Facebook Twitter

ბს-1076(კ-21) 16 დეკემბერი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 17.01.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი/მ ე.მ-ის მიმართ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის - 2017 წლის 27 სექტემბრიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლის თვეში 105 ლარის და 2018 წლის იანვრიდან ქონების გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე თვეში 103 ლარის ოდენობით მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი/მ ე.მ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 315 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 27.09.2017წ. ქ. თბილისში, ...ის ქ. N...-ის მიმდებარე 309 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. 13.12.2017 წ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა უძრავი ქონების მფლობელობის თაობაზე შეადგინა აქტი, რომლითაც ქონების ი/მ რ.მ-ის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას გამოყენების ფაქტი დააფიქსირა. 26.01.2018წ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქონების ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრის მიზნით აუდიტორული დასკვნის მოსამზადებლად მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის 31.01.2018წ. დასკვნით განისაზღვრა სარგებლობაში არსებული ქონების საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება. პალატამ ყურადღება გაამახვილა ი/მ ე.მ-ის განმარტებაზე რომლის თანახმად, მან სახელმწიფო ქონების მფლობელობა შეწყვიტა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მიერ ქონების ადგილზე დათვალიერების - 13.12.2017წ. შემდეგ დაახლოებით 1 კვირაში. პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი 13.12.2017წ. აქტი ადასტურებს ასეთ მფლობელობას მხოლოდ 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით და არა მის შემდეგ. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხე 2018 წლის იანვრიდან აგრძელებდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას და სამეწარმეო მიზნებისათვის გამოყენებას. გარემოება კი, რომელიც უტყუარად არ არის დადასტურებული, არ შეიძლება გახდეს ე.მ-ისათვის თანხის დაკისრების საფუძველი. 2018 წლის იანვრიდან ე.მ-ის მიერ ქონებით სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, აქტითა და ფოტომასალით დგინდება მოპასუხის მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობა და სამეწარმეო მიზნით გამოყენება. სააგენტოს მოსაზრებით მისი განმარტებები და ქმედებები უნდა ჩაითვალოს უტყუარად დადასტურებულად და მათ აქვთ მაღალი მტკიცებულების ძალა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

კასატორის მოსაზრება, რომ აქტითა და ფოტომასალით დგინდება ი/მ ე.მ-ის მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობა და სამეწარმეო მიზნით გამოყენება 2018 წლის იანვრიდან, არ არის დასაბუთებული. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მიერ სარგებლობის ფაქტისა დამდგენი აქტი შედგენილია 13.12.2017წ., ამავე თარიღშია გადაღებული საქმეში დაცული ფოტოსურათები, შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდება ამ თარიღის შემდეგ სარგებლობის ფაქტი. ქვედა ინსტანციის სასამართლოებში კასატორს არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტაცია ან სხვა სახის მტკიცებულებები, რაც 2018 წლის იანვრიდან ე.მ-ის მიერ უძრავი ქონების ფლობასა და სამეწარმეო მიზნით გამოყენებას დაადასტურებს. ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი განმარტება, რომელიც მოპასუხის მიერ შედავებულია, არ ქმნის 2018 წლის იანვრიდან მფლობელობის გაგრძელების დადგენილად მიჩნევისათვის საკმარის საფუძველს.

კასატორის მოსაზრება, რომ მის განმარტებებსა და ქმედებებს მაღალი მტკიცებულებითი ძალა აქვთ და უტყუარ ხასიათს ატარებენ ასევე მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ დასაბუთებას. სასკ-ის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სსკ-ის 4.1 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსკ-ის 102.1 მუხ.). მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე (სსკ-ის 5.1 მუხ.). ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითება სააგენტოს განმარტებებისა და შედგენილი დოკუმენტაციისათვის მაღალი მტკიცებულებითი ძალის მინიჭების შესახებ, წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ისევეა ვალდებული წარმოადგინოს თავისი სარჩელის საფუძვლიანობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, როგორც პროცესში მონაწილე ნებისმიერი სხვა პირი. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპი პროცესის მხარეებს, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ათავისუფლებს მის მიერ მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, მტკიცებულებებს სასამართლოს მხარეები წარუდგენენ (სსკ-ის 103.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში კონკრეტული პერიოდიდან უძრავი ქონების სარგებლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით სააგენტოს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება და მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა, რაც ცხადია, არ ქმნის აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. მართალია სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მხარის ახსნა-განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ასეთი მტკიცებულებები განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს არ წარმოუდგენია, ხოლო ე.მ-ი აღნიშნავს, რომ მფლობელობა შეწყვიტა 2017 წლის დეკემბერში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი