№ბს-1310(გ-22) 15 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - ზ. მ-ი
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის მე-4 სამმართველო
დაინტერესებული პირი - ს. კ-ე
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 26 ოქტომბერს ზ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის მე-4 სამმართველოს მიმართ.
მოსარჩელემ 2022 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის მე-5 სამმართველოს მიერ ზ. მ-ის მიმართ გაცემული №030173 შემაკავებელი ორდერის გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ზ. მ-ის სარჩელი, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის მე-4 სამმართველოს მიერ გამოცემული №030173 შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114.2 მუხლზე, რომლის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის მე-4 სამმართველოს მიერ ს. კ-ის დაცვის მიზნით, მოძალადე ზ. მ-ის მიმართ გამოცემულია №030173 შემაკავებელი ორდერი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსხვერპლის - ს. კ-ის საცხოვრებელი ადგილია ქალაქი ვანი, ...ის ქუჩა N20.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, 26-ე მუხლის მეორე ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ ზ. მ-ის სარჩელი, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის მე-4 სამმართველოს მიერ გამოცემული №030173 შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ზ. მ-ის სარჩელი, მოპასუხე - შსს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-4 სამმართველოს მიმართ, დაინტერესებული პირი - ს. კ-ე, 2022 წლის 17 ოქტომბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114.2 მუხლზე, რომლის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მსხვერპლის (დაინტერესებული პირის) - ს. კ-ის საცხოვრებელ მისამართად სარჩელში მითითებული იყო ვანი, ...ის ქ. N20., თუმცა საქმეში დაინტერესებულ პირად (მსხვერპლი) ჩაბმული - ს. კ-ის 2.11.2022წ. სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებიდან ირკვევა, რომ მისი და მისი არასრულწლოვანი შვილის ამჟამინდელი ადგილსამყოფელია თბილისი, ...ის ქ. N2/4. ამასთან, ს. კ-ე ბავშვთან ერთად გადის ფსიქოლოგიურ დახმარებას. ს. კ-ემ იშუამდგომლა მისი ადგილსამყოფლის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე.
სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, ს. კ-ის რეგისტრაციის მისამართის მიხედვით განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის შესახებ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 20.1 მუხლის მიხედვით, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. მოცემულ შემთხვევაში, მსხვერპლის მისამართად უნდა განესაზღვრათ მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი - ქ. თბილისი, ...ის ქ. N2/4, რამეთუ ზემოაღნიშნულის უარმყოფელი რაიმე მტკიცებულება არ არსებობს. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის კანონისმიერ ვალდებულებას არ წარმოადგენს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, ასეთად კი ვერ მიიჩნევა პირის რეგისტრაციის მისამართი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზანს წარმოადგენს საჩივრის განხილვის, სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის და თავისი ინტერესების დაცვის განხორციელების პროცესში მსხვერპლს არ შეექმნას დამატებითი წინაღობები. სასამართლო მიიჩნევს, რომ მსხვერპლის ს. კ-ის უპირატესი უფლებაა, საქმე განხილულ იქნეს მისი საცხოვრებელი (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) და არა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ზ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა დაექვემდებაროს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია 2022 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის მე-4 სამმართველოს მიერ ზ. მ-ის მიმართ გაცემული №030173 შემაკავებელი ორდერი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოხსენებული ნორმა არის ტერიტორიული განსჯადობის სპეციალური წესის დამდგენი. ზემოხსენებული ნორმიდან იკვეთება, რომ კანონმდებელმა პრივილეგია მიანიჭა ძალადობის მსხვერპლს და სასამართლო სამართალწარმოება მის საცხოვრებელ ადგილის მიხედვით განისაზღვრა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსჯადობის შესახებ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია მსხვერპლის (დაინტერესებული პირის) საცხოვრებელი ადგილის დეფინიციის დადგენა.
საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლებამოვალეობანი განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს, ამასთანავე, ჩაწერის სისტემისაგან განსხვავებით, რეგისტრაცია განიხილება არა სანებართვო სისტემად, არამედ რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში („საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის მე-4 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საცხოვრებლის არჩევის უფლება არ იზღუდება რეგისტრაციის საჭიროებით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 2114.2 მუხლით გათვალისწინებული საქმეების განხილვის შესაძლებლობას ადგენს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის და არა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამდენად, ერთმანეთისაგან გამიჯვნას საჭიროებს საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრაციის ადგილი. საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობის ცნებაა და მოიცავს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა დროის კონკრეტულ მონაკვეთში პირი შესაძლებელია რეგისტრირებული იყოს მხოლოდ ერთ საცხოვრებელ ადგილზე, რის გამოც პირის საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი შესაძლოა არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა პირის საცხოვრებელი ადგილის უგულებელყოფით, მხოლოდ რეგისტრაციის ადგილის გათვალისწინებით, საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობისა და ოპერატიულობის პრინციპებს. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2021წ. №ბს-1339(გ-20) განჩინება).
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში ს. კ-ის საცხოვრებელ ადგილად მიუთითა ვანი, ...ის ქუჩა N20. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამტრედიის რაიონულ სასამართლოში თავად ს. კ-ემ იშუამდგომლა მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის - ქ. თბილისი, ...ის ქ. N2/4 - ის მიხედვით, განსჯად - თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე. საქმეში დაცული ს. კ-ის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით შსს გლდანი-ნაძალადევის მე-4 სამმართველოს მიმართ წარდგენილ განცხადებასა და გასაუბრების ოქმში ს. კ-ის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია თბილისი, ...ის ქ. N2/4. ამასთან, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის 02.11.2022 წლის №01-01-159 ცნობით, ს. კ-ე (პ/ნ ...) 25.10.2022 წლიდან რეგისტრირებულია ზემოხსენებულ ცენტრში, გაეწია სოციალური მუშაკის და ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია და დაიგეგმა ფსიქოთერაპიის კურსი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებიდან და თავად დაინტერესებული პირის ნების გათვალისწინებით, ს. კ-ის საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი, ...ის ქ. N2/4.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის N3 დადგენილებაზე, რომლის 11.2 მუხლის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა