№ბს-1333(კ-22) 28 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ.ბ-ა, ს.ბ-ა, ნ.ბ-ა, ლ.ვ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.ბ-ამ, ს.ბ-ამ, ნ.ბ-ამ და ლ.ვ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1380/ო ბრძანება, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თ.ბ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით თ.ბ-ას, ს.ბ-ას, ნ.ბ-ას და ლ.ვ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1380/ო ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ.ბ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ თ.ბ-ას სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №... მოწმობა; ბ) თ.ბ-ა არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. მისი ოჯახი შედგება სამი წევრისგან: მეუღლე - ს.ბ-ა, შვილი - ნ.ბ-ა და შვილიშვილი - ლ.ვ-ა; გ) 2015 წლის 5 თებერვალს თ.ბ-ამ №... განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მისი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. ამასთან, შეავსო შესაბამისი კითხვარი; დ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2020 წლის მდგომარებით, ოჯახი შეფასდა 4.50 ქულით (3,00 ქულა - სოციალური კრიტერიუმი, 1,50 ქულა - ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი). სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე, შვილი და შვილიშვილი. განაცხადს აკეთებს მათთან ერთად. სხვა სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ შვილს - გ.ბ-ს დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი, მისამართზე - თბილისი, ...ის ..., კორპუსი №4; ე) გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, თ.ბ-ას განაცხადიდან გამომდინარე, მონიტორინგი განხორციელდა 2020 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, ...ის ...ში, კორპუსი - №4, ბინა - №.... ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: თ.ბ-ა, მეუღლე - ს.ბ-ა, შვილი - ნ.ბ-ა და შვილიშვილი - ლ.ვ-ა. 18 წელია ცხოვრობენ აღნიშნულ ბინაში, ქირის გარეშე, ფართის მესაკუთრეა სახელმწიფო. მანამდე ცხოვრობდნენ ...ში, ქირით - 6 წელი. შვილი - ნ.ბ-ა მეუღლესთან ვ.ვ-სთან, 17 წელია განქორწინებულია; ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ქალაქ თბილისში გასანაწილებელი ბინების რაოდენობა, არსებული რესურსის შესაბამისად შეადგენდა 248 ოროთახიან ბინას. განხორციელდა მონიტორინგს დაქვემდებარებული 1191 განაცხადის მოკვლევა, შესაბამისი ოქმების შედგენა და ფოტომასალის მომზადება, რომლებსაც წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდა 4,5 და მეტი ქულა; ზ) კომისიის გადაწყვეტილებით, თ.ბ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, ამ ეტაპზე, მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს, სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების გამო; თ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1380/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, თ.ბ-ას, ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე; ი) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №... ცნობის თანახმად, თ.ბ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მითითებულია გულთან დაკავშირებული რამდენიმე დაავადება და გართულება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს თ.ბ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრებისა და გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტზე, ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების №1 დანართით განსაზღვრულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის 1-ლი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია კი დაკავშირებულია როგორც დევნილის სტატუსის ქონასთან, ისე დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება კი ხდება უფლებამოსილი პირის მიერ. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის და პრიორიტეტულობის განსაზღვრა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღებას მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა რაოდენობა (ნაკლებობა), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების გამო, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობასთან დაკავშირებით.
პალატის მოსაზრებით სააგენტოს მითითება მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელეები სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრობენ ქირის გარეშე და ისინი ყველანაირი შეზღუდვის გარეშე სარგებლობენ აღნიშნული ქონებით, არ ქმნის თ.ბ-ას ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. მოსარჩელეები 18 წელია ცხოვრობენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 18 კვ.მ. ფართში. საქმეში წარმოდგენილ ფოტომასალაზე ნათლად ჩანს მოსარჩელეთა საცხოვრებელი პირობები. სადავო საკითხის შეფასებისას გასათვალისწინებელია თ.ბ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოსარჩელეთა ასაკი.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი დანართის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერი არ გამორიცხავდა განსახილველი საკითხის დადებითად გადაწყვეტას. „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ ითვალისწინებს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობას, რაც დგინდება, შესაბამისი კრიტერიუმით. მითითებული წესით დადგენილი რეგულაციების გაუთვალისწინებლობა ყოველგვარ აზრს უკარგავს ქულათა სისტემის შემოღებას, ხოლო ამგვარ ვითარებაში ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველთვის შეეძლება დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებით, უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენოს ის დევნილი ოჯახი, რომელსაც სხვა დევნილ ოჯახთან შედარებით დაბალი ქულა აქვს მინიჭებული. აპელანტმა საკითხის განხილვისას არ გაითვალისწინა მოსარჩელეთა საცხოვრებელი პირობები, კერძოდ, 4 წევრიანი ოჯახი 18 წელია ცხოვრობს 18 კვ.მ. ფართში. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა ოჯახის წევრების რაოდენობისა და ფართის სიმცირის გათვალისწინებით, სახელმწიფოს საკუთრებაში ქირის გარეშე ცხოვრების ფაქტი არ გამორიცხავს მოსარჩელეთა უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, მოცემულ ეტაპზე, კრიტერიუმების შესაბამისად განსახლებულ იქნეს შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული რეგულაციით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. ამასთან, სასამართლოს, მოსარჩელის ოჯახისათვის მინიჭებული ქულების გარდა, ასევე, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელის შვილი და შვილიშვილი მონიტორინგის სამსახურის მისვლისას იმყოფებოდნენ მოსარჩელის მეორე შვილის - გ.ბ-ს საკუთრებაში, რომელსაც საცხოვრებელი ფართი დაკანონებული აქვს და შესაბამისად, ოჯახს სახელმწიფო საკუთრებაში დაკავებული აქვს ორი საცხოვრებელი სახლი და არა ერთი (18 კვ.მ).
კასატორი აღნიშნავს, რომ 2021 წლის 2 აპრილის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის ოქმის შესაბამისად, მითითებული ქულათა ზღვრული ოდენობა, მოსარჩელის შემთხვევაში მის მიმართ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას არ გამორიცხავდა, თუმცა 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების (დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი), მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სადავო მისამართზე მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების საკითხის განხილვა ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე მოხდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, კი შესაბამისი მომართვის არ არსებობის გამო სააგენტო ვალდებულია კრიტერიუმების საფუძველზე განიხილოს სადავო ობიექტში მცხოვრები დევნილების მიერ წარმოდგენილი განაცხადები. ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ბინის მესაკუთრე არის თავად სახელმწიფო და მოსარჩელეს არ უზღუდავს სადავო ფართით სარგებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის ოჯახის განსახლების საკითხი საერთოდ კრიტერიუმების გარეშე განიხილებოდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ბინაში შეუზღუდავად ცხოვრობს და სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ დევნილი ოჯახის მიერ დაგროვილი ქულათა რაოდენობა საკმარისია საცხოვრებელი ფართით დაკამაყოფილებისათვის, პირველ რიგში, საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის ქვეშ, ის ოჯახები, რომლებიც საერთოდ თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილები და სხვაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და შემდგომ ის ოჯახები, რომელთაც მართალია აქვთ საკმარისი ქულათა რაოდენობა საცხოვრებლის მისაღებად, მაგრამ ამ ეტაპისათვის სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებენ და გააჩნიათ საცხოვრებელი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს თ.ბ-ას ოჯახისათვის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1380/ო ბრძანების კანონიერება, რასაც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის შესახებ.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ თ.ბ-ას სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №... მოწმობა. თ.ბ-ა არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. მისი ოჯახი შედგება სამი წევრისგან: მეუღლე - ს.ბ-ა, შვილი - ნ.ბ-ა და შვილიშვილი - ლ.ვ-ა (ს.ფ. 19-32, 36, 141); ბ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2020 წლის მდგომარებით, ოჯახი შეფასდა 4.50 ქულით (3.00 ქულა - სოციალური კრიტერიუმი, 1.50 ქულა - ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი). სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე, შვილი და შვილიშვილი. განაცხადს აკეთებს მათთან ერთად. სხვა სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ შვილს - გ.ბ-ს დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი, მისამართზე - თბილისი, ...ის ..., კორპუსი №4 (ს.ფ 132-134); გ) გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, თ.ბ-ას ოჯახის მონიტორინგი განხორციელდა 2020 წლის 9 ნოემბერს, მისამართზე: თბილისი, ...ის ..., კორპუსი - №4, ბინა - №.... ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: თ.ბ-ა, მეუღლე - ს.ბ-ა, შვილი - ნ.ბ-ა და შვილიშვილი - ლ.ვ-ა. მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ ოჯახი 18 წელია ქირის გარეშე ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში, რომლის მესაკუთრეა სახელმწიფო. ადრე, 6 წელი ქირით ცხოვრობდნენ ქ. ...ში. შვილი - ნ.ბ-ა მეუღლესთან ვ.ვ-სთან განქორწინებულია (ს.ფ 58-61); დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ქალაქ თბილისში გასანაწილებელი ბინების რაოდენობა, არსებული რესურსის შესაბამისად შეადგენდა 248 ოროთახიან ბინას. განხორციელდა მონიტორინგს დაქვემდებარებული 1191 განაცხადის მოკვლევა, შესაბამისი ოქმების შედგენა და ფოტომასალის მომზადება, რომლებსაც წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდა 4,5 და მეტი ქულა. კომისიის გადაწყვეტილებით, თ.ბ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, ამ ეტაპზე, მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს, სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების გამო (ს.ფ 12-17); ე) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1380/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, თ.ბ-ას, ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ 18).
საკასაციო სასამართლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა საკმარისი იყო მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის, შესაბამისად, სააგენტოს მითითება მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელეები სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრობენ ქირის გარეშე და ისინი ყველანაირი შეზღუდვის გარეშე სარგებლობენ აღნიშნული ქონებით, არ ქმნის თ.ბ-ას ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ კასატორის მიერ მითითებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერი არ გამორიცხავდა განსახილველი საკითხის დადებითად გადაწყვეტას.
საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის. მოპასუხე მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებით, მოსარჩელეებთან შედარებით, სხვა პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას გადაწყვეტილების მიღებას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე ავალდებულებდა.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი მოსარჩელეების ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე