საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1146(კ-21) 15 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ქ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მესამე პირი - შპს „მ... უნივერსიტეტი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ქ. ა-მა 2018 წლის 25 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა შპს „მ... უნივერსიტეტის“ მიერ ქ. ა-ის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 მარტის №MES 41800324016 და 2018 წლის 26 აპრილის №MES 91800476905 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრისათვის ქ. ა-ის სასარგებლოდ ... №... (სარეგისტრაციო №...) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ქ. ა-ის სარჩელზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 მარტის №MES 41800324016 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ გაუშვა ხსენებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. ა-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინება და 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ა-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებით ქ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება. ასევე უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 მარტის №MES 41800324016 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რამაც მოსარჩელის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების უკანონოდ ხელყოფა განაპირობა.
კასატორის განმარტებით, მან, როგორც ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებულმა პირმა, გამოიყენა კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლება და არჩევანი გააკეთა, მისთვის სასურველი ფორმით მიეღო უმაღლესი განათლება შემჭიდროვებულ ვადებში საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მინიჭებულ დასვენების დღეებში სწავლის სანაცვლოდ. კასატორის განმარტებით, მისი მხრიდან პროფესიული გამოცდების ჩაბარება ნამდვილად ადასტურებს შესაბამისი იურიდიული ცოდნის მიღებას. ხოლო მესამე კურსზე მისი ჩარიცხვა განაპირობა მოსარჩელის მიერ სასწავლებელში ჩარიცხვამდე მიღებულმა განათლებამ, მის მიერ შესწავლილი საგნები ორი სრული კურსისთვის გათვალისწინებული კრედიტების ტოლფასი იყო. კასატორის განმარტებით, იგი საქმიანობს იურიდიულ სფეროში, რაც ქ. ა-ის მხრიდან კანონიერი ნდობის საფუძველს წარმოშობდა. დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარი კი, გამორიცხავს მის გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზეა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საკასაციო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ა-ის საკასაციო საჩივარი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 მარტის №MES 41800324016 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, ხოლო საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. ა-ის სარჩელი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 აპრილის №MES 91800476905 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 მარტის №MES 41800324016 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ამ ნაწილში ქ. ა-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ გაუშვა ხსენებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. საქალაქო სასამართლოს ხსენებული განჩინებით განიმარტა მისი გასაჩივრების შესაძლებლობა კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 12 დღის ვადაში.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის როგორც განჩინება, ისე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ა-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებით ქ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება. ასევე უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 მარტის №MES 41800324016 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ამავე განჩინებით განიმარტა მისი გასაჩივრების შესაძლებლობა საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა გამორიცხავს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას. შესაბამისად, ქ. ა-ის მიერ წარდგენილ სააპელაციო, თავისი არსით, კერძო საჩივართან დაკავშირებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომელიც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 მარტის №MES 41800324016 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის უსაფუძვლობას, საბოლოოა და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მისი დამატებითი გასაჩივრების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა კერძო საჩივარზე ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, შესაბამისად, მისი განხილვა მთავრდება კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კერძო საჩივართან დაკავშირებით დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ამ სახის აღმკვეთ საპროცესო წესზე გავლენას ვერ იქონიებს მხარის მიერ საჩივრის ზემდგომ ინსტანციაში წარდგენა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით გასაჩივრების უფლების განმარტება, დამოუკიდებლად არ წარმოშობს კერძო საჩივრის ნაწილში განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილებას, რადგან განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ნორმატიული საფუძველი და არა სასამართლოს განმარტება. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების სპეციალური წესი იმპერატიულია, შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება სასამართლოს მიხედულების, მიზანშეწონილობის სფეროს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ა-ის საკასაციო საჩივარი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 მარტის №MES 41800324016 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი, რამდენადაც, აღნიშნულ ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან დამატებით გადასინჯვას არ ექვემდებარება. ამდენად, ქ. ა-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 აპრილის №MES 91800476905 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „მ... უნივერსიტეტის“ მიერ ქ. ა-ის სახელზე გაცემული ბაკალავრის ... №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. ამასთან, აღნიშნული არ გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებას, რომლებითაც განსაზღვრული იქნება კონკრეტული წინაპირობები პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების მიზნებისათვის, რაც პირდაპირ უკავშირდება ხარისხიანი განათლების მიღებას.
განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეიქმნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ცენტრი, ამავე კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულია ცენტრის საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები, კერძოდ, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ცენტრი, ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ, ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას ან უარს ამბობს ასეთი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე („წესის“ 3.7 მუხლი). ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე („წესის“ 3.8 მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1992 წლის 3 ივლისს შპს „ბ... ინსტიტუტზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №... ლიცენზია. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, მათ შორის, შპს „ბ...“ ინსტიტუტის მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილებით შპს „ბ... ინსტიტუტს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანებით შევიდა ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, კერძოდ, შპს „ბ... ინსტიტუტს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „მ... ინსტიტუტი“, 2008 წლის 13 თებერვალს აღნიშნულ იურიდიულ პირს ეწოდა შპს „მ... ინსიტუტი“, ხოლო 2010 წლის 29 ივნისიდან ეწოდება შპს „მ... უნივერსიტეტი“. აღნიშნულმა იურიდიულმა პირმა 2014 წლიდან შეწყვიტა საგანმანათლებლო საქმიანობა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. ა-ი 1992-1995 სწავლობდა თბილისის ი... კოლეჯში, დაამთავრა საშუალო პროფესიული განათლების პროგრამის სრული კურსი, პროფესიით - სამართალმცოდნე. სახელმწიფო საგამოცდო საატესტაციო კომისიის 1995 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. შპს „მ... ინსტიტუტის“ რექტორის 2008 წლის 29 სექტემბრის №.../... ბრძანებით ქ. რ-ი (გვარის შეცვლამდე) ჩაირიცხა ამავე სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსზე. მასვე შპს „მ... უნივერსიტეტის“ 2011 წლის 8 სექტემბრის №.../... გადაწყვეტილებით მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ქ. ა-მა 2018 წლის 26 თებერვალს მიმართა სსიპ-განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს შპს „მ... უნივერსიტეტის“ მიერ 2012 წელს გაცემული ბაკალავრის ... №... დიპლომის (დანართი) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. აღნიშნული განცხადების დაკმაყოფილებაზე ქ. ა-ს 2018 წლის 23 მარტის №MES 4 18 00324016 განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის განცხადებით უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ ქ. ა-ს არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება არც ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და არც უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე.
ქ. ა-მა 2018 წლის 3 და 16 აპრილს კვლავ მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებებით შპს „მ... უნივერსიტეტის“ მიერ 2011 წელს ქ. ა-ის სახელზე გაცემული ბაკალავრის ... №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 აპრილის №MES 9 18 00476905 გადაწყვეტილებით ქ. ა-ს უარი ეთქვა განცხადებების განხილვაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესზე, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც გაიარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უფლება მოიპოვეს, ისწავლონ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, და მათ უგზავნის შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული ვალდებული არიან აბიტურიენტები მიიღონ მხოლოდ აღნიშნული სიების მიხედვით (52.10 მუხ.).
საკასაციო პალატა, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად აღნიშნავს, რომ ქ. ა-ს არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით, მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით. გარდა იმისა, რომ მოსარჩელე სწავლობდა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მას შესაბამისი წესით არ ჰქონდა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელე სწავლობდა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ამასთანავე, მას შესაბამისი წესით არ ჰქონდა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება - ჩაბარებული არ ჰქონდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, ქ. ა-ის, შპს „მ... ინსტიტუტის“ სწავლების პერიოდი, მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, რის გამოც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2018 წლის 26 აპრილის №MES 9 18 00476905 გადაწყვეტილებაში მოსარჩელის განცხადებების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებს, რომ განმცხადებლის მიერ არ არის წარმოდგენილი ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა (მტკიცებულებათა) არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც განაპირობებს განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა გარემოებებს შპს „მ... უნივერსიტეტის“ მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების საკითხთან დაკავშირებით. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელის მიმართ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარი მდგომარეობს იმაში, რომ ცენტრში დაცული ინფორმაციის მიხედვით, ქ. ა-ს არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება არც ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და არც უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე.
ამგვარი მოცემულობის არსებობის პირობებში, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 აპრილის №MES 9 18 00476905 სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას კანონიერ ნდობასთან მიმართებაში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისათვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას. შესაბამისად, დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ, №ბს-1265(კ-19), 05/03/2020); №ბს-470(კ-19), 23/04/2019; №ბს-812(კ-18), 04/10/2018). ამასთან, განათლების სფეროში, სახელმწიფოს მხრიდან ზემოხსენებული პრინციპის მოთხოვნების გათვალისწინების ვალდებულება ასევე გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან (Mürsel Eren v. Turkey), თუმცა პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ა-ს ვერ ექნება კანონიერი ნდობა მის მიმართ გაცემული დიპლომის მიმართ, ვინაიდან მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა, კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გვერდის ავლით, რაც გამორიცხავს მის მიმართ კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარზე ი. მ-ეს 04.03.2021წ. №0 საგადასახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. მ-ეს (პირადი ნომერი ...) უნდა დაუბრუნდეს ქ. ა-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 მარტის №MES 41800324016 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში, განუხილველად დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
2. ქ. ა-ის საკასაციო საჩივარი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 აპრილის №MES 91800476905 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრისათვის ქ. ა-ის სასარგებლოდ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება.
3. ი. მ-ეს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს ქ. ა-ის საკასაციო საჩივარზე 04.03.2021წ. №0 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე