Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-636(კ-22) 12 დეკემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ.დ-ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ.დ-მა 2021 წლის 16 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და ამავე სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების სახით 7000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ.დ-ის სასარგებლოდ 7000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინიტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის აღნიშნავს, რომ გ.დ-სა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტი არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. კასატორი მიუთითებს, რომ გ.დ-სა და თავდაცვის სამინისტროს შორის კონტრაქტი გაფორმდა 2009 წლის 4 თებერვლის, რომელშიც ურთიერთშეთანხმების ოქმის საფუძველზე ცვლილება იქნა შეტანილი და კონტრაქტის ვადა განისაზღვრა 10 წლით. 2019 წლის 4 თებერვალს გ.დ-ს ასევე გაუფორმდა კონტრაქტი და 2021 წლის 01 ივნისიდან, აღნიშნული კონტრაქტის პირობების დარღვევით, მოსარჩელე დათხოვნილ იქნა. კასატორის მითითებით იქიდან, გამომდინარე რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2006 წლის 18 თებერვლის №53 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი არ ითვალისწინებდა კონტრაქტის დასრულების შემდეგ თანხის გაცემას, გ.დ-ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, მხარეთა შორის დადებული კონტრაქტებიდან გამომდინარე, ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ ბრძანებით განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები. მითითებული ბრძანების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ოთხწლიანი კონტრაქტით სამსახურის პერიოდში, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, კონტრაქტი შეუწყდათ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 7 000 ლარის ოდენობით აღნიშნული პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ სამხედრო მოსამსახურეს წინა კონტრაქტი შეუწყდა 8-წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე. ამრიგად, ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 8-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე.

მითითებული ნორმის ანალიზის საფუძველზე, 7 000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემის საფუძველია სამხედრო მოსამსახურესთან დადებული ოთხწლიანი კონტრაქტი, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას და კონტრაქტი შეწყდა რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე და ერთჯერადი დახმარების თანხა გაიცემა რვა წლიანი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ.

საქმეში წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ.დ-ი აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული სამართლებრივი მოწესრიგების პირობებს. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის №1668 ბრძანებით, გ.დ-ი გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის სერჟანტად/შტატი №.../. ასევე დადგენილია, რომ 2007 წლის 2 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ.დ-ს შორის გაფორმდა 4-წლიანი ხელშეკრულება №... (კონტრაქტი) „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. აღნიშნული ხელშეკრულების დასრულებამდე, 2009 წლის 4 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა 8-წლიანი ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ, ხოლო 2011 წლის 1 სექტემბერს დაიდო შეთანხმების №123 ოქმი, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ 2009 წლის 4 თებერვლის ხელშეკრულების (კონტრაქტი) მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ 2009 წლის 4 თებერვლის კონტრაქტის დასრულების შედეგად, მოსარჩელეს წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება და უსაფუძვლოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გ.დ-სთან დადებული კონტრაქტი არ შეესაბამება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და არ ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოთა მსჯელობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დავალების თაობაზე. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე