Facebook Twitter

საქმე #ბს-116(3კ-22) 9 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 7 დეკემბერს თ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 4 ნოემბრის #20.1311.1618 განკარგულების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც თ. ბ-ს უარი ეთქვა მის საკუთრებაში არსებულ (2600 კვ.მ ს.კ. ...) და მომიჯნავედ მდებარე 1043 კვ.მ მიწის ნაკვეთისათვის ფუნქციური ზონის ცვლილებაზე და დადებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე, არსებული მიწის ნაკვეთებისათვის საცხოვრებელი ზონა 2-ის სტატუსის მინიჭებაზე, ასევე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც თ. ბ-ის საკუთრებაში (2600 კვ.მ ს.კ. ...) და მომიჯნავედ არსებულ 1043 კვ.მ მიწის ნაკვეთების ფუნქციურ ზონად განისაზღვრა სარეკრეაციო ზონა 1-ის სტატუსი. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის თ. ბ-ის საკუთრებაში (2600 კვ.მ ს.კ. ...) და მომიჯნავედ არსებული 1043 კვ.მ მიწის ნაკვეთების ფუნქციური ზონის ცვლილებაზე გადაწყვეტილების მიღების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილება) ცვლილების პროექტის წარდგენის დავალება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ქალაქ თბილისის მთავრობის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც თ. ბ-ის საკუთრებაში (2600 კვ.მ ს.კ. ...) და მომიჯნავედ არსებულ 1043 კვ.მ მიწის ნაკვეთებს მიენიჭება საცხოვრებელი ზონა 2-ის სტატუსი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 4 ნოემბრის #20.1311.1618 განკარგულება იმ ნაწილში, რომლითაც თ. ბ-ს უარი ეთქვა მის საკუთრებაში არსებული (2600 კვ.მ ს.კ. ...) და მის მომიჯნავედ მდებარე 1043 კვ.მ მიწის ნაკვეთისათვის ფუნქციური ზონის ცვლილებაზე და დადებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე, არსებული მიწის ნაკვეთებისათვის საცხოვრებელი ზონა 2-ის სტატუსის მინიჭებაზე; ბათილად იქნა ცნობილი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ის ნაწილი, რომლითაც თ. ბ-ის საკუთრებაში არსებული (2600 კვ.მ ს.კ. ...) და მის მომიჯნავედ მდებარე 1043 კვ.მ მიწის ნაკვეთების ფუნქციურ ზონად განისაზღვრა სარეკრეაციო ზონა 1-ის სტატუსი; ბათილად ცნობილ ნაწილში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა განისაზღვრა მისი ბათილად ცნობის დღიდან; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დაევალა თ. ბ-ის საკუთრებაში არსებული (2600 კვ.მ ს.კ. ...) და მის მომიჯნავედ არსებული 1043 კვ.მ მიწის ნაკვეთების ფუნქციური ზონის ცვლილებაზე გადაწყვეტილების მიღება, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილება) ცვლილების პროექტის წარდგენა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა ქალაქ თბილისის მთავრობის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ (2600 კვ.მ ს.კ. ...) და მის მომიჯნავედ არსებულ 1043 კვ.მ მიწის ნაკვეთებს მიენიჭება საცხოვრებელი ზონა 2-ის სტატუსი; მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოქვეყნება იმავე წესით, რა წესითაც გამოქვეყნდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება.

სააპალაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელისათვის ქალაქ თბილისში, ... ...ის #253-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთისა (ს.კ. #...) და მის მიმდებარედ არსებული 1043 კვ.მ მიწის ნაკვეთისათვის ფუნქციური ზონის ცვლილებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

სააპელაციო პალატის შეფასებით, სადავო არ იყო ის გარემოება, რომ სარეკრეაციო ზონა 1-ის არსებობით მოსარჩელე მხარეს ერთმეოდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების შესაძლებლობა. მოსარჩელისათვის სადავო განკარგულების ბათილად ცნობის უმთავრეს კანონიერ ინტერესს სწორედ ამ შეზღუდვის მოხსნა და მოცემული მიწის ნაკვეთებისათვის საცხოვრებელი ზონა 2-ის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად). აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) არის სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში არსებულ/ დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა მსგავსი, გარდა სხვა სარეკრეაციო ზონებში მოქცეულისა. აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა: განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდის, დეკორატიული გაფორმების ობიექტის, კიბეების, საფეხმავლო გზების ან/და ბილიკების. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2) არის დაბალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მითითებული სამართლებრივი რეგულაციის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული და დასაბუთებული ის გარემოება, თუ რატომ არ იყო მისაღები მოსარჩელის საკუთრებაში და მის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე სარეკრეაციო ზონა 1-ის ცვლილება საცხოვრებელ ზონა 2-ად. სააპელაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა იმ გარემოებაზე მითითება, რომ „ტერიტორია წარმოადგენს ორ გზას შორის არსებული სარეკრეაციო სივრცის ნაწილს, რომელიც ძირითადად განკუთვნილია მწვანე ნარგავების გასაშენებლად, ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობის პირობებში კი, მნიშვნელოვანია არსებული გარემოების ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება - გაუმჯობესება. ასევე ის გარემოება, რომ განსახილველი ტერიტორია ხვდება მდინარე მტკვრის წყალდაცვით ზონასა და უჯებირო ნაპირის შეზღუდვის არეალში. მოცემული არეალი, რეალურად წარმოადგენს აღნიშნულ გზებს შორის გამწვანებულ სივრცეს, რომლის ცვლილებაც გამოიწვევს ზონებს შორის არსებული კონტურის რღვევას და სარეკრეაციო სივრცეების ხარჯზე შექმნის ქაოტური განაშენიანების კიდევ ერთ პრეცედენტს“.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უფლებრივი ზონის მინიჭების კანონიერების შეფასების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ ამგვარი მოტივაციის მითითება, არამედ დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საჭიროების დასაბუთებაც. ამგვარ ვალდებულებას ადგენდა როგორც წარსულში, ისე განჩინების მიღების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა. კერძოდ, იმ დროს მოქმედი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-9 მუხლი პირდაპირ განამტკიცებდა ინტერესთა შეჯერების პრინციპს. შესაბამისად, უფლებრივი ზონირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას დაგეგმვის ან დაგეგმვის შენარჩუნების საჭიროების დასაბუთების პროცესში, როგორც ძალადაკარგული, ასევე განჩინების მიღების მომენტისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტებით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა საჯარო და კერძო ინტერესების შეწონასწორება და დაბალანსება (სუსგ #ბს-829(კ-19) 17.09.2020წ.).

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საჯარო და კერძო ინტერესთა შეწონასწორებისა და დაბალანსების საჭიროებაზე, მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები არ შეიცავდა არანაირ მითითებას საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების შესახებ. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დაცული იყო მხოლოდ საჯარო ინტერესები და არ იყო გათვალისწინებული თ. ბ-ის საკუთრების უფლება. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ ქალაქ თბილისში, ... ...ის #253-ში (ყოფილი ... გზის მე-15 კმ, სახლი #17) მდებარე სახლი და 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა 2004 წელს და აღრიცხა საჯარო რეესტრში, ხოლო სადავო ტერიტორია, პირველად, სატრანსპორტო ზონა 1-სა და სარეკრეაციო ზონა 1-ში მოექცა თბილისის საკრებულოს 2009 წლის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის“ მიხედვით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების შეძენა დროში წინ უსწრებდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სატრანსპორტო და სარეკრეაციო ზონების მინიჭებით გათვალისწინებული შეზღუდვების შემოღებას, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ზონის შეცვლასთან დაკავშირებით წარდგენილ მოსარჩელის მოთხოვნაზე მსჯელობისას არ განიხილა და არ შეაფასა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იგი კანონიერად ცხოვრობდა ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ ამ ტერიტორიას სარეკრეაციო თუ სატრანსპორტო ზონის სტატუსს მიანიჭებდნენ, ხოლო აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე სარეკრეაციო ზონა 1-ის (რზ-1) არსებობამ გამორიცხა მათი საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ერთმეოდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების უფლება, რაც ასევე გავლენას ახდენდა უძრავი ქონების ღირებულებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ზღუდავდა მოსარჩელის საკუთრების უფლების არსს იმ ხარისხით, რომ შინაარსს უკარგავდა თავად უფლებას, როგორც ობიექტურ ღირებულებას, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ სტანდარტებთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა მიუთითებს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების წესების მე-9 მუხლის 112 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ დედაქალაქის გარემოსდაცვითი და სარეკრეაციო პირობების გაუმჯობესებისა და „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოირიცხოს მწვანე სივრცეების ხარჯზე უკონტროლო და ქაოტური ურბანული განვითარება, რომელიც იწვევს გარემოს დეგრადირებასა და საქალაქო სტრუქტურების არახელსაყრელ განაწილებას. თბილისის მწვანე სივრცეები განხილულ უნდა იქნას, როგორც ერთიანი სისტემა და ამდენად, ხელი უნდა შეეწყოს ყველა განვითარებას, რომელიც გულისხმობს მწვანე სივრცეების ურთიერთდაკავშირებას, მათი ერთმანეთისაგან სამშენებლო ობიექტებით გამიჯვნის სანაცვლოდ. კასატორის განმარტებით, „მწვანე ქალაქის“ კონცეფციის გათვალისწინებით, გამოყოფილია თბილისის ქალაქწარმომქმნელი სამი ძირითადი ელემენტი, რომელთა დაცვა, განვითარება და ვიზუალური ხაზგასმა პრიორიტეტულად უნდა განისაზღვროს ყველა იმ აქტივობისათვის, რომელსაც ცვლილება შეაქვს თბილისის არქიტექტურულ და ურბანულ იერსახეში. ამ ელემენტებიდან ერთ-ერთია მდინარე მტკვარი და ქალაქის ნაშენი ნაწილის მასთან ისტორიული ურთიერთდამოკიდებულება. აღნიშნული ელემენტისათვის საჯაროდ ხელმისაწვდომი სახის შენარჩუნება და წვდომის გაზრდა წარმოადგენს ქალაქგანვითარებით პრიორიტეტს. განსახილველ ტერიტორიაზე მოქმედი სარეკრეაციო ზონის სამშენებლო ზონით ცვლილება და შემდგომში მისი სამშენებლოდ განვითარება გამოიწვევს ზონებს შორის არსებული კონტურის რღვევას და შექმნის სარეკრეაციო სივრცეების ხარჯზე ქაოტური განაშენიანების კიდევ ერთ პრეცედენტს.

კასატორის მითითებით, „მწვანე ქალაქის“ კონცეფციის ძირითადი მიზანია შემცირდეს ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედება ქალაქის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელ მინიმუმამდე, ბუნებრივი ლანდშაფტების მკაცრი დაცვით განაშენიანებელ ტერიტორიებზე და მისი სიკეთეების ეფექტიანი, ოპტიმალური გამოყენებით ქალაქის ნაშენ ნაწილში. ამასთანავე, თბილისის სარეკრეაციო სისტემა უნდა დაეფუძნოს ბუნებრივი გარემოს ელემენტებს - განაშენიანებული ტერიტორიების გარეთ არსებულ, ბუნებრივ ლანდშაფტს და მტკვრისა და მცირე მდინარეების სანაპიროების გასწვრივ არსებულ და დაგეგმილ ღია სივრცეებს, რომლებიც ქალაქის ნაშენ ნაწილში ერთიან სარეკრეაციო ქსელს შექმნიან. აღნიშნულმა მტკვრისპირა სარეკრეაციო სისტემამ ქალაქის ცენტრალური ნაწილი უნდა უზრუნველყოს მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეებით, რომლებიც ქალაქის განიავებისა და გაგრილების დერეფნების ფუნქციასაც შეასრულებს.

კასატორი განმარტავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება გარკვეულწილად გავლენას ახდენს საპროექტო არეალში მდებარე უძრავი ნივთების მესაკუთრეთა უფლებებზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ქალაქის შემდგომი განვითარების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ხდება სამშენებლო პირობების გაუარესებაც, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება: ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიუმის შენარჩუნება და განვითარება. კასატორი აღნიშნავს, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, როგორც საჯარო განხილვების შედეგად მიღებული კონცეფციის რეალიზების ერთადერთი საშუალება, შემოთავაზებული პოსტულატების ნორმატიული ასახვით, მათ შორის, ძირითად ნახაზზე, ემსახურება საჯარო ინტერესების უპირობო დაცვას და მათი ყველაზე ეფექტიანი გზით განხორციელებას. თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით განსაზღვრული კომპაქტურობის იდეა, ტერიტორიის ეკონომიურად გამოყენებასთან ერთად, გულისხმობს ბუნებრივი რესურსებისა და სარეკრეაციო არეალების შენარჩუნებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების გაუმჯობესებას და სხვა სიკეთეებს, რაც საჯარო ინტერესის კონტექსტში უზრუნველყოფს როგორც ამ დროისთვის არსებული მოსახლეობის, ისე მომავალი თაობების უფლებას უკეთეს გარემოზე.

კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ განსახილველი ტერიტორია მოხვედრილია მდინარე მტკვრის წყალდაცვით ზონასა და უჯებირო ნაპირის შეზღუდვის არეალში.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მითითებით, საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო ტერიტორია მოქცეულია გამწვანებულ ტერიტორიებში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილება თავისი მონაცემებით ნორმატიულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმატიული აქტების ბათილობის საფუძვლები არ არსებობს.

კასატორი აღნიშნავს, რომ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სისტემური რევიზიის განახლების საკითხი. მოქმედი დედაქალაქის მიწათსარგებლობის, გენერალური გეგმის აქტუალური გადაწყვეტები შეივსო მრავალი პრინციპული მიდგომით, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ქალაქის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელ წინაპირობებს. დოკუმენტი, მიიჩნევს რა პრიორიტეტულად მდგრად ურბანულ განვითარებას, მიზნად ისახავს ინკლუზიური, უსაფრთხო და მედეგი საქალაქო სივრცის შექმნას. მწვანე ქალაქის, კომპაქტურობისა და კარგად შეკავშირებულობის კონცეპტუალური მიმართულებების რეალიზებით იქმნება თბილისის განვითარების მკაფიო სტრატეგია, რომლის შესრულებით შესაძლებელია ქალაქის წინაშე არსებული ურბანული პრობლემების ეტაპობრივი აღმოფხვრა. პროექტი დაგეგმარების ამოსავალ პრინციპად ითვალისწინებს ქალაქის არსებული ურბანული სტრუქტურის, თბილისის ინდივიდუალობის, მისი ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი ფასეულობების, მრავალფეროვნებისა და იდენტობის დაცვასა და წარმოჩენას. კომპაქტურობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის ფარგლებში, დაუსახლებელი ტერიტორიების ათვისებასთან შედარებით, უპირატესობა მიენიჭა განაშენიანებული ტერიტორიების განახლებასა და ინტენსიფიკაციას. წინდახედულობის პრინციპით შექმნილია საფუძველი იმ პოტენციური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც, არსებული განაშენიანების განვითარებისა და რეკონსტრუქციის პირობებში, თან ახლავს განაშენიანების ინტენსივობის ზრდას. სუბსიდიარობის პრინციპის გათვალისწინებით, შექმნილია განსახლების მოქნილი, დეცენტრალიზებული და პოლიცენტრული სტრუქტურა და გათვალისწინებულია ამ სისტემაში საქალაქო მნიშვნელობის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრებისა და ზონების შექმნა, ასევე, არსებულთა განვითარება. ჩარევის შედეგების მინიმიზაციის პრინციპის საფუძველზე, გეგმარებითი გადაწყვეტებით დაცულია არსებული მწვანე ნარგავების სისტემა, საზოგადოებრივი სივრცეები, ჩამოყალიბებული განაშენიანების სივრცით-გეგმარებითი თავისებურებები, განაშენიანებული გარემოს გამართული ფუნქციონირება (საინჟინრო, სატრანსპორტო, სოციალური ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, არსებული განაშენიანების ქალაქთმშენებლობითი ღირებულება).

კასატორის განმარტებით, დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებას წინ უძღოდა სიღრმისეული კვლევა. დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თავდაპირველი პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შევიდა 2018 წლის 5 ივლისს (...), განმეორებით საკითხი წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 13 ნოემბერს (...). წარდგენილი საკითხის ირგვლივ არაერთხელ მოეწყო საჯარო განხილვები, შეხვედრები დარგის სპეციალისტებთან, მოქალაქეებთან, სახელმწიფო უწყებებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობით მიმართეს სხვადასხვა დაინტერესებულმა პირებმა შენიშვნებით და წინადადებებით, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა.

კასატორი მიუთითებს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიზანია, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, თბილისის სივრცითი და ტერიტორიული განვითარების მიმართულებების ფორმირება და ამისთვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა მიწათსარგებლობის ზოგადი პირობების დადგენის გზით; ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტების შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა დედაქალაქის მოსახლეობისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბებისათვის და ეკოლოგიური უსაფრთხოების, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური განვითარებისათვის.

კასატორი ასევე მიუთითებს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის მიხედვით, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება: ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი, ხოლო სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნება: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს.

კასატორი მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო კერძო და საჯარო ინტერესთა ბალანსის დაცვის საკითხი. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა საკუთრების უფლების შეზღუდვის ფაქტი, რაც შეიძლება გამხდარიყო მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

კასატორი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, მიღებულია კანონის დარღვევით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას.

კასატორის განმარტებით, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი - რუკა მისი შემადგენელი ნაწილებით.

კასატორის შეფასებით, გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 30 ოქტომბრის წერილი. კასატორი მიიჩნევს, რომ დედაქალაქის გარემოსდაცვითი და სარეკრეაციო პირობების გაუმჯობესებისა და „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოირიცხოს მწვანე სივრცეების ხარჯზე უკონტროლო და ქაოტური ურბანული განვითარება, რომელიც იწვევს გარემოს დეგრადირებასა და საქალაქო სტრუქტურების არახელსაყრელ განაწილებას.

კასატორის განმარტებით, თბილისის მწვანე სივრცეები განხილულ უნდა იქნას, როგორც ერთიანი სისტემა და ამდენად, ხელი უნდა შეეწყოს ყველა განვითარებას, რომელიც გულისხმობს მწვანე სივრცეების ურთიერთდაკავშირებას, მათი ერთმანეთისაგან სამშენებლო ობიექტებით გამიჯვნის სანაცვლოდ. „მწვანე ქალაქის“ კონცეფციის გათვალისწინებით, გამოყოფილია თბილისის ქალაქწარმომქმნელი სამი ძირითადი ელემენტი, რომელთა დაცვა, განვითარება და ვიზუალური ხაზგასმა პრიორიტეტულად უნდა განისაზღვროს ყველა იმ აქტივობისთვის, რომელსაც ცვლილება შეაქვს თბილისის არქიტექტურულ და ურბანულ იერსახეში. ამ ელემენტებიდან ერთ-ერთია მდინარე მტკვარი და ქალაქის ნაშენი ნაწილის მასთან ისტორიული ურთიერთდამოკიდებულება. აღნიშნული ელემენტისათვის საჯაროდ ხელმისაწვდომი სახის შენარჩუნება და წვდომის გაზრდა წარმოადგენს ქალაქგანვითარებით პრიორიტეტს. კასატორის მითითებით, განსახილველ ტერიტორიაზე მოქმედი სარეკრეაციო ზონის სამშენებლო ზონით ცვლილება და შემდგომში მისი სამშენებლოდ განვითარება გამოიწვევს ზონებს შორის არსებული კონტურის რღვევას და შექმნის სარეკრეაციო სივრცეების ხარჯზე ქაოტური განაშენიანების კიდევ ერთ პრეცედენტს.

კასატორი აღნიშნავს, რომ „მწვანე ქალაქის“ კონცეფციის ძირითადი მიზანია შემცირდეს ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედება ქალაქის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელ მინიმუმამდე, ბუნებრივი ლანდშაფტების მკაცრი დაცვით განაშენიანებელ ტერიტორიებზე და მისი სიკეთეების ეფექტიანი, ოპტიმალური გამოყენებით ქალაქის ნაშენ ნაწილში. ამასთანავე, თბილისის სარეკრეაციო სისტემა უნდა დაეფუძნოს ბუნებრივი გარემოს ელემენტებს - განაშენიანებული ტერიტორიების გარეთ არსებულ, ბუნებრივ ლანდშაფტს და მტკვრისა და მცირე მდინარეების სანაპიროების გასწვრივ არსებულ და დაგეგმილ ღია სივრცეებს, რომლებიც ქალაქის ნაშენ ნაწილში ერთიან სარეკრეაციო ქსელს შექმნიან. აღნიშნულმა მტკვრისპირა სარეკრეაციო სისტემამ უნდა უზრუნველყოს ქალაქის ცენტრალური ნაწილი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეებით, რომლებიც ქალაქის განიავებისა და გაგრილების დერეფნების ფუნქციასაც შეასრულებს.

კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნული ტერიტორია ხვდება მდინარე მტკვრის წყალდაცვით ზონასა და უჯებირო ნაპირის შეზღუდვის არეალში.

კასატორის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საპროექტო ტერიტორია არ არის უზრუნველყოფილი საინჟინრო, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურით. გარემოს განაშენიანება არ შეესაბამება საცხოვრებელი ზონის ფუნქციით განსავითარებელ არეალს და ამასთან, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, მიზანშეუწონელია წარმოდგენილი ტერიტორიის მოთხოვნილი ფუნქციით განვითარება. ამასთან, სადავო ტერიტორიაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, ვრცელდებოდა სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) და სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1). აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ზონა 2-ის (სზ-2) გავრცელება შექმნის პრეცედენტს მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთათვის. მისი სამშენებლოდ განვითარება გამოიწვევს ლანდშაფტური, მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის განაშენიანებას და ქალაქის განვითარებას არახელსაყრელი მიმართულებით, ასევე, ხელს შეუწყობს ურბანულ ცოცვას, რაც ეწინააღმდეგება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით აღიარებულ პრინციპებს (კომპაქტური ქალაქი, კარგად შეკავშირებული ქალაქი) და შეიცავს ქალაქისათვის როგორც ქალაქგეგმარებით, ასევე გარემოსდაცვით საფრთხეებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები იმ ნაწილში, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება თ. ბ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (2600 კვ.მ ს.კ. ...) მომიჯნავედ მდებარე 1043 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრები დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნულ ნაწილში საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები იმ ნაწილში, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება თ. ბ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (2600 კვ.მ ს.კ. ...) მომიჯნავედ მდებარე 1043 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე, რამეთუ არ არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები დანარჩენ ნაწილში (თ. ბ-ის საკუთრებაში არსებული 2600 კვ.მ (ს.კ. ...) მიწის ნაკვეთის ნაწილში) არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მითითებულ ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები მითითებულ ნაწილში არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ზემოხსენებულ ნაწილში ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, მითითებულ ნაწილში საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებულ ნაწილში კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს თ. ბ-ის საკუთრებაში არსებული 2600 კვ.მ (ს.კ. ...) მიწის ნაკვეთის ნაწილში და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ხსენებულ ნაწილში არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 4 ნოემბრის #20.1311.1618 განკარგულების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც თ. ბ-ს უარი ეთქვა მის საკუთრებაში არსებულ (2600 კვ.მ ს.კ. ...) და მომიჯნავედ მდებარე 1043 კვ.მ მიწის ნაკვეთისათვის ფუნქციური ზონის ცვლილებაზე და დადებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე, არსებული მიწის ნაკვეთებისათვის საცხოვრებელი ზონა 2-ის სტატუსის მინიჭებაზე, ასევე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც თ. ბ-ის საკუთრებაში (2600 კვ.მ ს.კ. ...) და მომიჯნავედ არსებულ 1043 კვ.მ მიწის ნაკვეთების ფუნქციურ ზონად განისაზღვრა სარეკრეაციო ზონა 1-ის სტატუსი. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის თ. ბ-ის საკუთრებაში (2600 კვ.მ ს.კ. ...) და მომიჯნავედ არსებული 1043 კვ.მ მიწის ნაკვეთების ფუნქციური ზონის ცვლილებაზე გადაწყვეტილების მიღების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილება) ცვლილების პროექტის წარდგენის დავალება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ქალაქ თბილისის მთავრობის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე ნორმატიული ადმინიტსრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც თ. ბ-ის საკუთრებაში (2600 კვ.მ ს.კ. ...) და მომიჯნავედ არსებულ 1043 კვ.მ მიწის ნაკვეთებს მიენიჭება საცხოვრებელი ზონა 2-ის სტატუსი.

საქმის მასალებით, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 4 ნოემბრის #20.1311.1618 განკარგულებით დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ განიხილა ქალაქ თბილისში, ... ...ის #253-ში და მის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს.კ. ... და მიმდებარედ) მოთხოვნილი სარეკრეაციო ზონა 1-ის (რზ-1) საცხოვრებელი ზონით (სზ) ცვლილება და გამწვანებული ტერიტორიების რუკით შემოთავაზებული სარეკრეაციო ზონა #1-ის (რზ-1) ფენის მოხსნა. ამავე განკარგულების თანახმად, საპროექტო მიწის ნაკვეთები ხვდება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული გრაფიკული რუკის მიხედვით, სარეკრეაციო ზონა #1-ში (რზ-1). ამასთან, ხსენებულ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება გამწვანებული ტერიტორიების რუკა, სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1). განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ტერიტორია ფაქტობრივად წარმოადგენს ორ გზას შორის არსებული სარეკრეაციო სივრცის ნაწილს, რომელიც ძირითადად განკუთვნილია მწვანე ნარგავების გასაშენებლად. ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობის პირობებში კი, მნიშვნელოვანია არსებული გარემოების ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება. განკარგულების თანახმად, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ განსახილველი ტერიტორია ხვდება მდინარე მტკვრის წყალდაცვით ზონასა და უჯებირო ნაპირის შეზღუდვის არეალში. მოცემული არეალი, რეალურად, წარმოადგენს აღნიშნულ გზებს შორის გამწვანებულ სივრცეს, რომლის ცვლილებაც გამოიწვევს ზონებს შორის არსებული კონტურის რღვევას და შექმნის ძალიან ცუდ პრეცედენტს მიმდებარე და მსგავსი ტერიტორიებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიჩნეულ იქნა, რომ მიწის ნაკვეთებზე (ს.კ. ..., ფართობი 2600 კვ.მ და მის მიმდებარედ), სარეკრეაციო ზონა 1-ის ცვლილება საცხოვრებელი ზონით და გამწვანებული ტერიტორიების რუკით შეთავაზებული სარეკრეაციო ზონა 1-ის ფენის მოხსნა არ იყო მისაღები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით“ დადგენილია სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთის გამოყენების სპეციფიკური პირობები. აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები (შემდგომში – განაშენიანების რეგულირების წესები) შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #59 დადგენილების (შემდგომში – განაშენიანების ძირითადი დებულებები) მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს. ამავე წესების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად). აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) არის სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა მსგავსი, გარდა სხვა სარეკრეაციო ზონებში მოქცეულისა. აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა: განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდის, დეკორატიული გაფორმების ობიექტის, კიბეების, საფეხმავლო გზების ან/და ბილიკების. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2) არის დაბალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 6 მარტის #19.243.355 განკარგულების თანახმად, მოწონებულ იქნა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი ამ განკარგულების დანართი 1-ის შესაბამისად, ასევე „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დადგენილების პროექტი ამ განკარგულების დანართი 2-ის შესაბამისად და დადგინდა, რომ აღნიშნული განკარგულებით გათვალისწინებული პროექტები წარდგენოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 6 მარტის #01-01190651720 მიმართვით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაეგზავნა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგი აქტების მოწონების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 6 მარტის #19.243.355 განკარგულებით მოწონებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და „„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დადგენილების პროექტები. „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი - რუკა მისი შემადგენელი ნაწილებით.

ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის თანახმად, თ. ბ-ის საკუთრებაში არსებული (2600 კვ.მ ს.კ. ...) და მის მიმდებარედ არსებული 1043 კვ.მ მიწის ნაკვეთების ფუნქციურ ზონად კვლავ განისაზღვრა სარეკრეაციო ზონა 1-ის სტატუსი და მოექცა გამწვანებულ ტერიტორიათა არეალში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 4 ნოემბრის #20.1311.1618 განკარგულებით კი მიჩნეულ იქნა, რომ ქალაქ თბილისში, ... ...ის #253-ში და მის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: #..., ფართობი 2600 კვ.მ და მის მიმდებარედ) სარეკრეაციო ზონა 1-ის ცვლილება საცხოვრებელი ზონით და გამწვანებული ტერიტორიების რუკით შეთავაზებული სარეკრეაციო ზონა 1-ის ფენის მოხსნა არ იყო მისაღები.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მითითებული სამართლებრივი რეგულაციის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებებს თ. ბ-ის საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ... ...ის #253-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს. კ. #..., ფართობი - 2600 კვ.მ) ნაწილში მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული და დასაბუთებული ის გარემოება,თუ რატომ არ არის მისაღები მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო ზონა 1-ის ცვლილება საცხოვრებელ ზონა 2-ად. ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა იმ გარემოებაზე მითითება, რომ „ტერიტორია წარმოადგენს ორ გზას შორის არსებული სარეკრეაციო სივრცის ნაწილს, რომელიც ძირითადად განკუთვნილია მწვანე ნარგავების გასაშენებლად, ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობის პირობებში კი, მნიშვნელოვანია არსებული გარემოების ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება - გაუმჯობესება. ასევე ის გარემოება, რომ განსახილველი ტერიტორია ხვდება მდინარე მტკვრის წყალდაცვით ზონასა და უჯებირო ნაპირის შეზღუდვის არეალში. მოცემული არეალი, რეალურად წარმოადგენს აღნიშნულ გზებს შორის გამწვანებულ სივრცეს, რომლის ცვლილებაც გამოიწვევს ზონებს შორის არსებული კონტურის რღვევას და სარეკრეაციო სივრცეების ხარჯზე შექმნის ქაოტური განაშენიანების კიდევ ერთ პრეცედენტს“.

საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ თ. ბ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს. კ. #..., ფართობი - 2600 კვ.მ) მიმართ უფლებრივი ზონის მინიჭების კანონიერების შეფასების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამგვარი მოტივაცია, არამედ დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საჭიროების დასაბუთებაც. ამგვარ ვალდებულებას ადგენს როგორც წარსულში, ისე ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა. კერძოდ, ამჟამად მოქმედი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-9 მუხლი პირდაპირ განამტკიცებს ინტერესთა შეჯერების პრინციპს. შესაბამისად, უფლებრივი ზონირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას დაგეგმვის ან დაგეგმვის შენარჩუნების საჭიროების დასაბუთების პროცესში, როგორც ძალადაკარგული, ასევე ამჟამად მოქმედი საკანონმდებლო აქტებით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა და ასრულებს საჯარო და კერძო ინტერესების შეწონასწორება და დაბალანსება (სუსგ #ბს-829(კ-19) 17.09.2020წ.).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ თ. ბ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს. კ. #..., ფართობი - 2600 კვ.მ) ნაწილში გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები არ შეიცავს არანაირ მითითებას კონკრეტულად ამ ნაკვეთთან მიმართებით საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების შესახებ. მითითებულ ნაწილში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დაცულია მხოლოდ საჯარო ინტერესები და არ არის გათვალისწინებული თ. ბ-ის საკუთრების უფლება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ ქალაქ თბილისში, ... ...ის #253-ში (ყოფილი ... გზის მე-15 კმ, სახლი #17) მდებარე სახლი და მიწის ნაკვეთი შეიძინა და საჯარო რეესტრში საკუთრებაში აღირიცხა 2004 წელს, ხოლო მითითებული ტერიტორია, პირველად, სატრანსპორტო ზონა 1-სა და სარეკრეაციო ზონა 1-ში მოექცა თბილისის საკრებულოს 2009 წლის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის“ მიხედვით. ამდენად, საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების შეძენა დროში წინ უსწრებდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სატრანსპორტო და სარეკრეაციო ზონების მინიჭებით გათვალისწინებული შეზღუდვების შემოღებას, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ზონის შეცვლასთან დაკავშირებით წარდგენილ მოსარჩელის მოთხოვნაზე მსჯელობისას არ განიხილა და არ შეაფასა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ტერიტორია მას საკუთრებაში გააჩნდა ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ ამ ტერიტორიას სარეკრეაციო თუ სატრანსპორტო ზონის სტატუსს მიანიჭებდნენ, ხოლო თ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს. კ. #..., ფართობი - 2600 კვ.მ) სარეკრეაციო ზონა 1-ის (რზ-1) გავრცელებამ გამორიცხა მისი საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა, კერძოდ, მოსარჩელეს ერთმევა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების უფლება, რაც ასევე გავლენას ახდენს უძრავი ქონების ღირებულებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები თ. ბ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს. კ. #..., ფართობი - 2600 კვ.მ) ნაწილში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების უფლების არსს იმ ხარისხით, რომ შინაარსს უკარგავს თავად უფლებას, როგორც ობიექტურ ღირებულებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ სტანდარტებთან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს თ. ბ-ის საკუთრებაში არსებული 2600 კვ.მ (ს.კ. ...) მიწის ნაკვეთის ნაწილში არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო მითითებულ ნაწილში საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზემოხსენებულ ნაწილში საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები აღნიშნულ ნაწილში არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დასაშვებად იმ ნაწილში, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება თ. ბ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (2600 კვ.მ ს.კ. ...) მომიჯნავედ მდებარე 1043 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საკასაციო საჩივრები განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა