საქმე №ბს-1173(კ-22) 8 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 21 აპრილს ე. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიმართ.
მოსარჩელის დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 2015 წლის 14 ივლისის №3 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, რომლითაც მოხდება 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირის - ე. ბ-ის ზარალის ოდენობის გადაანგარიშება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა მესამე პირების ჩაბმასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 2015 წლის 14 ივლისის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული ე. ბ-ის ზარალის ადეკვატური და სამართლიანი გადაანგარიშების შეუძლებლობის ნაწილში და 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიას დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილი ფაქტობრივ გარემოებაა, რომ ე. ბ-ი წარმოადგენს ქ. თბილისში, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირს, რომელსაც დაეწვა და მთლიანად გაუნადგურდა ბინა და ქონება ...ს ქ. №3-ში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მერიასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრათ მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება თბილისის მერიის მიერ ზარალის ოდენობის ხელახალი გადაანგარიშების საფუძველზე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, იგი უფლებამოსილია მიიღოს ზარალის ოდენობის შესაბამისი კომპენსაცია. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2016 წლის 12 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 31 იანვრის №A17011913-005/001 წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მერიას და მოითხოვა ინფორმაცია ხელახალი გადაანგარიშებით ე. ბ-ის სასარგებლოდ დაკისრებული დავალიანების ოდენობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 15 თებერვლის წერილით კი, 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 2015 წლის 14 ივლისის №3 სხდომის ოქმის საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეცნობა, რომ შეუძლებელი იყო 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა ზარალის ადეკვატური და სამართლიანი გადაანგარიშება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე საქმეზე შპს „იზა" და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი №28537/02), რომელშიც სასამართლომ განმარტა, რომ „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას“.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ჩაატარა სხდომა და გამოსცა №3 ოქმი, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია ფორმალურად, აღსასრულებელი გადაწყვეტილების შინაარსისა და მოსარჩელის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის უფლების რეალიზების შესაძლებლობას აბრკოლებს ზარალის ოდენობის გადაანგარიშების მექანიზმის არარსებობა. ადმინისტრაციულ ორგანოს, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საკუთარი დისკრეციის ფარგლებში უნდა უზრუნველეყო სამართლებრივი ვაკუუმის აღმოფხვრა და აღნიშნული გადაანგარიშების მექანიზმის შესამუშავებლად სათანადო მოქმედებები განეხორციელებინა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/2182-13) განისაზღვრა, რომ მოსარჩელისთვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება სოლიდარულად დაეკისრათ ქ. თბილისის მერიას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, დაზარალებულ თბილისელთათვის მიყენებული ზიანის, ხელახალი გადაანგარიშების შემდეგ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 4 მარტის №09.04.205 განკარგულებით შეიქმნა „1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისია“. ამავე განკარგულებით განისაზღვრა კომისიის უფლებამოსილება, კანონმდებლობის შესაბამისად, 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად, სასამართლოს მიერ დაზარალებულად აღიარებულ თბილისელთა ზარალის გადაანგარიშების შესახებ.
კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ კომისიამ ზარალის ოდენობის გადაანგარიშების მიზნით არ გაატარა ქმედითი ღონისძიებები. კასატორები გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული ზემოხსენებულ მსჯელობის საპირისპიროდ მიუთითებენ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო, სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. კასატორები მიიჩნევენ, რომ ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, თავად კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შესაძლებლობას. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უპირობო ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ეკისრება. კასატორები მიიჩნევენ, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია.
კასატორები აღნიშნავენ, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გაუტარებლობასთან დაკავშირებით, რამეთუ 2015 წლის 14 ივლისს 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის შეკრების მიზანს წარმოადგენდა 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა ზარალის გადაანგარიშების შესაძლო გზების განხილვა, თუმცა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული შეუძლებელი იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს - 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს სახელით მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მათ უპირობო და სავალდებულო შესრულებას. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნტის თანახმად, სასამართლო აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტები სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნული კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. ამავე კოდექსის 265-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა, რომელშიც ამავე კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოიაზრება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის მერიას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრათ ე. ბ-ისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება თბილისის მერიის მიერ ზარალის ოდენობის ხელახალი გადაანგარიშების საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ე. ბ-ი წარმოადგენს ქ. თბილისში, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირს, რომელსაც დაეწვა და მთლიანად გაუნადგურდა ბინა, მდებარე - ...ს ქ. №3-ში. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 2011 წლის 9 ივნისის №279/1 ცნობის მიხედვით, 2011 წლის 9 ივნისის მდგომარეობით ე. ბ-ისათვის ასანაზღაურებელი დავალიანება შეადგენდა 12 662,0 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 31 იანვრის N A 17011913-005/001 წერილით მიმართა ქ. თბილისის მერიას და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მოითხოვა ეცნობებინათ ხელახალი გადაანგარიშებით ე. ბ-ის სასარგებლოდ დაკისრებული დავალიანების ოდენობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 15 თებერვლის წერილით, 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 2015 წლის 14 ივლისის №3 სხდომის ოქმის საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეცნობა, რომ მთელი რიგი გარემოებების გამო, შეუძლებელი იყო 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა ზარალის ადეკვატური და სამართლიანი გადაანგარიშება.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დავა გადაწყვეტილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუვლად დაედოს ისეთი გარემოება, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული ორგანოს 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა გამოსაკვლევად ფართო სპექტრის მტკიცებულებების მოძიების უფლებამოსილებას ანიჭებს, ესენია: დოკუმენტების გამოთხოვა, ცნობების შეგროვება, დაინტერესებული მხარეების მოსმენა, მოვლენის ან შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ექსპერტიზის დანიშვნა, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომების მიღება. ზემოაღნიშნული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სავალდებულო რეკვიზიტს შესაბამისი დასაბუთება წარმოადგენს.
კასატორები საკასაციო საჩივარში აპელირებენ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის „ე“ ქვეპუნტზე, რომლიც ითვალისწინებს სააღსრულებლო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების უკან დაბრუნების შემთხვევებს, კერძოდ, ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი ფურცლის დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, მოვალის მიერ აღსრულების შეუძლებლობა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებით ან სამართლებრივი საფუძვლით უნდა იყოს განპირობებული და არა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების ხელოვნურად შექმნილი ვითარებით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 2015 წლის 14 ივლისის №3 სხდომის ოქმი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე, კერძოდ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი აღსრულების შეუძლებლობის შემთხვევის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების თუ სამართლებრივი საფუძვლის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორების მარტოოდენ ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ კომისია შეიკრიბა 1991/92 დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულთა თბილისელთა ზარალის გადაანგარიშების შესაძლო გზების განხილვის მიზნით, ვერ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცებას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს კონკრეტულ სამართლებრივ საფუძველსა თუ ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელ გარემოებად. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების იმპერატიული დანაწესის დაძლევა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუსაბუთებელი და კანონით გაუთვალისწინებელი აღსრულების ხელშემშლელი პროცედურებით.
ქ. თბილისის მთავრობის 30.05.11წ. №13.07.506 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტისა და ქ. თბილისის მერიის ის დადგენილებები (12.09.96წ. №14.04.901, 06.03.97წ. №06.03.260, 05.07.01წ. №10.12.231), რომლებითაც ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი კონტროლის კომისია და დამტკიცდა მისი წესდება. აღნიშნული კომისიის უფლებამონაცვლის სახით შეიქმნა 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისიის წევრთა მიერ 31.05.11წ. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა „1991/92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის“ მიერ მოქალაქეთათვის მიყენებული ზარალის ოდენობის შესახებ გაცემული ცნობები. ამასთანავე, ქ. თბილისის მთავრობის 14.06.11წ. №15.02.578 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „1991-92წ.წ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 24.01.01წ. №01.15.12 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ თბილისში 1991-92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების პარალელურად, „დაზარალებულ მოქალაქეთა მიმართ დავალიანების არსებობის თაობაზე „ქ. თბილისის 1991 წლის დეკემბერსა და 1992წ. იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. №336 დადგენილება, „თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა - მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. №197 ბრძანებულება და „თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებულ მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 01.12.97წ. №704 ბრძანებულება, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. №180 განკარგულების ის ნაწილი, რომლითაც სახელმწიფომ აღიარა დაზარალებულ მოქალაქეთა მიმართ არსებული დავალიანება, არ გაუქმებულა და სავალდებულოდ შესასრულებელი ძალის მქონეა.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ მოსარჩელე - ე. ბ-ს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გააჩნია მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, თუმცა 1991-1992წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბელიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ ზიანის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე გაცემული ცნობა, ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული, რაც მოსარჩელის უფლების რეალიზებისთვის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული უწყებების მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული ზიანის ხელახალი გადაანგარიშების მექანიზმი, თუმცა აღნიშნული ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულებისგან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიღების პერიოდისთვის (2014 წლის 15 ოქტომბერი) კომისიის წევრთა მიერ 31.05.11წ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმებული იყო 1991/92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის საზოგადოებრივი კონტროლის მიერ მოქალაქეთათვის მიყენებული ზარალის ოდენობის შესახებ გაცემული ცნობები. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ არ მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ე. ბ-ისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის დამაბრკოლებლად. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს გააჩნია ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიას დააკისრა ზარალის ოდენობის ხელახლა გადაანგარიშება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით უზრუნველეყო სათანადო მექანიზმის შემუშავება მოსარჩელისთვის მიკუთვნებული თანხის გადასაანგარიშებლად, რითაც აღმოიფხვრებოდა სამართლებრივი ვაკუუმი. სასამართლო გადაწყვეტილების აღმასრულებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულებაზეა დამოკიდებული მისი შესრულების მექანიზმის შერჩევა და არა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი.
განსახილველ შემთხვევაში, ზემოხსენებული, სავალდებულო ძალის მქონე ნორმატიული საკანონმდებლო აქტები ქ. თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებულ მოსახლეობას მოთხოვნის უფლებას ანიჭებს, შესაბამისად, ე. ბ-ს გააჩნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად თანხის მიღების მოლოდინი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების სათანადოდ განუხორციელებლობამ - პოზიტიური ვალდებულების დარღვევამ, რაც გამოიხატა თანხის დაანგარიშების სათანადო სამართლებრივი მექანიზმის შეუმუშავებლობაში, გამოიწვია მოსარჩელის საკუთრების უფლების დარღვევა. მოსარჩელე მხარის ეფექტური დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას, აღასრულონ შიდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“ ((Apostol v. Georgia) №40765/02, 28 ნოემბერი, 2006 წელი) დაადგინა, რომ სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული უწყებების მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ცალკე მითითებული არ არის, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა აღნიშნული უფლება, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის გაგებით (დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ, №8252/08, §43, 12 ივნისი, 2012 წელი).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა