Facebook Twitter
№ბს-548(კ-22) 28 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 3 სექტემბრის №04/46556 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ა. ქ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

სარჩელის თანახმად, ა. ქ-მა, რომელიც არის მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, განაცხადით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილება. 2019 წლის 7 თებერვალს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების მიერ განხორციელდა მონიტორინგი და დადგინდა, რომ ა. ქ-ის ეზოში დგას ორი სახლი, ერთი არის ორსართულიანი, რომელიც დაზიანებულია გამჭოლი მრავლობითი ბზარებით და მიღებული აქვს დეფორმაცია, ხოლო მეორე - ერთსართულიანი, მცირე ზომის ე.წ. „სამზადი“. 2019 წლის 3 სეტემბრის №04/46556 გადაწყვეტილებით ა. ქ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია 1987 წლის დიდთოვლობით, ასევე 2005 წელს მომხდარი მიწისძვრით და ამასთან, მას გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 3 სექტემბრის №04/46556 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ა. ქ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, მე-2 მუხლის მე-8, მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტებსა და მე-3 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით მოსარჩელე ა. ქ-ის საცხოვრებელი სახლის ამორტიზირებულ და საცხოვრებლად გამოუსადეგარ მდგომარეობამდე მიყვანა არ უკავშირდება მხოლოდ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ...აში მდ. ცხენისწყლის ხეობის მარჯვენა სამხრეთ-აღმოსავლეთი ექსპოზიციის ფერდობის ზედა ნაწილში მიმდინარე სეისმურ პროცესებს და ასევე სახეზეა „პროცედურის“ 1.2. მუხლით გათვალისწინებული სტიქიური მოვლენების - მეწყრის, თოვლის ზვავის და გეოლოგიური პროცესების (ჯდენადი გრუნტი) მრავალწლიანი ზემოქმედების აშკარა გავლენა, რაც სააპელაციო პალატას არ აძლევს იმ სამართლებრივი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ, საცხოვრებელი სახლის მიღების მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიექტს (ეკომიგრანტს) და აპელანტ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი ა. ქ-ის ოჯახი დაეკმაყოფილებინა საცხოვრებელი ფართით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად ის გარემოება დაუდო, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია გრუნტის ჯდენითა და მეწყრული მიკროძვრებით, შესაბამისად, მოსარჩელე ეკომიგრანტად მიიჩნია და არ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე წარმოადგენდა სააგენტოს არაბენეფიციარ პირს, ვინაიდან მისი საცხოვრებლის დაზიანება გამოწვეული იყო სხვა მიზეზებით, მათ შორის, სეისმური ბიძგებით.

კასატორის განმარტებით, ა. ქ-ის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენილი 2019 წლის 3 ივლისის №094373 ადმინისტრაციული საჩივრით მოთხოვნილ იქნა მისი, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილება. ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით სააგენტოში ჩატარდა წარმოება ზეპირი მოსმენით. შესაბამისი დოკუმენტაცია გამოთხოვილ იქნა სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტიდან. გამოთხოვილი მასალებით ირკვევა, რომ ა. ქ-მა, როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა პირმა, საცხოვრებლის დაზიანების გამო 2014 წლის 1 ივლისს შეავსო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე განაცხადი. წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გათვალისწინებით, მის განაცხადს მიენიჭა 17.5 ქულა, ხოლო საცხოვრებელი სახლის დაზიანებას - A კატეგორია. საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის განსაზღვრისათვის სათანადო ინფორმაცია რამდენიმეჯერ იქნა გამოთხოვილი ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან. ამასთან, 2019 წლის 7 თებერვალს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების მიერ განხორციელდა ა. ქ-ის საცხოვრებელი სახლის მონიტორინგი, რა დროსაც დადგინდა, რომ ა. ქ-ის ეზოში დგას ორი სახლი - ერთი 2-სართულიანი, რომელიც დაზიანებულია გამჭოლი მრავლობითი ბზარებით, მიღებული აქვს დეფორმაცია და დაზიანების ხარსხი არის მაღალი, ხოლო მეორე - ერთსართულიანი, მცირე ზომის ე.წ. „სამზადი“, რომელზეც შეინიშნებოდა ერთი კედლის დაზიანება ვერტიკალური გამჭოლი ბზარით. ა. ქ-ის განმარტებით, აღნიშნული მცირე ზომის სახლი ეკუთვნის მის ბიძას - გ. ქ-ს, რომელიც ოჯახთან ერთად, ცხოვრობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის მაისის თვეში მომზადებული გეოლოგიური დასკვნის თანახმად, ფერდობი, რომელზეც მდებარეობს ა. ქ-ის საცხოვრებელი სახლი, წარმოადგენს ძველმეწყრულ ფერდობს, რომელიც დასტაბილურებულია. ტერიტორია მიეკუთვნება ტექტონიკურად დაძაბულ და სეისმურად აქტიურ ზონას. საცხოვრებელი სახლი ავარიულად არის დეფორმირებული. მზიდი კედლები გახსნილია გამჭოლი ბზარებით და ზოგან ჩამონგრეულია. ნაგებობა ამორტიზირებულია და საცხოვრებლად გამოუსადეგარია. ნაგებობის დეფორმაცია გამოწვეულია სეისმური ბიძგებით და გრუნტის ჯდენით, რასაც სავარაუდოდ ემატება ფერდობზე პერიოდულად მიმდინარე მეწყრული მიკროძვრები. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაცემულია რეკომენდაცია ა. ქ-ის გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ.

ა. ქ-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის განსაზღვრისათვის ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან სხვადასხვა დროს გამოთხოვილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ერთ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია 1987 წლის დიდთოვლობისა და 2005 წლის მიწისძვრით; მეორე შემთხვევაში - 1987 და 2005 წლებში დიდთოვლობით; მესამე შემთხვევაში - 1987 და 1991 წლებში სეისმური ბიძგებით და 2005 წელს გრუნტის ჯდენით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ განიხილა ა. ქ-ის 2019 წლის 3 ივლისის №94373 ადმინისტრაციული საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის მაისის თვეში მომზადებული გეოლოგიური დასკვნისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი დოკუმენტაცის თანახმად საცხოვრებელი სახლის დაზიანება ძირითადად გამოწვეულია სეისმური ბიძგებით და დიდთოვლობით, ანუ დაზარალებული პირის საცხოვრებლით დაკმაყოფილება არ წარმოადგენს სააგენტოს რეგულირების სფეროს და კანონმდებლობის შესაბამისად, საკითხი ლენტეხის მუნიციპალიტეტის განსახილველია.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2014 წლის 1 ივლისს ა. ქ-მა მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და შეავსო დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადი, სადაც ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა ლენტეხი, სოფელი ...ა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ლენტეხში, სოფ. ...აში მდებარე საცხოვრებელი სახლი არის I კატეგორიის დაზიანების, სახლი მთლიანად გამოუსადეგარია და ამის გამო ცხოვრობს გვერდით ფიცრულში (ს.ფ. 70-72); ბ) 2018 წლის 27 აგვისტოს შეფასების საფუძველზე, ა. ქ-ის ოჯახს მიენიჭა - 17.5 ქულა (საცხოვრებელი სახლის დაზიანების I კატეგორია – 10 ქულა; სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს: 57001- ზე ნაკლები - 0.5 ქულა; ოჯახის წევრი ან წევრები არიან მკვეთრად (1,5 ქულა), მნიშვნელოვნად (1 ქულა) ან ზომიერად (0,5 ქულა) გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირები (ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერით - 1 ქულა; სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა) (ს.ფ. 89, 34, 82); გ) 2019 წლის 7 თებერვლის გადამოწმების ოქმის თანახმად, ა. ქ-ის ეზოში არის ორი საცხოვრებელი სახლი. ერთი 2-სართულიანი, ხოლო მეორე - მცირე ზომის (კუხნა). ორსართულიანი სახლი, რომელიც არის 50 სანტიმეტრი სისქის კედლებით და რიყის ქვით ნაშენები, დაზიანებულია გამჭოლი, მრავლობითი ბზარებით. სახლს მიღებული აქვს დეფორმაცია, დაზიანების ხარისხი დიდია, ხოლო რაც შეეხება მეორე სახლს, რომელიც დგას (კუხნა) ამავე ეზოში, დაზიანებული აქვს ერთი კედელი ვერტიკალური გამჭოლი ბზარით. ა. ქ-ის განცხადებით, სახლი ეკუთვნის მის ბიძას - გ. ქ-ს, რომელიც ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად ამავე მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში (ს.ფ. 104-107); დ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ივნისის №04/33525 წერილით ა. ქ-ს ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ დანართი №1-ის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების (2019 წლის 27, 28, 29, 30, 31 მაისისა და 3 ივნისის სხდომის ოქმი №5) შესაბამისად, საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი - ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. ოქმში ალტერნატიულ საცხოვრებლად მითითებულია იმავე ეზოში არსებული საცხოვრებელი, რომლითაც შეუძლია შეუზღუდავად ისარგებლოს (ს.ფ. 161-169); ე) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 3 სექტემბრის №04/46556 გადაწყვეტილებით ა. ქ-ს უარი ეთქვა 2019 წლის 3 ივლისის №94373 ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; ბათილად იქნა ცნობილი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2019 წლის (27, 28, 29, 30, 31 მაისი და 3 ივნისი) №5 სხდომის ოქმი ა. ქ-ის ნაწილში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის 2019 წლის 20 ივნისის №04/33525 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააგენტომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.“ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის მაისის თვეში მომზადებული გეოლოგიური დასკვნისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანება ძირითადად გამოწვეულია სეისმური ბიძგებით და დიდთოვლობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი დაეკმაყოფილებინა ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა, ვინაიდან სეისმური ბიძგებითა და დიდთოვლობით გამოწვეული საცხოვრებელი სახლის დაზიანების შედეგად დაზარალებული პირის საცხოვრებლით დაკმაყოფილება არ წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგულირების სფეროს. ამდენად, ა. ქ-ის მიმართვის საფუძველზე საკითხი კანონმდებლობის შესაბამისად შესაძლოა განხილული ყოფილიყო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ (ს.ფ. 30-32).
ამდენად, დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი თავდაპირველად გახდა მის ეზოშივე არსებული ალტერნატიული საცხოვრებელი, ხოლო ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდგომ, 2019 წლის 3 სექტემბრის №04/46556 სადავო გადაწყვეტილებით - ის გარემოება, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანება ძირითადად გამოწვეული იყო სეისმური ბიძგებითა და დიდთოვლობით, რის გამოც დაზარალებული პირის საცხოვრებლით დაკმაყოფილება არ წარმოადგენდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) რეგულირების სფეროს და საკითხის განხილვა ლენტეხის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას ექვემდებარებოდა.
შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილება წარმოადგენს თუ არა მოცემულ საქმეზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს რეგულირების სფეროს და მოსარჩელე ა. ქ-ზე უნდა გავრცელდეს თუ არა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები, მათ შორის, განსახლების უფლება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცდა (დანართი №1) „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, რომლის 1.2 მუხლის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეკომიგრანტი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, მათ საკუთრებაში არსებულ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქმეში წარმოდგენილ მასალებზე, რომლითაც შეფასებულ იქნა ლენტეხში, სოფელ ...აში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის დაზიანებები: ა) 2015 წელს მომზადებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმით (I კატეგორია) დგინდება, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ...აში მცხოვრები ა. ქ-ის საცხოვრებელმა სახლმა 1987 და 2005 წლებში დიდთოვლობის გამო მიიღო დაზიანებები (ს.ფ. 92); ბ) 2018 წელს მომზადებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმის (I კატეგორია) მიხედვით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ...აში მცხოვრები ა. ქ-ის საცხოვრებელმა სახლმა 1987 წელს, 1991 წელს და 2005 წელს მომხდარი სეისმური ბიძგებითა და გრუნტის ჯდენით მიიღო დაზიანებები (ს.ფ. 73-79); გ) სოფელ ...ას დაზარალებული ოჯახების მონაცემებით (II კატეგორია) (სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად და საცხოვრებლად გამოუსადეგარია (საცხოვრებელი სახლი აღდგენას აღარ ექვემდებარება)) დასტურდება, რომ მოსარჩელე ა. ქ-ის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა 1987 წელს დიდთოვლობის, ხოლო 2005 წელს - მიწისძვრის შედეგად (ს.ფ. 94); დ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში საშიში გეოლოგიური პროცესების მოქმედების შედეგად შექმნილი გეოდინამიკური პირობების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებული ვიზუალურ-საინჟინრო გეოლოგიური დასკვნით დგინდება, რომ ა. ქ-ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს მდ. ცხენისწყლის ხეობის მარჯვენა სამხრეთ-აღმოსავლეთი ექსპოზიციის ფერდობის ზედა ნაწილში, სუსტად დახრილ ზედაპირზე. ფერდობი წარმოადგენს ძველმეწყრულ სხეულს, რომელიც დღეისათვის დასტაბილურებულია. ფერდობის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობენ ქვედა იურული ასაკის თიხაფიქლები და ქვიშაქვები, რომლებიც ზედაპირზე გადაფარულია ცვალებაში სიმძლავრის ელუვიურ-დელუვიური გენეზისის თიხა-თიხნარებით. აღსანიშნავია, რომ სოფლის ჩრდილოეთით, წყალგამყოფის ზონაში, გადის ორი ურთიერთპარალელური რღვევა-შეცოცების ხაზი, რის გამოც ტერიტორია მიეკუთვნება ტექტონიკურად დაძაბულ და სეისმურად აქტიურ ზონას. დასკვნის თანახმად, სახლი ავარიულად არის დეფორმირებული. მზიდი კედლები გახსნილია გამჭოლი ბზარებით და ზოგან ჩამონგრეულია. ნაგებობა ამორტიზირებული და საცხოვრებლად გამოუსადეგარია. ნაგებობის დეფორმაცია გამოწვეულია სეისმური ბიძგებით და გრუნტის ჯდენით, რასაც სავარაუდოდ ემატება ფერდობზე პერიოდულად მიმდინარე მეწყერული მიკროძვრები. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საჭიროდ იქნა მიჩნეული მოქ. ა. ქ-ის ოჯახის გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანა (ს.ფ. 158-160).
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ა. ქ-ის საცხოვრებელი სახლის ძირითადი დაზიანებები გამოწვეულია როგორც სეისმური ბიძგებისა და დიდთოვლობის გამო, ასევე გრუნტის ჯდენისა და ფერდობზე მეწყრული მიკროძვრების პერიოდული მიმდინარეობით. შესაბამისად, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ამორტიზირებულ და საცხოვრებლად გამოუსადეგარ მდგომარეობამდე მიყვანა არ უკავშირდება მხოლოდ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ...აში მდ. ცხენისწყლის ხეობის მარჯვენა სამხრეთ-აღმოსავლეთი ექსპოზიციის ფერდობის ზედა ნაწილში მიმდინარე სეისმურ პროცესებს და ასევე სახეზეა „პროცედურის“ 1.2. მუხლით გათვალისწინებული სტიქიური მოვლენების - მეწყრის, თოვლის ზვავის და გეოლოგიური პროცესების (ჯდენადი გრუნტი) მრავალწლიანი ზემოქმედების აშკარა გავლენა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე გ. მაკარიძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე



თ. ოქროპირიძე