Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № ბს-38(2კ-21) 13 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ბ... “

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 25 აპრილს შპს ,,ბ...მა’’ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 25 მარტის N6323/2/13 გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 29 მაისის №23425 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა ...ის 2012 წლის 15 ივლისის N... საგადასახადო მოთხოვნის, ასევე 2012 წლის 15 ივლისის NEL... და NEL ... სამართალდარღვევის ოქმების (შპს ,,ბ...ზე’’ 12 208.00 ლარის დაკისრების შესახებ) ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი გამოცემის მომენტიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 25 მარტის N6323/2/13 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 29 მაისის N23425 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა ,, ...ის“ 2012 წლის 15 ივლისის N... საგადასახადო მოთხოვნა და ასევე 2012 წლის 15 ივლისის NEL... და NEL ... სამართალდარღვევის ოქმები; მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.

2022 წლის 15 მარტს სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“, ,,დ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, შპს ,,ბ...ს“ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა. კასატორის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ნოემბრის №1965 განკარგულების საფუძველზეც სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს ,,ბ...ს“ შორის 2021 წლის 15 ნოემბერს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება №...

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის 9 ივნისს წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ იყო წინააღმდეგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“, ,,დ“ და ,,ზ“ პუნქტების საფუძველზე, შპს ,,ბ...ს“ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის.

2022 წლის 8 აგვისტოს შპს ,,ბ...მა“ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მიუთითა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს ,,ბ...ს“ შორის 2021 წლის 15 ნოემბერს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება №..., რომლის საფუძველზეც შპს ,,ბ...ს“ მიერ გადახდილი და აღიარებულ იქნა დავალიანება 1 679 539, 23 ლარის ოდენობით. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2021 წლის 17 მაისის მდგომარეობით შპს ,,ბ...ზე“ დარიცხული ძირითადი თანხა და ჯარიმები იქნა განულებული. შესაბამისად, შპს ,,ბ...“ წარმოდგენილ დავაზე საქმის წარმოების შეწყვეტის წინააღმდეგი არ იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 25 მარტის №6323/2/13 გადაწყვეტილების; შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 29 მაისის №23425 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,...ის“ 2012 წლის 15 ივლისის №... საგადასახადო მოთხოვნის, ასევე 2012 წლის 15 ივლისის NEL... და NEL ... სამართალდარღვევის ოქმების (შპს ,,ბ...ზე’’ 12 208.00 ლარის დაკისრების შესახებ) ბათილად ცნობა წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2022 წლის 15 მარტს სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, განსახილველ საქმესთან დაკავშირებით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ნოემბრის განკარგულება №1965 და სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს ,,ბ...ს“ შორის 2021 წლის 15 ნოემბერს გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება №... და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ნოემბრის №1965 განკარგულების საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს ,,ბ...ს“ შორის 2021 წლის 15 ნოემბერს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება №..., რომლითაც გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 1 679 539, 23 ლარით; ხოლო საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ნოემბრის №1965 განკარგულების დანართის მიხედვით, შპს ,,ბ...ს“ საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 3 797 925, 33 ლარს, მათ შორის, ძირითადი 1 679 539, 23 ლარს, ჯარიმა 1 977 155.42 ლარს, საურავი 141 230, 68 ლარს. საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელ თანხად მიეთითა - 1 679 539, 23 ლარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გადასახადის გადამხდელის: ა) საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით; ბ) იმ მოსაკრებლის თანხის ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირების მიზნით, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს. ამასთან, ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, რომლის შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

შპს ,,ბ...მა“ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მიუთითა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს ,,ბ...ს“ შორის 2021 წლის 15 ნოემბერს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება N..., რომლის საფუძველზეც შპს ,,ბ...ს“ მიერ გადახდილ და აღიარებულ იქნა დავალიანება 1 679 539, 23 ლარის ოდენობით. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2021 წლის 17 მაისის მდგომარეობით შპს ,,ბ...ზე“ დარიცხული ჯარიმა და საურავი გაუქმდა. შესაბამისად, დავის საგანი აღარ არსებობდა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილი, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ არის წინააღმდეგი დავის საგნის არ არსებობის გამო შპს ,,ბ...ს“ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის.

ამდენად, იმ პირობებში როდესაც, საგადასახადო შეთანხმება შეეხო 2021 წლის 17 მაისამდე არსებულ ჯარიმებსა და საურავებს, ცალსახაა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება მოიცავს შპს ,,ბ...სათვის“ შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,...ის“ 2012 წლის 15 ივლისის N... საგადასახადო მოთხოვნისა და 2012 წლის 15 ივლისის №EL... და №EL... სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე, დარიცხული - 12,208.00 ლარის კანონიერების შეფასებასაც. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით, მხარეთა შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე, აღარ არსებობს წინამდებარე საქმეში განსახილველი დავის საგანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაზე დავის საგნის არარსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ვინაიდან აღარ არსებობს საქმის წარმოების გაგრძელების წინაპირობა.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს ,,ბ...ს“ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 17.04.2014წ. №1123 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს - 366,25 ლარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შპს ,,ბ...ს“ (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი 366,35 ლარის ნახევარი - 183, 12 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ბ...ს“ სარჩელზე დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა, დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. შპს ,,ბ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 17.04.2014წ. №1123 საგადასახადო დავალებით გადახდილი 366,25 ლარის ნახევარი - 183, 12 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე