Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1398(გ-22) 7 დეკემბერი, 2022 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი/მ ლ. მ-ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ხაშურის რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 21 ნოემბერს ი/მ ლ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის N1561-1კ, 2022 წლის 31 ოქტომბრის N1778-1კ განკარგულებების ბათილად ცნობა და დარიცხული ჯარიმების მოხსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ი/მ ლ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მეორე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილია განსჯადი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობის პრინციპი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ, ხოლო მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.

საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის Nბს-551-548 (გ-17) განჩინებით გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით..ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით ტერიტორიული განსჯადობის სპეციალურ წესს ითვალისწინებს: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა (261-ე მუხლი). დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრისას განსჯადობის სპეციალურ წესს უპირატესობა ენიჭება განსჯადობის ზოგად წესთან მიმართებით..“.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის N1561-1კ განკარგულებით ი/მ ლ. მ-ი დაჯარიმდა ანგარიშების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო და დაეკისრა ფულადი ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, სადავო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 ოქტომბრის N1778-1კ განკარგულების მიხედვით, „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მეორე პუნქტით და ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, ი/მ ლ. მ-ის ვალუტის გამცვლელ პუნქტს ფულადი ჯარიმის სახით დაეკისრა 3 000 (სამი ათასი) და 10 000 (ათი ათასი) ლარი.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებულია სპეციალური განსჯადობის წესი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განხილულ უნდა იქნეს მისი ჩადენის ადგილის მიხედვით. შესაბამისად, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც დაფიქსირდა სამართალდარღვევის ჩადენა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ი/მ ლ. მ-ის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ქარელი, ...ს ქუჩა N... . ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის გათვალისწინებით, მოცემული დავის განსჯად სასამართლოდ მიჩნეულ უნდა იქნეს ხაშურის რაიონული სასამართლო, ვინაიდან სადავო განკარგულებებით დაჯარიმებული ინდ. მეწარმის მისამართს წარმოადგენს ქალაქი ქარელი. სასამართლოს მოსაზრებით, განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ხოლო მეორე მხრივ, დაცული იქნება სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლზე და ჩათვალა, რომ ი/მ ლ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

ხაშურის რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს და 2022 წლის პირველი დეკემბრის განჩინებით, ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ლ. მ-ის დაჯარიმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებების ბათილად ცნობა. მოპასუხედ დასახელებული სსიპ საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი) არის ქალაქი თბილისი. ამდენად, ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით, განსჯადობა უნდა განისაზღვროს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით და საქმე უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი პირდაპირ მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით მხოლოდ იმ საქმეთა განხილვაზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. თავის მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვას მათი ჩადენის ადგილის მიხედვით. ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული საქმის განსჯადობაზე გავლენას ვერ მოახდენს ის ფაქტი, რომ სასარჩელო მოთხოვნა შეეხება ქარელის მუნიციპალიტეტში სავარაუდოდ ჩადენილ სამართალდარღვევებს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არა სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს, არამედ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელს.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებით დადგენილი საქმის განხილვის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევები განსაზღვრულია სხვა საკანონმდებლო აქტებით და შესაბამის საკანონმდებლო აქტებში არის მითითება საქმის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული წესით განხილვის თაობაზე (სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი; „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; საქართველოს საარჩევნო კოდექსი და სხვა). ამასთანავე, ყველა საკანონმდებლო აქტი ამგვარ მითითებას არ შეიცავს (საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი და სხვა). შესაბამისად, ასეთი საქმეების განხილვა და გადაწყვეტა უნდა მოხდეს სასარჩელო წარმოების წესით.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებებში ლ. მ-ის დაჯარიმების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის N17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 15 ნოემბრის N248/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“. აღნიშნულ ნორმატიულ აქტებში არ არის მითითება, შესაბამისი სამართალდარღვევების განხილვის მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის გამოყენების თაობაზე. ამდენად, შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, საქმეთა განხილვა და გადაწყვეტა უნდა მოხდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრული სასარჩელო წარმოების წესით. მოცემული დავისათვის, გასაჩივრებული აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს იურიდიული ადგილსამყოფელის გათვალისწინებით, განსჯადს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინებებს და მიჩნევს, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. ამასთან, მითითებული მუხლით გათვალისწინებულ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვებაში იგულისხმება სასამართლოებს შორის დავა არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში: სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამრიგად, მითითებული მუხლის საფუძველზე, საერთო წესის მიხედვით, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავის განსჯადი სასამართლოსათვის დაქვემდებარების მიზნით, სწორად უნდა დადგინდეს საქმის განხილვასთან დაკავშირებული საპროცესო კანონმდებლობა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დავის საგნის შინაარსი და სადავო აქტების გამოცემის კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები. განსჯადობაზე სასამართლოთა შორის წარმოშობის მიზეზის გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დანაწესის გამოყენების აუცილებლობა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელესთან მიმართებაში სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა გამომდინარეობს არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან, არამედ სპეციალური კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებიდან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. თავის მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს ტერიტორიული განსჯადობის განსაკუთრებულ წესს და ამ კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული გამონაკლისების გარდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილს განსაზღვრავს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 ნოემბრის განჩინების მოტივები სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს ეფუძნება. სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტის საპროცესო საფუძვლად მიიჩნია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და ჩათვალა, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის გათვალისწინებით, საქმის განსჯადია ხაშურის რაიონული სასამართლო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული გადაცდომების ჩამონათვალს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს. ცალკეულ სფეროებში სამართალდარღვევათა ჩადენისათვის კონკრეტული სახის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას ადგენს სპეციალური კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებიც (საარჩევნო კოდექსი, საგადასახადო კოდექსი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი და სხვა). ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განხილვას ვერ დაექვემდებარება სამართალდარღვევებთან დაკავშირებული იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხი, რომლებიც უშუალოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არ არის გათვალისწინებული. სპეციალური კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმეების განხილვა უნდა მოხდეს საერთო სასარჩელო წესით, თუ შესაბამის საკანონმდებლო აქტში არ არსებობს სპეციალური დათქმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესის გამოყენების აუცილებლობის თაობაზე (მაგ.: საქართველოს საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კოდექსის მეათე თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის ზედამხედველობას (შემოწმებას, წერილობითი მითითებების გაცემას, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესებას), „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი.

უდავოა, რომ მოცემულ საქმეზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძვლები, სწორედ მითითებული ორგანული კანონის საფუძველზე განხორციელებული ზედამხედველობის შედეგებს უკავშირდება. კერძოდ:

სადავო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის N1561-1კ განკარგულების მიხედვით, ლ. მ-ის დარღვევა მდგომარეობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 15 ნოემბრის N248/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესით“ გათვალისწინებული ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისათვის დადგენილ ვადაში წარუდგენლობაში. ამავე განკარგულებით, ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ლ. მ-ის სანქცირების საფუძველი გახდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის N17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდება 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 ოქტომბრის N1778-1კ განკარგულების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს: სადავო აქტის მიხედვით, სამართალდარღვევის ჩადენა უკავშირდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირის - ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მხრიდან, კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას (ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს - ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას და პირების გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში), ასევე, აღნიშნული კანონის 29-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობას (ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შემუშავებული არა აქვს შიდა ინსტრუქცია). აღნიშნული განკარგულებით, ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ლ. მ-ის სანქცირების საფუძველი გახდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის N17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი („ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის, ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნებისათვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, (რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების, მათ შორის, დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენას და პირის ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში) არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში, იწვევს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით) და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი (ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდება 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თუ არ აქვს შემუშავებული შიდა კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ან მის მიერ შემუშავებული/დანერგილი პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს).

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ი/მ ლ. მ-ის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის ნორმატიულ საფუძველს არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის N1561-1კ და 2022 წლის 31 ოქტომბრის N1778-1კ განკარგულებებში მითითებული, სავარაუდო სამართალდარღვევის ამსახველი ქმედებები და მათთვის განსაზღვრული შესაბამისი სანქციები, ასახულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის საფუძველზე გამოცემულ ნორმატიულ აქტებში. ამასთანავე, შესაბამისი ნორმატიული აქტები არ შეიცავს მითითებას, სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესის გამოყენების აუცილებლობის თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის ჩადენისა და დამრღვევის დაჯარიმების შესახებ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხი განხილულ უნდა იქნეს საერთო განსჯადობის წესების დაცვით. მოცემული საქმის განსჯადი სასამართლო უნდა დადგინდეს არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი), არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით განსზღვრული განსჯადობის წესების გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველი ადმინისტრაციული დავის განსჯად სასამართლოდ მიჩნეულ უნდა იქნეს სადავო აქტების გამომცემი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ეროვნული ბანკის ადგილმდებარეობის შესაბამისი სასამართლო. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი. ამდენად, საქმე სასარჩელო წესით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მეორე მუხლის პირველი ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი/მ ლ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა

გენადი მაკარიძე