Facebook Twitter

ბს-948(2კ-21) 16 დეკემბერი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რ.ა-ის და დ.ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2021წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ.გ-მა 15.08.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირების რ.ა-ის და დ.ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რ.ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 22.03.2019წ. გადაწყვეტილებისა და დ.ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 25.03.2019წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.08.2019წ. განჩინებით, ლ.გ-ის სარჩელი გადაეგზავნა განსჯად ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 11.12.2019წ. გადაწყვეტილებით, ლ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ.გ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2021წ. განჩინებით, ლ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 11.12.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიწის ნაკვეთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრაციის შესახებ ... წ. №... გადაწყვეტილება და ... წ. №... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი გადაწყვეტილებების მიღება საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით გათვალისწინებულ ვადაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო რუკის, სიტუაციური ნახაზის, სისტემური აღრიცხვის გრაფიკული მონაცემებისა და საგადასახადო სიის გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთები განაწილებული იყო თანმიმდევრობით იმგვარად, რომ ლ.გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და გ.წ-ზე (ამჟამად მესაკუთრე დ.ბ-ე) განაწილებულ მიწის ნაკვეთს შორის არსებობდა ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული კიდევ ერთი ნაკვეთი. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული მონაცემების შესაბამისად, ლ.გ-ის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... მდებარეობდა ... და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის. ამდენად, საჯარო რეესტრისთვის ცნობილი იყო მიწის ნაკვეთების თანმიმდევრულობა და ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების ურთიერთმდებარეობა. ამის მიუხედავად დაზუსტებული რეგისტრაცია რ.ა-ის სახელზე განხორციელდა ისე, რომ ... კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომდევნოდ აღმოჩნდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გაითვალისწინა მიწის ნაკვეთების ის თანმიმდევრობა და ისე დაარეგისტრირა ... კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომ არ გაითვალისწინა მათ შორის მიწის ნაკვეთთა არსებობის ფაქტი. ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო აქტების გამოცემამდე არ უმსჯელია და არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა მოსარჩელისა და მესამე პირის ნაკვეთებთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთი არ მდებარეობს სადავო მიწის ნაკვეთის ადგილას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, ამასთანავე, ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთის იდენტურობის თაობაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 19.03.2019წ. წერილი ლ.გ-ს არ გაუსაჩივრებია, მოსარჩელის საკუთრების უფლების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადგენის შეუძლებლობა სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრში დაცული სხვა ინფორმაციის საფუძველზე დადასტურებული არ არის.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დ.ბ-ე არ იყო კეთილსინდისიერი შემძენი, ვინაიდან მისთვის ისევე, როგორც რ.ა-ისთვის ცნობილი იყო, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და მისი ერთადერთი მართლზომიერი მფლობელი იყო ლ.გ-ი. სზაკ-ის 601.4 მუხლი ითვალისწინებს კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ...წ. გადაწყვეტილება მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების დადგენის გარეშე, კერძოდ, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული ამ საზღვრებში არსებულ მიწის ნაკვეთზე ლ.გ-ის საკუთრების არსებობა. მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს თუნდაც დაზუსტებული რეგისტრაციის კორექციას, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსათვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა. მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის პარამეტრების კორექციის შესაძლებლობას, ნაკვეთის კოორდინატების დაზუსტება არ ლახავს კეთილსინდისიერი შემძენის უფლებას, არ აყენებს მას რაიმე ზიანს, არ უმცირებს მასზე რიცხული ნაკვეთის ფართს (სუს საქმე №ბს-231-227(კ-15), 02.11.2017წ. განჩინება). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელია მასთან დაცულ რეგისტრირებულ მონაცემებზე, შესაბამისად წარდგენილ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის შემთხვევაში ვალდებული იყო საფუძვლიანად გამოეკვლია ფაქტობრივი გარემოებები და მათი შესაბამისობა საჯარო რეესტრში დაცულ დოკუმენტაციასთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ.ა-ის და დ.ბ-ის მიერ.

კასატორმა რ.ა-მა აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი თავდაპირველად გამოყოფილი იყო რეფორმის შედეგად გ.წ-ზე, რომელმაც 2005 წელს გაასხვისა ნ.მ-ზე. ამ უკანასკნელისაგან უძრავი ნივთი შეიძინა რ.ა-მა, რომელმაც შემდგომ გაასხვისა დ.ბ-ეზე. მოსარჩელემ მოთხოვნა ვერ დაასაბუთა სათანადო მტკიცებულებებით. რ.ა-ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა უტყუარად არის დადასტურებული. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი დარღვევებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობას ქმნის.

კასატორმა დ.ბ-ემ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დეტალურად განისაზღვრა ლ.გ-ის უძრავი ქონების ადგილსამყოფელი, რაც გამორიცხავს დავას დ.ბ-ის მიერ შეძენილი უძრავი ქონების მიმართ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ფაქტობრივად უგულებელყვო დ.ბ-ის მიერ უძრავი ქონების კეთილსინდისიერად შეძენის საფუძვლები. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც უძრავი ქონების შემძენის კეთილსინდისიერებას გამორიცხავდა. მოსარჩელემ მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა ვერ დაადასტურა სათანადო მტკიცებულებებით, მაგ., არ წარმოუდგენია ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით მიმდებარედ არსებული ნაკვეთების მეპატრონეთა - მეზობლების განმარტებები. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით შესაბამის ფაქტებისა და სამართლებრივი გარემოებების მითითების გარეშე, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ.ა-ის და დ.ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალებით 25.09.2000წ. ხაშურში, სოფ. ...ში მდებარე 1488,33 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. №327 ბრძანებულების შესაბამისად, დარეგისტრირდა ლ.გ-ის საკუთრების უფლება (ტ. 1, ს.ფ. 18, 22-23), ასევე მომზადდა საკადასტრო რუკა (ტ. 1, ს.ფ. 24). უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი .... ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 31.03.2009წ. გადაწყვეტილებით, ამავე სოფელში მდებარე 1488,22 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია ..., დაუზუსტებელი მონაცემებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა რ.ა-ის საკუთრების უფლება. საქმეზე დადგენილია, რომ საკადასტრო კოდის ... მქონე უძრავი ნივთზე პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 29.10.2000წ. ასევე საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. №327 ბრძანებულების საფუძველზე. საჯარო რეესტრის მიერ ...წ. მომზადებული სიტუაციური ნახაზი ასახავს მითითებული ბრძანებულების საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გრაფიკულ მონაცემებს, მათ შორის მოსარჩელისა და მესამე პირ(ებ)ის უძრავი ნივთების ადგილმდებარეობას და ურთიერთმიმართებას. გასაჩივრებული 22.03.2019წ. გადაწყვეტილებით განხორციელდა რ.ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია და მესამე პირის საკუთრება დარეგისტრირდა 1501 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული მონაცემებით. უძრავ ნივთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი ... (წინა კოდი ...). აღნიშნულ უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 28.03.2019წ. დარეგისტრირდა დ.ბ-ის საკუთრების უფლება.

ლ.გ-მა 26.03.2019წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (დაზუსტება). სარეგისტრაციო წარმოებისას განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება, აღნიშნულის გამო დაინიშნა სანოტარო მედიაცია, თუმცა მხარეთა შორის მორიგება ვერ იქნა მიღწეული. საბოლოოდ ლ.გ-ის განცხადებაზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 22–ე მუხლის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი (კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი), ამასთან, მხარეთა შორის მედიაციაც ვერ შედგა (ტ. 1, ს.ფ. 260). სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 04.06.2019წ. გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ლ.გ-ის მიერ. აღნიშნული საჩივარი არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.07.2019წ. გადაწყვეტილებით იმავე საფუძვლებზე მითითებით. ამდენად, ლ.გ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ცვლილების (დაზუსტების) დამაბრკოლებელ გარემოებას შეადგენდა არა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის შეუსაბამობა მის სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, არამედ დ.ბ-ის (წინა მესაკუთრე რ.ა-ი) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან ზედდების არსებობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლით განსაზღრულია სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები. მითითებული ნორმის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, ასევე თუ რეგისტრაციის მოთხოვნის დროისთვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტებიდან გამომდინარე მარეგისტრირებელ ორგანოს ლ.გ-ის განცხადებასთან დაკავშირებით არ მიუღია სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ზემოთ მითითებული რომელიმე საფუძვლით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა ზედდების დადგენის გამო კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენის მოთხოვნით, მიუხედავად იმისა, რომ ზედდების არსებობა დადგინდა არა უძრავი ნივთის ნაწილზე, არამედ უძრავ ნივთზე სრულად (ტ. 1, ს.ფ. 53). ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთის სადავო ნაკვეთთან ადგილმდებარეობის მხრივ შეუსაბამობის თაობაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება,

მიწის მართვის სახელმწიფო დეპარატმენტის მიერ ლ.გ-ის სახელზე 25.09.2000წ. გაცემული საკადასტრო რუკის მიხედვით მოსარჩელის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ...) ასახულია 25 სხვა ნაკვეთთან ერთად. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული მონაცემებით ლ.გ-ის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... მდებარეობდა ... და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის, ამის მიუხედავად დაზუსტებული რეგისტრაცია რ.ა-ის სახელზე განხორციელდა ისე, რომ ... კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომდევნოდ აღმოჩნდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიები (შედავება). მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა ვერ დადგინდა, ხოლო მესამე პირის მიწის ნაკვეთის ადგიმდებარეობა უტყუარად დასტურდება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული დ.ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება შედეგად არ იწვევს მესამე პირის, როგორც ნაკვეთის კეთილსინდისიერი შემძენის უფლების შელახვას. მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს თუნდაც დაზუსტებული რეგისტრაციის კორექციას, კერძოდ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 6.2 მუხლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.61 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების ცვლილებას, დაინტერესებული პირის ჩართვას ითვალისწინებს აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“ (29.3 მუხ.). ამდენად, კანონმდებლობა არ გამორიცხავს კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის პარამეტრების კორექციის შესაძლებლობას, ნაკვეთის კოორდინატების დაზუსტება არ ლახავს კეთილსინდისიერი შემძენის უფლებას (სუსგ 02.11.2017წ., საქმე №ბს-231-227(კ-15)).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ.ა-ის და დ.ბ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.ა-ის და დ.ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2021წ. გადაწყვეტილება;

3. ნ.ხ-ს (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.12.2021წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. დ.ბ-ეს (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.02.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი