საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-579(კ-22) 16 დეკემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ნ. ხ-ი, გ. ხ-ი
დავის საგანი - ქმედების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
2020 წლის 6 იანვარს გ. და ნ. ხ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ნოემბრის №4-5/ს.ფ.-1010-19 სააღსრულებო ფურცლის გამოცემითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ნოემბრის №4-5/ს.ფ.-1011-19 სააღსრულებო ფურცლის გამოცემით განხორციელებული ქმედებების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. და გ. ხ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 ნოემბრის №4-5/ს.ფ.-1010-19 სააღსრულებო ფურცლის გამოცემითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციის 2019 წლის 25 ნოემბრის №4-5/ს.ფ.-1011-19 სააღსრულებო ფურცლის გამოცემით განხორციელებული ქმედებები. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრა დასაშვებია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სამომავლოდ განსახორციელებელი სავარაუდო ქმედების ან მისგან თავის შეკავების მოთხოვნით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არაა, რადგან სამსახურის მიერ 2019 წლის 25 ნოემბრის №4-5/ს.ფ. 1010-19 და №4-5/ს.ფ. 1011-19 სააღსრულებო ფურცლების გაცემით სახეზე გვაქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების მიზნით უკვე განხორციელებული ქმედება, რის გამოც, სარჩელი დაუშვებელი იყო, თუმცა, კასატორი მიუთითებს, რომ სარჩელის სასკ-ის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაშიც, სახეზე არ გვექნებოდა აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული პირობა, ვინაიდან, მხარეს არ გამოუყენებია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის N1-1760 ბრძანების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. და გ. ხ-ის საჩივარი ზედამხედველობის სამსახურის აქტის ბათილობაზე) სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, ეს კი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ, ერთი მხრივ, მერიის N1-1760 ბრძანება არ აყენებდა პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელეების კანონიერ უფლებებს ან ინტერესს და აქედან გამომდინარე, აღნიშნული აქტის საფუძველზე გამოცემული სააღსრულებო ფურცელიც ვერანაირი უშუალო და პირდაპირი ზიანის მიმყენებელი ვერ იქნებოდა მისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 5 ივნისის ამონაწერის თანახმად, საჯარო მიწის ნაკვეთის, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ...ის №19, ბინა №2, ფართი 32.00 კვ.მ (დაზუსტებული ფართობი: 1792.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი-7; შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3), საკადასტრო კოდი №..., მესაკუთრეს წარმოადგენს ნ. ხ-ი. უფლების რეგისტრაციის თარიღი: 05/06/2015 წელი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: პრივატიზების ხელშეკრულება N2-14, დამოწმების თარიღი: 25/01/1998 წელი.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 7 ივლისის ამონაწერის თანახმად, ზემოხსენებული ქონების მესაკუთრედ ფიქსირდება გ. ხ-ი. უფლების რეგისტრაციის თარიღი: 11/06/2015 წელი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება(დამოწმების თარიღი:08/06/2015 წელი)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, 2015 წლის 19 ივნისს, ნ. ხ-ის მიმართ შედგა №000314 მითითება, რომლის თანახმად, ნ. ხ-ის მიერ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №19-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, განხორციელებული იყო კაპიტალური მიშენება ორი სართულის დონეზე. დარღვევის გამოსწორების მიზნით, ნ. ხ-ს დაევალა 30 კალენდარული დღის ვადაში, მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა, ან ობიექტის დემონტაჟის განხორციელება.
2015 წლის 17 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა №000314 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ მოსარჩელემ არ შესრულა მითითებით გათვალისწინებული პირობები.
2015 წლის 24 სექტემბრის, სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ორგანოში გაიმართა საქმის განხილვა. სხდომაზე გამოცხადებულმა ნ. ხ-მა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები მის მიერ განხორციელდა 1991-1992 წლებში და ექვემდებარება ლეგალიზებას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2015 წლის 16 ოქტომბრის №4-3/155-გ/15 ბრძანებით, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებულ იქნა 2015 წლის 16 ოქტომბრიდან 2015 წლის 16 დეკემბრამდე. 2015 წლის 2 დეკემბერს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაიმართა სხდომა, სადაც გამოცხადნენ ნ. ხ-ი და გ. ხ-ი(ობიექტის მესაკუთრე). მესაკუთრემ აღნიშნა, რომ მიშენების დემონტაჟს არ აპირებს, რადგან არის 2007 წლამდე განხორციელებული და ექვემდებარება ლეგალიზებას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 15 დეკემბერის №000314 დადგენილებით ნ. ხ-ი დაჯარიმდა 8 000 ლარით, უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის ამავე დადგენილებით, გ. ხ-ს დაევალა აღნიშნული უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (ორი სართულის დონეზე კაპიტალური მიშენების) დემონტაჟი. ზემოხსენებული დადგენილება ნ. ხ-მა საკუთარი და გ. ხ-ის სახელით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2015 წლის 28 დეკემბერის №123721/15 და 2016 წლის 18 იანვრის №13538/15 ადმინისტრაციული საჩივრებით და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1760 ბრძანებით, ნ. და გ. ხ-ების ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 15 დეკემბრის №000314 დადგენილება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციული დავების განხილვისა და სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების 2016 წლის 4 ოქტომბრის №17/261473 გზავნილის თანახმად, ნ. ხ-მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1760 ბრძანების შემცველი გზავნილი ჩაიბარა პირადად, 2016 წლის 25 ოქტომბერს.(ს.ფ. 126).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2015 წლის 15 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, 2019 წლის 25 ნოემბერს გაიცა №4-5/ს.ფ.- 1010-19 სააღსრულებო ფურცელი. რომლის თანახმად: მოქალაქე ნ. ხ-ს დაევალა ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით გადახდა, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №19-ში, ბ.№2-ზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური მიშენებისათვის ორი სართულის დონეზე. ამავე სააღსრულებო ფურცლის მიხედვით კრედიტორს წარმოადგენს: სახელმწიფო ბიუჯეტი, მოვალეს - ნ. ხ-ი. დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად მითითებულია 08.11.2019წ., ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღია 25.11.2019წ. (ტ.1 ს.ფ. 23-24).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2015 წლის 15 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, ასევე გაიცა 2019 წლის 25 ნოემბრის №4-5/ს.ფ.-1011-19 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოქალაქე გ. ხ-ს დაევალა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №19-ში, ბ.№2-ზე უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (ორი სართულის დონეზე კაპიტალური მიშენების) დემონტაჟი. ამავე სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, კრედიტორს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, მოვალეს - გ. ხ-ი, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად მითითებულია 08.11.2019 წელი, ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღად - 25.11.2019 წელი (ტ.1 ს.ფ. 71-72).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის (დელეგირებული ფუნქციები) 2019 წლის 12 დეკემბრის A19198575-008/002 გადაწყვეტილებით, გ. ხ-ს მიეცა წინადადება გაფრთხილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით მოეყვანა სისრულეში 2019 წლის 25 ნოემბერს №4-5/ს.ფ.-1011-19 სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა იძულებითი აღსრულება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 20 დეკემბრის A19198574-007/001 გადაწყვეტილებით ნ. ხ-ს მიეცა წინადადება გაფრთხილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით მოეყვანა სისრულეში 2019 წლის 25 ნოემბრის №4-5/ს.ფ.- 1010-19 სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა იძულებითი აღსრულება (ტ.1 ს.ფ. 16-19).
2019 წლის 31 დეკემბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართა მოსარჩელე ნ. ხ-ის წარმომადგენელმა ი. კ-ემ და მოითხოვა ნ. ხ-ის სააღსრულებო საქმეზე წარდგენილი სააღსრულებო ფურცლისა და დადგენილების ასლის გადაცემა (ს.ფ. 22). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 23 იანვრის №3960 წერილის თანახმად, ნ. ხ-ის წარმომადგენელს - ი. კ-ეს 2020 წლის 21 იანვრის №3404 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (მერიის) მიერ გაცემული 4-5/ს.ფ.-1010-19 სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება A19198574), რომლის თანახმად ნ. ხ-ს (...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება. ამავე წერილით ი. კ-ეს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნულ საქმეზე იძულებითი საჯარო აუქციონი არ მიმდინარეობს (ტ.1 ს.ფ.76).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, რომლის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა, – 8 000 ლარით.
კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება. 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად კი, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება აღსასრულებლად მიექცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უმეტეს 6 თვის ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხის წარმოდგენს მოსარჩელეების მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განხორციელებული ქმედების მართლზომიერების შეფასება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, ვინაიდან მოსარჩელე აღნიშნულ აქტებს სადავოდ ხდის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აქტის აღსრულების ვადების დარღვევის საფუძვლით, ხოლო სააღსრულებო პროცედურების დაწყება უკავშირდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლას (თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია, როდის შევიდა კანონიერ ძალაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 15 დეკემბრის №000314 დადგენილება და მიექცა თუ არა აღნიშნული დადგენილება კანონით დადგენილ ვადაში აღსასრულებლად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის წინაპირობას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლა ან აქტის გასაჩივრების შემთხვევაში მის უცვლელად დატოვება. ამასთანავე, გასაჩივრების ვადის ათვლისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მხარისათვის ოფიციალური გაცნობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (სზაკ-ის 54-ე მუხლი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლა ასევე უკავშირდება აქტის აღსრულების პროცედურების დაწყებას (კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა). ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ზუსტი დროის განსაზღვრა მნიშვნელოვანია აქტის მიმართ საჩივრის და სარჩელის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადების დასაცავად და, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, იძულებით აღსრულების დასაწყებად. სწორედ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე იწყება მისი გასაჩივრების (საჩივრის, სარჩელის შეტანის) ვადების ათვლა, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, გასაჩივრების უფლების გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აღსრულების პროცედურების დაწყების ვადების ათვლა. აქტის აღსრულება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატის დავალდებულებას-შეასრულოს გარკვეული ქმედებების განხორციელება ან გადაწყვეტილებით განსაზღვრული დადგენილი თანხის გადახდა. აქტით დაკისრებული ვალდებულებების აღსრულება, სახელმწიფოს მხრიდან წარმოადგენს იძულებითი ძალის გამოყენებას და დასაშვებია არა ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულებით, არამედ მხოლოდ კანონის მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით და ვალდებულებით.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო პერიოდში მოქმედი, აღსრულების პროცედურების დაწყება და აღსრულების ვადები, კონკრეტულად მოწესრიგებულია საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისი ნორმებით და აღნიშნული გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის თვითნებურად გადაწყვეტის ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. კერძოდ, „საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსი ადგენს, რომ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა- ნაგებობების დემონტაჟის თაობაზე დადგენილებას აღსასრულებლად მიაქცევს მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უმეტეს 6 თვის ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 15 დეკემბრის №000314 დადგენილება, რომლითაც მოსარჩელეებს დაეკისრათ სამშენებლო კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები, მათ გაასაჩივრეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1760 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 15 დეკემბრის №000314 დადგენილება სასამართლოში არ გაუსაჩივრებიათ.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1760 ბრძანება, ნ. ხ-მა (მოსარჩელემ და გ. ხ-ის წარმომადგენელმა) ჩაიბარა პირადად, 2016 წლის 25 ოქტომბერს. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1760 ბრძანება კანონიერ ძალაში შევიდა მისი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ - 2016 წლის 25 ნოემბერს. ამდენად, დადგენილების აღსასრულებლად განსაზღვრული 6-თვიანი ვადის დინება დაიწყო 2016 წლის 25 ნოემბერს და დასრულდა 2017 წლის 25 აპრილს. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით დასტურდება, რომ დადგენილება აღსასრულებლად მიექცა 2019 წელს, კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 წლის შემდეგ, რაც ცალსახად არღვევს საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფა-ლი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ დანაწესს.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარეთა პოზიციას ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების აღსრულების, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით დაწყების თაობაზე და მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. სამართლიანი განხილვის უფლება გულისხმობს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ წარმოებას გადაწყვეტილების მიღების პროცესის ვადისა და კანონიერების თვალსაზრისით, არამედ ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის კანონიერებასაც. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა წარმოადგენს საჯარო მმართველობის განხორციელებას და მისი მხრიდან კანონის დაცვის ვალდებულება დაკავშირებულია ადმინისტრაციული სამართლის ისეთ ძირითად პრინციპებთან, როგორიცაა – საჯარო მმართველობის ეფექტურობა, ადმინისტრაციული ორგანოების დისკრეციული უფლებამოსილება, კანონიერი ნდობის უფლება, საქვეყნოობა, მიუკერძოებლობა, კანონიერება, კანონის წინაშე თანასწორობა და ა.შ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს, ქვედა ინსტანციების სასამართლოების სამართლებრივ შეფასებებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს დავა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ.გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე