საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-660(კ-21) 01 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ბ. ბ-ი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ბ-მა წარმომადგენლის მეშვეობით 2019 წლის 29 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 2019 წლის 30 ოქტომბრის №MES 2 19 01478229 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ბ. ბ-ის მიერ უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ბ. ბ-ის მიერ უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, არ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მტკიცებულებები. ცენტრს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად დაუსაბუთებელია, რითაც უხეშად ირღვევა კანონის მოთხოვნები, რაც თავის მხრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
როგორც პირველი ინსტანციის, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებებს, რაც წარმოების ფარგლებში იყო მოძიებული და შეფასებული. კერძოდ, წარმოების ფარგლებში გამოკვლეულ იქნა იმ დაწესებულებების სამართლებრივი სტატუსი, რომელიც დაასრულა მოსარჩელემ, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ უშუალოდ დაწესებულება საქმიანობას ახორციელებდა სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებულ რეჟიმში. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა ცალსახად ავალებდა ცენტრს გამოეკვლია განმცხადებლის მიერ სტუდენტის სტატუსი იყო თუ არა კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული. ცენტრში ჩატარებული წარმოების შედეგად, ასევე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ. ბ-ს პ...-ი აკადემიის საგამოცდო კომისიის 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მენეჯმენტში, რის საფუძველზეც გაიცა დიპლომი. აგრეთვე დადგენილია, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მოსარჩელე ჩაირიცხა საქართველოში მდებარე შპს თ...ის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ამ უკანასკნელში კი ბ. ბ-ი 2007 წელს ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, რასაც სასამართლოც უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ ჩარიცხვას, სწავლებასა და კვალიფიკაციის მინიჭებას, თითოეულ აღნიშნულ ქმედებას გააჩნია მათი იურიდიული მხარე. მაგ. კვალიფიკაციის მინიჭება, როგორც სამართლებრივი შედეგების გამომწვევი ქმედება, გულისხმობს არა მხოლოდ უშუალოდ ფაქტის განხორციელებას, არამედ ამ მოვლენის კანონმდებლობის დაცვის პირობებში დადგომას. კერძოდ, კონკრეტული პირისათვის კვალიფიკაცია სამართლებრივი გაგებით მინიჭებულად ითვლება, როცა პირისა თუ დაწესებულების მხრიდან დაცული იყო აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნები. იმ პირობებში, როცა დაცული არ იყო დაწესებულებაში თავდაპირველად ჩარიცხვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, ცენტრი ვერ დაეთანხმება სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელეს მიენიჭა კვალიფიკაცია, რის საფუძველზეც პირს უნდა უღიარდეს უცხოეთში მიღებული განათლება. ცხადია, როგორც ფაქტი, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს პ...-ი აკადემიის საგამოცდო კომისიის 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მენეჯმენტში, თუმცა ცენტრი ამ მოცემულობას ეთანხმება მხოლოდ როგორც ფაქტობრივად (ტექნიკურად) განხორციელებულ ქმედებას. რამდენადაც დაცული არ იყო ამ ქმედებათა სამართლებრივი მხარე, ცენტრს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები არ უნდა ყოფილიყო უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიჩნეული.
კასატორი აღნიშნავს, რომ ცენტრში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე 2011 წლის 06 ოქტომბრამდე განათლებას იღებდა თ...-ში. ლიცენზირებულ/არაავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიაში ფიქსირდება, რომ ბ. ბ-ი შპს თ...ში ჩაირიცხა 2007 წლის 15 ოქტომბერს №182 ბრძანებით. ბ. ბ-მა სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გარეშე. ის ფაქტი, რომ ბ. ბ-ის მიერ საქართველოში არაღიარებული განათლება საფუძვლად დაედო უცხოეთში მისთვის ბაკალავრის ხარისხის მინიჭებას, შეუძლებელს ხდის „პ... აკადემიის“ მიერ ... №... დიპლომით მისთვის მინიჭებული კვალიფიკაციის აღიარებას.
კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სწორედ განათლების უფლების პრაქტიკულ რეალიზებას ემსახურება ცენტრის თითოეული ქმედება. კერძოდ, ცენტრის მიზანია, ყველას ჰქონდეს თანაბარ პირობებში განათლების მიღების უფლება, განათლების მიღების ალტერნატიული ფორმებიდან არჩეულ იქნეს იმგვარი ფორმა, რასაც ცნობს ქართული საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ცენტრის მხრიდან არათუ დარღვეულია კონსტიტუციური დებულება, არამედ სრულად არის იგი დაცული.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო თავადვე უთითებს ყველა იმ დანაწესზე, რომელიც არეგულირებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას, თუმცა სწორად არ აფასებს მათ. არ მიიჩნევს, რომ უკანონო ჩარიცხვა წარმოადგენს უცხოეთში მიღებული განათლების დამაბრკოლებელ გარემოებას, მაშინ, როდესაც სწორდ აქ ნასწავლი 3 კურსის საფუძველზე განაგრძო პირმა უცხოეთში განათლების მიღება და მიენიჭა კვალიფიკაცია. კასატორის მითითებით, პირი თავიდანვე უცხოეთში რომ ჩარიცხულიყო, ცენტრი არ გამოიკვლევდა იქ ჩარიცხვის კანონიერებას, თუმცა აქ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა - გამოიკვეთა მოცემულობა, რომ საქართველოში უკანონოდ მოპოვებული სტუდენტის სტატუსი - სახელმწიფოს მიერ არაღიარებული 3 წლიანი განათლება გახდა პირის უცხოეთში მდებარე დაწესებულებაში ჩარიცხვის საფუძველი. ცხადია, ეს ფაქტი ვერ დარჩებოდა სამართლებრივი ყურადღების მიღმა. მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ გვავალებს ჩარიცხვის კანონიერების დადგენასა და ფაქტების სწორად შეფასებას. აღნიშნულ საკითხებზე ადეკვატური რეაგირება ქვეყანაში განათლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობის არსებობის პირდაპირპროპორციულია.
საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმის შემდეგ 2005-2006 სასწავლო წლიდან აბიტურიენტთა მიღება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხორციელდებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. სახელმწიფო 2005-2006 სასწავლო წლიდან ცნობდა და აღიარებდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა განათლებასა და კვალიფიკაციას. მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს აქვთ სახელმწიფოს მიერ აღიარებული საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომელიც მათ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე - მაგისტრატურაში აძლევთ სწავლის გაგრძელების უფლებას. თითოეული აბიტურიენტი აცნობიერებს ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზანსა და შედეგს. ამასთან, უმაღლესი განათლება არის მხოლოდ სახელმწიფოს მიერ აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული განათლება.
ამდენად, ბ. ბ-მა სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გარეშე. შპს თ...-ში“ ბ. ბ-ის 2007-2011 წლებში სწავლის პერიოდი (მათ შორის 2011 წელს მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია) და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის №... დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრის 2019 წლის 20 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, ბ. ბ-ს უარი ეთქვა ბაკალავრის №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. ის ფაქტი, რომ ბ. ბ-ის მიერ საქართველოში არაღიარებული განათლება საფუძვლად დაედო უცხოეთში მისთვის ბაკალავრის ხარისხის მინიჭებას, შეუძლებელს ხდის „პ...აკადემიის“ მიერ ... №... დიპლომით მისთვის მინიჭებული კვალიფიკაციის აღიარებას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კვალიფიკაციის ცნება - კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სრულად დაძლევით და დასტურდება დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დიპლომით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი მიიჩნევს, რომ იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას, ეღიარებინა ბ. ბ-ის მეირ უცხოეთში მიღებული განათლება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ცენტრს მხოლოდ დაწესებულების უკრაინაში აღიარებისა და უშუალოდ ბ. ბ-ის სახელზე დიპლომის გაცემის ფაქტი უნდა დაედგინა და არ უნდა შეეფასებინა ჩარიცხვის უკანონობა. ცხადია, ეს არგუმენტი ლოგიკასა და სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული. ასევე მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტაციას ვერ გამოდგება სასამართლოს მხრიდან იმაზე მითითება, რომ ქართული კანონმდებლობა ზოგადად შესაძლებლად მიიჩნევს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას. ცხადია, აღნიშნულზე არავინ დავობს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც შესაბამისი წინაპირობები არსებობს. შესაბამისად ცენტრი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა არგუმენტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლით გათვალისწინებულია ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ თითოეული ადამიანის განათლების უფლების აღიარება. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. განათლების მიღების უფლების აღიარება არ გამორიცხავს პირის მიერ შეძენილი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ ნორმატიული აქტების მიღებას. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ხარისხიანი განათლების მიღებასთან პირდაპირ კავშირშია საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის აღიარება. ამ უკანასკნელს უზრუნველყოფს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისას ცენტრი ახდენს უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო დოკუმენტის თვით ამ დოკუმენტში მითითებული პირის სახელზე გაცემასა და დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებას, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და მინიჭებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებულ და გარანტირებულ განათლების მიღების უფლებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 სექტემბერს ბ. ბ-მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება, ხოლო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 30 ოქტომბრის №MES 2 19 01478229 გადაწყვეტილებით ბ. ბ-ის უარი ეთქვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე. კასატორი სადავოდ არ ხდის ბ. ბ-ის სახელზე დიპლომის გაცემას, დიპლომის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებას, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, ასევე, უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ადმინისტრაციული ორგანო ბ. ბ-ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბ. ბ-ის მიერ საქართველოში არაღიარებული განათლება საფუძვლად დაედო უცხოეთში მისთვის ბაკალავრის ხარისხის მინიჭებას. კერძოდ, პ... აკადემიამ აღიარა შპს ,,თ...-ში’’ ბ. ბ-ის მიერ უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგები პ... აკადემიაში იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ შპს ,,თ...-ის’’, როგორც ლიცენზირებული სასწავლო დაწესებულების მიერ, ბ. ბ-ზე 2007-2011 წლებში სწავლის შედეგად გაცემულია შესაბამისი სახელმწიფო დიპლომი.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებებს მოცემულ დავასთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია ბ. ბ-ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მოთხოვნისას ცენტრისათვის არ მოუთხოვია საქართველო ,,თ...-ის“ მიერ გაცემული ბაკალავრის ... №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, რომლის თანახმად ბ. ბ-ს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით, თუმცა ვინაიდან ბ. ბ-ის უცხოეთში სწავლის გაგრძელებას საფუძვლად სწორედ აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობა დაედო, ცენტრმა არსებითად მნიშვნელოვნად მიიჩნია მისი შეფასებაც. საქმეში დაცული მტკიცებულებებით კი დგინდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ცენტრმა თავისი ინიციატივით (ვინაიდან ბ. ბ-ს არ ჰქონდა მოთხოვნილი საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება) უთხრა უარი ბ. ბ-ს თ...-ის“ მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, რაც შემდგომ საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს სადავო აქტს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბ. ბ-ის სახელზე საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დაუდასტურებლობის შემთხვევაშიც კი, დიპლომის მიმართ მოქმედი კანონიერი ნდობიდან გამომდინარე, ცენტრი მოკლებული იყო უფლებამოსილებას არ ეღიარებინა მოსარჩელის მიერ უცხოეთში მიღებული განათლება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებულ საქმეებზე უმეტეს შემთხვევაში შესაფასებელია დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც უპირატესად ნდობის დაცვას ნიშნავს. სტაბილურობა გარანტირებულია უკეთუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ორგანოს გადაწყვეტილებები იძენს შეუცვლელ ხასიათს. კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისგან (სუს 21.01.2016წ. გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-623-610(კ-14)). კანონიერი ნდობის საფუძველს ქმნის არა მხოლოდ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სზაკ-ის 601 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 ნაწილები), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებაც (რეალაქტი). კანონიერი ნდობის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებები, კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს ეხება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისთვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას, შესაბამისად დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუს 05.03.2020წ. განჩინება საქმეზე №ბს-1265(კ-19); სუს 23.04.2019წ. განჩინება საქმეზე №ბს-470(კ-19); სუს 04.10.2018წ. განჩინება საქმეზე №ბს-812(კ-18)). კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, უკეთუ დაინტერესებულმა მხარემ დიპლომის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. მმართველობის კანონიერების პრინციპისა და დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპის სამართლიანი ბალანსის დაცვისთვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს კერძო და საჯარო ინტერესთა შორის ბალანსი, უკანონო ქმედების სიმძიმე, დროის ის პერიოდი, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების შემდეგ გავიდა. ბ. ბ-ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებით სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის ხელყოფა არ იკვეთება, ამასთან დაცულია მოსარჩელის უფლება და კანონიერი ინტერესი ჰქონდეს დიპლომი და სრულად განახორციელოს პროფესიული საქმიანობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი ნდობის დაცვაზე უარი სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი უნდა იყოს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერი ნდობის დაცვა არ ხდება, უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება (მხარის მიერ ყალბი დოკუმენტების წარდგენა, არასწორი ინფორმაციის მიწოდება, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვ.), აღნიშნულს მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (სუს 20.10.2021წ. განჩინება საქმეზე №ბს-1065(კ-20)).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (ს/კ 202330566) საკასაციო საჩივარზე 30.06.2021წ. №05621 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.06.2021წ. №05621 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა