საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1225(2კ-22) 16 დეკემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ა.თ-ი
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ა.თ-მა 2021 წლის 6 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „მოსარჩელისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 14 ივნისის №03-2188/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის ა.თ-ის მიმართ დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ა.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 14 ივნისის №03-2188/ო ბრძანება, რომლითაც ა.თ-ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე; მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა.თ-ის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინებით ა.თ-ისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - ა.თ-ის მითითებით, ის ფაქტი, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე უკვე გაცემული იყო დევნილის მოწმობები, ცხადყოფს, რომ კონფლიქტის პერიოდში მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ...ის რაიონი, სოფელი ..., რომლის დატოვებაც მოუხდათ იძულებით. მოპასუხის მტკიცება, რომ მოსარჩელის ოჯახის შესახებ მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება, არასწორია. კასატორის აღნიშვნით, მან სააპელაციო სასამართლოში წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მისი და მისი ოჯახის წევრების ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. ამდენად, კასატორი ითხოვს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლებზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2021 წლის 7 ივნისს ჩატარებული გასაუბრების შედეგად, დადასტურდა, რომ ა.თ-ი (ქორწინებამდე ბ-ა) დაიბადა ... წელს, ქალაქ ...ში. .... წლებში სწავლობდა სოფელ ...ს საშუალო სკოლაში. .... წლებში სწავლობდა დაბა ...ში, ...ში. 1994 წელს დაოჯახდა ქალაქ ...ში მ.თ-ზე. მამა - ვ. ბ-ი გარდაიცვალა 1986 წელს, სოფელ ...ში. ჰყავდა ორი და და ერთი ძმა. მათი დაბადების თარიღები არ ახსოვს. დედა - ქ.ბ-ი დაიბადა ... წელს, ქალაქ ...ში. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ა.თ-ს, ასევე მის დედმამიშვილებს და დედას არასდროს არ ჰქონიათ დევნილის სტატუსი, დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ ყოფილან რეგისტრირებული და არც დევნილის შემწეობა მიუღიათ. მოსარჩელე განმარტავს, რომ ... დატოვა დედასა და დასთან - ნ. ბ-ასთან ერთად, სხვა დები და ძმა სად იმყოფებოდნენ იმ დროისათვის არ იცის. ადგილის დატოვების მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ მოსარჩელის დედა იყო ეროვნებით ქართველი, სოფელი ... კი ძირითადად ოსი მოსახლეობით იყო დასახლებული. 1990-იან წლებში ოჯახმა გადაწყვიტა დაეტოვებინა ...ის რაიონი, შესაბამისად, მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების მიზეზი არ ყოფილა უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესია. ...ის დატოვების შემდეგ ცხოვრობდა ...ში, ხოლო დაოჯახების შემდეგ - მეუღლის სახლში, ...ის რაიონის სოფელ ...ში. საქმეში წარმოდგენილი და შესწავლილი დოკუმენტაციის საფუძველზე დგინდება, რომ ა.თ-თან მიმართებით არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. ...ში ცხოვრების დროს ა.თ-ი იყო არასრულწლოვანი. იგი არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას სადავო პერიოდში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი გარემოებების შესახებ. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ გასაუბრების დროს დაფიქსირებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ვერ დგინდება მოსარჩელის ოჯახის სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტი, რის გამოც, ა.თ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.თ-ისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ა.თ-ისათვის ...ის რაიონის სოფელ ...ში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
რაც შეეხება დევნილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციას, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, ასეთს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, რაც შეიძლება დასტურდებოდეს, მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინება საქმეზე №ბს-1896-1849(კ-10)).
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია და დაედგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა ან დაადასტურებდა მოსარჩელის ...ის რაიონის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა.თ-მა 2021 წლის 1 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. იგი დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლად მიუთითებდა ...ის რაიონის სოფელ ...ის იძულებით დატოვებაზე. საქმის მასალების მიხედვით, დასტურდება, რომ ა. ბ-ა დაიბადა ... წლის ... ივნისს, ...ში. დაქორწინდა 1997 წელს მ.თ-ზე და ქორწინების შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - თ-ი. 2016 წელს განქორწინდა. საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ 2021 წლის 24 მაისს გაცემული №... ცნობა, რომლის თანახმად, ა.თ-ი 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ...ის რაიონის სოფელ ...ში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმის - ი.ბ-ას (ა.თ-ის და) ახსნა-განმარტების თანახმად, მოსარჩელე 1990-იან წლებამდე ოჯახთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა ...ის რაიონის სოფელი ...ში. მისი დედაქალაქში წაყვანა განპირობებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. მკურნალობის შემდგომ კი, ...ის რაიონში განვითარებული მოვლენების გათვალიწინებით, ვინაიდან სოფელი ... საზღვრისპირა სოფელს წარმოადგენდა, არასრულწლოვანი ა.თ-ის უკან დაბრუნება ოჯახის მიერ არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საყურადღებოა აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი ა.თ-ისა და მისი დედის - ქ.ბ-ის მიმართ გაცემული იძულებით გადაადგილებული პირების №..., №... მოწმობები. ასევე მოსარჩელის დედმამიშვილების - რ..., ი..., ნ... და მ... ბ-ების მიმართ 1995 წლის 30 ივნისს და 1995 წლის 10 დეკემბერს გაცემული ლტოლვილის სტატუსის დადასტურების შესახებ ცნობები.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებას საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასრულწლოვან ა.თ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად რატომ არ იქნა მიჩნეული მისი მშობლების/მშობლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასევე სათანადოდ არ არის გამოკვლეული და შეფასებული ა.თ-ის მიერ ...ის რაიონის დროებით დატოვების (თბილისში სამკურნალოდ ჩამოსვლის მიზეზი) ფაქტი და მკურნალობის დასრულების შემდეგ მისი ...ში დაბრუნების შესაძლებლობა. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილი არ არის, რა სახის მტკიცებულებებით იქნა უარყოფილი საქართველოს ...ის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ 2021 წლის 24 მაისს გაცემული №... ცნობა, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ ა.თ-ი 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ...ის რაიონის სოფელ ...ში. ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოებისას მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პირი ითხოვს დევნილის სტატუსის მინიჭებას თუ შეწყვეტილი დევნილის სტატუსის აღდგენას, რაც განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ ყოფილა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობებისა და ცნობების გათვალისწინებით. ზემოხსენებულ გარემოებებს არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე მართებული და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებასა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა.თ-ისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით დადაადგინა:
1. ა.თ-ისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე