზუსტად ნგრევადი ობიექტის მოპირდაპირე მხარეს.
კასატორის განმარტებით, ბ. ჯ-ა 1993 წლიდან არ წარმოადგენს ...ას ...ის ფაქტობრივ მაცხოვრებელს, როგორც ეს მითითებულია ...ას ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2021 წლის 29 მარტის ცნობებში. აღნიშნულის საპირისპიროდ, სააგენტომ მოიძია ინფორმაცია ოჯახის სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს, რომელ სკოლაში სწავლობს ბ. ჯ-ას შვილი - სააგენტოსათვის უცნობია, ზუგდიდის რომელი სკოლის მოსწავლე შეიძლება იყოს თ. ჯ-ა. გასათვალისწინებელია, რომ ზუგდიდში არაერთი სკოლაა. ამდენად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, მოიძიოს აღნიშნული ინფორმაცია.
კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლზე და აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის დაუყოვნებლივ, კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის, აუცილებელია დევნილი ოჯახის ნგრევად შენობაში ფაქტობრივად ცხოვრების დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში, აღწერის მასალებით არ დგინდება ბ. ჯ-ას ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრება. საქმის გარემოებების გამოკვლევის მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა განმცხადებელი, ჩაატარა მონიტორინგი და დათვალიერება. გამოყენებულ იქნა ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონთან და მის საფუძველზე მიღებულ ნორმატიულ აქტებთან. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“. აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა. გამონაკლისებს ადგენს ამავე მუხლის მე-10 პუნქტი. მათ შორის, მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-11 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება სააგენტოს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. აღწერა განხორციელდება დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომლების მიერ, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული „აღწერის ფორმის“ მიხედვით (ამავე შინაარსის ნორმებს შეიცავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ ამოქმედებისთანავე).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეთა ინტერესს წარმოადგენს მათი, როგორც სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახის წევრების საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
2021 წლის 29 იანვარს ბ. ჯ-ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ბ. ჯ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის N03/2058 წერილით ბ. ჯ-ას ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის N77 საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე მწვავე ავარიული და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტების დახურვის მიზნით, განხორციელდა მათში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში კრიტერიუმების გარეშე განსახლება. ბ. ჯ-ას ოჯახის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...აში მდებარე მწვავე ავარიული და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტიდან (...ი) კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი კომისიამ არ განიხილა, ობიექტზე ოჯახის ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
ბ. ჯ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, 2021 წლის 11 თებერვლის N03/2058 წერილობითი შეტყობინების ბათილად ცნობისა და ბ. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
სსიპ დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 25 თებერვლის N03-1303 სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, 2020 წლის 28 ივნისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...აში მდებარე ყოფილი ...ის შენობის აღწერის დროს, ადგილზე არ იმყოფებოდა ბ. ჯ-ას ოჯახი. ამასთანავე, არც მისამართზე ფაქტობრივად მცხოვრებ პირებს მიუწოდებიათ არანაირი ინფორმაცია ამ ოჯახთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით, 2021 წლის 29 მარტს სააგენტოში დაინიშნა ზეპირი მოსმენა. სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბ. ჯ-ა არის გალის რაიონის სოფელი ...ის მკვიდრი. 1993 წლის აფხაზეთის საომარი მოვლენების შემდეგ, იგი რეგისტრირებულია და ფაქტობრივად ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ...ას ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ნგრევად ობიექტში (ყოფილ ...ში). მოსარჩელის მშობლები დღემდე ცხოვრობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, პერიოდულად იგი გადადის მშობლების მოსანახულებლად. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ერთ-ერთი მორიგი ე.წ. „საზღვრის კვეთისას“ ბ. ჯ-ამ ვეღარ მოახერხა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება. წელიწადზე მეტია, იგი იძულებით იმყოფება სოფელ ...ში და მხოლოდ მიმოსვლის რეგულაციის გამარტივების შემდეგ შეძლებს ქალაქ ზუგდიდში დაბრუნებას. ბ. ჯ-ას მეუღლე მუშაობს პედაგოგად, ქალაქ ზუგდიდში. შვილი - თ. ჯ-ა იმავე სკოლის მოსწავლეა. მონიტორინგის განხორციელების მომენტისათვის ოჯახი არ იმყოფებოდა მისამართზე.
მითითებული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული წარმოებისას, ბ. ჯ-ამ სააგენტოში წარადგინა ...ას ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 29 მარტს გაცემული ცნობები. მითითებული ცნობების მიხედვით, ბ. ჯ-ა და მისი მეუღლე თ. ხ-ა 1993 წლიდან ნამდვილად ცხოვრობენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ...ას ადმინისტრაციულ ერთეულში (...ის შენობაში).
ამავე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დამატებითი მონიტორინგის ჩატარება. მონიტორინგის ფარგლებში, 2021 წლის 14-15 ივნისს სააგენტოს უფლებამოსილმა თანამშრომლებმა შეადგინეს გასაუბრების ოქმები. 2021 წლის 15 ივნისის გასაუბრების ოქმის მიხედვით, ქ. ზუგდიდში, სოფელ ...აში მდებარე ...ში მცხოვრებმა მ. გ-ამ განმარტა, რომ ბ. ჯ-ას ოჯახი აღნიშნული ...ის შენობაში არ ცხოვრობს. ოჯახს დაკავებული აქვს ერთი ოთახი, რომელიც დაკეტილია. მოსარჩელეები შვილთან ერთად ცხოვრობენ აფხაზეთში. ამასთან, თ. ხ-ა მუშაობს პედაგოგად აფხაზეთში, სოფელ ...ში. ...ას ...ის შენობის წინ ცხოვრობს ბ. ჯ-ას სიმამრი, მეუღლესთან ერთად. ბ. ჯ-ა ოჯახთან ერთად იშვიათად გადმოდის ...ას ტერიტორიაზე და რჩება სიმამრის ოჯახში. ამავე თარიღით შედგენილი გასაუბრების ოქმის მიხედვით, ...ას სკოლის დირექტორმა ნ. ლ-ამ განმარტა, რომ ბ. ჯ-ას შვილი - თ. ჯ-ა ...ას სკოლაში არ ირიცხება და არც არასდროს ირიცხებოდა.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 2 ივლისის N03/11877 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ბ. ჯ-ას ადმინისტრაციული საჩივარი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების დაუდასტურებლობის გამო, სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტიდან მოსარჩელის ოჯახის კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხის განუხილველად დატოვების თაობაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, არსებობდა სათანადო წინაპირობები, იმისათვის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო საკითხზე არსებითად მსჯელობის ფარგლებში გადაეწყვიტა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს მონიტორინგის მისამართზე მოსარჩელეთა ოჯახის არყოფნის რეალური მიზეზი და დადგინდეს, გამოწვეული იყო თუ არა მისამართზე არყოფნა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლის აკრძალვით და არყოფნა ატარებდა თუ არა დროებით ხასიათს. ამასთანავე, მოპასუხე მხარემ უნდა მოიპოვოს ინფორმაცია, მოსარჩელეთა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლის, უკან დაბრუნების სიხშირისა და ინტენსივობის შესახებ, უტყუარად უნდა დაადგინოს - ნგრევად შენობაში დევნილი ოჯახის მიერ ოთახის დაკავებას ფორმალური ხასიათი ჰქონდა თუ ოჯახი იქ რეალურად ცხოვრობდა. მოძიებულ უნდა იქნეს ნგრევად ობიექტში მოსარჩელეთა მიერ კომუნალური მომსახურებისათვის გადახდილი გადასახადების ამსახველი ქვითრები ან აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირთა უმეტესი ნაწილის გამოკითხვა. გასათვალისწინებელია ...ას ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 29 მარტს გაცემული ცნობები, რომლებითაც მუნიციპალიტეტის მერი ადასტურებს ბ. ჯ-ას და მისი მეუღლის ნამდვილად ცხოვრებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ...ას ადმინისტრაციულ ერთეულში (...ის შენობაში), 1993 წლიდან. მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია ასევე საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები. კერძოდ, აღნიშნული დოკუმენტაციის შინაარსით დგინდება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მოსარჩელეებს დარიცხული შემწეობა არ მიუღიათ. აღნიშნულის მიზეზად მოსარჩელე მხარე ასახელებს პანდემიის განმავლობაში, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. „სასაზღვრო გამშვები პუნქტის“ ჩაკეტვას და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქალაქეთა გადმოსვლის უფლების შეზღუდვას. ამდენად, მოქალაქეები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, ესარგებლათ საბანკო სერვისით და აეღოთ დარიცხული შემწეობა. ამდენად, შესაძლოა, აღნიშნული წარმოადგენდა იმის მიზეზს, რომ მონიტორინგისას მოსარჩელეები არ იმყოფებოდნენ დროებითი რეგისტრაციის ადგილზე - ყოფილი ...ის შენობაში. გარდა აღნიშნულისა, გამოკვლევას უნდა დაექვემდებაროს ბ. ჯ-ას შვილის - თ. ჯ-ას სწავლის ადგილი და დადგინდეს - არის თუ არა დასაქმებული ბ. ჯ-ას მეუღლე ზუგდიდში მდებარე სკოლაში. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ თ. ჯ-ა სწავლობს ოკუპირებული გალის სოფელ ...ის სკოლაში, რომელიც ძალიან ახლოს არის სოფელ ...ასთან და უპრობლემოდ არის შესაძლებელი, სოფელი ...ადან სოფელ ...ამდე გადაადგილება.
გარდა ამისა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიეს საქმის ხელახალი გამოკვლევის დროს, უნდა შეფასდეს, ჯანმრთელობისათვის საშიშ, ნგრევად ობიექტში, მოსარჩელეების დროებით არ ყოფნა, რამდენად წარმოადგენს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებლობის თაობაზე, რამდენადაც საქმეში არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის მქონე მტკიცებულებათა არსებობის პირობებში, შეუძლებელია ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება, სადავო საკითხთან მიმართებაში.
ამდენად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
გენადი მაკარიძე