Facebook Twitter

ბს-823(კ-20) 16 დეკემბერი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2020წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 24.10.2016წ. სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თ.ს-ას მიმართ კომისიის 27.09.2016წ. N... საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სენაკის რაიონული სასამართლოს 27.05.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2020წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.10.2018წ. დასკვნასა და აღიარების კომისიის მიერ თ.ს-ას მიერ დაკავებული ნაკვეთის ადგილზე დათვარიელების შედეგების მხედველობაში მიღებით დადგენილად მიიჩნია, რომ თ.ს-ას თვითნებურად ჰქონდა დაკავებული 3143 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც არის შემოღობილი და გაშენებულია ...ის ნარგავები, მიწა არის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში შეინიშნება შენობის ფუნდამენტის ფრაგმენტები. ამდენად, საკითხის ყოველმხრივ და სრულად გამოკვლების შემდეგ კომისიამ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის თ.ს-ას საკუთრებად აღიარების შესახებ. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ.ს-ას მიერ 10.06.2016წ. კომისიაში წარდგენილ იქნა ახალი კორექტირებული ნახაზი საერთო ფართობის შეუცვლელად,რომელიც არ მოიცავდა საძოვარის ტერიტორიას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2020წ. განჩინება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.05.2016წ. N... წერილის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი არის საძოვრის კატეგორიის, რაც გამორიცხავდა მასზე საკუთრების უფლების აღიარებას. არ დასტურდება, რომ კორექტირებული აზომვით ნახაზი საძოვარს აღარ მოიცავდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ ირკვევა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). განსახილველ შემთხვევაში თავდაპირველი და კორექტირებული აზომვითი ნახაზების, ასევე კომისიის მიერ ადგილზე დათვარიელების შედეგების გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კორექტირებული ნახაზი აღარ მოიცავდა საძოვრის ტერიტორიას, შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლების აღიარება არ მომხდარა. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს ამ მსჯელობას და უთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.05.2016წ. N... წერილზე, რომლის საფუძველზეც თვლის, რომ მოხდა საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.05.2016წ. N... წერილი ეფუძნება 1981 წლის მიწათსარგებლობის გეგმას, რომლის მიხედვით ნაკვეთის მხოლოდ მცირე ნაწილი წარმოადგენს საძოვარს. ამასთანავე, საქმეში არ არის დაცული რაიმე მტკიცებულება, რომელიც 1981 წლიდან დღემდე მიწის ნაკვეთის ამ ნაწილის კატეგორიის შენარჩუნებას დაადასტურებს. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ ასაღიარებელ ნაკვეთზე გაშენებულია ...ის ნარგავები. აღნიშნული დასტურდება აგრეთვე 22.06.2016წ. მიწის ნაკვეთის დათვარიელების აქტით. ნარგავები ჩანს საქმეში დაცულ ორთოფოტოზეც. ამდენად, კასატორი ვერ ადასტურებს, რომ კორექტირებული ნახაზი, რომლის მიხედვითაც თ.ს-ას საკუთრება უღიარდა, მოიცავდა საძოვრის ტერიტორიას. გარდა ამისა, საძოვრის აღიარებული ნაკვეთის ფარგლებში მოქცევს შემთხვევაში, კასატორს არ მიუთითებია მისი ფართობი. აღიარება მოხდა 3143,07 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ არ დგინდება, რომ 1981 წლის მიწათსარგებლობის გეგმაზე სწორედ აღიარებული ნაკვეთია ასახული, ხოლო მეორე მხრივ, რომც ჩავთვალოთ, რომ ნაკვეთზე თ.ს-ას საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთია ასახული, ირკვევა, რომ საძოვარი შეადგენს მიწის ნაკვეთის ძალიან მცირე ნაწილს. ამდენად, ამ დასაბუთებით მთლიან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების არამართზომიერად მიჩნევის მოთხოვნა არ არის დასაბუთებული.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია აგრეთვე, რომ მიწის ნაკვეთის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში შეინიშნება შენობის ფუნდამენტის ფრაგმენტები. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ამ მხრივ შედავებას სავსებით არ შეიცავს, რის გამო საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს საკადასტრო აზომვითი ნახაზის თ.ს-ას ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან თანხვედრის, აზომვითი ნახაზის შედგენის სიზუსტის საკითხებზე. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, არ დგინდება თ.ს-ასთვის საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოებები. სააგენტომ ვერ უზრუნველყო კომისიის სადავო გადაწყვეტილების უკანონობის დასაბუთება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გასაჩივრებული იქნა 27.09.2016წ. საკუთრების მოწმობა და არა 21.09.2016წ. N4 განკარგულება, რომლის საფუძველზეც საკუთრების მოწმობა გაიცა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2020წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი