Facebook Twitter

ბს-219(კ-22) 16 დეკემბერი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ს-მა 29.07.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სანოტარო ფორმით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულების (შედგენილი 1951 წლის აპრილის თვეში, გ. ბ-ის მიერ ზ. ბ-ისთვის მიწის ნაკვეთის ჩუქების თაობაზე, აღნიშნულ ნაკვეთზე მშენებლობის განსახორციელებლად) არსებობისა და მისი შემდგომი განადგურების თაობაზე წერილობითი ინფორმაციის გაცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.03.2020წ. გადაწყვეტილებით, მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ს-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2021წ. განჩინებით, მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.03.2020წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე არ დასტურდება, რომ გ. ბ-სა და ზ. ბ-ს შორის 1951 წელს გაფორმებული სანოტარო აქტი - მიწის ნაკვეთის ჩუქების ხელშეკრულება ამჟამად ან წარსულში დაცული იყო საქართველოს ეროვნულ არქივში და მოხდა მისი განადგურება, როგორც ამას მოსარჩელე მხარე მიუთითებს. მხოლოდ მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი განმარტებები იმის თაობაზე, რომ ამგვარი დოკუმენტი ნამდვილად იყო არქივში დაცული, მას იგი არაერთხელ აქვს წაკითხული და არქივის თანამშრომელმა იგი გაანადგურა, არ წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას. ასეთი დოკუმენტის საარქივო მასალებში არარსებობაზე საქმეში წარმოდგენილი არაერთი წერილობითი დოკუმენტი მიუთითებს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული არ არის და არც მისი განადგურების დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს, არ არსებობს მოპასუხის დავალდებულების საფუძვლები გასცეს ცნობა ასეთი ხელშეკრულების არსებობისა და მისი შემდგომი განადგურების თაობაზე. მოქმედი კანონმდებლობა საჯარო დაწესებულებას საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აკისრებს, თუკი ასეთი ინფორმაცია/დოკუმენტი ან მისი არსებობის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია საჯარო დაწესებულებაში არის დაცული, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ს-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს დეპუტატთა საბჭოს სხდომის ოქმი №11, რომლითაც მოთხოვნილი იყო სანოტარო აქტი (ჩუქების ხელშეკრულება). აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე წარმოიშვა სხვა დოკუმენტები: გენერალური გეგმა, ნებართვები მშენებლობაზე. ყველა ეს დოკუმენტი დაცული იყო არქივში. ნოტარიული აქტი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია, რომელიც განადგურდა. ამით დაირღვა მესაკუთრის უფლებები. კასატრომა აღნიშნა, რომ მის საკუთრებაში სამი არაუფლებამოსილი პირი რეგისტრირდება. არქივში დაცულ საქაღალდეში არ არის ბოლო გვერდი, სადაც მითითებული იქნება ექვსივე ფურცლის ჩამონათვალი, ამ დოკუმენტების ნუსხა. საქმეში დევს მხოლოდ საქაღალდის თავფურცელი. ნოტარიული აქტის გარეშე კრედიტორი ნებართვას მშენებლობაზე არ მიიღებდა და არც №205 გენერალური პროექტი დამტკიცდებოდა. ამ აქტის განადგურებას შედეგად მოჰყვა 1951 წელს გაშენებულ სახლზე 2004 წელს რეესტრში თაღლითურად დარეგისტრირება. არქივის თანამშრომელმა ჩაიდინა დანაშაული, თუმცა ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა უარი განაცხადეს მისი მოწმის სახით დაკითხვაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს ეროვნული საარქივო ფონდისა და საქართველოს ეროვნული არქივის სამართლებრივ სტატუსს, ეროვნული საარქივო ფონდისათვის დოკუმენტების მიკუთვნების პრინციპებს, მათი დაცვისა და გამოყენების საკითხებს (მუხ. 1). მითითებული კანონის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.06.2007წ. ბრძანებით დამტკიცდა „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესები“, რომლის 62-ე მუხლი ითვალისწინებს მოქალაქეთა და დაწესებულებათა სოციალურ-სამართლებრივი ხასიათის შეკითხვების შესრულების წესს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალურ-სამართლებრივი ხასიათის ინფორმაცია მოქალაქეთა და დაწესებულებათა შეკითხვების მიხედვით გაიცემა საარქივო ცნობის, საარქივო პირისა და საარქივო ამონაწერის ფორმით. საარქივო ცნობები დგება არქივში დაცული დოკუმენტების (დედნებისა და დამოწმებული პირების) საფუძველზე („წესების“ 62.2 მუხ. „ა“ ქვპ.). საარქივო ცნობა არის შეკითხვის საგანზე საარქივო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი დოკუმენტების საძებნი მონაცემების მითითებით, რომელთა საფუძველზეცაა იგი შედგენილი, საარქივო პირი არის საარქივო დოკუმენტის ტექსტის ან გამოსახულების განმეორებითი დოკუმენტი მისი საძებნი მონაცემების მითითებით, ხოლო საარქივო ამონაწერი არის განსაზღვრული საკითხისადმი, ფაქტისა თუ პირისადმი მიკუთვნებული საარქივო დოკუმენტის ტექსტის ნაწილის სიტყვასიტყვით განმეორებული დოკუმენტი საძებნი მონაცემების მითითებით („წესების“ 62.1 მუხ. „ბ“, „გ“ და „დ“ ქვ.პ.). ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული არქივი უზრუნველყოფს მოქალაქეთა და დაწესებულებათა შეკითხვების მიხედვით სოციალურ-სამართლებრივი ხასიათის ინფორმაციის გაცემას საარქივო ცნობის, საარქივო პირისა და საარქივო ამონაწერის ფორმით, რომელიც საარქივო დოკუმენტის ტექსტის ნაწილის სიტყვასიტყვით განმეორებულ დოკუმენტს წარმოადგენს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.06.2007წ. ბრძანებით დამტკიცებული „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების“ 62-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, მოთხოვნილი ცნობების არქივში არარსებობისას დგება უარყოფითი პასუხი დაწესებულების წერილის ბლანკზე. მასში მიეთითება არქივის დოკუმენტებში განმცხადებლისათვის საჭირო ცნობების არარსებობის ფაქტი და ეძლევა რეკომენდაციები, სად მიიღოს საჭირო ინფორმაცია. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულმა არქივმა 14.11.2018წ. წერილით მ. ს-ს მისი განცხადების პასუხად აცნობა, რომ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალურ არქივში დაცულია მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოსთან არსებული ტექნიკური კომისიის 24.04.1951წ. N11 სხდომის ოქმი და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტურულ დაგეგმარებითი სამმართველოს 14.06.1951წ. N205 ბრძანება (თანდართული მასალით), განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორის 30.05.2012წ. N16/1172 წერილის საფუძველზე, თბილისის ცენტრალურ არქივში დაცული 1921-1996 წლების სანოტარო საქმეები (სულ 88 302 შესანახი ერთეული) 30.05.2012წ. დოკუმენტების მიღება-გადაცემის აქტის საფუძველზე გადაეცა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცულია მოპასუხე არქივის მიერ წარმოდგენილი ზ.გ. ბ-ის საქაღლდე (ს.ფ. 64-71), რომელთა შორის არ მოიპოვება მოსარჩელის მიერ მითითებული სანოტარო აქტი - ჩუქების ხელშეკრულება. საქაღალდის ბოლო გვერდზე მითითებულია, რომ გადანომრილია 6 ფურცლად, დამოწმებულია 30.05.1967წ., ამასთან მითითებული გვერდების რაოდენობა შეესაბამება ამავე საქაღალდეში არსებულ დოკუმენტებზე მითითებულ გვერდთა რაოდენობას. საქმეში ასევე დაცულია მთავარი არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სამმართველოს მუდმივად შესანახი საქმეების №2 აღწერა, რომლის ჩამონათვალში მითითებულია ზ.გ. ბ-ი, გასწვრივ აღნიშნულია წელი - 1951, ფურცლების რაოდენობა - 6. ამდენად, საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება გ. ბ-სა და ზ. ბ-ს შორის 1951წ. დადებული ჩუქების ხელშეკრულების არქივში არსებობის ფაქტი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.06.2007წ. ბრძანებით დამტკიცებული „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების“ 23-ე მუხლი ითვალისწინებს საქმეთა გასანაგურებლად გამოყოფის აქტის შედგენის წესს. ასეთი სახის აქტზე კასატორი არ მიუთითებს. რაც შეეხება არქივის თანამშრომლის მიერ დაშანაულებრივი ქმედების ჩადენას (სანოტარო აქტის განადგურებას), აღნიშნული საკითხის შეფასება სცდება ადმინისტრაციული დავის განხილვის ფარგლებს, ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია კანონით დადგენილი წესით პირის მიერ დაშაულის ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. სასამართლოს განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე). სსკ-ის 102.3 მუხლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მის მიერ მითითებული ჩუქების ხელშეკრულება ინახებოდა არქივში, ხოლო შემდეგ არქივის თანამშრომლის მიერ აღნიშნული დოკუმენტი განადგურდა, ამ გარემოების გაზიარების საკმარისი საფუძველი არ არის. განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება გარემოება იმის შესახებ, რომ გ. ბ-სა და ზ. ბ-ს შორის 1951წ. გაფორმებული სანოტარო აქტი - მიწის ნაკვეთის ჩუქების ხელშეკრულება ამჟამად ან წარსულში დაცული იყო საქართველოს ეროვნულ არქივში და შემდეგში განადგურდა, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სანოტარო აქტის - ჩუქების ხელშეკრულების საარქივო მასალებში არსებობასა და შემდეგ მის განადგურებაზე საქმეში წარმოდგენილი არც ერთი წერილობითი დოკუმენტი არ მიუთითებს.

მოსარჩელე (კასატორი) სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 1951წ. სანოტარო აქტი - ჩუქების ხელშეკრულება ნამდვილად ინახებოდა ეროვნულ არქივში და თავად არაერთხელ წაუკითხავს, ასევე მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების არქივში არსებობას უკავშირებს ტექნიკური კომისიის სხდომის 24.04.1951წ. №11 ოქმში არსებულ მითითებას ნოტარიული აქტის წარდგენის თაობაზე. საქმეში დაცული მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოსთან არსებული ტექნიკური კომისიის სხდომის 24.04.1951წ. №11 ოქმის მიხედვით, კომისიამ მოისმინა ... №10-ში მცხოვრები ზ.გ. ბ-ის განცხადება მისი მამის საკუთარ სახლზე ერთი ოთახის მიშენების ნებართვის გაცემის შესახებ. კომისიამ განმცხადებელს ნება დართო სარდაფით, სამზარეულოთი და შემინული აივნით ერთი ოთახის მიშენებაზე, რისთვისაც მას დაევალა მამის ნოტარიული თანხმობის წარდგენა, გეგმარის შედგენა და ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმება, ნებართვის გაცემა დადგინდა დამტკიცებული გეგმარის წარდგენის შემდგომ. აღნიშნული ოქმის შინაარსიდან გამომდინარე განმცხადებელს ზ.გ. ბ-ს დაევალა არა ჩუქების ხელშეკრულების, არამედ მისი მამის ნოტარიული თანხმობის წარდგენა, ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სანოტარო აქტის - ჩუქების ხელშეკრულების განადგურებამ გამოიწვია მესაკუთრის უფლების დარღვევა და ამით მას მიადგა ზიანი, თუმცა კასატორი არ უთითებს გ. ბ-სა და ზ. ბ-ს შორის 1951წ. დადებული ჩუქების ხელშეკრულების არსებობა/არარსებობა მის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე რა გავლენას ახდენს. ამდენად, სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების ურთიერთგამომრიცხავი შინაარსი და შეუსაბამობა კიდევ ერთხელ ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას, შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძვლების არარსებობის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი