Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს -1281(კ-22) 7 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ვ. მ-ა, გ. ბ-ი, ა. ბ-ი, თ. ბ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 17 ივნისს ვ. მ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის N03-1642/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ვ. მ-ას სარჩელი.

მოსარჩელე მხარის 2022 წლის 4 მარტის განცხადებით დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე - ვ. მ-ასთან ერთად, საქმეზე თანამოსარჩელეებად დასახელდნენ გ. ბ-ი, ა. ბ-ი და თ. ბ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. მ-ას, გ. ბ-ის, ა. ბ-ისა და თ. ბ-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის N03-1642/ო ბრძანება; მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ვ. მ-ას, გ. ბ-ის, ა. ბ-ისა და თ. ბ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-13 მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3, მე-6 მუხლებზე.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 ივნისის დეკლარაციის მონაცემების საფუძველზე გაცემულ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერზე, სადაც მოსარჩელეთა ოჯახის მისამართად მითითებულია: თბილისი, ...ის რაიონი, ...ი, ... რაიონი, კორპუსი 29 „ა“, ბინა 44 (ავტოფარეხი). სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილ დეკლარაციაში დაცულია ინფორმაცია მოსარჩელეთა ავტოფარეხში ცხოვრების შესახებ, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულობით, დეკლარაციაში დაფიქსირებული ინფორმაციის ტექნიკურად არასრულყოფილად ასახვა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში, არ შეიძლება გახდეს კანონით მინიჭებული სოციალური კრიტერიუმის ნაწილში მოსარჩელეებისათვის 3 ქულის დაკლების საფუძველი. ამდენად, მოსარჩელეებს უკანონოდ შეუმცირდათ აღნიშნული ქულა.

საცხოვრებლის ფინანსური პირობების კრიტერიუმის ნაწილში მოსარჩელეთათვის 1,5 ქულის დაკლებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემული სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ქირის გარეშე ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს საკუთრებაში არ გააჩნიათ უძრავი ქონება და ისინი იცვლიან საცხოვრებელ მისამართებს, ქირით ან ქირის გარეშე. ამდენად, არ არსებობს მათთვის ზემოაღნიშნულ კრიტერიუმში ქულის დაკლების სამართლებრივი საფუძველი, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მათ არ წარუდგენიათ ავტოფარეხზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის საოქმო გადაწყვეტილებით, ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4,5 და მეტი ქულა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეებს უკანონოდ შეუმცირა მინიჭებული 4,5 ქულა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას ავალდებულებდა, გადაწყვეტილება მიეღო პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. ამასთან, არსებული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის გარემოება, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში სრულად არ აისახა მოსარჩელის მისამართი. როგორც წესი, სოციალური სამსახური ზუსტად ასახავს იმ მისამართს, სადაც პირი იღებს შემწეობას, ვინაიდან ქულის მინიჭება და შემწეობის გაცემა კავშირშია შესაბამის მისამართზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებასთან. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მოსარჩელეს უკანონოდ შეუმცირდა მინიჭებული ქულა. სააგენტომ იხელმძღვანელა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დაფიქსირებული ინფორმაციით, რომელიც განსხვავდებოდა მონიტორინგის განხორციელების მისამართისაგან და კანონის შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს დააკლო 3 ქულა სოციალურ კრიტერიუმში. კასატორის განმარტებით, ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომელიც მოსარჩელეებისათვის საცხოვრებლის ფინანსური პირობების კრიტერიუმში 1.5 ქულის დაკლების უკანონოდ მიჩნევას უკავშირდება.

კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3, მე-6 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვებული აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მონიტორინგის აღწერის ფორმაში მითითებული ინფორმაცია. სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციით დადგინდა, რომ მოსარჩელეთათვის წინასწარი შეფასების შედეგად მინიჭებული ქულები ექვემდებარებოდა გადახედვას და ცვლილებას. სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა განმცხადებლის მიერ მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე (თბილისი, გლდანის ... რაიონი, კორპუსი 29ა, ავტოფარეხი) განახორციელეს ვიზიტი. მისამართზე 2021 წლის 22 იანვარს შეივსო მონიტორინგის ფორმა. ვიზიტისას მისამართზე იმყოფებოდა მხოლოდ ვ. მ-ა. მისი განმარტებით, ადგილი, სადაც ამჟამად მისი ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს, არის ნათესავის (დეიდაშვილის) საკუთრება, თუმცა ავტოფარეხი ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის. მხარეს დაევალა, სააგენტოში ხუთ დღეში წარედგინა მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც არ შეუსრულებია.

დევნილთა საკითხების განმხილველმა კომისიამ იმსჯელა ვ. მ-ას განცხადებაზე და გადაწყვიტა, რომ განმცხადებლის ოჯახს უარი უნდა ეთქვას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, არასაკმარისი ქულების გამო. მხარეს დააკლდა 3 ქულა სოციალურ კრიტერიუმში და 1,5 ქულა საცხოვრებლის ფინანსური პირობების კრიტერიუმში. 1,5 ქულის დაკლება განაპირობა, დაინტერესებული პირისთვის განსაზღვრულ 5 დღიან ვადაში, საცხოვრებელი ფართის მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობამ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანების N7 დანართის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილ ოჯახს, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების) ქირით ან ქირის გარეშე, ენიჭება ქულა ნახევარი. იქვე გაკეთებულია შენიშვნა, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი აკმაყოფილებს ამ დანართის „დ“ ქვეპუნქტს, წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი პირის საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკომლო ჩანაწერი ან სხვა შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტი). მოცემულ შემთხვევაში, გაფრთხილების მიუხედავად, მხარეს ასეთი დოკუმენტი არ წარმოუდგენია. ამავე ბრძანების N8 დანართის შენიშვნის შესაბამისად, სოციალურ პროგრამაში მონაწილეობის ქულა დევნილ ოჯახს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული საცხოვრებელი ადგილი ერთი და იგივეა. მხარის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი განსხვავდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მითითებული მისამართისაგან. ამდენად, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, მხარისათვის მინიჭებული 4,5 ქულის დაკლების თაობაზე.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 96-ე, 53-ე მუხლებზე და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება კანონის ისეთ დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქმის გარემოებების გამოსაკვლევად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა განმცხადებელი, ჩაატარა მონიტორინგი და დათვალიერება, გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“. აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოაღნიშნული 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N7) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N8). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით (საგულისხმოა, რომ ამავე შინაარსის ნორმებს შეიცავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი N1), „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). აღნიშნული ბრძანება ჯერ კიდევ მოქმედებდა მოცემულ სადავო საკითხზე დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2021 წლის 2 აპრილის საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას).

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ. მ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას სარეგისტრაციო მისამართზე ჰყავს მეუღლე - გ. ბ-ი და შვილები - ა. ბ-ი და თ. ბ-ი.

ვ. მ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. განმცხადებელმა შეავსო შესაბამისი კითხვარი.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დამუშავების შედეგად, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტამდე, წინასწარი შეფასებით ვ. მ-ას ოჯახს მიენიჭა 4,5 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) - 1.5 ქულა; სოციალური კრიტერიუმი (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით) - 3 ქულა.

2019 წლის 31 ოქტომბერს ვ. მ-ამ განცხადებით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და აცნობა, რომ ის ცხოვრობს თბილისში, ...ის რაიონში, ...ში, ... რაიონში მდებარე N29ა კორპუსის მიმდებარედ, ავტოფარეხში.

საქმეში არსებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმით დასტურდება, რომ 2021 წლის 22 იანვარს, მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტისას, ვ. მ-ა იმყოფებოდა მის მიერ მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე (თბილისი, ...ის რაიონი, ...ი, ... რაიონი, N29ა კორპუსის მიმდებარედ არსებული ავტოფარეხი).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის საოქმო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ. მ-ას მოთხოვნა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. უარის საფუძველი გახდა არასაკმარისი ქულების ოდენობა (დააკლდა: ქირა - 1,5 ქულა; სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა). ამავე საოქმო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4,5 და მეტი ქულა.

ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის N03-1642/ო სადავო ბრძანების გამოცემას.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 ივნისის დეკლარაციის მონაცემებში, მოსარჩელეთა ოჯახის მისამართად მითითებულია თბილისი, ...ის რაიონი, ...ი, ... რაიონი, კორპუსი 29ა, ბინა N44 (ქვევით ავტოფარეხი).

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დასტურდება, რომ 2019 წლის 6 ივნისის დეკლარაციის საფუძველზე, მოსარჩელეთა ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 1000. ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის სახით მითითებულია: თბილისი, ...ის რაიონი, ...ი, ... რაიონი, კორპუსი 29ა, ბინა N44 (ქირით).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განაპირობა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, არასაკმარისი ქულების დაგროვებამ. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა, რომ მხარეს ვერ მიენიჭებოდა 3 ქულა სოციალურ კრიტერიუმში და 1,5 ქულა საცხოვრებლის ფინანსური პირობების კრიტერიუმში. 1,5 ქულის დაკლება განაპირობა, დაინტერესებული პირისთვის განსაზღვრულ 5 დღიან ვადაში, მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობამ. ამასთანავე, სოციალურ კრიტერიუმში მოსარჩელეებს 3 ქულა არ მიენიჭათ, ვინაიდან მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული საცხოვრებელი ადგილის იგივეობა არ დადასტურდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 ივნისის დეკლარაციის მონაცემების საფუძველზე გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელეთა ოჯახის მისამართია: თბილისი, ...ის რაიონი, ...ი, ... რაიონი, კორპუსი 29 „ა“, ბინა 44 (ავტოფარეხი). ამდენად, დეკლარაციაში დაცულია ინფორმაცია მოსარჩელეთა ავტოფარეხში ცხოვრების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულობით, დეკლარაციაში დაფიქსირებული ინფორმაციის ტექნიკურად არასრულყოფილად ასახვა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში, არ შეიძლება გახდეს კანონით მინიჭებული სოციალური კრიტერიუმის ნაწილში მოსარჩელეებისათვის 3 ქულის დაკლების საფუძველი. ამდენად, მოსარჩელეებს უკანონოდ შეუმცირდათ აღნიშნული ქულა. ასევე მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომელიც საცხოვრებლის ფინანსური პირობების კრიტერიუმის ნაწილში მოსარჩელეთათვის 1,5 ქულის დაკლების უსაფუძვლობას შეეხება. სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ მოცემული სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ქირის გარეშე ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს საკუთრებაში არ გააჩნიათ უძრავი ქონება და ისინი იცვლიან საცხოვრებელ მისამართებს, ქირით ან ქირის გარეშე. ამდენად, არ არსებობდა მათთვის ზემოაღნიშნულ კრიტერიუმში ქულის დაკლების სამართლებრივი საფუძველი, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მათ არ წარუდგენიათ ავტოფარეხზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საწინააღმდეგო მტკიცებულებებზე მითითების გარეშე, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობა იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, უსაფუძვლოა. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის N03-1642/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა

გენადი მაკარიძე