საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1082(კ-21) 15 ნოემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - დ. მ-ი, გ. ჩ-ე, ნ. ჩ-ე, ქ. მ-ი, შ. ჩ-ი, ც. ჩ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი. გ-მა 2017 წლის 18 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამავე სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლის საფუძველზეც გამოსწორებული იქნება ხარვეზი, კერძოდ, ცნობა-დახასიათებაში ნაკვეთის მესაკუთრ(ეებ)ის/მოსარგებლ(ეებ)ის აღწერის გრაფაში მიეთითება მხოლოდ ი. გ-ი, როგორც კანონიერი მესაკუთრე/მოსარგებლე შემდეგი სახით: ფართობი დოკუმენტით - 364 კვ.მ.; კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ფართი - 111 კვ.მ.; საფუძვლები: 364 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საფუძვლად მიეთითება: 1930 წლის აღნაგობის ხელშეკრულება ..., 18.05.2001 წლის სამკვიდრო მოწმობა ..., სახლთმფლობელობის სააღრიცხვო ბარათი 1038, ტექნიკური აღრიცხვის სააღრიცხვო ბარათი №..., 1989 წლამდე არსებულ გენგეგმაში ნაჩვენებ საზღვრებში; 111 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საფუძვლად მიეთითება: 1938 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 71-ე მუხლი, შენიშვნა 1 (აღნაგობის უფლების ხელშეკრულება შეიძლება გავრცელებულ იქნას მიწის ისეთ ნაკვეთზე, რომელიც პირდაპირ არ არის დანიშნული შენობისთვის, ხოლო ხელს უწყობს მას მეურნეობრივად), 1989 წლამდე არსებულ გენგეგმაში ნაჩვენებ საზღვრებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მა.
კასატორის მითითებით, ჯერ კიდევ 03.06.1986 წელს ტექბიუროს მიერ არასწორად იქნა მომზადებული საინვენტარიზაციო გეგმა, რომელშიც არ იქნა ასახული ზ. გ-ის სახელზე აღრიცხული კანონიერი მფლობელობის უფლება 364 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ხოლო ს. ჩ-ის სახელზე ასახულ იქნა ისეთი უფლება მიწის ნაკვეთზე, რაც მას არ შეუძენია. ტექბიუროს მიერ საქმის სწორად წარმართვის შემთხვევაში, მისი მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაკმაყოფილდებოდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არასწორად გამოიკვლია მისთვის მიწოდებული და მის ხელთ არსებული ტექბიუროს არქივში დაცული ინფორმაცია, რაც აისახა ცნობა-დახასიათებაში, არ გაითვალისწინა და არ იხელმძღვანელა უფლების დამდგენი ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტაციით, როგორიცაა 1930 წლის აღნაგობისა და 1944 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებები 1967 წლის ტექნიკური აღრიცხვის №... ბარათში გ-ების უფლების დამდგენ დოკუმენტად არის მითითებული. 1930 წლის ხსენებული ხელშეკრულება ასევე მითითებულია ზ. გ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტად ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 24.10.1977 წელს გაცემულ ცნობაში. სააგენტომ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოტანისას სრულყოფილად გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ცნობა-დახასიათება მოემზადებინა ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებზე დაყრდნობით. აღნიშნულის უგულებელყოფით კი, სააგენტომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც ი. გ-ს უარი ეთქვა ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და ცნობა-დახასიათებაში ცვლილების შეტანაზე იმ სახით, როგორც ამას ითხოვდა მოსარჩელე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კი, ამავე კანონის მე-2 მუხლის „ტ“ პუნქტის თანახმად, გულისხმობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თავისუფალი გაცნობისა და გაცემის უზრუნველყოფას. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, დაინტერესებული პირის განცხადების/მიმართვის საფუძველზე, გასცემს ინფორმაციას უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, უძრავი ნივთის ცნობა-დახასიათებას, უძრავი ნივთის საინვენტარიზაციო გეგმას, არქივში დაცული დოკუმენტის ასლს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 13 აპრილს ი. გ-მა განცხადებით (რეგისტრაციის №...) მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც ქ. თბილისში, ... ქ. №35-ში მდებარე უძრავ ნივთზე ცნობა-დახასიათების მომზადება მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 14 აპრილს მოამზადა ცნობა-დახასიათება, სადაც აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №35-ში აღრიცხულია 475 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებად მითითებული არიან - გ. ჩ-ე, ი. გ-ი და ნ. ჩ-ე. თანამესაკუთრედ ი. გ-ის აღრიცხვას საფუძვლად დაედო 1967 წლის №... სააღრიცხვო ბარათი. დოკუმენტის მიხედვით, მიწის ნაკვეთი არის 282 კვ.მ., ხოლო კანონიერ სარგებლობაში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული მიწის ნაკვეთი - 193 კვ.მ., სხვა თანამესაკუთრეებს დოკუმენტებში მითითებული აქვთ 401 კვ.მ., კანონიერ სარგებლობაში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე კი - 74 კვ.მ.
ასევე დადგენილია, რომ ი. გ-მა 2016 წლის 21 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა №... განცხადებასთან დაკავშირებით მომზადებული ცნობა-დახასიათების შესწორება, კერძოდ, ი. გ-ის ნაწილში არასწორად მითითებული მიწის ნაკვეთის ფართობისა და აღრიცხვის საფუძვლის შესწორება, რაზედაც დაინტერესებულ მხარეს, ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 2016 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით განემარტა, რომ მომზადებული დოკუმენტი შეესაბამებოდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებულ მონაცემებს.
ი. გ-მა 2016 წლის 21 ნოემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით, რომლითაც სააგენტოს 2016 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სააღრიცხვო ბარათსა და ცნობა-დახასიათებაში ცვლილების შეტანა მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ი. გ-ის 2016 წლის 21 ნოემბრის №... ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 2016 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურს დაევალა №... განცხადებასთან დაკავშირებით სრულყოფილი ცნობა-დახასიათების მომზადება, ამ გადაწყვეტილების 2.2.11 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ, 2.2.11 პუნქტით დადგენილ იქნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო გაეცა ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, ვინაიდან 2016 წლის 14 აპრილს გაცემულ ცნობა-დახასიათებაში არასწორად იქნა მითითებული კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი, კერძოდ, ნაცვლად 282 კვ.მ.-ისა მითითებული უნდა ყოფილიყო 401 კვ.მ., დანარჩენ ნაწილში კი ცნობა-დახასიათება შეესაბამებოდა არქივში დაცულ ბოლო მონაცემებს.
საკასაციო სასამართლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-10 მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ინფორმაციის მომზადებისას თავად დაადგინოს გარკვეული მონაცემები, კერძოდ, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით კონკრეტულად არ დგინდება მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობები და საზღვრები, იგი თავად ადგენს ფართობს და საზღვარს აღნიშნული ნაწილების შეერთების წერტილების მიხედვით; მას შეუძლია დაამოწმოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს სააღრიცხვო ბარათში არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები სათანადო წესით, თუ ისინი ინახება დაუმოწმებელი სახით; თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში ერთ უძრავ ნივთზე მოცემულია რამდენიმე სააღრიცხვო გეგმა და მათზე არსებული მონაცემები ერთმანეთს არ შეესაბამება, უფლებამოსილი პირის მიერ უნდა გაიცეს ის სააღრიცხვო გეგმა, რომელიც შეესაბამება ამ უძრავ ნივთზე არქივში დაცულ ბოლო მდგომარეობას; თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათზე დატანილ თანამესაკუთრეთა სიაში არ არის მითითებული უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული რომელიმე თანამესაკუთრე, ასეთ შემთხვევაში ცნობა-დახასიათება ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი უფლებამოსილი პირის მიერ უნდა გაიცეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით დადგენილი ბოლო უფლებრივი მდგომარეობის შესაბამისად; თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათზე უფლება არ არის აღრიცხული, მაგრამ სააღრიცხვო ბარათში ინახება უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ტექნიკური აღრიცხვის არქივი ინფორმაციას გასცემს სააღრიცხვო ბარათში დაცული შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 1967 წლის №... სააღრიცხვო ბარათის მონაცემებით ქ. თბილისში, ... ქ. №35-ში მდებარე სახლთმფლობელობა აღრიცხული იყო ზ. გ-ზე და ს. ჩ-ეზე, უფრო კონკრეტულად კი, 1930 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულების (სანოტარო წესით დამოწმების თარიღი - 23.02.1930წ., ნომერი - ...) თანახმად, თბილისის აღმასკომის კომუნალური მეურნეობის საიჯარო-საექსპლოატაციო ქვეგანყოფილებამ ქ. თბილისში, ... ქუჩაზე (ამჟამინდელი ... ქ.) მდებარე 364,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იჯარით მისცა ზ. გ-ს („აღმნაგს“). ქ. თბილისში, ... ქ. №35-ის სააღრიცხვო მონაცემებში წარმოდგენილი 23.10.1944 წლის №... ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით კი, ზ. გ-მა საკუთარი საცხოვრებელი სახლის 2/3 ნაწილი მიჰყიდა ს. ჩ-ეს. ზ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ, მის ქონებაზე, კერძოდ, მთლიანი სახლთმფლობელობის 1/3 ნაწილზე აღირიცხა ნ. გ-ის საკუთრების უფლება (საფუძველი - 26.08.1989 წლის რ№... მემკვიდრეობის მოწმობა). ნ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ მის წილზე - 1/3 ნაწილზე აღირიცხა ი. გ-ის საკუთრების უფლება (საფუძველი: 18.05.2001 წლის რ№... სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება).
საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებული პრეტენზიების კანონიერების შემოწმების მიზნით ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ 23.10.1944წ. №... ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლითაც დასტურდება, რომ ზ. გ-მა საკუთარი საცხოვრებელი სახლის 2/3 ნაწილი მიჰყიდა ს. ჩ-ეს, რაც ნიშნავდა მთლიანი სახლთმფლობელობიდან წილის გადაცემას და თავის მხრივ, მოიაზრებდა შემდგომში სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად ქცეულ მიწის ნაკვეთსაც. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 14 აპრილს გაცემულ ცნობა-დახასიათებაში არასწორად იქნა მითითებული კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი, კერძოდ, ნაცვლად 282 კვ.მ.-ისა, მითითებული უნდა ყოფილიყო 401 კვ.მ., ვინაიდან ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული თბილისის ... რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 1 მარტის №484 გადაწყვეტილების თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. №35-ში აშენებულ სახლს დაუმაგრდა 401 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის გასაჩივრებული №... გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარზე ი. გ-ს 11.11.2021წ. №28304915 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. გ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება.
3. ი. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.11.2021წ. №28304915 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე