საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-17(კ-21) 15 ნოემბერი, 2022 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. დ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 6 სექტემბერს ზ. დ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ „ზ. დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/302 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის, მოსარჩელის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ... სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენისა და ზ. დ-ის სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის მისი განთავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ზ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ზ. დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/302 ბრძანება; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. დ-ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ... სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საავტომობილო გზების დეპარტამენტს ასევე დაევალა ზ. დ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან - 2018 წლის 8 აგვისტოდან მის სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს, რომ დეპარტამენტის რეორგანიზაციამდე საავტომობილო გზების ... სამმართველოს მოსამსახურეთა ფუნქციები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არ ყოფილა. მართალია, რანგირების მიხედვით, ... სამმართველოსთვის დამტკიცებული არ იყო ფუნქცია-მოვალეობები, თუმცა ხსენებული სამმართველოსთვის მოქმედი იყო №63 ბრძანება, რომლითაც სწორედ აღნიშნული ფუნქცია-მოვალეობები დამტკიცდა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა, რომ სამმართველოს პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შორის არსებული განსხვავება არ არის განსაზღვრული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კასატორის მითითებით, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აწესებს „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილება, რითაც განსაზღვრულია მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ამდენად, დეპარტამენტი მოქმედებს აღნიშნული დადგენილების შესაბამისად და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მის საფუძველზე ადგენს.
კასატორის მითითებით, არასწორია პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტებისთვის რეორგანიზაციის შედეგად დამტკიცებული ფუნქციების შედარება, ვინაიდან მათთვის განისაზღვრა სრულიად ახალი ფუნქციები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც შესასრულებელი დავალებებით, ასევე მათი პრიორიტეტულობით. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პასუხისმგებლობის ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის.
კასატორის განმარტებით, დეპარტამენტმა, მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა არ წარმოადგენდა მოსარჩელის გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასს, ხოლო მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე შეირჩა ის კანდიდატურა, რომელსაც გააჩნდა იმ სპეციფიკური საქმიანობის გამოცდილება, რომლითაც დაიტვირთა აღნიშნული შტატი.
კასატორი აღნიშნავს, რომ თანამდებობა, სადაც ზ. დ-ი იყო დასაქმებული, რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა. ძირითად უფლებამოსილებათა წრე შეცვლილ იქნა, ცვლილება კი არ არის ფორმალური ხასიათის, კერძოდ, რეორგანიზაციის შემდეგ დაკისრებული უფლება-მოვალეობები პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისთვის, ანუ იმ თანამდებობისთვის, რაზეც სასამართლომ აღადგინა ზ. დ-ი, არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე დაკისრებული უფლება-მოვალეობებისაგან. რეორგანიზაციის შედეგად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის სამმართველო ჩამოყალიბდა აბსოლუტურად სხვა ფუნქციურად დატვირთულ და გაძლიერებულ სტრუქტურულ ერთეულად. თუმცა აღნიშნული გარემოება სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს.
კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონსტიტუციით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი (ამჟამად მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლი) იცავს მოქალაქეს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. ამდენად, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. იმავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ. დ-ი 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 13 იანვრის №პ/196 ბრძანების საფუძველზე, ზ. დ-ი გადაყვანილ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების ... სპეციალისტის თანამდებობაზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 30 ივნისის №პ/351 ბრძანებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების ... სპეციალისტის საშტატო ერთეული, რომელიც ეკავა მოსარჩელე ზ. დ-ს გარდაიქმნა იმავე სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №40/ო ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის №10/ო ბრძანებაში და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და თანამდებობათა დასახელებები განისაზღვრა დანართის შესაბამისად, რომლის თანახმად დგინდება, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო სულ 226 საშტატო ერთეული, ხოლო დეპარტამენტის საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ... სამმართველოში დადგენილი იყო 9 საშტატო ერთეული, რომელთაგან 1 - სამმართველოს უფროსის, 1 -პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, 6 - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და 1 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული იყო.
დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 მაისის №119 ბრძანებით საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაიწყო რეორგანიზაცია, რის შედეგადაც უნდა განხორციელებულიყო დეპარტამენტის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურის მიღება, აგრეთვე საშტატო ერთეულის გადაადგილება ან/და შემცირება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №94/ო ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა, რომლის თანახმად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში გათვალისწინებულ იქნა 189 საშტატო ერთეული. ამასთან, საავტომობილო გზების ... სამმართველოს ნაცვლად განისაზღვრა ...ის სამმართველო, ხოლო აღნიშნულ სამმართველოში გათვალისწინებულ იქნა სულ 8 საშტატო ერთეული, რომელთაგან სამმართველოს უფროსის 1 საშტატო ერთეული, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 6 საშტატო ერთეული და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული იქნა დადგენილი.
2018 წლის 8 აგვისტოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, შტატების შემცირების საფუძვლით, გამოსცა საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/302 სადავო ბრძანება მოსარჩელე ზ. დ-ის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებისა და რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ... სამმართველოს ნაცვლად განსაზღვრულ ...ის სამმართველოში 6 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ნაცვლად, განისაზღვრა 6 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული და მთლიანად გაუქმდა მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული, ხოლო მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული განისაზღვრა 1 ერთეულით. ამასთან, საკასაციო სასამართლო, მითითებული სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის, პირველი და მეორე კატეგორიის ფუნქციების, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის ამოცანები და კომპეტენცია, საავტომობილო გზების ... სამმართველოს ნაწილში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №43/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულებით ძირითადად არსებითად დარჩა უცვლელი, კერძოდ, აღნიშნული სამმართველოს ამოცანას წარმოადგენდა კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიის, გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის შედგენისა და ნუსხის დამტკიცების ან მასში ცვლილების შეტანის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სრულყოფა, მათი საექსპლუატაციო მაჩვენებლების სისტემატური ამაღლების ძირითადი მიმართულებების, მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოების ყოველწლიური და პერსპექტიული სამუშაო გეგმების შემუშავება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმება და დეპარტამენტის უფლებამოსილი პირისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და ა.შ., ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის ამოცანად და კომპეტენციად, ...ის სამმართველოს ნაწილში, განისაზღვრა საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ერთიანი სტრატეგიული მიმართულების და დოკუმენტების შემუშავება, კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით, ყოველწლიურად დაგეგმილი საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ნუსხის/გეგმის შემუშავება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით და ხელმძღვანელობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და ა.შ.
საკასაციო პალატა მხარის ყურადღებას მიაქცევს საშტატო ნუსხებით გათვალისწინებულ თანამდებობათა უფლება-მოვალეობებზე და აღნიშნავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან განთავისუფლება მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება, თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას.
საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას.... საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას (სუსგ №ბს-449-442(კ-15), 08.12.15). შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე. ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.
ამგვარი მოცემულობის არსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლო, საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობისა და საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, მხარის საყურადღებოდ განმარტავს, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა ისეთ პირობებში, როდესაც არსებითად არ შეცვლილა იმ სამმართველოს ფუნქციები, რომელშიც იგი მუშაობდა, არსებითად არ შეცვლილა იმ საშტატო ერთეულებისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულების ნაცვლად განისაზღვრა და იგივე საშტატო ერთეულები არსებითად იმავე ფუნქციებით არის დატვირთული, რაც მოსარჩელის მიერ დაკავებულ მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულს ევალებოდა. საშტატო ერთეულებს შორის ფუნქციურ დატვირთვასა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შორის არსებითი განსხვავების გარეშე კი, რანგირება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და მათი გადანაცვლება არ უნდა ჩაითვალოს საშტატო ერთეულების შემცირებად. ამრიგად, საკასაციო სასამართლო, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და ასკვნის, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული ტრანსფორმირდა პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულად არსებითი ცვლილებების გარეშე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ზ. დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სადავო აქტი სწორად იქნა ბათილად ცნობილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მართებულად დაევალა მოსარჩელის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ... სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო (კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტი). ამდენად, მოსარჩელე ზ. დ-ის სამსახურში აღდგენის პირობებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტს მართლებულად დაევალა მოსარჩელისათვის განაცდური მიუღებელი ხელფასის (თანამდებობრივი სარგო, დანამატი) ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე