Facebook Twitter

ბს-2 (კ-22) 16 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.ნ-ემ 03.02.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის მართვის ცენტრის 26.01.2021წ. NMOD 9 21 00033835 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა, რომლითაც გ.ნ-ეს უარი ეთქვა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 1-ელ ივლისამდე მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურებაზე, ასევე მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის სახით, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 1-ელ ივლისამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრება, კანონით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.06.2021წ. გადაწყვეტილებით გ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის მართვის ცენტრის 26.01.2021წ. NMOD 9 21 00033835 წერილობითი მიმართვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ზიანის სახით, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 1-ელ ივლისამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ კანონით დადგენილი ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.2021წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გ.ნ-ემ 23.12.2016წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ...ის მართვის უფროსს მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშნვის მიზნით სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გაანგარიშების მოთხოვნით, თუმცა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის დეპარტამენტის 17.03.2017წ. №MOD 8 17 00251927 წერილით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.04.2018წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის დეპარტამენტის 17.03.2017წ. №MOD 8 17 00251927 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, მოსარჩელე გ.ნ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება იმგვარად, რომ მისი ნამსახურობის წლებს შეედგინა არანაკლებ 20 კალენდარული წელი. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის მართვის ცენტრის 11.06.2020წ. წერილით, ირკვევა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაეგზავნა წარდგინება თანდართულ საბუთებთან ერთად გ.ნ-ის წელთა ნამსახურობის შესახებ ინფორმაციის მითითებით, რის შედეგადაც მოსარჩელეს 2020 წლის 1 ივლისიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამასთან, პალატა მიუთითებს სზაკ-ის 207-ე, 208-ე მუხლებზე, სკ-ის 992-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს 2020 წლის 1 ივლისიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. 2016 წლის 23 დეკემბრის შემდგომ 2020 წლის 1 ივლისამდე მოსარჩელემ ვერ შეძლო სახელმწიფო კომპენსაციის მიღება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ უზრუნველყო სათანადო წესით და დადგენილ ვადაში მისი წელთა ნამსახურობის დაანგარიშება და შესაბამისი წარდგინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიმართვა. ამდენად, მოსარჩელე გ.ნ-ე მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზეზით ვერ მიიღო კანონით მისთვის განსაზღვრული კომპენსაცია, რითაც მას მართლსაწინააღმდეგოდ მიადგა ზიანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად კომპენსაცია ენიშნებათ სამხედო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობა 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. გ.ნ-ეს ...ის დეპარტამენტის 17.03.2017წ. N251927 წერილით განემარტა, რომ მისი ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს, შესაბამისად მისი მოთხოვნა წელთა ნამსახურობის დაანგარიშების შესახებ დარჩა დაკმაყოფილების გარეშე. ამასთან, 2013 წლის 12 აპრილიდან 2013 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში მოსარჩელე მსახურობდა სამხედრო პოლიციაში ...ის წოდებით, რომელიც ვერ ჩაითვლება საერთო ნამსახურობაში. კასატორმა აღნიშნა, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” კანონი 1991 წლიდან 1995 წლამდე სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირებთან მიმართებით იმპერატიულად მოითხოვს ამ პირის სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკით დათხოვნას, რათა მან მოიპოვოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება. შესაბამისად, რადგან გ.ნ-ე ზღვრული ასაკით არ ყოფილა დათხოვნილი, სამინისტრო ვერ გასცდებოდა კანონის იმპერატიულ მოთხოვნას. გარდა ამისა, გ.ნ-ე არ წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს, მას ჰქონდა სპეციალური წოდება, რაც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასევე გამორიცხავდა მისი სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდის სამხედრო სტაჟში ჩათვლას. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს დასაბუთება ძირითადად აგებულია ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციებზე და ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე. სასამართლომ თავდაცვის სამინისტრო დაავალდებულა წელთა ნამსახურობა იმგვარად გამოეთვალა, რომ 20 წელი გამოსულიყო, მაგრამ არ მიუთითა ათვლა საიდან დაეწყო და სად დაესრულებინა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სამინისტროს უდანაშაულობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით გ.ნ-ემ 23.12.2016წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ...ის მართვის უფროსს მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშნვის მიზნით სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გაანგარიშების მოთხოვნით, თუმცა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის დეპარტამენტის 17.03.2017წ. №MOD 8 17 00251927 წერილით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.04.2018წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის დეპარტამენტის 17.03.2017წ. №MOD 8 17 00251927 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე გ.ნ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება იმგვარად, რომ მისი ნამსახურობის წლებს შეედგინა არანაკლებ 20 კალენდარული წელი. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის მართვის ცენტრის 11.06.2020წ. წერილით ირკვევა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაეგზავნა წარდგინება თანდართულ საბუთებთან ერთად გ.ნ-ის წელთა ნამსახურობის შესახებ ინფორმაციის მითითებით, რის შედეგადაც მოსარჩელეს 2020 წლის 1 ივლისიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის მართვის ცენტრის 26.01.2021წ. N MOD 9 21 00033835 წერილობითი მიმართვით გ.ნ-ეს უარი ეთქვა მისთვის 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 1-ელ ივლისამდე მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლით, ასევე სზაკ-ის 208.1 მუხლით, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად უნდა არსებობდეს სათანადო მტკიცებულებით დადასტურებული, სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და უკანონო ქმედების შედეგადაც სახეზე უნდა იყოს მიყენებული ზიანი.

განსახილველ შემთხვევაში გ.ნ-სათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის დეპარტამენტის 17.03.2017წ. №MOD 8 17 00251927 წერილის კანონშეუსაბამობა დადგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.04.2018წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მოხდა მისი ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება იმგვარად, რომ გ.ნ-ის ნამსახურობის წლებს შეედგინა არანაკლებ 20 კალენდარული წელი. შესაბამისად, ცალსახაა მიზეზშედეგობრივი კავშირი გ.ნ-ის მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემულ უკანონო აქტს შორის, რაც ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონშესაბამისად მოქმედების შემთხვევაში, გ.ნ-ეს კომპენსაცია დაენიშნებოდა არა 2020 წლის ივლისიდან, არამედ გაცილებით ადრე, 2017 წლის იანვრიდან, სწორედ ორგანოს უკანონო ქმედებამ დააბრკოლა კომპენსაციის დროული დანიშვნა, რითაც წარმოშვა ზიანი. ის, რომ თავდაცვის სამინისტრო არ ეთანხმება სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, არ ქმნის თავდაცვის სამინისტროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი