ბს-1025(კ-21) 16 დეკემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა.მ.თ.დ-მა 21.08.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 26.07.2019წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სააგენტოსათვის მოსარჩელის 17.07.2019წ. განცხადების განხილვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 26.07.2019წ. გადაწყვეტილება და სააგენტოს დაევალა ა.მ.თ.დ-ის 17.07.2019წ. განცხადების განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაინტერესებული პირის განცხადებაზე ხარვეზის დადგენა მიმართული უნდა იყოს ისეთი შეცდომის, უზუსტობის ან დამატებითი მასალის წარმოდგენისაკენ, რომლებიც აუცილებელია განსახილველი საკითხის არსებითად გადასაწყვეტად. ხარვეზის სამართლებრივი ინსტიტუტი უპირობოდ გულისხმობს, რომ მითითებული უზუსტობა უნდა გამომდინარეობდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის სათანადოდ შეუსრულებლობის ფაქტიდან, დაინტერესებული პირი უნდა იყოს უფლებამოსილი გამოასწოროს ხარვეზი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოვლინდა, რომ ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებლისგან მოითხოვდა მისი საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტში (სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 15.07.2019წ. გადაწყვეტილებაში) მითითებული საიდენტიფიკაციო მონაცემების, სხვა წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანას და ასევე სააგენტოს თავმჯდომარის 04.07.2019წ. №494/4 ბრძანებით დამტკიცებული განცხადების ფორმით განცხადების წარდგენას. პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ა.მ.თ.დ-ის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების დაკმაყოფილების შესახებ სააგენტოს 15.07.2019წ. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, შესაბამისად, არ დასტურდება სააგენტოს მიერ მითითებული გარემოება მასზედ, რომ თავდაპირველად განმცხადებლის მიერ საქმეზე წარდგენილი იყო პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი იმგვარად, რომ განმცხადებლის სახელი/გვარი იყო ა.მ.თ.დ-ი. ამასთან, აღნიშნული გარემოებების დადასტურებულად ჩათვლის პირობებშიც, პალატამ მიიჩნია, რომ პირთა იდენტურობის განსაზღვრა შესაძლებელი იყო დაბადების თარიღის, პასპორტის ნომრისა და პასპორტის იმ გვერდის ურთიერთშედარებით, რომელშიც განმცხადებლის სახელი და გვარი ლათინურად იყო მითითებული. პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ტექნიკური უზუსტობის შესწორება და დოკუმენტაციის ურთიერშესაბამისობაში მოყვანა თავად შეეძლო, მით უფრო, რომ განმცხადებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც არ ფლობდა სახელმწიფო ენას და მისთვის რთულად აღსაქმელი იქნებოდა მისი სახელისა და გვარის ქართულ ენაზე შეცდომით მითითების ფაქტი. რაც შეეხება განმცხადებლისთვის სააგენტოს თავმჯდომარის 04.07.2019 წ. №494/4 ბრძანებით დამტკიცებული განცხადების ფორმით განცხადების წარდგენის დავალებას, პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, სააგენტოს განცხადება წარედგინება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების საშუალებით. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა.მ.თ.დ-მა ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადება წარადგინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მისთვის მითითებული განაცხადის ფორმის გამოყენებით და საქმეში წარმოდგენილი 17.07.2019 წ. განცხადება სრულ შესაბამისობაში იყო სააგენტოს თავმჯდომარის 04.07.2019 წ. №494/4 ბრძანებით დამტკიცებულ განცხადების ფორმასთან. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა არა განცხადების განუხილველად დატოვების, არამედ განსახილველად მიღების და არსებითად მსჯელობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმის წარმოების პროცესში გამოვლინდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების შეუსაბამობა საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესთან“, კერძოდ, საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული საიდენტიფიკაციო მონაცემები სხვა წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებთან შესაბამისობაში იყო მოსაყვანი, ასევე წარსადგენი იყო სააგენტოს თავმჯდომარის 04.07.2019წ. ბრძანებით დამტკიცებული განცხადების ფორმა. განმცხადებელს სააგენტოში წარმოდგენილი ჰქონდა ძველი ბრძანებით განსაზღვრული განცხადების ფორმა. რაც შეეხება საიდენტიფიკაციო მონაცემების შეუსაბამობას, აღნიშნული გამოწვეული იყო არა სააგენტოს ტექნიკური შეცდომით, არამედ მოსარჩელის მიერ სააგენტოში სხვადასხვა დროს პასპორტის განსხვავებული თარგმანების წარდგენით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ დადგენილი ხარვეზი უნდა იძლეოდეს პირის მიერ მისი გამოსწორების შესაძლებლობას. ამასთანავე, მართალია საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ 3.8 მუხლის მიხედვით დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით, თუმცა მნიშვენლოვანია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს პირის ვალდებულებას ყოველდღიურად ამოწმოს თავისი განცხადების მდგომარეობა იმ პირობებში, როდესაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ შესაგებელზე თანდართული სამახსოვრო ბარათის მიხედვით (ს.ფ. 70) ა.მ.თ.დ-ის 17.07.2019წ. განცხადება მიღებულია წარმოებაში და ამავე დოკუმენტში გადაწყვეტილების მიღების თარიღად მითითებულია 06.08.2019წ.. ხარვეზის დადგენა და განცხადების განუხილველად დატოვება კი განხორციელდა შესაბამისად - 18.07.2019წ. და 26.07.2019წ.. ამდენად, სამახსოვრო ბარათში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, ვინაიდან განცხადება წარმოებაში მიღებულად ჩაითვალა აღარ არსებობდა ხარვეზის დადგენის ობიექტური მოლოდინი. მნიშვნელოვანია, რომ სამახსოვრო ბარათის განმცხადებლის მიერ ჩაბარება დასტურდება მისი ხელმოწერით (ს.ფ. 71). ამდენად, განმცხადებელს ჰქონდა ინფორმაცია თავისი განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ.
გარდა ამისა საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არის დასაბუთებული კასატორის მითითება ა.მ.თ.დ-ის მიერ სააგენტოში 17.07.2019 წ. წარდგენილი განცხადების საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესთან“ შეუსაბამობის შესახებ. „წესის“ მე-6 მუხლში ჩამოთვლილია სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტები, რომელთა შორის სახელდება დადგენილი ფორმის განცხადება. საქმეში დაცულია მოსარჩელის მიერ სააგენტოში წარდგენილი განცხადება. სააგენტო უთითებს განცხადების ახალი ფორმით წარდგენის საჭიროებაზე, თუმცა ვერ ასაბუთებს მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების ფორმის ახალ ფორმასთან შეუსაბამობას, ვერ უთითებს მაგ.: კონკრეტულ მონაცემებზე, რომლებიც საჭიროების მიუხედავად მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებაში არ აისახა და სხვ.. ამასთანავე, საქმეში დაცული განცხადებსი ფორმა არ შეიცავს მითითებას სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების იმ რეკვიზიტებზე, რომლითაც მისი დამტკიცება მოხდა, ხოლო სააპელაციო პალატას კი დადგენილად აქვს მიჩნეული, რომ ა.მ.თ.დ-მა ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადება წარადგინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მისთვის მითითებული განაცხადის ფორმის გამოყენებით და საქმეში წარმოდგენილი 17.07.2019 წ. განცხადება სრულ შესაბამისობაში იყო სააგენტოს თავმჯდომარის 04.07.2019 წ. N494/4 ბრძანებით დამტკიცებულ განცხადების ფორმასთან. სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილ აღნიშნულ გარემოებაზე კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარუდგენია (სკ-ის 407.2 მუხ.).
რაც შეეხება მოსარჩელის საიდენტიფიკაციო მონაცემების ურთიერთშეუსაბამობას, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი ის მასალები, რომელთა საფუძველზე ა.მ.თ.დ-ის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების დაკმაყოფილების შესახებ სააგენტოს 15.07.2019წ. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, შესაბამისად, არ დასტურდება სააგენტოს მიერ მითითებული გარემოება მასზედ, რომ თავდაპირველად განმცხადებლის მიერ საქმეზე წარდგენილი იყო პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი იმგვარად, რომ განმცხადებლის სახელი/გვარი იყო ა.მ.ტ. (და არა თ...) დ...ი. ამასთან, აღნიშნული გარემოების დადასტურებულად ჩათვლის პირობებშიც, პირის იდენტიფიკაცია სავსებით შესაძლებელი იყო დაბადების თარიღის, პასპორტის ნომრისა და პასპორტში განმცხადებლის ლათინურად ასახული სახელისა და გვარის მეშვეობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2021წ. განჩინება;
3.სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს.კ. 202307404) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 06.08.2021წ. N12629 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი