Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1019(კ-21) 1 ნოემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ჯ. თ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2019 წლის 13 მარტს ჯ. თ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 დეკემბრის №MOD 0 18 00007460 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ჯ. თ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ (ავადმყოფობის გამო) ქვეპუნქტზე (პირადი პატაკის) მითითებით, გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. თ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით ჯ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. თ-ემ.

კასატორის მითითებით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილია სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები, კერძოდ: ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას; ბ) ავადმყოფობის გამო; გ) რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის; ე) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის; ვ) ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ზ) პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი; თ) კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე; ი) პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

,,სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით კი, განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურის ავადმყოფობის გამო სამსახურიდან დათხოვნის წესები. აღნიშნული დადგენილების მე-17 თავის მე-3 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო დასათხოვი სამხედრო მოსამსახურე იგზავნება სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად. სამხედრო-სამედიცინო კომისია ხელმძღვანელობს ,,სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 1999 წლის 4 აგვისტოს დამტკიცებული №481 ბრძანებულებით. მითითებული ბრძანებულებით განსაზღვრულია საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევი მოქალაქეებისა და სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმების ორგანიზებისა და ჩატარების წესი. ბრძანებულების მე-2 მუხლის თანახმად, სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება საქართველოს სამხედრო ძალებში საქართველოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირების, აგრეთვე სხვა ქვეყნის მოქალაქეების (შემდგომში – მოქალაქეების) ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამხედრო სამსახურისათვის მათი ვარგისიანობის კატეგორიის დადგენის მიზნით. მითითებული წესის თანახმად, სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიები ხელმძღვანელობენ „საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო-საექიმო ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 24 დეკემბრის №360 ბრძანებით დამტკიცებული დაავადებების ცხრილითა და თანდართული ფორმებით. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დაავადებების ცხრილი განსაზღვრავს სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის კატეგორიებს შესაბამისი გრაფების მიხედვით.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მხრიდან სწორედ აღნიშნული ცხრილი და მასში მითითებული კატეგორიები არ იქნა სწორად გამოკვლეული, რის გამოც სასამართლომ დაადგინა არასწორი ფაქტობრივი გარემოება, რაც არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და საქმის რეალური მოცემულობიდან. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მართალია მიუთითა, რომ დაავადების თითოეული მდგომარეობის არსებობა განსაზღვრავს სამხედრო სამსახურისთვის ვარგისიანობის კატეგორიას, თუმცა არ შეაფასა ის გარემოება თუ რატომ მიიჩნია კომისიამ ჯ. თ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა „საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო-საექიმო ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 24 დეკემბრის №360 ბრძანებით დამტკიცებული დაავადებების ცხრილის 26-ე მუხლის ,,ბ“ და არა ,,გ“ კატეგორიად, მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნაშიც კი, მითითებულია, რომ ჯ. თ-ეს დაუდგინდა დიაგნოზი: გავა-წელის რადიკულიტი, მარჯვენა მხრივი ლუმბოიშიალგიური სინდრომით, ხშირი გამწვავებებით. სამედიცინო ისტორიიდან ცალსახად დგინდება, რომ დაავადება არის ქრონიკული, ხოლო მისი მკურნალობა უშედეგოა, რაც გამორიცხავს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის უმნიშვნელო დარღვევებს.

კასატორის მოსაზრებით, ასევე არასწორია სასამართლოს შეფასება, რომ არა აქვს მნიშვნელობა ჯ. თ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაავადებათა ცხრილის 26-ე მუხლის ,,ბ“ კატეგორიისადმი მიკუთვნებას, რადგან ამ შემთხვევაშიც არ არსებობდა მისი სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად მიჩნევის საფუძველი. კასატორის განმარტებით, იგი არ ითხოვდა დაავადებათა ცხრილის 26-ე მუხლის მე-2 გრაფის „ბ“ კატეგორიად მიჩნევას, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ,,ბ“ პუნქტი, ფუნქციის ზომიერი დარღვევა, ისე ,,გ“ პუნქტი, ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევა, მოიცავს ვარგისიანობის „გ“ პუნქტის კატეგორიას - შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის. შესაბამისად, ცხადია რომ დაავადებათა ცხრილის 26-ე მუხლის III გრაფა მოიცავს ვარგისიანობის „გ“ კატეგორიას და არა „ბ“ კატეგორია, რაც არასწორადაა მითითებული სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამხედრო საექიმო კომისიის მიერ 2018 წლის 10 ოქტომბერს გაცემული N... ავადმყოფობის მოწმობაში. ასევე არასწორია სასამართლოს მითითება იმაზე, რომ მხარემ ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები და მხოლოდ ზეპირსიტყვიერად დაასაბუთა მის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც მისი „ავადმყოფობის გამო“ სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია მთელი რიგი მტკიცებულებები, სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც სრულყოფილად ასახავს ჯ. თ-ის სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში მიღებულ დაავადებას, მის მიმდინარეობას, არაერთი ჯანმრთელობის ცნობა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისი დიაგნოზი იყო ქრონიკული, ასევე იმ გარემოებას, რომ მისი მკურნალობა მიმდინარეობდა უშედეგოდ, ხშირ შემთხვევაში უარესდებოდა კიდეც, უწევდა თვეობით ბიულეტენზე ყოფნა, რადგან არ შეიძლებოდა მისთვის დატვირთვა და პერიოდულად გადიოდა რეაბილიტაციას, რის შემდგომ ისევ მკურნალობის საწყის მდგომარეობას უბრუნდებოდა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელეს სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამხედრო საექიმო კომისიის მიერ 2018 წლის 10 ოქტომბერს გაცემული N... ავადმყოფობის მოწმობა სადავო არ გაუხდია, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამხედრო საექიმო კომისიამ არასწორად შეაფასა ჯ. თ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ჯ. თ-ე სამსახურიდან დათხოვნილ იქნა არა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ემუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (ავადმყოფობის გამო), არამედ აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) პუნქტით, რაც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამხედრო საექიმო კომისიამ ჯ. თ-ე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის შედეგად, არ ჩათვალა სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად. შესაბამისად, სასამართლომ არ იმსჯელა და არ შეაფასა რეალურად თუ რამდენად აძლევდა ჯ. თ-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის შესაძლებლობას, რომ გაეგრძელებინა სამხედრო სამსახურში მუშაობა, იმგვარად, რომ არ დაეზიანებინა თავისი ჯანმრთელობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. თ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; VandeHurk v. Netherlands, par.61, GarciaRuiz v. Spain [GC] par.26; JahnkeandLenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 დეკემბრის NMOD 0 18 00007460 ბრძანების კანონიერება, რომლითაც ჯ. თ-ე პირადი პატაკის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის მიზანია, ის რომ მისი გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ იქნეს არა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტზე (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო პირადი პატაკი), არამედ ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (ავადმყოფობის გამო, პირადი პატაკი).

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ: ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას; ბ) ავადმყოფობის გამო; გ) რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის; ე) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის; ვ) ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ზ) პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი; თ) კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე; ი) პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯ. თ-ე 2018 წლის 12 დეკემბერს კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით) დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან სამობილიზაციო რეზერვში. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელის (კასატორის) სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მის ნამდვილ ნებას, ვინაიდან, სამხედრო სამსახურის გაგრძელება ამგვარი ჯანმრთელობის პირობებში გამოიწვევდა მისი მდგომარეობის დამძიმებას/გაუარესებას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის - ჯ. თ-ის ინტერესს მართლაც წარმოადგენს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, თუმცა დათხოვნის ბრძანებაში დათხოვნის სხვა საფუძვლის მითითებით, კერძოდ, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (ავადმყოფობის გამო), ნაცვლად ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა (კონტრაქტის პირობების დარღვევისა (პირადი პატაკით)).

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს N481 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამედიცინო ექსპერტიზის დებულების“ პირველი მუხლის თანახმად, მითითებული დებულება ადგენს საქართველოს სამხედრო ძალებში (თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ჯარებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში) გასაწვევი მოქალაქეებისა და სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმების ორგანიზებასა და ჩატარების წესს, ხოლო აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება საქართველოს სამხედრო ძალებში საქართველოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირების, აგრეთვე სხვა ქვეყნის მოქალაქეების (შემდგომში – მოქალაქეების) ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამხედრო სამსახურისათვის მათი ვარგისიანობის კატეგორიის დადგენის მიზნით. სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული დასახიჩრების (ჭრილობების, ტრავმების, კონტუზიების) დაავადების მიზეზობრივი კავშირის განსაზღვრის მიზნით. სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიები საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობენ „საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო-საექიმო ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 24 დეკემბრის №360 ბრძანებით დამტკიცებული დაავადებების ცხრილითა და თანდართული ფორმებით. აღნიშნულ ცხრილში მითითებულია სამხედრო სამსახურისთვის ვარგისიანობის შემდეგი კატეგორიები: ,,ა“ - ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის; ,,ბ“ - ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვებით; ,,გ“ - შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის; ,,დ“ - დროებით უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის; ,,ე“ - უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის. ამასთან, სამხედრო მოსამსახურეები ვარგისიანობის ,,ბ“ კატეგორიით გადიან სამხედრო სამსახურს. აღნიშნულ დაავადებათა ცხრილის 26-ე მუხლით გათვალისწინებულია პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები: ,,ა“ - ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევით; ,,ბ“ - ფუნქციის ზომიერი დარღვევით; ,,გ“ - ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით; ,,დ“ - ობიექტური მონაცემების არსებობისას ფუნქციის დარღვევის გარეშე. დაავადების თითოეული მდგომარეობის არსებობა განსაზღვრავს სამხედრო სამსახურისთვის ვარგისიანობის კატეგორიას, კერძოდ, ცხრილის 26-ე მუხლის ,,გ“ (ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევა) შეესაბამება ,,ბ“ კატეგორიას, რომლის მიხედვითაც, სამხედრო მოსამსახურე ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვებით, ხოლო 26-ე მუხლის ,,ბ“ კატეგორია შესაბამისობაშია როგორც ,,ბ“, ასევე ,,გ“ კატეგორიებთან ინდივიდუალურ კრიტერიუმზე მითითებით, რაც დამატებით მოთხოვნათა ცხრილებში გამოყენებული შემოკლებების გათვალისწინებით გულისხმობს, რომ სამხედრო სამსახურისთვის ვარგისიანობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.

აღნიშნული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად მიიჩნევა პირი პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციის მხოლოდ მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში (,,ა“ კატეგორია).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, აღსანიშნავია, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს გასცემს თავად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში და დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.

საქმეში წარმოდგენილი სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამხედრო საექიმო კომისიის 2018 წლის 10 ოქტომბრის N... ავადმყოფობის მოწმობის თანახმად, ჯ. თ-ეს დაუდგინდა დიაგნოზი: გავა-წელის რადიკულიტი, მარჯვენამხრივი ლუმბოიშიალგიური სინდრომით, ხშირი გამწვავებებით. TH7, L4, L5 დისკების პროტრუზია. ამავე მოწმობით დადგენილია, რომ ჯ. თ-ე დაავადებათა ცხრილის 26 ,,გ“ მუხლის III გრაფის და დმც-ის (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის N360 ბრძანება) საფუძველზე, ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვებით.

გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ა... ცენტრის“ მიერ 2019 წლის 06 ივნისს გაცემული სამედიცინო დოკუმენტის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100/ა), რომლის მიხედვით, ჯ. თ-ის დიაგნოზი ასევე არის: გავა-წელის რადიკულიტი ფესვობრივ-ალგიური სინდრომი, L4 მალთაშუა დისკის პროტრუზია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 19 ივნისის წერილის თანახმად კი შპს ,,ა... ცენტრის“ მიერ 2019 წლის 6 ივნისს გაცემული დასკვნა ანალოგიურია სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო საექიმო კომისიის მიერ 2018 წლის 10 ოქტომბერს გაცემული N... ავადმყოფობის მოწმობით დასმული დიაგნოზისა.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე, ჯ. თ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ გახდებოდა ავადმყოფობის გამო მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან, ავადმყოფობის გამო პირის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა დამოკიდებულია არა მხოლოდ მის სურვილზე, არამედ აღნიშნული საფუძვლის არსებობისას აუცილებელია შესაბამისი სამხედრო-საექიმო კომისიის მიერ გაცემული დასკვნა პირის სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობის დადგენის თაობაზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი დასკვნა არ ქმნის ჯ. თ-ის სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად მიჩნევის წინაპირობას.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის აპელირებას, რომ დიაგნოზის დასმის შემდგომ, ვინაიდან მისი დაავადება გაიგივებულ იქნა დაავადებათა ცხრილის 26-ე მუხლის ,,გ“ კატეგორიასთან ნაცვლად ამავე ცხრილის 26-ე მუხლის ,,ბ“ კატეგორიისა, მისი სამხედრო ვარგისიანობის საკითხი განისაზღვრა არასწორად, რადგან მოცემული ცხრილი არც ერთ აღნიშნულ შემთხვევაში (26 ,,ბ“/,,გ“) სამხედრო მოსამსახურეს პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადების არსებობისას, როგორც ფუნქციის უმნიშვნელო, ისე ზომიერი დარღვევისას, არ მიიჩნევს სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად. ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა „საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო-საექიმო ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 24 დეკემბრის №360 ბრძანებით დამტკიცებული დაავადებების ცხრილის შესაბამისად, სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად მიიჩნევა პირი პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციის მხოლოდ მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში (,,ა“ კატეგორია). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე ჯ. თ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაავადებათა ცხრილის 26-ე მუხლის ,,ბ“ კატეგორიისადმი მიკუთვნების შემთხვევაშიც კი, ვერ მიიჩნეოდა სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, ჯ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ჯ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე