საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-822(კ-21) 1 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ა... ცენტრი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 5 ნოემბერს შპს „ა... ცენტრმა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 5 ივნისის N04/32614 გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 4 ოქტომბრის N04/52745 გადაწყვეტილების ნ. დ-ისათვის, ლ. ბ-სათვის, ლ. გ-სათვის, ვ. კ-სათვის, ა. კ-სათვის, ა. ნ-სათვის, თ. კ-სა და მ. ბ-სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სადავო აქტებით გათვალისწინებული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ა... ცენტრის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 5 ივნისის N04/32614 გადაწყვეტილება ნ. დ-ის მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ნ. დ-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 4 ოქტომბრის N04/52745 გადაწყვეტილება ნ. დ-ის მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში 2018 წლის 5 ივნისის N04/32614 გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს ,,ა... ცენტრის" სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელისათვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიხედვით, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში - განმახორციელებელი), რომლის უფლებამონაცვლესაც, საქართველოს მთავრობის N509 დადგენილების საფუძველზე, წარმოადგენს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ხოლო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ამასთან ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური, პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის. შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან. აღნიშნული დადგენილების მე-11 მუხლის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ამავე დადგენილების მე–14 მუხლის მიხედვით ხორციელდება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და ინსპექტირების დროს ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა NoIV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამავე დადგენილების მე-15 მუხლის თანახმად, კი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამ მუხლის მე–2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
კასატორის განმარტებით, ინსპექტირების ეტაპზე გამოვლინდა, რომ ნ. დ-ე მკურნალობდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით, მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია შეტყობინება (შ/ნ 993677671) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზით 150.1-მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა (მწვავე). საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციით, პაციენტის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარმოდგენილი ხანგრძლივობით არ დასტურდებოდა. შესაბამისად, ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო შემთხვევას N993677671 განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N 1-ის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის პირობების თანახმად (შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, თუ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს).
პაციენტი - ლ. ბ-ე მკურნალობდა შპს ,,ა... ცენტრში" 2017 წლის 24 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით. მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია შეტყობინება (შ/ნ 2896499243) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით, გადაუდებელი თერაპია დიაგნოზით: J18.9 პნევმონია, დაუზუსტებელი. პნევმონიის ეროვნული გაიდლაინის მიხედვით, წარმოდგენილი საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციით ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების არსებობა არ დასტურდება. შესაბამისად, ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო შემთხვევას N2896499243 განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის პირობების თანახმად.
პაციენტი - ლ. გ-ა მკურნალობდა შპს ,,ა... ცენტრში“ 2017 წლის 31 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით. მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია შეტყობინება (შ/ნ 3848630141) რამდენიმე პროგრამული კოდით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა დიაგნოზით 150.1 მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა (მწვავე) და გადაუდებელი თერაპია, დიაგნოზით 150.0-მძიმე, ქრონიკული და მწვავე გულის უკმარისობა. საანგარიშგებო დოკუმენტაციით ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარმოდგენილი ხანგრძლივობით არ დასტურდება.
პაციენტი - ვ. კ-ი მკურნალობდა შპს ,,ა... ცენტრში“ 31 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით. მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია შეტყობინება (შ/ნ 3781547888) რამდენიმე პროგრამული კოდით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზით 150.1-მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა (მწვავე) და გადაუდებელი თერაპია, დიაგნოზით 150.0 მძიმე, ქრონიკული და მწვავე გულის უკმარისობა. საანგარიშგებო დოკუმენტაციით ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარმოდგენილია ხანგრძლივობით არ დასტურდება.
პაციენტი - ა. კ-ე მკურნალობდა შპს ,,ა... ცენტრში“ 2017 წლის 3 ნოემბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია შეტყობინება (შ/ნ 3836252760), ორი პროგრამული კოდით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა; დიაგნოზით 150.1 მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა (მწვავე) და გადაუდებელი თერაპია, დიაგნოზით 150.0 გულის ქრონიკული უკმარისობა III ან IV NIHA კლასიფიკაციით. საანგარიშგებო დოკუმენტაციით ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარმოდგენილი ხანგრძლივობით არ დასტურდება.
პაციენტი - ა. ნ-ი მკურნალობდა შპს ,,ა... ცენტრში“ 2017 წლის 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია შეტყობინება (შ/ნ 4078770441) ორი პროგრამული კოდით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზით 150.1-მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა (მწვავე) და გადაუდებელი თერაპია დიაგნოზით 150.0-/-მძიმე, ქრონიკული და მწვავე გულის უკმარისობა. საანგარიშგებო დოკუმენტაციით ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარმოდგენილ ხანგრძლივობით არ დასტურდება.
თ. კ-ე მკურნალობდა შპს ,,ა... ცენტრში“ 2017 წლის 8 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია შეტყობინება (შ/ნ 84951332) ორი პროგრამული კოდით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა დიაგნოზით, 150.1-მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა (მწვავე) და გადაუდებელი თერაპია დიაგნოზით 150.0-/ გულის ქრონიკული უკმარისობა III ან IV NIHA კლასიფიკაციით. საანგარიშგებო დოკუმენტაციით ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარმოდგენილი ხანგრძლივობით არ დასტურდება.
კასატორის განმარტებით, ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ძირითადი ნოზოლოგიური კოდი (გადაუდებელი თერაპია) და შემთხვევა უნდა ანაზღაურდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების დაცვით (როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდების დაფიქსირებას, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%), რასაც მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევების განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, ინსპექტირების ეტაპზე, სამედიცინო შემთხვევებს: №3848630141, №3781547888, №3836252760, №4078770441, №84951332 განესაზღვრათ სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. პაციენტი - მ. ბ-ი პ/ნ ..., მკურნალობდა შპს ,,ა... ცენტრში" 2017 წლის 7 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით. მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია შეტყობინება (შ/ნ 1498783692) რამდენიმე პროგრამული კოდით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზით I21.1-მიოკარდიუმის ქვემო კედლის მწვავე ტრანსმურული ინფარქტი, - ; FNDC1A-გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია, FNSG05-კორონარული არტერიების ანგიოპლასტიკა სტენტის ჩადგმით კანქვეშა ტრანსლუმინალური მიდგომით და გადაუდებელი თერაპია დიაგნოზით 150.0 - - გულის ქრონიკული უკმარისობა III ან IV NIHA კლასიფიკაციით. საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციით, გადაუდებელი თერაპიული მომსახურების ჩატარება ჰოსპიტალიზაციის ბოლო 2 დღის განმავლობაში არ დასტურდება, შესაბამისად, ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ შემთხვევა უნდა ანაზღაურდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების შესაბამისად, რასაც მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პირობებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო შემთხვევას შ/ნ 1498783692, ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, არსებული მტკიცებულებებით შეუძლებელია დადასტურდეს წინმსწრებ შემთხვევებზე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ჩატარების მოცემულობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ა... ცენტრის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 5 ივნისის №04/32614 გადაწყვეტილება ნ. დ-ის მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ნ. დ-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 4 ოქტომბრის №04/52745 გადაწყვეტილება ნ. დ-ის მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში 2018 წლის 5 ივნისის №04/32614 გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მხოლოდ ნ. დ-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების, კერძოდ 816,66 ლარის ანაზღაურებაზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) მხრიდან უარის თქმის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლის დანართი №1-ის პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში - რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
დადგენილია, რომ ნ. დ-ე წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მოსარგებლე პირს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, შემთხვევათა კლასიფიკაცია შეიძლება ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობის დარღვევა გახდა მოსარჩელისათვის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტი ნ. დ-ე შპს ,,ა... ცენტრში’’ სამკურნალოდ 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 4 ნოემბრამდე იმყოფებოდა. აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობიდან ირკვევა, შემდეგი დიაგნოზი: ძირითადი დაავადება - გიდ: არასტაბილური სტენოკარდია (პროგრესირებადი) (I20.0), ტრიკუსპიდული ნაკლოვანება (მძიმე) (I36.1), მიტრალური სტენოზი - რევმატული გენეზის (მძიმე) (I05.0); გართულებები - მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა (კარდიული ასთმა) (I50.1), გულის უკმარისობა III (NYHA) (I50.9), წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა (პერმანენტული ფორმა) (I48); თანმხლები დაავადება - არტერიული ჰიპერტენზია I (ESC/ESH) (I10), ტრიკუსპიდული სტენოზი (ზომიერი) (I36.0), აორტული ნაკლოვანება (ზომიერი) (I35.1), მიტრალური ნაკლოვანება (ზომიერი) (I34.0), პულმონური ჰიპერტენზია - მეორადი (ზომიერი) (I27.2), შაქრიანი დიაბეტი (ტიპი2), დაუზუსტებელი გართულებებით (E11.8); ავადმყოფობის მიმდინარეობა: პაციენტი მოთავსდა კლინიკაში დიაგნოზით გიდ. მწვავე კორონალური სინდრომი (ST ელევაციის გარეშე), მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა (კარდიულიასთმა), აღენიშნებოდა მოჭერითი ხასიათის ტკივილები გულმკერდში, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, შეგუბებითი ცვლილებები მცირე წრეში, სატურაციის დაბალი მაჩვენებელი (Sa02 -88%). ანგინოზური ტკივილის კუპირება ხდებოდა ანალგეტიკების ფონზე. დაწყებულ იქნა ანტიანგინალური თერაპია, დიურეზის ფორსირება, ოქსიგენოთერაპია. პაციენტი საჭიროებდა ანტიკოაგულაციურ თერაპიას, თუმცა მეტრორაგიის გამო ვერ დაინიშნა. ჩატარდა კარდიოქირურგიული კოლოქვიუმი და მიჩნეულ იქნა, რომ თანმხლები დაავადების გათვალისწინებით სტაციონარში მკურნალობის ეტაპზე ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ძალიან მაღალი იყო სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენის განვითარების რისკი, საშიში იყო ანტიკოაგულაციური თერაპიის დანიშვნა, რის გამოც მიეცა რჩევა გინეკოლოგის კონსულტაცია, კორონაროგრაფია და განმეორებით კარდიოქირურგის კონსულტაცია, რათა შეფასებულიყო ოპერაციული ჩარევის რისკი, სარგებელი და მოცულობა. ჩატარებული მკურნალობის ფონზე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, 2017 წლის 3 ნოემბრის საღამოდან ანგინოზური ტკივილი, გულის უკმარისობის მოვლენები არ განახლებულა. აღნიშნული სამედიცინო შემთხვევა, ნომრით N993677671, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაეცა 2017 წლის 1 ნოემბრის 12:40 სთ-დან 2017 წლის 4 ნოემბრის 11:00 სთ-მდე პერიოდში I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ანაზღაურების მიზნით.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია და ამას არც კასატორი ხდის სადავოდ, რომ პაციენტს ნამდვილად ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუმცა პაციენტ ნ. დ-ის სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’. წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. კერძოდ, მითითებულ იქნა, რომ საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციით, პაციენტის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ამ ხანგრძლივობით დაყოვნების აუცილებლობა არ დასტურდება.
კასატორის განმარტებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-14 მუხლით განსაზღვრულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ფარგლები. ინსპექტირების მიზანი წარდგენილი დოკუმენტაციის გამართულობის შემოწმებაა, რაც შეიძლება გამოიხატოს მიმწოდებლის მიერ პროგრამის განმახორციელებლისათვის მატერიალურად წარდგენილი დოკუმენტაციის და პროგრამულად შეტყობინების სისტემით წარდგენილი ინფორმაციის შედარებაში, მათი ურთიერთშესაბამისობის თუ შეუსაბამობის დადგენაში, რაც შემდგომ გავლენას ახდენს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხზე. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილ პირს უნდა შეეფასებინა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 14.1 მუხლში მოცემული საანგარიშგებო დოკუმენტაცია. კონკრეტულ შემთხვევაში კი, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV–100/ა და პაციენტის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაცია), სადავო აქტი დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება, თუ გარემოება წარმოშობდა შპს ,,ა- ცენტრის“ სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. გასაჩივრებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 5 ივნისის N04/32614 გადაწყვეტილებაში ზოგადად არის აღნიშნული, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, რადგან საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციით, პაციენტის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ამ ხანგრძლივობით დაყოვნების აუცილებლობა არ დასტურდება. თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება. შესაბამისად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს მოცემული დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტას, რამდენადაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც წარმოშობს მოპასუხისათვის ამ გარემოებათა ხელახალი შესწავლა-შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საჭიროებას.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონით უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული დამოუკიდებლობა. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ექიმი პაციენტის ანამნეზის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მიღებული ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე პირადად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახის მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს პაციენტს.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 4 ოქტომბრის N04/52745 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 19.10.2021წ. N27812 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ხოლო 05.11.2021წ. N29610 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 302,40 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი შესაბამისად კი, საკასაციო საჩივრისათვის, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარს, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ნ. დ-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების, კერძოდ 816,66 ლარის ანაზღაურებაზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) მხრიდან უარის თქმის კანონიერების შემოწმება სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 302,40 ლარი (05.11.2021წ. N29610 საგადახდო მოთხოვნა) და ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი 19.10.2021წ. N27812 საგადახდო მოთხოვნით, სულ - 512,40 ლარი (302,40+210=512,40) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.11.2021წ. N29610 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 302,40 ლარი და 19.10.2021წ. N27812 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, სულ - 512,40 ლარი (302,40+210=512,40) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე