საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1060(კს-22) 16 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - მ.ე.ა-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მესამე პირი (სასკ 16.2) - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო;
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
მ.ე.ა-იმ 2019 წლის 21 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ქ. თბილისში, ... №...-ში მდებარე უძრავ ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების მიღებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 28 თებერვლის №ბ- 19/01173332452-17 და 2019 წლის 09 სექტემბრის №1317 ბრძანებების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ექსპლუატაციაში იქნება მიღებული კანონის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვის და რეკონსტრუქციის შედეგად წარმოებული სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები და ამ სამუშაოების ჩატარების შედეგად წარმოშობილი მ.ე.ა-ის მფლობელობაში მყოფი ფართები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ე.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრა მ.ე.ა-იმ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ, მოსარჩელეს 7 (შვიდი) დღის ვადაში დაევალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის (სადავო განჩინებების კონკრეტული თარიღის მითითებით), სააპელაციო საჩივრისა და მასზე თანდართული დოკუმენტების სათანადო რაოდენობის ასლების, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედანი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი) და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით აპელანტ მ.ე.ა-ის გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 10 (ათი) დღით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით მ.ე.ა-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის მიზეზით, დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.ე.ა-ის წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სადავო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ჩაბარდა 2022 წლის 8 აგვისტოს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქმეში დაცულია შპს „...ს“ უკუგზავნილი, რომლითაც დასტურდება, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თბილისი სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განჩინების შემცველი გზავნილი ნ.გ-ეს ჩაბარდა პირადად 25 მაისს. აღნიშნულ უკუგზავნილში ასევე ფიქსირდება ნ.გ-ის ხელმოწერა და მისი პირადი ნომერი: ... კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მას არ ჩაუბარებია აღნიშნული გზავნილი პირადად, რადგან იგი გზავნილის ჩაბარების პერიოდში (15:20 საათზე იმყოფებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე, აღნიშნულს ადასტურებს სხდომის ოქმი, რომელიც თან ერთვის კერძო საჩივარს. გზავნილი ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა-
„ ...“ ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარემ- ქ.ჯ-მა, ამას ასევე ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ჩაბარების დასტურზე მითითებული პირადი ნომერი არ ემთხვევა ნ.გ-ის პირად ნომერს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ განჩინების შემცველი გზავნილი არ ჩაბარდა მას სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მ.ე.ა-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ე.ა-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესვლიდან 10 დღის განმავლობაში ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს.
სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საჩივარი და რამდენად აკმაყოფილებს იგი კანონით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. თუკი წარდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ან სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს წარმომადგენელი, რომლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობაც საქმეში არ მოიპოვება, სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე უნდა დაადგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს მხარეს გონივრული ვადა დადგენილი ხარვეზის შესავსებად. თავის მხრივ, აპელანტმა უნდა უზრუნველყოს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამასთან, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან, რამეთუ მხოლოდ სასამართლოს აქტის გაცნობის შემდეგ ხდება მხარისთვის ცნობილი რა მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა მისი სააპელაციო საჩივარი, რა მოქმედებები უნდა განახორციელოს მან და რა ვადაში. სწორედ ამიტომ, მხარეს, რომელსაც ოფიციალურად არ ჩაბარებია სასამართლოს აქტი, არ შეიძლება მოეთხოვოს ამავე აქტით განსაზღვრული მოქმედების შესრულება ან დაეკისროს პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების შეუსრულებლობისთვის.
მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები კი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. მითითებული კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. იმავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით მ.ე.ა-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. 2021 წლის 14 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანცელარიის მეშვეობით, მ.ე.ა-ის წარმომადგენლმა- ნ.გ-ემ იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თვის ბოლომდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით აპელანტ მ.ე.ა-ის გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 10 (ათი) დღით. სააპელაციო პალატამ შპს „...ს“ უკუგზავნილზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება ნ.გ-ეს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, რადგან ფოსტის უკუგზავნილზე მითითებულია, რომ ნ.გ-ეს აღნიშნული გზავნილი 2022 წლის 25 მაისს ჩაბარდა პირადად. უკუგზავნილზე ასევე ფიქსირდება მიმღები პირის (ნ.გ-ის) ხელმოწერა და პირადი ნომერი (...). ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 26 მაისს და დასრულდა 2022 წლის 6 ივნისს.
კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი სადავოდ ხდის გზავნილის ჩაბარების ფაქტს და მიუთითებს, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა, რომელმაც აღნიშნული განჩინება მოგვიანებით გადასცა ნ.გ-ეს, თუმცა განჩინება მას არ გაცნობია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად ნ.გ-ემ წარმოადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის სხდომის ოქმის ასლი, რომლითაც ირკვევა, რომ ნ.გ-ე 25 მაისს 14:11 საათიდან 16:22 საათის ჩათვლით იმყოფებოდა აღნიშნულ სხდომაზე,
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ ნ.გ-ეს არ ჩაუბარებია ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი, ვინაიდან, დასტურზე გზავნილის ჩაბარების დაფიქსირებულ დროს-15:20 საათზე, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი იმყოფებოდა სხდომაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნულს ასევე ამყარებს ის ფაქტიც, რომ გზავნილის ჩაბარების დასტურის კომენტარის გრაფაში მითითებული ჩამბარებელი პირის პირადი ნომერი (...), არ ემთხვევა ნ.გ-ის პირად ნომერს (...). ამდენად, უკუგზავნილის მეშვეობით ზუსტად არ ირკვევა გზავნილის ჩამბარებელი პირის ვინაობა და მისი კავშირი აპელანტთან ან მის წარმომადგენელთან.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალების მიხედვით, 2022 წლის 6 ივნისს აპელანტის წარმომადგენლმა-ნ.გ-ემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით დადდადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება, ხოლო შემდეგ იმავე დღეს (2022 წლის 6 ივნისს) აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარზე გენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, საფოსტო კომპანია შპს „...ს“ მეშვეობით წარადგინა განცხადება შესაბამისი თანდართული დოკუმენტაციით. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში საპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიუთითა აპელანტის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების წარუდგენლობა, რაც არასწორია, რადგან ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინების ჩაბარების თარიღად 2022 წლის 25 მაისის მიჩნევის შემთხვევაშიც, მოსარჩელეს არ აქვს გაშვებული ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოსათვის მიმართვის ვადა და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის ამ მოტივით განუხილველად დატოვების საფუძველი.
ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესაფასებელია აპელანტის მიერ საპროცესო ვადის დაცვით წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის დადგენილ საფუძვლებთან და ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.ე.ა-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე მ.ე.ა-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 61-ე, 63-ე, 372-ე, 399-ე, 412-ე, 414-420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. მ.ე.ა-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება და საქმე მ.ე.ა-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ.სხირტლაძე