Facebook Twitter

ბს-343(კ-22) 16 დეკემბერი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2021წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. დ-ემ 27.12.2018წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რ. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 07.06.2018წ. №... გადაწყვეტილების და რ. დ-ის, დ. დ-ის და ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 15.06.2018წ. №... გადაწყვეტილების, რ. დ-ეზე, ნ. მ-ეზე და დ. დ-ეზე მიწის ნაკვეთის თანასაკუთრებაში გადაცემის თაობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 11.07.2018წ. განკარგულების და №11-04/251 საკუთრების უფლების მოწმობის, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგვმით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის 11.05.2018წ. ბრძანების და მის საფუძველზე უძრავ ნივთებზე საკადასტრო კოდებით ... და ... განხორციელებული რეგისტრაციების ზედდების ნაწილში ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.06.2019წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ რ. დ-ე, ნ. მ-ე და დ. დ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2020წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ მ. დ-ე, ლ. დ-ე, ი. დ-ე, თ. დ-ე და ვ. დ-ე, ხოლო სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე - მ. დ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.07.2020წ. გადაწყვეტილებით, ნ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. დ-ის, მ. დ-ის, ლ. დ-ის, ი. დ-ის, თ. დ-ისა და ვ. დ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2020წ. გადაწყვეტილებით, აპელანტების ნ. დ-ის, მ. დ-ის, ლ. დ-ის, ი. დ-ის, თ. დ-ისა და ვ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.07.2020წ. გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. დ-ის 12.11.2018წ. №... განცხადებაზე დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით ... საკადასტრო კოდით რეგიტრირებულ მიწის ნაკვეთთან დადგენილი ზედდების - 1378 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.06.2018წ. №... გადაწყვეტილება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რ. დ-ეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ და 15.06.2018წ. №... გადაწყვეტილება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რ. დ-ეზე, დ. დ-ესა და ნ. მ-ეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ, ნ. დ-ის 12.11.2018წ. №... განცხადებაზე დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით ... საკადასტრო კოდით რეგიტრირებულ მიწის ნაკვეთთან დადგენილი ზედდების - 1123 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.07.2018წ. №... გადაწყვეტილება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რ. დ-ეზე, დ. დ-ესა და ნ. მ-ეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 11.06.2018წ. №11-03/351 განკარგულება და ამავე კომისიის მიერ გაცემული №11-04/251 საკუთრების უფლების მოწმობა რ. დ-ის, ნ. მ-ისა და დ. დ-ის საკუთრების აღიარებისა და მიწის ნაკვეთის რ. დ-ის, ნ. მ-ისა და დ. დ-ის თანასაკუთრებაში გადაცემის შესახებ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 11.05.2018წ. №101 ბრძანება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგვმით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ, სახელდობრ ნ. დ-ის 12.11.2018წ. №... განცხადებაზე დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით ... საკადასტრო კოდით რეგიტრირებულ მიწის ნაკვეთთან დადგენილი ზედდების - 1378 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში (... და ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებზე მ. დ-ის მიერ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა) ნ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე (აპელანტი) ნ. დ-ე 1964-1973 წლებში ირიცხებოდა ბაბუის მ. დ-ის კომლის წევრად, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, როგორც კომლის ერთადერთი და უკანასკნელი წევრი 1975 წლიდან დარჩა ამ კომლის უფროსად და ის ამ სახითაა წარმოდგენილი 1973-1975, 1976-1982, 1983-1985, 1986-1996, 1997-2006 წლების ქობულეთის სოფ. ...ის საკომლო წიგნებსა და ალფაბეტურ ჟურნალებში. მისი კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის რაოდენობა შეადგენს 0.25 ჰა.-ს. რაც შეეხება მოსარჩელის მამის - ა. დ-ის კომლს, რომელშიც ირიცხებოდა მისი ძმა რ. დ-ე თავის ცოლ-შვილთან ერთად, ნ. დ-ის კომლის მსგავსად, სარგებლობაში ჰქონდათ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი. რ. დ-ემ, ნ. მ-ემ და დ. დ-ემ, ცხოვრობდნენ რა ბაბუის მ. დ-ის საცხოვრებელ სახლში და თავისად იგულვებდნენ ამ სახლსაც და იმ მიწის ნაკვეთსაც, რომელზეც ეს სახლი იყო განთავსებული, ადმინისტრაციულ ორგანოებში წარადგინეს არასწორი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ა. დ-ის კომლზე რიცხული 0.25 ჰა მიწის ფართობის ოდენობის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი საარქივო ცნობა გამოიყენეს იმ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში, რომელიც ფაქტობრივად მოიცავდა ნ. დ-ის კომლზე რიცხულ 0,25 ჰა მიწის ფართობის შემადგენელ ნაწილს 1387 კვ.მ. ოდენობით (საკადასტრო კოდი ...), ასევე არასწორად შედგენილი აზომვითი ნახაზის მეშვეობით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულებითა და შესაბამისი საკუთრების მოწმობით, როგორც ... საკადასტრო კოდის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი, საკუთრებაში დაირეგისტრირეს 2494 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ...), რომელიც მოიცავდა ნ. დ-ის კომლზე რიცხული 0,25 ჰა მიწის ნაწილს 1123 კვ.მ. ოდენობით. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 11.05.2018წ. №101 ბრძანების თანახმად დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ საარქივო ცნობით რ. დ-ის კომლზე რეგისტრირებული 2500 კვ.მ. ნაკვეთი და საჯარო რეესტრში წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურია, არასწორია, რადგან აზომვით ნახაზზე ფიქსირებული 2500 კვ.მ. ფართიდან 1378 კვ.მ. ნაკვეთი წარმოადგენდა ნ. დ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს. აღიარების კომისიის 11.07.2018წ. №11-03/351 განკარგულებით და 16.07.2018 წლის №11-04/251 საკუთრების უფლების მოწმობით რ. დ-ის, ნ. მ-ის და დ. დ-ის საკუთრებად აღიარებულ 2494 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1123 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ასევე წარმოადგენდა ნ. დ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს.

მ. დ-ის, რ. დ-ის და ნ. დ-ის ახსნა-განმარტებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგებული იყო ბაბუის - მ. დ-ის მიერ. კოლმეურნეობების გაუქმების მომენტში მოსარჩელე ნ. დ-ის კომლს გააჩნდა ქობულეთში, სოფ. ...ში მდებარე 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი და ასეთის მართლზომიერად ფლობის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რ. დ-ის განმარტება იმის შესახებ, რომ საცხოვრებელი სახლი, რომელიც მან საკუთრებაში დაირეგისტრირა ეკუთვნოდა მამის ა. დ-ის და არა ბაბუის კომლს. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონებების თანასაკუთრების უფლებით მესამე პირების - რ. დ-ის, დ. დ-ის და ნ. მ-ის სახელზე იმ ოდენობითა და იმ ფარგლებში რეგისტრაციით, რომლითაც ზედდებაში მოვიდა მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან, უკანონოდ შეილახა ნ. დ-ის კონსტიტუციით მინიჭებული საკუთრების უფლება. რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე მ. დ-ის სახელზე განხორციელებულ საკუთრების უფლების რეგისტრაციებს, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ასეთის ბათილობის წინაპირობები არ არსებობს, რადგან ამ რეგისტრაციების საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტები - ჩუქების ხელშეკრულებები ძალაშია და ამ გარიგებათა კანონშესაბამისობა შეფასებულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ მოიპოვება რაიმე ინფორმაცია ან წერილობითი მტკიცებულება, რაც სასამართლოს აფიქრებინებდა, რომ აღიარების კომისიის 19.12.2007წ. საკუთრების მოწმობით ნ. დ-ისთვის საკუთრებაში გადაცემული 5060 კვ.მ. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთში მოქცეული იყო ამ უკანასკნელის კომლის ქონება. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 25.02.2011წ. №2 სხდომის ოქმში მითითებული იმ ინფორმაციის შესახებ, რომ ჯ. დ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა გაუქმდა ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ა. დ-ისადმი კუთვნილების გამო, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოხსენებული სხდომის ოქმი შეიცავს მცდარ ინფორმაცის, ფაქტობრივად არ არსებობს საარქივო ცნობა, რომელიც ქობულეთში, სოფ. ...ში მდებარე შენობა-ნაგებობის ა. დ-ის საკუთრებაში არსებობის ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოს 19.11.2018წ. წერილის მიხედვით, 2006 წლიდან 2007 წლის 20 სექტემბრამდე მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში ნ. დ-ე არ ფიქსირდება, ასევე არ გაითვალისწინა გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 19.12.2007წ. გაცემული საკუთრების მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებული აქვს 5060 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. კასატორმა მიუთითა, რომ აღნიშნული მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებში დაცულია ნ. დ-ის განცხადება, რომელსაც ერთვის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო განცხადების ჩამონათვალში შემოხაზულია - „მართლზომიერი მფლობელობა“. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 2007 წლის 19 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა დაინტერესებული პირისთვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემას უსასყიდლოდ, ხოლო სარგებლობაში და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე უფლების გადაცემისთვის დადგენილი იყო საფასურის ოდენობა და გადახდის წესი. განცხადებაში დანართის სახით არ არის მითითებული გადახდის საფასური, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია მოსარჩელეს უსასყიდლოდ გადაეცა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთი, შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ სადავო ფართი მოექცა აღიარებულ 5060 კვ.მ. მიწის ნაკვეთში, ამასთან, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 25.02.2011წ. ოქმის მიხედვით, ჯ. დ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა გაუქმდა იმ საფუძვლით, რომ ამ მოწმობით ჯ. დ-ისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა საარქივო ცნობით წარმოადგენდა ა. დ-ის საკუთრებას.

კასატორმა მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის აქტით დადასტურდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულის მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 40.4 მუხლის მიხედვით, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრის/წევრების საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია საკომლო წიგნის ჩანაწერები, რომელიც საფუძვლად დაედო რეგისტრაციას, ხოლო სამართლებრივი საფუძვლების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება (სუსგ 23.02.2017წ. საქმე №ბს-729-721(კ-16)). კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია და მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016წ. (საქმე №1/2/596) გადაწყვეტილებაში ასახულ განმარტებაზე, კერძოდ, სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში დაცული ქობულეთის არქივის მიერ 19.09.2018წ. გაცემული საარქივო ცნობის (ტ. 1, ს.ფ.17) მიხედვით, ქობულეთის რაიონის ...ის სოფლის საკრებულოს დოკუმენტებით, 1997-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით, ნ. დ-ე არის კომლის უფროსი და კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის ოდენობა შეადგენს 0,25ჰა-ს. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 3.1 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების

აღიარების წესის“ 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად განიხილება ამონაწერი საკომლო წიგნიდან, ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოს 19.11.2018წ. წერილზე, ვინაიდან ამ წერილის შინაარსი არ გულისხმობს მოსარჩელის სახელზე სხვა მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობას, ამასთანავე, სოფ. ...ის მიწის გადასახადის გადამხდელთა 2006 წლიდან 2007 წლის 20 სექტემბრამდე სიებში არც რ. დ-ე ფიქსირდება (ტ. 1, ს.ფ. 150), რომლის საკუთრების უფლების რეგისტრაცია კანონშესაბამისად მიაჩნია კასატორს, შესაბამისად, იმ გარემოებაზე მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოს 19.11.2018წ. წერილი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ ქმნის.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 19.12.2007წ. №25 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება 5060 კვ.მ. თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნ. დ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან ნ. დ-ის სახელზე საკუთრების უფლება აღიარებული იქნა უსასყიდლოდ, შესაძლებელია მას აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაეცა, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მითითება მოსარჩელისთვის მიწის, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების აღიარების შესაძლებლობაზე, არ არის დასაბუთებული. სსკ-ის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხოლოდ კასატორის ვარაუდი შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებისა და დასაბუთების გარეშე აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გაზიარების საფუძველს არ ქმნის. საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, აღიარების კომისიის 19.12.2007წ. №25 სხდომის ოქმით ნ. დ-ეს 5060 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა, როგორც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემას და 19.12.2007წ. მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის დადგენილ საფასურის ოდენობასა და გადახდის წესს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს აღიარების კომისიის 19.12.2007წ. №25 სხდომის ოქმის კანონიერება, ასევე მითითებულ პერიოდში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე უსასყიდლოდ საკუთრების უფლების აღიარების მართლზომიერების დადგენა, ამასთანავე, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით საქმეში დაცულ ნ. დ-ის განცხადებას არ ერთვის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, განცხადებას ერთვის მხოლოდ აზომვითი ნახაზი და პირადობის მოწმობის ასლი, ასევე აღიარების კომისიის 19.12.2007წ. №25 სხდომის ოქმის შინაარსიდან გამომდინარე ნ. დ-ის მიერ წარდგენილი იქნა განცხადება, ნახაზი და პირადობის მოწმობის ასლი, მითითებული დოკუმენტები არ შეიცავენ რაიმე სახის ინფორმაციას აღიარების კომისიაში ნ. დ-ის მიერ მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ან ასეთი სახის დოკუმენტის აღიარების კომისიის მიერ შეფასების შესახებ, შესაბამისად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ნ. დ-ისათვის გადაცემული 5060 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შესაძლებელია მოიცავდეს საკომლო წიგნის ჩანაწერებით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს, არ არის დასაბუთებული და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 14.12.2007წ. საკუთრების უფლების მოწმობით, ჯ. დ-ეს საკუთრებაში გადაეცა ქობულეთში, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,4645 ჰა მიწის ნაკვეთი. აღიარების კომიიის 25.02.2011წ. სხდომის №2 ოქმის მიხედვით, სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მითითებული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ. კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ჯ. დ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა გაუქმდა აღიარებული მიწის ნაკვეთის საარქივო მონაცემების მიხედვით ა. დ-ისადმი კუთვნილების საფუძვლით, არ ადასტურებს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას. აღიარების კომიიის 25.02.2011წ. სხდომის №2 ოქმი შეეხება ჯ. დ-ეზე გაცემული საკუთრების უფლების ბათილად ცნობას, შესაბამისად, აღნიშნული ოქმი არ ადგენს ა. დ-ის (მისი კომლის წევრების) უფლებას უძრავ ნივთზე და არ წარმოადგენს ისეთ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც მიწის ნაკვეთზე ა. დ-ის (მისი კომლის წევრების) საკუთრების უფლებას წარმოშობს. ზოგადი წესის თანახმად საკომლო წიგნიდან ამონაწერი (საარქივო ცნობა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ერთ-ერთ დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს. როგორც 25.02.2011წ. მოქმედი, ასევე ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას ახორციელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (კასატორი), რომელმაც განსახილველი დავის ფარგლებში ვერ უზრუნველყო მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მართლზომიერების დადასტურება.

საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერებას ადასტურებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის აქტი, რომლითაც დადგინდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზებზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 11.05.2018წ. №101 ბრძანება, რომლითაც დადგინდა რ. დ-ის კომლის წევრებისა და კომლზე რიცხული უძრავი ნივთის შესახებ 13.01.2018წ. საარქივო ცნობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაზე დართული საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ხოლო საჯარო რეესტრის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს საკომლო წიგნის ჩანაწერებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და რ. დ-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის იდენტურობასთან დაკავშირებულ დასაბუთებას, ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დადგენილია აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთთან, არ არის დასაბუთებული, ამასთანავე, უსაფუძვლოა კასატორის მითითება რეგისტრაციის საფუძვლის - რ. დ-ის საკომლო წიგნის ჩანაწერების ძალაში ყოფნის ფაქტზე და საფუძვლების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში რეგისტრაციის გაბათილების დაუშვებლობაზე, ვინაიდან საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება რ. დ-ის და მისი კომლის წევრების უფლების დამდგენი დოკუმენტისა (ამონაწერი საკომლო წიგნიდან) და მათ მიერ წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახულის მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უმეტესად შეიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ციტირებას, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). კასატორის მითითება იმაზე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება და გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი, დაუსაბუთებელია, ვინაიდან წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა თუ სამართლებრივ საფუძველებზე, რაც გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდიდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2021წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.05.2022წ. №12117 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი