Facebook Twitter

№ბს-746(კ-22) 28 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2020 წლის 26 ივნისს ლ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 30 აპრილის №109 ბრძანებულება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ.

სარჩელის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 30 აპრილის №109 ბრძანებულებით ლ. ჩ-ას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა იმ საფუძვლით, რომ თითქოს მას მიღებული აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს რაიმე სახის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურება ლ. ჩ-ას მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების ფაქტი, გასაჩივრებული ბრძანებულება არის უკანონო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ლ. ჩ-ასთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 30 აპრილის №109 ბრძანებულება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.

საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3, მე-11, მე-19, 21-ე, 211-ე, 23-ე, 24-ე, 25-ე, 28-ე და 29-ე მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და აპელანტი მხარის (მოპასუხე) მიერ არც დავის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის ან/და საგარეო საქმეთა სამინისტროების მეშვეობით გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაცია ან/და უფლებამოსილი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი სხვა რაიმე დოკუმენტი, წერილობითი ინფორმაცია) დედანი), რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელე ლ. ჩ-ას (გვარის შეცვლამდე - ც-ე) მიერ რუსეთი ფედერაციის მოქალაქეობის მიღების ფაქტი, ხოლო რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის ქსეროასლი ასეთ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, არ დასტურდება საქართველოს მოქალაქის, მოსარჩელე ლ. ჩ-ას მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების ფაქტი და სათანადო იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის (პასპორტი) ქსეროასლზე დაყრდნობით, სადავო გამხდარი საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 30 აპრილის №109 ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქე ლ. ჩ-ასთვის მოქალაქეობის შეწყვეტა (ჩამორთმევა) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველით, ეწინააღმდეგება ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, არის კანონშეუსაბამო და ექვემდებარება ბათილად ცნობას.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სადავო ბრძანებულება ლ. ჩ-ას (გვარის შეცვლამდე - ც-ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გამოცემულია კანონდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, რაც სასამართლომ ნორმის არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე განსხვავებულად შეაფასა.

საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 30 აპრილის №109 ბრძანებულების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 21 აპრილის №1000707957 დასკვნა „ლ. ჩ-ასათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“, რომლითაც დადგინდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, განიხილა 2020 წლის 20 მარტის №1000707957 განცხადება/წარდგინება რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ლ. ჩ-ას საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე. სააგენტომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიმართ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია ლ. ჩ-ასათვის (დაბ. ... წელს) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით. თავის მხრივ, სააგენტოს აღნიშნული დასკვნა დაეყრდნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 11 მარტის №MIA 3 20 00645821 წერილს, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე - ლ. ჩ-ა (გვარის შეცვლამდე - ც-ე, დაბ. ..., პ/ნ ...) სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილდება მის სარგებლობაში არსებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, კერძოდ, იგი ფლობს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტს.

საქმეში წარმოდგენილი რუსეთის ფედერაციის პასპორტის ასლის თანახმად, ლ. ჩ-ას სახელზე (დაბადებული - ..., მოქალაქეობა - „RUSSIAN FEDERATION“, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე) 2014 წლის 10 ივლისს გაცემულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი №..., 10/07/2024-მდე მოქმედების ვადით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიუხედავად, სასამართლო დაეყრდნო საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებში არასათანადო მტკიცებულებასა და დოკუმენტებს, კერძოდ, სასამართლომ იხელმძღვანელა რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ოლქის რაიონული სამსახურის მიერ მომზადებული ინფორმაციით და ამგვარი დოკუმენტის გამო საეჭვოდ მიიჩნია საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მოპოვებული და გამოკვლეული ინფორმაცია. სასამართლო ასევე დაეყრდნო საქმეში მოსარჩელის მიერ ასლის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციას - რუსეთის ფედერაცის მიერ გაცემულ ვიზებს, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლოს ეს გარემოება არ შეუმოწმებია სათანადო წესით, კერძოდ, სასამართლოს უნდა გამოეკვლია დედანი დოკუმენტი და ვინაიდან, პასპორტის დედანი სწორედ მოსარჩელეს გააჩნდა, ამ უკანასკნელს უნდა უნდა წარმოედგინა იგი გასაცნობად, რაც არ განხორციელდა.

კასატორის განმარტებით, განსახილველ საქმეში საკითხის არსებითად გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „საქარეთველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ასევე სასამართლოს უნდა გამოეყენებინა და განემარტა ამავე კანონის 211 მუხლი და დაედგინა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ლ. ჩ-ას მიმართ არ არსებობდა გარემოება, რომლის საფუძველზეც, მას არ უნდა შეწყვეტოდა საქართველოს მოქალაქეობა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებას გამო, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის კანონიერება.

საქართველოს კონსტიტუციის 32.2 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 21​1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე კანონის 21​1 მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე (პირველი პუნქტი). სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული (მე-2 პუნქტი). არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით (მე-3 პუნქტი). სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს (მე-4 პუნქტი).

ამავე კანონის მე-19 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება: ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით; გ) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ლ. ჩ-ა დაიბადა ... წლის ... ...ს საქართველოში და საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით (ს.ფ. 13, 55-56); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 11 მარტის №MIA 3 20 00645821 წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე - ლ. ჩ-ა (გვარის შეცვლამდე - ც-ე, დაბ. ..., პ/ნ - ...) სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილდება მის სარგებლობაში არსებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, კერძოდ, იგი ფლობს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტს (ს.ფ. 52-53); გ) რუსეთის ფედერაციის პასპორტის ასლის თანახმად, ლ. ჩ-ას სახელზე (დაბადებული - ..., მოქალაქეობა - „RUSSIAN FEDERATION“, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე) 2014 წლის 10 ივლისს გაცემულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი, ნომერი - ..., 10.07.2024-მდე მოქმედების ვადით (ს.ფ. 51); დ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 20 მარტის №1000707957 წერილით ლ. ჩ-ას ეცნობა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მის მიმართ დაწყებული იყო საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოება (საქმე №1000707957). ამავე წერილით ლ. ჩ-ას განემარტა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ჩ-ას შეეძლო მიემართა სააგენტოსათვის მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით 2020 წლის 18 აპრილამდე (ს.ფ. 57); ე) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 21 აპრილის №1000707957 დასკვნით სააგენტომ მიიჩნია, რომ ლ. ჩ-ას მიმართ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, რის გამოც ამავე კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია 2020 წლის 20 მარტის №1000707957 განცხადება/წარდგინების დაკმაყოფილება და ლ. ჩ-ასათვის დაბ: ... წელს, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით (ს.ფ. 44); ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზემოაღნიშნული დასკვნა 2020 წლის 21 აპრილის №1000702597/1 წერილით გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას (ს.ფ. 58); ზ) საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 30 აპრილის №109 ბრძანებულებით ლ. ჩ-ას (დაბ: ... წლის ... ..., საქართველო) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა (ს.ფ. 63).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით საპირისპირო დასტურდება, კერძოდ: ა) სმოლენსკის ოლქის საადვოკატო პალატის ადვოკატმა ვერა ნიკოლაის ასულმა ციგანკოვამ 2020 წლის 16 სექტემბერს საადვოკატო მოთხოვნით მიმართა სმოლენსკის ოლქის შსს-ს მიგრაციის საკითხების სამმართველოს და გამოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: „არის თუ არა, ან იყო თუ არა ადრე ლ. ჩ-ა, დაბადებული ... წელს, საქართველოს სსრ-ში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და იყო თუ არა ის დოკუმენტირებული რუსეთის ფედერაციის პასპორტით ან პირადობის დამადასტურებული სხვა დოკუმენტებით“; რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სმოლენსკის ოლქის სამმართველოს 2020 წლის 30 სექტემბრის №3/2077164955063 წერილის თანახმად, ადვოკატ ვ.ნ. ც-ას მის 16.09.2020 წლის მიმართვაზე აცნობა, სმოლენსკის ოლქის რუსეთის შსსს მსს1-ს (შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს მიგრაციის საკითხების მთავარი სამმართველო) საინფორმაციო-საცნობარომ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტით, ჩ-ა ლ., დაბადებულის ... წელს, საქართველოს სსრ, ან სხვა რაიმე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით დოკუმენტირების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შეძენის საკითხზე კანონით დადგენილი წესით ჩ-ას ლ.ი. სმოლენსკის ოლქის რუსეთის შსსს მსს-ში არ მიუმართავს (ს.ფ. 67-72); ბ) ლ. ჩ-ას სახელზე 2014 წლის 26 მარტს გაცემული იყო საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ნომრით „...“, 2024 წლის 26 მარტამდე მოქმედების ვადით (ს.ფ. 13); გ) საქმეში წარმოდგენილია ლ. ჩ-ას (CH-A L.) სახელზე 26.02.2016 წელსა და 27.07.2016 წელს გაცემული რუსეთის ფედერაციის ვიზის ასლები შესაბამისი მოქმედების ვადით: 29.02.2016 – 28.05.2016 და 05.08.2016 – 04.08.2017. რუსეთის ფედერაციის აღნიშნულ ვიზებში (ასლები) მითითებულია ლ. ჩ-ას (CH-A L.) სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი - „...“ (ს.ფ. 119-120).

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელე ლ. ჩ-ას (გვარის შეცვლამდე - ც-ე (ს.ფ. 59)) მიერ რუსეთი ფედერაციის მოქალაქეობის მიღების ფაქტი. შესაბამისად, მხოლოდ პასპორტის ქსეროასლზე დაყრდნობით, სადავოდ გამხდარი საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 30 აპრილის №109 ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქე ლ. ჩ-ასთვის მოქალაქეობის შეწყვეტა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველით, ეწინააღმდეგება ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, არის კანონშეუსაბამო და ექვემდებარება ბათილად ცნობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე