Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-113(კ-21) 6 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ს...ი“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - შპს „მ...“

მოსარჩელე - შპს „...ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „ს...მა“ და შპს „...მა“ 2017 წლის 13 ოქტომბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს 2017 წლის 14 ივნისს გამოცხადებულ №SPA... ელექტრონულ ტენდერში არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო შპს „ს...ისა“ და შპს „...ის“ დისკვალიფიკაციის შესახებ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დისტანციური მართვის მოწყობილობის (ROV) (CPV ...) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ჩასატარებელი ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2017 წლის 6 სექტემბრის №4 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, შპს „...ის“ მიერ წარდგენილ №DIS...-01 საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შპს „ს...ის“ მიერ წარდგენილ №DIS...-02 საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, შპს „ს...ის“ შავ სიაში რეგისტრირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის №... განკარგულებისა და შპს „...ის“ შავ სიაში რეგისტრირების შესახებ ამავე სააგენტოს 2017 წლის 14 ნოემბრის №... განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს...ისა“ და შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის №3/6885-17 განჩინება, შპს „ს...ის“ და შპს „...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 13 ნოემბრის №... და 2017 წლის 14 ნოემბრის №2017 განკარგულებების მოქმედების შეჩერებისა და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის შპს „ს...ის“ და შპს „...ის“ შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრიდან (შავი სიიდან) ამოღების თაობაზე, ძალას დაკარგავდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ს...მა“ და შპს „...მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შპს „ს...ის“ და შპს „...ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს...მა“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით შპს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

2022 წლის 24 ნოემბერს შპს „ს...მა“ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

მოცემულ შემთხვევაში კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, რითაც მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს „ს...ის“ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შპს „ს...ის“ საკასაციო საჩივარზე. შპს „ს...ის“ უნდა განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „ს...ს“ საკასაციო საჩივარზე 10.02.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, შპს „ს...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ს...ის“ განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. შპს „ს...ის“ საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

3. შპს „ს...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.02.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. მხარეს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით (378-ე მუხლი).

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე