საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-904(2კ-22) 30 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ა. ი. ს. ა-ი
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 15 თებერვალს ა. ი. ს. ა-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 18 იანვრის N1000400048/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, საინვესტიციო ნებართვის მინიჭების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ი. ს. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ი. ს. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტლება; ა. ი. ს. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 18 იანვრის N1000400048/5 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი გადაწყვეტილების მიღება, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ა. ი. ს. ა-ის მიმართ საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა. ი. ს. ა-ი (დაბადებული ... წლის … ...) არის ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე.
თბილისში, ... ქუჩა N47-ში მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ა. ი. ს. ა-ის საკუთრების უფლება (ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 399.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობები N1, N2. ამავე პირის საკუთრებად რეგისტრირებულია ასევე თბილისში, ... გამზირ N117-ში მდებარე 35.35 კვ.მ ფართის სხვენი N28ა (შენობა N4) და თბილისში, ... ქუჩა N16-18-ში მდებარე უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები N1-დან N6-ის ჩათვლით, საერთო ფართი - 114,60 კვ.მ).
ა. ი. ს. ა-ი არის შპს „ლ...“-ისა და შპს „ა...-ის“ დირექტორი. იგი აღნიშნული კომპანიების 100%-იანი წილის მფლობელია.
2014 წლის 26 სექტემბერს ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ი. ს. ა-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით.
განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2014 წლის 29 სექტემბერს N1000400048/1 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა ა. ი. ს. ა-ისთვის მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2014 წლის 15 ოქტომბრის MIA41402051295 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ა. ი. ს. ა-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 16 ოქტომბრის N1000400048 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ი. ს. ა-ის განცხადება; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „თ“ პუნქტის შესაბამისად, ა. ი. ს. ა-ის სახელზე საქართველოში გაცემულ იქნა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, მუდმივი ცხოვრების უფლებით.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 18 იანვრის N1000400048/5 გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი, მეორე, მე-6 ნაწილების, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2019 წლის 18 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 16 ოქტომბრის N1000400048 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ა. ი. ს. ა-ის სახელზე მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემის თაობაზე.
საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია, საქალაქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არასწორი შეფასება მისცა მათ, შესაბამისად მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას, რაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს, იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. ამასთან, უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს უცხოელისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ამ ინტერესთა დაბალანსებით. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით, საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს თითოეული ფაქტი ბინადრობის ნებართვის მინიჭებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია, „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი ოჯახის წევრებზე. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილია უცხოელის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის კონკრეტული საფუძვლები. პალატამ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ა. ი. ს. ა-ისათვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხზე სააგენტომ იმსჯელა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად, შეამოწმა წარდგენილი დოკუმენტები, წერილით მიმართა შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და გამოითხოვა ინფორმაცია - არსებობდა თუ არა აღნიშნული პირისათვის მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2014 წლის 15 ოქტომბრის MIA 4 14 02051295 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს საქმეში მითითებული პირის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა. საბოლოოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ა. ი. ს. ა-ი აკმაყოფილებდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „თ“ პუნქტით დადგენილ პირობას. ამასთანავე, მის მიმართ არ არსებობდა ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 18 იანვრის N100040048/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 16 ოქტომბრის N1000400048 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ა. ი. ს. ა-ის სახელზე საქართველოში მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებულ იქნა ის გარემოება, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურისათვის ცნობილი გახდა ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ი. ს. ა-ის მიმართ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებას, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. აღნიშნულ დოკუმენტს სასამართლო გაეცნო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული საფუძვლით ნებართვის გაცემაზე უარის თქმა პირდაპირ პასუხობს კანონის მიზნებს. ამასთანავე, კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს, არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს. სააპელაციო პალატის განმარტებით, უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერესების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის ხარჯზე.
თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს საქმის გარემოებები, ერთმანეთს შეუპირისპიროს საჯარო და კერძო ინტერესები და თანაზომიერების პრინციპის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემის, ნებართვის გაცემაზე უარის თქმისა თუ უკვე გაცემული ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე და აღნიშნა, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამასთან, იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, სასამართლოს იმავდროულად აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოხსენებული ასპექტები.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხის გადაწყვეტისას, დასაბუთების გარეშეა დატოვებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებანი, რომელთა სწორად დადგენისა და სათანადოდ შეფასების პირობებში, თანაზომიერების პრინციპის დაცვით, სააგენტოს შეეძლო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება. განცხადების განხილვისას, სათანადო ყურადღება უნდა გამახვილებულიყო იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს არ დაურღვევია ზემოაღნიშნული კანონის 21-ე მუხლის შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებული არსებითი პირობები (გარდა ამავე მუხლის „ბ“ პუნქტისა), რაც გახდებოდა მასზე გაცემული ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების წინაპირობა. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს მითითებული მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, თუმცა საიდუმლო მასალის შესწავლისა და მისი შინაარსის ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მხოლოდ ამ არგუმენტზე მითითება, უფრო მყარი არგუმენტისა და მტკიცებულებების გარეშე, დაუსაბუთებელს ხდის მოპასუხის პოზიციას გასაჩივრებული აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. სააგენტოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ზოგადი განმარტება. ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ დაუდგენია სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის აუცილებელი გარემოებები - გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და ა. ი. ს. ა-მა.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ა. ი. ს. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393 -ე მუხლის პირველი ნაწილის და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, რის გამო, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში მოპოვებული მასალები და დოკუმენტაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება არ შედის სსიპ სახელმწიფო სერვისის განვითარების სააგენტოს კომპეტენციაში. ამდენად, გაურკვეველია, კიდევ რა საფუძველი უნდა დაედგინა სააგენტოს, იმ პირობებში, როდესაც არსებობდა საიდუმლო ინფორმაციიდან გამომდინარე, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მისი უფლებების და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას უცხოელი პირისათვის, დროის იმ მონაკვეთში, როდესაც იგი კანონიერად იმყოფება საქართველოში. ამასთანავე, ბინადრობის სამართლებრივი ბუნება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას - საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოახდინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის რევიზია. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ ან/და იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო, კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად, ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ვალდებულება სააგენტომ შეასრულა და გამოითხოვა საიდუმლო ინფორმაცია კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებაზე ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. სასამართლოს მითითება, რომ სააგენტომ მხოლოდ გაიზიარა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა და სხვაგვარად არ დაუსაბუთებია კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია, მოიპოვოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავოს გახდის და გააბათილებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას, რომელიც კონკრეტული პირის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობას შეეხება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დგინდება, კანონის რა მოთხოვნა დააღვია სააგენტომ, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სააგენტოს 2019 წლის 18 იანვრის სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორი - ა. ი. ს. ა-ი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება. კასატორის განმარტებით, 2014 წლიდან მასზე გაცემული იყო მუდმივი ბინადრობის ნებართვა. 2019 წლის 18 იანვრის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ძალადაკარგულად გამოცხადდა მისთვის მინიჭებული მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რომლის საფუძველზეც, საქართველოში არაერთი ფინანსური აქტივობა აქვს განხორციელებული.
კასატორის მოსაზრებით, აღმჭურველი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის პირობებში, აღარ არსებობს ახალი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების დავალების შესახებ მოთხოვნის არსებობის საჭიროება, თუმცა მისმა იურისტმა (და არა ადვოკატმა) მაინც მოითხოვა ახალი აქტის გამოცემა. მეორე მოთხოვნა ზედმეტი იყო და სასამართლოს მხედველობაში არ უნდა მიეღო. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული დავის გადაწყვეტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დაუსაბუთებელია. არასწორია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა იმსჯელოს სადავო საკითხზე და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, ვინაიდან შესაბამისი აქტი უკვე გამოცემულია 2014 წელს.
კასატორის განმარტებით, საქმის განხილვის დროს დადგინდა, რომ თავად სადავო აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვისაც კი არ იყო ცნობილი, რომელი ორგანოს/უწყების მიმართვა გახდა წარმოების დაწყებისა და შესაბამისად, აღმჭურველი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენდა ინფორმაციის საიდუმლო შინაარსი. ამდენად, მოპასუხემ დაადასტურა, რომ სადავო აქტის გამოცემის ფაქტობრივი საფუძვლის კვლევის უფლება არ აქვს. ამ პირობებში, სააპელაციო სასამართლომ თავისი ინიციატივით მაინც გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, შეაფასა სხვა მტკიცებულებებთან ერთად და ჩათვალა, რომ დაუსაბუთებელია მასში ასახული მოსაზრებები. ამდენად, თუ სასამართლო ადგენს, რომ დასკვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული, საქმის ხელახლა გამოკვლევით არაფერი შეიცვლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 ივლისის და 24 აგვისტოს განჩინებებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ა. ი. ს. ა-ის საკასაციო საჩივრები. ამავე სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ი. ს. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემოდა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია, „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ოჯახის წევრებად ითვლებოდნენ უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი. ამავე კანონის 21-ე მუხლი ადგენს უცხოელის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-15 მუხლი ადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტისა და გაგრძელების პირობებს. აღნიშნული მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. ამასთანავე, სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21–ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული და/ან ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, სააგენტოს აცნობონ უცხოელისთვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უცხოელის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ჩაატაროს ადმინისტრაციულ წარმოება და მხედველობაში მიიღოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან გამოთხოვილი ინფორმაცია, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოში უცხოელი პირის ცხოვრების მიზანშეწონილობის შესახებ. ამასთანავე, უცხოელისათვის საქართველოში მინიჭებული ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, უპირობოდ არ გულისხმობს ამგვარი უფლებამოსილების გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. ამასთან, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „თ“ პუნქტის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 16 ოქტომბრის N1000400048 გადაწყვეტილებით ა. ი. ს. ა-ის სახელზე საქართველოში გაცემული იყო საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, მუდმივი ცხოვრების უფლებით.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 18 იანვრის N1000400048/5 გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი, მეორე მე-6 ნაწილების, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2019 წლის 18 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 16 ოქტომბრის N1000400048 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ა. ი. ს. ა-ის სახელზე მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემის თაობაზე. საქმის მასალებით და მოპასუხე მხარის განმარტებით დადასტურებულია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 18 იანვრის N1000400048/5 გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი საფუძველი გახდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფაა. კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები. ამასთანავე, კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი მიუთითებს, რომ საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს საქმის გარემოებები, შეაპირისპიროს საჯარო და კერძო ინტერესები და თანაზომიერების პრინციპის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლით, კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის შესაძლო ზიანის მიყენების ფაქტის დადგენისას და მოსარჩელისათვის მინიჭებული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ დასკვნის გაკეთებისას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო დაეყრდნო სწორედ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ შესაბამის ინფორმაციას. თავის მხრივ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა მოამზადა დასკვნა, რომელსაც საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტისათვის, აუცილებელია იმ ინფორმაციის გაცნობა და შესწავლა, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. ამ მიზნით, საკასაციო სასამართლომ, ქვედა ინსტანციის სასამართლოების ანალოგიურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან საქმეზე გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მისი შინაარსი მხარეებს გააცნოს და სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახოს. საკასაციო პალატა, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად, ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის არსებობის პირობებში, სააგენტო უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყვეტილება, ა. ი. ს. ა-ისათვის მუდმივი საინვესტიციო ნებართვის მინიჭების შესახებ გამოცემული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 16 ოქტომბრის N1000400048 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, სააგენტომ მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის მიზნების მხედველობაში მიღებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დაცვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, უსაფუძვლოა ასევე სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამდენად, ა. ი. ს. ა-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ხოლო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ი. ს. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ა. ი. ს. ა-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, ასევე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ამასთანავე, ა. ი. ს. ა-ს უნდა დაეკისროს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა. ი. ს. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ა. ი. ს. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. ა. ი. ს. ა-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
6. ა. ი. ს. ა-ს დაეკისროს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე