Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-951(კ-22) 7 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ.ჩ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.ჩ-ამ 2021 წლის 1 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03-158/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მ.ჩ-ას ოჯახის ...ში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03-158/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ.ჩ-ას ოჯახის ...ში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

პალატის მითითებით, დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდებოდა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე- 6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახი წარმოადგენს ოთხი წევრისგან შემდგარ დევნილ ოჯახს - თავად მოსარჩელე მ.ჩ-ა და მისი არასწრულწლოვანი შვილები - ა.ჭ-ე, ს.ჭ-ე, ნ.ჭ-ე. მოსარჩელის ოჯახი რეგისტრირებულია მისამართზე: ..., სოფელი ..., ...ის ბინები. ამასთან, დევნილი ოჯახი არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. აგრეთვე დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ ...ში, სოფელ ...ში მდებარე ...ის ბინები (კორპუსი N2) არის ნგრევადი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახი რეგისტრირებულია აღნიშნულ მისამართზე, თუმცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03- 158/ო ბრძანებით მ.ჩ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა ქ. ...ში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. ხსენებული სადავო აქტი დაეფუძნა მონიტორინგის სამსახურის 2020 წლის 27 ივნისის აღწერის ფორმას, რომლის შესაბამისად, დევნილი ოჯახი მისამართზე არ იმყოფებოდა, მ.ჩ-ას დედის - ც.კ-ას ინფორმაცით კი, მ.კ-ა გაშორებულია მეუღლეს, რომელიც ცხოვრობს ...ში. აღნიშნული ინფორმაციის მართებულობა არ დაადასტურა მ.ჩ-ას მამამთილმა - დ.ჭ-ემ. მისი განმარტებით, მოსარჩელის შვილები - ა.ჭ-ე და ს.ჭ-ე სწავლობენ ...ში მდებარე სკოლაში, ხოლო მოსარჩელის მეუღლე - ი.ჭ-ე იმყოფება უცხოეთში სამუშაოდ.

პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის ოჯახი ქალაქ ...ში, სოფელი ..., ...ის ბინები, კორპუსი 2, ბინა N11-ში არცხოვრების ფაქტი. მხოლოდ ის გარემოება, რომ ერთ კონკრეტულ დღეს სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ მისამართზე, არ ადასტურებს აღნიშნულ შენობაში მათი არცხოვრების ფაქტს, მით უფრო იმ პირობებში, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია, თუ არა სადავო შენობაში, სხვა რა მისამართზე ცხოვრობდა მოსარჩელის ოჯახი მუდმივად.

პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2021 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით, მ.ჩ-ას ოჯახი მოქმედი სარეიტინგო ქულით (15 070) იღებს შემწეობას მისამართზე: ..., სოფელი ..., ...ის ბინები, კორპუსი 2, ბინა N11 (ს.ფ. 20). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახის დეკლარაციით მ.ჩ-ას ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს ...ის რაიონი, სოფელი ..., ...ის ბინები. ასევე, ...ის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის 2021 წლის 23 თებერვლის N60 ცნობის მიხედვით, მ.ჩ-ა ცხოვრობს ...ის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ის ქუჩა, ძველი ...ის ბინები (ს.ფ. 21). საქმის მასალებში დაცულია ლ.ლ-ას და ა.ა-ს განცადება, რომლითაც ისინი ნოტარიალურად დამოწმებული ხელმოწერით ადასტურებენ, რომ არიან მ.ჩ-ას მეზობლები და დევნილები მ.ჩ-ა და მისი სამი არასრუწლოვანი შვილი - ა.ჭ-ე, ს.ჭ-ე და ნ.ჭ-ე ცხოვრობენ ერთ ოჯახად ...ის რაიონ, სოფელ ...ში (...ა) (ს.ფ. 91-92).

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტში, მდებარე ..., სოფელი ... ...ის ბინებში. აღნიშნულს ვერ აქარწყლებს 2020 წლის 27 ივნისის აღწერის ფორმასა და 2020 წლის 17 სექტემბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმში მოცემული ინფორმაცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორის მოსაზრებით, საფუძველსაა მოკლებული სააპელაციო პალატის მითითება მოსარჩელის ოჯახის ნგრევად ობიექტში ცხოვრების დასტურად სოციალურად დაუცველი ოჯახებით მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიჩნევა, რამეთუ მოცემულ საქმეში დავის საგანია საცხოვრებელი ბინის გადაცემა და არა ყოველთვიური შემწეობის გაცემა, რომლებიც სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულირებით წესრიგდება. ამასთანავე, კასატორი თვლის, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება მოსარჩელის ოჯახის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების ფაქტი. ის გარემოება, რომ დევნილი ოჯახის რეგისტრაციის მისამართი ამავდროულად ნგრევადი ობიექტიცაა, იმთავითვე არ ადასტურებს ამ ობიექტში ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრებას. კასატორი აღნიშნავს, რომ მისამართზე განხორციელებული მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით, კომისიის გადაწყვეტილებით, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო მოსარჩელის ოჯახს კრიტერიუმების გარეშე ფართით უზრუნველყოფაზე უარი მართებულად ეთქვა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი აღნიშნავს, რომ ნგრევადი კომპაქტური ობიექტის დახურვის დროს სააგენტოს გამოჰყავს იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები და ასახლებს მათ კრიტერიუმების გარეშე. დევნილი ოჯახისთვის მსგავსი პრივილეგიის მინიჭება და ქულათა გარეშე განსახლება იქ მცხოვრებთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის არიდების მიზანს ემსახურება. ამდენად, სააგენტო პრიორიტეტს ვერ მიანიჭებს ოჯახს, თუ არ დასტურდება ამ ოჯახის ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი, რამეთუ სააგენტო ვალდებულია პრიორიტეტი მიანიჭოს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის უვარგის მართლზომიერ მდგლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში მცხოვრებ დევნილებს. საქმეში დადასტურებული გარემოებების შესაბამისად კი, მოსარჩელის ოჯახი არ ცხოვრობდა ნგრევად ობეიქტში ფაქტობრივად.

კასატორისთვის ბუნდოვანია, თუ რატომ დარჩა სააპელაციო პალატის ყურადღების მიღმა მოსარჩელის მამამთილის - დ.ჭ-ის მიერ მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაცია მ.ჩ-ას არა სადავო ნგრევად ობიექტში, არამედ სოფ. ...ში მეუღლესთან ერთად ცხოვრების შესახებ. ბუნდოვანია აგრეთვე, თუ რატომ გაიზიარა სასამართლომ მოწმის სახით დაკითხული მოსარჩელის მეზობლის - მ.ხ-ას მიერ მიწოდებული ინფორმაცია მაშინ, როდესაც აღნიშნული პიროვნება დაინტერესებული იყო მოცემული საქმით, რამეთუ მ.ხ-ც ვერ ადასტურებდა მის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს, ამასთანავე, მისი საქმეც იმავე მოსამართლის განსახიველი იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ მ.ჩ-ა და მისი არასწრულწლოვანი შვილები - ა.ჭ-ე, ს.ჭ-ე და ნ.ჭ-ე არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მისამართზე: ქ. ..., სოფელი ..., ...ის ბინები, კორპუსი 2, ბინა N11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №77 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიას განსახილველად და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით წარედგინა ნგრევად და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ და სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტებში, მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელებული აღწერების შედეგად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი რეესტრები აღნიშნულ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ დევნილ ოჯახთა შესახებ. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის არის ..., სოფელი ..., ...ის ბინები. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03-158/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №...), მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ...ში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეების ოჯახის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ მონიტორინგის ოქმს, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელის ოჯახი მონიტორინგის მისამართზე არ იმყოფებოდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება, როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა, თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს.

საქმეში დაცული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის შესაბამისად, 2021 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით, მ.ჩ-ას ოჯახზე ფიქსირდება 15 070 სარეიტინგო ქულა და იღებს შემწეობას მისამართზე: ქ. ..., სოფელი ..., ...ის ბინები, კორპუსი 2, ბინა N11 (ს.ფ. 20). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის „ოჯახის დეკლარაციით“ მ.ჩ-ას მისამართად მითითებულია: ...ის რაიონი, სოფელი ..., ...ის ბინები. ასევე, ...ის ადმინისტრაციული ერთეულში ...ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 23 თებერვლის N60 ცნობის შესაბამისად, მ.ჩ-ა ცხოვრობს ...ის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ის ქუჩაზე, ძველი ...ის ბინებში (ს.ფ. 21). საქმის მასალებში დაცულია ლ.ლ-ას და ა.ა-ს 2021 წლის 22 აპრილის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ არიან მ.ჩ-ას მეზობლები, მ.ჩ-ა და მისი სამი არასრუწლოვანი შვილი - ა.ჭ-ე, ს.ჭ-ე და ნ.ჭ-ე ცხოვრობენ ერთ ოჯახად ...ის რაიონის სოფელ ...ში (...) (ს.ფ. 91-92). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, დასტუდება სადავო მისამართზე მდებარე ნგრევად შენობაში მოსარჩელის ოჯახის ფაქტობროვად ცხოვრების ფაქტი. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის ოჯახის სადავო მისამართზე არცხოვრების და შესაბამისად, მის მიერ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის ფაქტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა

გენადი მაკარიძე