Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1393(კ-22) 9 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

2022 წლის 21 იანვარს ა. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 11 იანვრის №MIA 0 22 0074695 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალება მოსარჩელე - ა. მ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო დაცვაზე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის პროცედურის დაწყების თაობაზე. სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 12 იანვრის №MIA 2 22 000800041 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს შეუწყდა დროებითი განთავსების ცენტრში განთავსების უფლება, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრიდან მისი გამოსახლების აკრძალვის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით, მოსარჩელე ა. მ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლზე, რომლის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყენა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტიდან.

2022 წლის 7 მარტს, ა. მ-მა საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების მიღება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით ა. მ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით ა. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 იანვრის №3/288-22 განჩინება.

2022 წლის 25 აგვისტოს ა. მ-მა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინება. ამასთან, ა. მ-მა მოითხოვა შსს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 12 იანვრის №MIA 2 22 000800041 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; მოპასუხის დავალება ახალი აქტის გამოცემაზე, კერძოდ ა. მ-ის ...ის მიმღებ ცენტრში დასახლების შესახებ;მოსარჩელემ ასევე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება, მოპასუხის დავალება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (შსს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 12 იანვრის №MIA 2 22 000800041 გადაწყვეტილება) მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე და მოსარჩელეზე თავშესაფრის მაძიებლის მოწმობის გაცემა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინების გასაჩივრების დასაშვებობის საკითხი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით. ამავე კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა.

სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრება დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლით დადგენილი წესით, ამასთან სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და განხილვის საჩივრისა და საქმის მასალების ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის პროცედურას განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 -ე მუხლი, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საკასაციო პალატა მიუთითებს კერძო საჩივრის განხილვის წესსა და პირობებზე, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები. მითითებული კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებით კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილია ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობა, რაც ნიშნავს რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ა. მ-მა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი დააყენა საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვის დროს, შესაბამისად მასზე იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ და 2022 წლის 24 იანვრის გაჩინებით ა. მ-ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაზეც ა. მ-მა შეიტანა საჩივარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით, ა. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. შესაბამისად, საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, როგორც ზემდგომმა ინსტანციის სასამართლომ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე და 419.3 მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას იმსჯელოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინების კანონიერებაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით მხარეს მართებულად განემარტა, რომ განჩინება საბოლოო იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ა. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას, შსს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 12 იანვრის №MIA 222 000 800 41 და 2022 წლის 11 იანვრის №MIA 0 22 00074695 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, შსს მიგრაციის დეპარტამენტის 12.01.22წ. №MIA 222 000 800 41 გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მოპასუხის დავალებას ...ის ცენტრში მოსარჩელის განთავსების შესახებ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასა და თავშესაფრის მაძიებლის მოწმობის გაცემას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ა. მ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შსს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 12 იანვრის №MIA 0074695 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალება ა. მ-ის განცხადებასთან დაკაშირებით ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დაწყების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით დავა არსებითად გადაწყვეტილი არ არის.

ა. მ-ს სასარჩელო წესით სადავოდ არ გაუხდია შსს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 12 იანვრის № MIA 222 000 800 41 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილებით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შსს-ს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ა. მ-ს დაყენებული არ აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულ დავასთან მიმართებით მიღებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. ზემოაღნიშნული დავები ექვემდებარება მხოლოდ ორი ინსტანციის წესით განხილვას. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასებაც. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის კატეგორიის გათვალისწინებით საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების შეზღუდვა არამხოლოდ არსებით გადაწყვეტილებას, არამედ დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც გულისხმობს.

მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით გამოირიცხება საკასაციო სასამართლოს კომპეტენცია შეეფასოს ა. მ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაყენებული სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებზე მიღებული სასამართლო განჩინებების კანონიერება. შესაბამისად, საკასაციო ინსტანციის სასამართლო ვერ შეამოწმებს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პროცესუალური დანაწესიდან გამომდინარე, ვერ იმსჯელებს კასატორის მოსაზრებაზე გადაწყვეტილების აბსოლუტური გაუქმების საფუძველთან (მოსამართლის ლ. მამულაშვილი ადრე მონაწილეობდა საქმის განხილვაში) დაკავშირებით ვინაიდან საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას სცილდება სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, საჩივარზე მიღებული განჩინების კანონიერების შემოწმება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავით დადგენილია საქმის წარმოების განახლების პროცედურა. ზემოაღნიშნული კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წარდგენის წინამძღვრები. ზემოაღნიშნული კოდექსის 424-ე მუხლი კი ადგენს განცხადების გადაწყვეტაზე განსჯად სასამართლოს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ა. მ-ს გააჩნია საპროცესო სამართლებრივი საშუალებანი საკუთარი უფლების რეალიზებისათვის.

განსახილველ შემთხვევაში, ა. მ-ის მიერ საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებაზე, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მიღებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 იანვრის განჩინებაზე. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით მოსარჩელეს მართებულად განემარტა განჩინების დაუშვებლობის თაობაზე.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო, რამდენადაც არ არსებობს მისი განსახილველად დაშვების პროცესუალური წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 284-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად დარჩეს ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებაზე, დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე

ბ . სტურუა