Facebook Twitter
ბს-1154(კ-20) 16 დეკემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.2020წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 22.06.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 08.02.2018წ. სამართალდარღვევის ოქმის, შემოსავლების სამსახურის 01.03.2018წ. ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.05.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, უკანონოდ ჩამორთმეული ხე-ტყის დაბრუნების და ადმინისტრაციული ორგანოს კანონშეუსაბამო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. 16.07.2018წ. წარდგენილი განცხადებით შპს „...მა“ მოპასუხედ დამატებით მიუთითა სსიპ შემოსავლების სამსახური და აღნიშნა, რომ ითხოვს მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრებას 2 860 ლარის ოდენობით. სასამართლოს 28.09.2018წ. სხდომაზე აღინიშნა, რომ მოთხოვნილია აქტების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება, რადგან აქტების უკანონობის დადასტურება იმთავითვე გამოიწვევს ჩამორთმეული ხე-ტყის დაბრუნებას. სასამართლოს 22.04.2019წ. სხდომაზე კიდევ ერთხელ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები და აღინიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვს მხოლოდ სადავო აქტების ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.05.2019წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.2020წ. განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ სადავოა შპს „...ის“ მიერ 06.02.2018წ. №ელ-0357443800 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად შპს „...მა“ შპს „კ...ს“ მიჰყიდა ფიცარი. ზედნადების მე-8 სვეტში ფირნიშის/ცნობის ნომრად მიეთითა 0001296-2017-321-0005, ხოლო ზედნადების მე-20 სტრიქონში - მრგვალი ხეტყის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა 06.02.2018წ. №0351662043 ზედნადები. საგადასახადო კოდექსის 136.4 მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამავე კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხემცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. უდავოა, რომ მოსარჩელე ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის - ხე-ტყის ტრანსპორტირებას, რაზედაც გამოწერილი უნდა ყოფილიყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები. პალატამ აღნიშნა, რომ სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესი რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციით, რომლის 252 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტები ადგენს, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შევსება სავალდებულოა მრგვალ ხე-ტყეზე (მორი), მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ ფიცარზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ზედნადების ცხრილის მე-8 სვეტში იწერება: ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებული თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ერთი კონკრეტული ნომერი. სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება ასევე სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 03.01.2018წ. №ელ-0351662043 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით შპს „თ...მ“ შპს „...ს“ მიჰყიდა ფიცარი 7.02 მ3 (ფირნიშის/ცნობის №0001296-2017-321-0004), 6.12მ3 (ფირნიშის/ცნობის №0001296-2017- 3210005), 6.05მ3 (ფირნიშის/ცნობის №0001296-2017-321-0006), ძელი 6.84მ3 (ფირნიშის/ცნობის №0001345-2017-214-0001) და ძელი 5.14მ3 (ფირნიშის/ცნობის №0001345-2017-214-0002). მე-20 სტრიქონში მრგვალი ხე-ტყის წარმოშობის/შეძენის ან იმპორტის დოკუმენტად მიეთითა - 12.12.2017წ. №5000089334 და 14.12.2017წ. №5000089362 დოკუმენტები. 06.02.2018წ. №ელ-0357443800 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით შპს „...მა“ შპს „კ...ს“ მიჰყიდა ფიცარი, მე-8 სვეტში ფირნიშის/ცნობის ნომრად მიეთითა 0001296-2017-321-0005, მე-20 სტრიქონში მრგვალი ხეტყის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა 06.02.2018წ. №0351662043 ზედნადები. 08.02.2018წ. შპს „...ის“ მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი ზედნადების გარეშე სამეწარმეო მიზნით საქონლის ტრანსპორტირების საფუძვლით. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა სადავო საქონლის მიმართ წარმოშობის დოკუმენტის არარსებობის შესახებ. 06.02.2018წ. №ელ-0357443800 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შესწავლის შედეგად საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ზედნადების მე-20 სტრიქონში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტად დაფიქსირებულია №ელ-0351662043 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომელშიც მითითებული ხის მასალის წარმოშობის დოკუმენტები და ფირნიშის/ცნობის ნომრები საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიერ ვერ იქნა მოძიებული გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ სანქციის დაკისრებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტის დადგენას, ხორციელდება თუ არა საქონლის ტრანსპორტირება წარმოშობის დოკუმენტაციის გარეშე და რამდენად ევალებოდა და შეეძლო შპს „...ს“ ცოდნოდა, რომ ტრანსპორტირებული ფიცრების წარმოშობის დოკუმენტი და ფირნიშის/ცნობის ნომრები არ არსებობდა. დადგენილია, რომ №ელ-0351662043 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებთან დაკავშირებით თბილისის სამმართველოს მე-3 სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე. პალატამ აღნიშნა, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-20 და 21-ე სტრიქონებით გათვალისწინებული ინფორმაცია საჭიროა საქონლის იდენტიფიკაციისა და მასზე უფლების კანონიერად მოპოვების გადამოწმების კუთხით, ამასთან უნდა დადასტურდეს, რომ იგი გაიცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის საფუძველზე. ამრიგად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამოწმების ფაქტი გულისხმობს პირის მიერ მითითებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებთან ტრანსპორტირებული საქონლის შესაბამისობის გადამოწმებასაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს შეეძლება, ხე-ტყის ტრანსპორტირება განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლისა და საქონლის იდენტიფიკაციის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „...ი“ ვალდებული იყო მოეთხოვა შპს „თ...სათვის“ ხე-ტყის სასაქონლო №0351662043 ზედნადებში მითითებული წარმოშობის დოკუმენტები და ფირნიშის/ცნობის ნომრები.
პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 10.01.2014წ. N46 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ 2.9 მუხლზე, რომლის თანახმად, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ხე-ტყის, ხე-მცენარის ან ათვისებული ხე-ტყის ნარჩენის ტრანსპორტირება, ხოლო მეათე მუხლის თანახმად სპეციალური ფირნიში არის ამ რეგლამენტის №11 დანართით დადგენილი ფორმის შესაბამისად დამზადებული ფირნიში, რომელიც ადასტურებს მრგვალი ხე-ტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში. რეგლამენტის 3.1 მუხლის მიხედვით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ადასტურებს ხე-ტყის კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით ივსება ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე. ამავე რეგლამენტის 17.71 მუხლის თანახმად, სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავებისას სავალდებულოა გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტიპისა
და მოცულობის შესახებ მონაცემების ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირება მათი სახერხი საამქროს ტერიტორიიდან გატანამდე. 17.73 მუხლის მიხედვით, პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროს ტერიტორიიდან გატანამდე სავალდებულოა ელექტრონულ ჟურნალში განხორციელდეს პირველადი გადამუშავების პროდუქტის გატანის რეგისტრაცია, რომლის შედეგად გენერირდება ელექტრონული ცნობა მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ტრანსპორტირებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა და ხის მასალის დახერხვის ცნობების გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემაში გადამოწმების შედეგად არ მოიძებნა არანაირი დოკუმენტი, რის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ შპს „თ...მ“ ხის მასალის ტრანსპორტირების პროცესში გამოიყენა ყალბი დოკუმენტაცია, შემდგომ კი აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით (სასაქონლო ზედნადების ცხრილის მე-8 სვეტში №00012962017-321-0005 ცნობის მითითებით) შპს „...ი“ თავის მხრივ შპს „კ...ს“ აწვდიდა მისივე სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილ ხის მასალას. ამდენად, ვინაიდან უდავოა, რომ ზედნადები გამოწერილია შპს „...ის“ მიერ, საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა შპს „...ი“ სამეწარმეო მიზნებისათვის და ამასთან, არ არსებობდა ტრანსპორტირებული ფიცრების წარმოშობის დოკუმენტი, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები უთანაბრდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე მრგვალი ხე-ტყის ტრანსპორტირებას და საგადასახადო კოდექსის 286.12 მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების საკმარის საფუძველს ქმნიდა, რადგან შპს „...ის“ ვალდებულება იყო გადაემოწმებინა აღნიშნული ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.2020წ განჩინება შპს „...მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა აღნიშნა, რომ ხე-ტყის შეძენა კანონით დადგენილი წესით მოხდა შპს „თ...სგან“, რომლის მიმართ დოკუმენტის შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება იყო დაედასტურებინა თავისი აქტების კანონშესაბამისობა. სასამართლომ უტყუარად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებები. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ ფაქტობრივად დადგენილად მიიჩნია შპს „...ის“ მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტი, რითაც უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უდანაშაულობის პრეზუმფცია, პირის დამნაშავედ ცნობა მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი განაჩენით არის შესაძლებელი. სააპელაციო პალატა დაეყრდნო მხოლოდ საგადასახადო კოდექსის ნორმებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე უდავოდ დადგენილად არის მიჩნეული, რომ 03.01.2018წ. №ელ-0351662043 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით შპს „თ...მ“ შპს „...ს“ მიჰყიდა ფიცარი - 7.02 მ3 (ფირნიშის/ცნობის №0001296-2017-321-0004), 6.12მ3 (ფირნიშის/ცნობის №0001296-2017- 3210005), 6.05მ3 (ფირნიშის/ცნობის №0001296-2017-321-0006), ძელი 6.84მ3 (ფირნიშის/ცნობის №0001345-2017-214-0001) და ძელი 5.14მ3 (ფირნიშის/ცნობის №0001345-2017-214-0002), ზედნადების მე-20 სტრიქონში მრგვალი ხე-ტყის წარმოშობის/შეძენის ან იმპორტის დოკუმენტად მიეთითა - 12.12.2017წ. №5000089334 და 14.12.2017წ. №5000089362 დოკუმენტები. 06.02.2018წ. №ელ-0357443800 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით შპს „...მა“ შპს „კ...ს“ მიჰყიდა ფიცარი, მე-8 სვეტში ფირნიშის/ცნობის ნომრად მიეთითა 0001296-2017-321-0005, მე-20 სტრიქონში მრგვალი ხე-ტყის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა 06.02.2018წ. №0351662043 ზედნადები. შპს „...ი“ საქონლის ტრანსპორტირებას ახდენდა სამეწარმეო მიზნით, 06.02.2018წ. №ელ-0357443800 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები შევსებულია შპს „...ის“ მიერ. ამასთანავე, 0001296-2017-321-0005 ცნობის ნომერი და №5000089334, №5000089362 ხე- ტყის წარმოშობის დოკუმენტები არ იძებნება გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემაში. სსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო საჩივარი არ შეიცას რაიმე სახის შედავებას საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, შპს „...ს“ არ წარმოუდგენია ხე-ტყის კანონიერების წარმოშობის დამდგენი მტკიცებულებები და არც გარემოსდაცვითი ინფორმაციის სისტემაში მათი მოძიების შესაძლებლობაზე მიუთითებია, რის გამო საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას (მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება) და მიწოდებისას (მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში) სავალდებულოა სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოყენება (საგადასახადო კოდექსის 136.4 მუხ., საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 24.2 მუხ.). სასაქონლო ზედნადები ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტია (ამავე ინსტრუქციის 251.11 მუხ.), მისი ნორმატიულად დადგენილი წესით გამოწერისას სრულდება საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვალდებულება ხარჯების დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე სწორად და დროულად აღრიცხვის შესახებ (136.1 მუხ.). სამეწარმეო საქმიანობისთვის ზოგადად საქონლის და კერძოდ, - მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ნორმატიული ვალდებულების დარღვევა იწვევს სათანადო სანქციის დაკისრებას (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი - მე-4 ნაწ.). ამასთანავე, ზედნადების გარეშე სამეწარმეო მიზნით საქონლის ტრანსპორტირებისას ერთმანეთისგან გამიჯვნას საჭიროებს ის შემთხვევები, როდესაც სასაქონლო ზედნადების გამოწერა საერთოდ არ მომხდარა და შემთხვევები, როდესაც ზედნადები გამოწერილია, ფორმალურად არსებობს, თუმცა შევსებულია გარკვეული ხარვეზებით. მართალია საგადასახადო კოდექსის 286.12 მუხლის თანახმად, სანქციის დაკისრებას იწვევს სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, თუმცა მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ ზედნადების არსებითი მნიშვნელობის მქონე ხარვეზებით შევსება მის შეუსვებლობას უნდა გაუტოლდეს. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზედნადებში არსებული ყოველგვარი ხარვეზი არ განაპირობებს მის უკანონობას. არაარსებითი, უმნიშვნელო, ტექნიკური ხასიათის ხარვეზებით ზედნადების შევსება როგორც წესი არ უტოლდება ზედნადების არარსებობას.
განსახილველ შემთხვევაში შპს „...ის“ მიერ გამოწერილი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მიხედვით საქონლის - ფიცრის ფირნიშის/ცნობის ნომრად მითითებულია: 0001296-2017-321-0005, ხოლო მრგვალი ხე-ტყის, ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა 06.02.2018წ. №0351662043 ზედნადები, რომლის ნომერი ემთხვევა შპს „თ...ს“ მიერ გაცემული ზედნადების ნომერს, ამასთანავე, თარიღის სხვაობის მიუხედავად (შპს „თ...ს“ მიერ ზედნადები გამოიწერა 03.01.2018წ. და არა 06.02.2018წ.) უდავოა, რომ პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელ გრაფაში შპს „...მა“ შპს „თ...ს“ მიერ გაცემული ზედნადები მიუთითა. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (განსახილველ შემთხვევაში - ფიცრის) სპეციფიკისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი მიზნებიდან გამომდინარე, საჯარო ინტერესების დაცულობის უზრუნველსაყოფად კანონმდებელმა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლიდან ცალკე გამოჰყო ხე-ტყე და მის მიმართ შემოღებულ იქნა სასაქონლო ზედნადების სპეციალური სახე - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომელიც მოიცავს ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადებისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამასთან, დამატებულია გრაფები, რომელთა შევსება ემსახურება ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების გადამოწმებას, რათა გამოირიცხოს პირის მიერ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება და რეალიზაცია. ამდენად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები არა მხოლოდ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტია, არამედ ტრანსპორტირებული საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების შემოწმების საშუალებასაც იძლევა. ნორმატიულად დადგენილი წესის მიხედვით, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-8 სვეტში ეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის/მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ცნობის ნომერი (N996 ბრძანებით დამტკიცებული „ინსტრუქციის“ 252.4 მუხ.), ხოლო მე-20 სტრიქონში აღინიშნება მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი (N996 ბრძანებით დამტკიცებული „ინსტრუქციის“ 252.3 მუხ.). სწორედ აღნიშნული გრაფების არსებობა და მათი შევსების საჭიროება ქმნის ძირითად სხვაობას სასაქონლო ზედნადების ორდინალურ სახესა და ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებს შორის, სწორედ აღნიშნული მონაცემების სათანადოდ მითითების მომეტებულმა ინტერესმა და საჭიროებამ განაპირობა ხე-ტყესთან მიმართებით სასაქონლო ზედნადების სპეციალური სახის შემოღება. შესაბამისად, როდესაც ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-8 სვეტში მითითებული ცნობის ნომერი უსწოროა (არ იძებნება), ხოლო მე-20 სტრიქონში საქონლის წარმოშობის/შეძენის დამდგენი დოკუმენტი - N0351662043 ზედნადები არ იძლევა ხე-ტყის კანონიერების დადასტურების შესაძლებლობას, მიიჩნევა, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები შევსებულია იმ მასშტაბის ხარვეზებით, რაც მის არარსებობას უტოლდება, რადგან ნორმატიულად ზედნადების სპეციალური სახის შემოღება სწორედ ამ კონკრეტული მონაცემების მითითების საჭიროებითა და აუცილებლობით იყო განპირობებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა ზედნადების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტი.
რაც შეეხება ზედნადების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზედნადები ივსება საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 251.2, 252.2 მუხ.), ამასთანავე, სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით (საგადასახადო კოდექსის 136.4 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში საქონლის გამგზავნი იყო შპს „...ი“, შესაბამისად, სწორედ მას ევალებოდა ზედნადების კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით შედგენა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ტყე ბუნებრივი გარემოს გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობის უმთავრესი ელემენტია. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ბიოსფეროს სტაბილურობის რეგულირებაში, აგრეთვე სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში (საქართველოს ტყის კოდექსი, პრეამბულა), რის გამო ხე-ტყის მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვება და რეალიზაცია მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს შეადგენს. კანონდარღვევით მოპოვებული ხე-ტყე არ არის ბრუნვის ობიექტი და შესაბამისად, მასთან დაკავშირებით გარიგებების დადება არ დაიშვება, რის გამო კასატორის მითითება, რომ მან კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა ფიცრები და ამიტომ პაუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდეს, არ არის დასაბუთებული. ზედნადების შევსებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს ეკისრება არა მხოლოდ ზედნადების ფორმალური შევსება, არამედ მასში სარწმუნო მონაცემების მითითება. ფიცარი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტთა რიგს განეკუთვნება (10.01.2014წ. N46 დადგენილებით დამტკიცებული „რეგლამენტის“ 2.11 მუხ.), ხე-ტყე, რომელსაც არ აქვს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით - უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყედ ჩაითვლება (10.01.2014წ. N46 დადგენილებით დამტკიცებული „რეგლამენტის“ 13.9 მუხ.). საჯარო ინტერესი გამოიხატება არა მხოლოდ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების გამორიცხვაში, არამედ შემდგომში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ბრუნვაში ჩართვის დაუშვებლობაში. ხე-ტყის უკანონოდ მომპოვებლის მიერ მისი შემდგომი რეალიზაცია არ ახდენს არამრთლზომიერი ხე-ტყის კანონის ფარგლებში მოქცევას. კანონმდებლის მიზანს არ შეადგენს თავდაპირველი რეალიზაციისას გამოწერილი ზედნადების არსებითი მნიშვნელობის მქონე მონაცემების შემდგომი რეალიზაციის დროს გამოწერილ ზედნადებში ავტომატური კოპირება და შემდგომი გამსხვისებლების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება. მეწარმე სუბიექტი მასზე დაკისრებულ ნორმატიულ ვალდებულებათა შესრულებას სათანადო გულისხმიერებით უნდა ეპყრობოდეს. ზედნადების ფორმალური გამოწერა მასში მითითებული არსებითი მნიშვნლობის მქონე მონაცემების უსწორობის პირობებში ფაქტობრივად ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების არარსებობას უტოლდება, რადგან ასეთი ხარვეზებით გამოწერილი ზედნადებიდან შეუძლებელია იმ მონაცემების მიღება, რომელსაც ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში ნორმატიულად განსაზღვრული დამატებითი გრაფების არსებობა ემსახურება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს „...ისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება არა ყალბი დოკუმენტების გამოყენების საფუძვლით, როგორც ამას შპს საკასაციო საჩივარში უთითებს, არამედ ზედნადების სათანადოდ შევსების ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის, ზედნადების არსებითი ხარვეზებით შევსების გამო.
რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ზედნადებში არასწორი მონაცემის შეტანა შპს „თ...ს“ მიერ გამოწერილი ზედნადებიდან მონაცემების გადატანით იყო განპირობებული, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების დანიშნულების, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და შემდგომში მისი ბრუნვაში ჩართვის დაუშვებლობის მიმართ მომეტებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კასატორის მიერ მითითებული გარემოება შესაძლოა ქმნიდეს შპს „...ისათვის“ დამდგარი მატერიალური ზიანის ანაზღაურების და არა არსებითი ხარვეზებით ზედნადების გამომწერი სუბიექტის საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.2020წ. განჩინება;
3. მ. ა-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 01.09.2020წ. N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: ქ. ცინცაძე



გ. გოგიაშვილი