Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-799(კ-21) 16 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელის უფლებამონაცვლე) - ზ. ხ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგეობა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ნ-მა 2017 წლის 12 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 15 დეკემბრის №1-2539 ბრძანებისა და 2016 წლის 04 ივლისის №46/171881 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობისათვის ... დასახლებაში, მე-9 კვარტალში, კორპუსი №15, ბინა №48-ის პრივატიზაციის განხორციელების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 მარტის განჩინებით ზემოაღნიშნულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება. მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ნ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 01 აგვისტოს განჩინებით თ. ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმე სარჩელის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვედა ინსტანციის სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 04 ივლისის №46/171881 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, რაც თ. ნ-ის მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, თ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით, თ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ასევე, არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 04 ივლისის №46/171881 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოებს შეწყვეტასთან დაკავშირებით. სასამართლოს განჩინებები თ. ნ-ს გაეგზავნა 2021 წლის 11 აგვისტოს. აღნიშნული გზავნილი 2021 წლის 13 აგვისტოს ჩაბარდა თ. ნ-ის მეუღლეს - ზ. ხ-ას. სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო წესით თ. ნ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეებმა ზ. ხ-ამ და ა. ნ-მა გაასაჩივრეს, წარადგინეს თ. ნ-ის გარდაცვალების მოწმობა და იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, სამკვიდრო მოწმობის აღებამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, ზ. ხ-ასა და ა. ნ-ის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელის - თ. ნ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

ზ. ხ-ამ, როგორც თ. ნ-ის უფლებამონაცვლემ, 2022 წლის 04 აგვისტოს საკასაციო პალატაში წარმოადგინა ნოტარიუს ა. მ-ის მიერ 2022 წლის 23 თებერვალს გაცემული №... სამკვიდრო მოწმობა და მოითხოვა ადმინისტრაციულ საქმეზე საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 08 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-799(კ-21) განახლდა საქმის წარმოება და ა. ნ-ის ნაწილში საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ 2022 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, კასატორ - ზ. ხ-ას საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა, ხარვეზის შესახებ მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 სექტემბრის განჩინება კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორ ზ. ხ-ას, რაც 2022 წლის 22 ნოემბერს ჩაჰბარდა პირადად, რაც დასტურდება გზავნილზე შესაბამისი პირის ხელმოწერით (ს.ფ. 135).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ხ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. იმ შემთხვევაში თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების უფლებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების ჩაბარებას უშუალოდ უკავშირდება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა და მისი შედეგი. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხარეს უნდა ჩაჰბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 სექტემბრის განჩინება ზ. ხ-ას გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ... დასახლება, მე-9 კვარტალი, მე-15 კორპუსი, ბინა №48, ასევე მითითებული იყო საკონტაქტო მობილურის ნომერიც. ზემოხსენებული გზავნილი ზ. ხ-ას პირადად ჩაჰბარდა 2022 წლის 22 ნოემბერს, რაც დასტურდება გზავნილზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით (ს.ფ. 135) შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 23 ნოემბერს და ამოიწურა 2022 წლის 02 დეკემბერს 24 საათზე (პარასკევი), თუმცა კასატორმა მისთვის მიცემული ვადის დარღვევით შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. კერძოდ, ზ. ხ-ას მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 06 დეკემბერს წარმოდგენილი იქნა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება (ს.ფ. 136), აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ტრანზაქცია განხორციელდა 2022 წლის 06 დეკემბერს, საკასაციო პალატის მიერ ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის ამოწურვის შემდგომ, ამასთან კასატორს არ მოუთხოვია ხარვეზის შევსებისთვის განკუთვნილი ვადის გაგრძელება, შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული გარემოებები წარმოადგენს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ხ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

2. ზ. ხ-ას (პ/ნ - ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 06 დეკემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 100% - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა