Facebook Twitter

№ბს-1143(კ-20) 14 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ბ-ე; მოპასუხე - სსიპ ქონების მართვის სააგენტო; მესამე პირი (სასკ - 16.1) - შპს „ს...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 31 ოქტომბერს მ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შედეგად საბოლოოდ მოპასუხეებად მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია და სსიპ ქონების მართვის სააგენტო. მისარჩელემ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 20 ოქტომბრის №01-1/71 ბრძანების, ამავე სააგენტოს 2016 წლის 15 სექტემბრის №09-1/1515 ბრძანების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 28 ივლისის №521 სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესამე პირად ჩაება შპს „ა...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე მესამე პირის - შპს „ა...ის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „ა...მა“ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და მისი ახლანდელი სახელწოდებაა შპს „ს...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის საოქმო განჩინებით მ. ბ-ის სარჩელზე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 20 ოქტომბრის №01-1/71 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, საქმის წარმოება შეწყდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 28 ივლისის №521 საოქმო გადაწყვეტილება მ. ბ-ის ნაწილში (საკითხი 61-ე) და მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - ქ. თბილისში, სოფ. ...ში, ... მ/რ-ში 724 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მ. ბ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებები, რომლის თანახმადაც, თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1978 წლის 3 აგვისტოს №1217 განკარგულებით, „...ის“ გაერთიანებას ნება დაერთო, ... მ/რ-ში „ც-დ“ გზასა და ...ე ...ას შორის ...ის მოწყობაზე.

ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1979 წლის 21 სექტემბრის №244 ბრძანების თანახმად, თბილქალაქსაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1978 წლის 3 აგვისტოს №1217 განკარგულების საფუძველზე, შეთანხმდა ... მ/რ-ში მდებარე ...სა და ცენტრალურ გზას შორის მდებარე ...ის მოწყობის პროექტი.

ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, თბილისი, ... მ/რ-ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია 2004 წელს.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 25.06.2004წ. №2/673-96 სააღსრულებო ფურცლისა და გლდანის რაიონული სასამართლოს 29.12.1996წ. №2/673 განჩინების თანახმად, ქ. თბილისის სამმართველოს ... ...ი საკუთრებაში გადაეცა მ. ბ-ეს. მიწის ნაკვეთის საერთო ფართად მითითებულია 4568,38 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ფართი: ლიტ „ა“, საერთო ფართი - 148.40 კვ.მ, ლიტერი „ბ“ საერთო ფართი - 43.80 კვ.მ.

2014 წლის 17 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, ... მ/რ, ს.კ. ..., დაზუსტებული ფართობი: 2300.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2011 წლის 26 იანვრიდან აღირიცხა მ. ბ-ის სახელზე.

უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: 16.07.2014წ. დამოწმებული შეთანხმება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №..., დამოწმებული 20.01.2011წ; გლდანის რაიონული სასამართლოს 1996 წ. 29 დეკემბრის განჩინება საქმეზე №2/673-96.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, ... მ/რ, ს.კ. ..., დაზუსტებული ფართობი: 2300.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2014 წლის 18 ივლისიდან აღირიცხა შპს „მ...ის’’ სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული 18.07.2014 წ.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, ... მ/რ, ს.კ. ..., დაზუსტებული ფართობი: 2300.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2014 წლის 18 ივლისიდან აღირიცხა შპს „ა...ის“ სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებულ 18.07.2014 წ.

შპს „ს...“ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, სამართლებრივი ფორმაა შპს. რეგისტრაციის თარიღი: 13.06.2014 წ.

შპს „ა...ი“ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, სამართლებრივი ფორმაა შპს. რეგისტრაციის თარიღი: 13.06.2014 წ.

მ. ქ-ის, ვ. ჩ-ისა და ი. ხ-ის 2016 წლის 25 აპრილის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, განმცხადებლები ადასტურებენ, რომ მ. ბ-ე 1996 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს 724 კვ.მ მიწის ნაკვეთით, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ... მ/რ, ...ი. განმცხადებლები თანახმა არიან, რომ მ. ბ-ემ მოახდინოს აღნიშნული უძრავი ქონების ლეგალიზაცია.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მაისის №07/5176-13 წერილის მიხედვით, თბილისი, ... მ/რ, 724 კვ.მ მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ-6) ზონაში.

2016 წლის 18 მაისს მ. ბ-ემ №14/9190 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, სოფ. ...ში, ... მ/რ-ში 724 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 28 ივლისის №521 ოქმის 61-ე საკითხით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილს (მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ი, ... მ/რ) მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - სასყიდლიანი და საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა მ. ბ-ეზე, კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით. ოქმში მიეთითა, რომ საკუთრების უფლების მოწმობა გაიცემოდა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 31 მარტის №55-01170901262 წერილის მიხედვით, 2016 წლის 28 ივლისის №521 სხდომის ოქმით კომისიამ განიხილა მ. ბ-ის №14/9190 საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით. კომისიის წევრებმა ადგილზე დაათვალიერეს მოთხოვნილი ტერიტორია (თბილისი, სოფ. ...ი, ... მ/რ). მიწის ნაკვეთის ნაწილი დაინტერესებულ პირს გასხვისებული ჰქონდა შპს-ზე, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, უშუალოდ მ. ბ-ის საკუთრებაში არსებულის მომიჯნავედ მოხდა საკუთრების უფლების აღიარება. შესაბამისად, კომისიამ მიუთითა, რომ საკუთრების უფლების მოწმობას გასცემდა მოქალაქის მიერ კორექტირებული ნახაზის წარდგენის შემდეგ.

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 15 სექტემბრის №09-1/1515 ბრძანებით განისაზღვრა, რომ საჯარო რეესტრში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებულიყო ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ არსებული 104 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

2016 წლის 23 სექტემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ, ს.კ. ..., დაზუსტებული ფართობი 104.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2016 წლის 23 სექტემბრიდან აღირიცხა სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 15.09.2016 წ. №09-1/1515 ბრძანება.

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 20 ოქტომბრის №01-1/71 ბრძანებით განხორციელდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დანართით წარმოდგენილი უძრავი ქონების პრივატიზება. ამავე დანართით განისაზღვრა ელექტრონული აუქციონის ფორმა. დანართით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე აუქციონის დაწყების დროდ განისაზღვრა 2016 წლის 20 ოქტომბერი, 15:00 სთ, ხოლო დასრულების დროდ - 2016 წლის 31 ოქტომბერი, 17:00 სთ.

აღნიშნული ბრძანების დანართის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული იქნა ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ 104 კვ.მ (სზ-6) უძრავი ქონება, საწყისი საპრივატიზებო საფასური - 15 500 ლარი.

2016 წლის 31 ოქტომბერს სსიპ ქონების მართვის სააგენტომ გასცა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №... ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება), რომლის თანახმადაც შპს „ა...მა“ აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება (ს.კ. ..., 104 კვ.მ. მის: თბილისი, ...ი, ქუჩა ...ი №...-ის მიმდებარედ). გაყიდული ქონების სრული საბოლოო ღირებულება: 159 65 ლარი.

2016 წლის 9 ნოემბერს სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ა...ს’’ შორის გაფორმდა პირობებით გამოცხადებული აუქციონის №... ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ...ის №...-ს მიმდებარედ, ს.კ. ...-ზე 104 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემდგომი პრივატიზების მიზნით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ჩატარებულ №... აუქციონზე №... ლოტზე შპს „ა...ის“ მიერ შეთავაზებული ფასის - 15 965 ლარი - საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საკუთრებაში გადაეცემოდა მიწის ნაკვეთი, ფართობი 104 კვ.მ., საცხოვრებელი ზონა (სზ-6)). აუქციონში გამარჯვებული ვალდებული იყო აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური - 15 965 ლარი - გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

2016 წლის 22 ნოემბერს მ. ბ-ემ განცხადება წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო ფარგლებში უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაცია, რომელიც მდებარეობს: თბილისი, ...ი, ... მ/რ. განცხადებას თან ერთვოდა: პირადობის ასლი, სატყეო ფონდი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, პირადი განცხადება, სიტუაციური გეგმები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა, აზომვით ნახაზის ასლი, გეგმის ასლი, განჩინების და სააღსრულებო ფურცლის ასლი, საარქივო ცნობის ასლი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით მ. ბ-ეს ეცნობა, რომ ტექ.ბიუროს მონაცემების თანახმად, კუთვნილ ფართს წარმოადგენდა 4568 კვ.მ, რომელიც უკვე რეგისტრირებული იყო ს.კ. ...-ზე. შესაბამისად, თუ მას სურდა მოთხოვნილი 5292 კვ.მ ფართის რეგისტრაცია, აუცილებელი იყოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ან საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომატებულ 724 კვ.მ-ზე, წარდგენა, რომელიც განმცხადებლის მოთხოვნით გადაეგზავნებოდა აღიარების კომისიას.

2016 წლის 1 დეკემბერს მ. ბ-ემ საჯარო რეესტრში დამატებით წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზების ქაღალდის და ელ.ვერსია და მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით მ. ბ-ეს ეცნობა, რომ ფიქსირდებოდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება. ს.კ. ...-ის და ს.კ. ...-ის მესაკუთრე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი, ხოლო ს.კ. ...-ის მესაკუთრე შპს „ა...ი“, შესაბამისად, მიეთითა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება მ. ბ-ის 22.11.2016წ. სარეგისტრაციო განცხადებაზე იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2016 წლის 9 დეკემბერს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაიცა №24641 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის თანახმად, შპს „ა...ს“ საკუთრებაში გადაეცა ...ის №...-ს მიმდებარედ ს.კ. ... (შეზღუდვა - დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე) 104 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიჩნეულ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მ. ბ-ის მიერ 2016 წლის 18 მაისს წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა საარქივო ცნობა, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტურის ბრძანება, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, ინფორმაცია უძრავ ნივთებზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, საკადასტრო გეგმა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და პირადობის მოწმობის ასლი. ამავე განცხადების მიხედვით, მოსარჩელე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა, როგორც მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება სადავო აქტის დაუსაბუთებლობის თაობაზე და მიიჩნია, რომ საოქმო გადაწყვეტილება შემოიფარგლა მხოლოდ კორექტირებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებით, ისე, რომ არ შეიცავს დასაბუთებას, რატომ და რა გარემოებებზე დაყრდნობით მოხდა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების უარყოფა. არ არის გამოკვეთილი რა ფაქტობრივ საფუძვლებს ეყრდნობა კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში და არ დგინდება, მომხდარია თუ არა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-გამოკვლევა და რითია მითითებული უარყოფილი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით (საოქმო გადაწყვეტილება) და არც საქმის მასალებით არ ირკვევა 724 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან რამდენ კვადრატულ მეტრზე ეღიარა მოსარჩელეს საკუთრების უფლება და რა კონფიგურაციით. ამასთან, კომისიის მიერ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ მიიჩნია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მ. ბ-ის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ. თბილისში, სოფ. ...ში, ... მ/რ-ში 724 კვ.მ მიწის ნაკვეთის სრულად თვითნებური დაკავების შეფასების საკმარის საფუძვლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მ. ბ-ე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა, როგორც მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა კომისიაში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი მოიცავდა როგორც უშუალოდ მისი საკუთრების მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, ისე მესამე პირის - შპს „ა...ის“ (შპს „ს...“) საკუთრების მომიჯნავე მიწის ნაკვეთსაც, რომლეზეც საკუთების უფლების აღიარება ეწინააღმდგება მოქმედ კანონმდებლობას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მესამე პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სწორედ მ. ბ-ემ გაასხვისა და შესაბამისად მითითებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვით ავტომატურად გამოირიცხა მ. ბ-ის მიერ ამ ქონების მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე რაიმე პრეტენზიის გაცხადება.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კასატორი აღნიშნავს, რომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლება ეღიარებინა მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც მდებარეობს უშუალოდ მ. ბ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, აღნიშნული ასევე დასტურდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 31 მარტის №55-01170901262 წერილით.

რაც შეეხება სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ ირკვევა 724 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან რამდენ კვადრატულ მეტრზე ეღიარა მოსარჩელეს საკუთრების უფლება, კასატორმა აღნიშნა, რომ კვადრატულობის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადების გარეშე, რაც, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიას განმცხადებელმა უნდა წარმოუდგინოს. ამდენად, კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. ბ-ეს უნდა წარედგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზეც დატანილი იქნებოდა მხოლოდ მისი საკუთრების მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის - მ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, ქ. თბილისი, ... მ/რ-ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია 2004 წელს.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 25.06.2004 წლის №2/673-96 სააღსრულებო ფურცლისა და გლდანის რაიონული სასამართლოს 29.12.1996წ. №2/673 განჩინების თანახმად, ქ. თბილისის სამმართველოს ... ...ი საკუთრებაში გადაეცა მ. ბ-ეს. მიწის ნაკვეთის საერთო ფართად მითითებულია 4568,38 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ფართი: ლიტ „ა“, საერთო ფართი - 148.40 კვ.მ, ლიტერი „ბ“ საერთო ფართი - 43.80 კვ.მ.

2014 წლის 17 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, ... მ/რ, ს.კ. ..., დაზუსტებული ფართობი: 2300.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2011 წლის 26 იანვრიდან აღირიცხა მ. ბ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: 16.07.2014 წ. დამოწმებული შეთანხმება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №..., დამოწმებული 20.01.2011 წ; გლდანის რაიონული სასამართლოს 1996 წ. 29 დეკემბრის განჩინება საქმეზე №2/673-96.

2014 წლის 18 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, ... მ/რ, ს.კ. ..., დაზუსტებული ფართობი: 2300.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2014 წლის 18 ივლისიდან აღირიცხა შპს ,,მ...ის’’ სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული 18.07.2014 წ.

2015 წლის 02 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, ... მ/რ, ს.კ. ..., დაზუსტებული ფართობი: 2300.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2014 წლის 18 ივლისიდან აღირიცხა შპს ,,ა...ის’’ სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული 18.07.2014 წ.

საქმეში წარმოდგენილი მ. ქ-ის, ვ. ჩ-ისა და ი. ხ-ის 2016 წლის 25 აპრილის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, განმცხადებლები ადასტურებენ, რომ მ. ბ-ე 1996 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს 724 კვ.მ მიწის ნაკვეთით, მდებარე მისამართზე: თბილისი, ... მ/რ, ...ი. განმცხადებლები თანახმა არიან, რომ მ. ბ-ემ მოახდინოს აღნიშნული უძრავი ქონების ლეგალიზაცია.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 28 ივლისის №521 ოქმის 61-ე საკითხით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილს (მდებარე ქ. თბილისი, სოფ. ...ი, ... მ/რ) მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - სასყიდლიანი და საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა მ. ბ-ეზე, კომისიის მიერ განსზღვრული კონფიგურაციით. ოქმში მიეთითა, რომ საკუთრების უფლების მოწმობა გაიცემოდა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 31 მარტის №55-01170901262 წერილით ირკვევა, რომ 2016 წლის 28 ივლისის №521 სხდომის ოქმით კომისიამ განიხილა მ. ბ-ის №14/9190 საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით. კომისიის წევრებმა ადგილზე დაათვალიერეს მოთხოვნილი ტერიტორია (თბილისი, სოფ. ...ი, ... მ/რ). მიწის ნაკვეთის ნაწილი დაინტერესებულ პირს გასხვისებული ჰქონდა შპს-ზე, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, უშუალოდ მ. ბ-ის საკუთრებაში არსებულის მომიჯნავედ მოხდა საკუთრების უფლების აღიარება. შესაბამისად, კომისიამ მიუთითა, რომ საკუთრების უფლების მოწმობას გასცემდა მოქალაქის მიერ კორექტირებული ნახაზის წარდგენის შემდეგ.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი (გასაჩივრებულ ნაწილში) მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ბ-ის მიერ 2016 წლის 18 მაისს წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა საარქივო ცნობა, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტურის ბრძანება, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, ინფორმაცია უძრავ ნივთებზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, საკადასტრო გეგმა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და პირადობის მოწმობის ასლი. ამავე განცხადების თანახმად, მოსარჩელე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა, როგორც მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ არც კომისიის სადავო აქტით და არც ადმინისტრაციული წარმოების მასალებით არ ირკვევა 724 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან რამდენ კვადრატულ მეტრზე ეღიარა მოსარჩელეს საკუთრების უფლება და რა კონფიგურაციით. საოქმო გადაწყვეტილება შემოიფარგლება მხოლოდ კორექტირებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებით, ისე, რომ არ არის დასაბუთებული თუ რატომ არ შეაფასა ადმინისტრაციულმა ორგანომ მ. ბ-ის მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებები და თავად რატომ არ განსაზღვრა შესაბამისი ფართის ზუსტი ოდენობა.

ამდენად, საკასაციო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი