საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-713(კ-22) 30 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ნ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 22 აპრილს თ. ნ-ემ სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება, 5 000 ლარის ოდენობით.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას, თ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3 636 (სამი ათას ექვსას ოცდათექვსმეტი) ლარისა და 62 (სამოცდაორი) თეთრის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის გამო.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგად ლიკვიდაციის პირველი რიგის გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის N352 დადგენილების პირველი პუნქტის შესაბამისად, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რაიონების პრეფექტურებს დაევალათ, დაუყოვნებლივ შეედგინათ მოსახლეობის სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფის პირველი რიგის სამუშაოთა ნუსხა და მათ ხელთ არსებული ფულადი და მატერიალური რესურსების ფარგლებში, დაეწყოთ აღდგენითი სამუშაოები. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს დაევალათ 1991 წლის 29 აპრილს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, აღდგენითი სამუშაოების განხორციელება. ამავე დადგენილების მე-14 პუნქტის შესაბამისად, ოჯახებს, რომელთაც მიწისძვრის შედეგად დაენგრათ საცხოვრებელი სახლი და სხვა ნაგებობები, გაუნადგურდათ ავეჯი და სხვა ქონება, უნდა მიეცეთ ერთ ოჯახზე - ოთხი ათასი მანეთი და ოჯახის ყველა წევრზე - დამატებით 500 მანეთი.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ჭიათურაში, ... N3-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...) ეკუთვნოდა თ. ნ-ის დედას - ს. ნ-ეს. ს. ნ-ე გარდაიცვალა 2004 წლის 8 იანვარს და მისი დანაშთი სამკვიდრო მიიღო პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა - თ. ნ-ემ. საქმეში არსებული 2017 წლის 5 სექტემბრის გადამოწმების ოქმით დასტურდება, რომ თ. ნ-ის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დანგრეულია. საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მიწისძვრის შედეგად, რის შემდეგაც, დროთა განმავლობაში დაინგრა. გადამოწმების ოქმი საქმეში დაცულია ასლის სახით, მისი შემდგენი პირის ხელმოწერის გარეშე, თუმცა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა დაადასტურა რომ ოქმი უდავოდ შედგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმაზე, რომელშიც მითითებულია თ. ნ-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორია (I კატეგორია), ასევე მითითებულია დაზიანების გამომწვევი მიზეზები: მიწისძვრა - 1991 წელი, მეწყერი - 2008 წელი. ფორმაში აღნიშნულია, რომ თ. ნ-ეს სახელმწიფოსაგან მატერიალური დახმარება არ მიუღია. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში დაცული, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 11, 12, 13 დეკემბრის N42 სხდომის ოქმის მიხედვით, კომისიამ განიხილა თ. ნ-ის საკითხი და დაადგინა, რომ ოჯახს არ უფიქსირდება სხვა საცხოვრებელი სახლი, თ. ნ-ე არის მარტოხელა პენსიონერი, მუნიციპალიტეტმა მიანიჭა I კატეგორია (მეწყერი). გამგეობამ დაადასტურა ოჯახის დაზარალება. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ოჯახს ამ ეტაპზე საკუთრება არ უფიქსირდება. მის მფლობელობაში რჩება მხოლოდ დაზარალების ადგილი. თ. ნ-ის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დანგრეულია. სახლი დაზიანდა მიწისძვრის შედეგად და შემდეგ, დროთა განმავლობაში, დაიშალა. თ. ნ-ეს აქვს მეუღლისაგან დატოვებული ორსართულიანი, კაპიტალური საცხოვრებელი სახლი. კომისიამ არ დააკმაყოფილა თ. ნ-ის მოთხოვნა, იმ დასაბუთებით, რომ მას საშუალება აქვს, შეუფერხებლად ისარგებლოს შვილის საკუთრებაში არსებული ფართით, რომელიც მდებარეობს ჭიათურაში. ამასთანავე, მას აქვს ალტერნატიული ფართი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ნ-ე არის 1991 წლის მიწისძვრით დაზარალებული პირი, რომელსაც ჭიათურაში, ... N3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაენგრა, გაუნადგურდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. ქონების სანაცვლოდ, მას სხვა უძრავი ქონება ან ფულადი კომპენსაცია არ გადასცემია. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის N352 დადგენილებით განისაზღვრა მიწისძვრის, როგორც ბუნებრივი მოვლენის გამო, დაზარალებული ოჯახებისათვის დახმარების გაწევის ვალდებულება, თუმცა მოსარჩელეს დახმარება დღემდე მიღებული არა აქვს. მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის. ამასთან, დადგენილებით განსაზღვრული თანხის გამოყოფა ახალი აქტის მიღებას არ საჭიროებს. ამდენად, სახეზეა დაზარალებული ოჯახისათვის თანხის ანაზღაურების საფუძველი.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ თ. ნ-ის სარჩელი საფუძვლიანია და გამომდინარეობს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის N352 დადგენილების მე-14 პუნქტიდან, რომლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს მიღოს ოთხი ათასი მანეთი ეროვნულ ვალუტაში. ამდენად ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელე თ. ნ-ეს უნდა აუნაზღაუროს აღნიშნული თანხის შესაბამისი - 3 636.62 ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც თ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება. კასატორი თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღო უკანონო განჩინება.
კასატორის მოსაზრებით, მიწისძვრით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა. თ. ნ-ე 2015 წელს დარეგისტრირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, როგორც ეკომიგრანტი. სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის 29 დეკემბერს მოახდინა სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასება და მოამზადა შესაბამისი ფოტომასალა, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. შედეგად, სამინისტრომ შეისწავლა საკითხი და განსაზღვრა შესაბამისი ქულების ოდენობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსახლეობისათვის გასაცემ საკომპენსაციო თანხების სიაში თ. ნ-ე არ დააფიქსირა, რამდენადაც მას არ ჰქონდა წარდგენილი ჭიათურაში, ...ში, ქუჩა N3-ში საცხოვრებელი სახლის კუთვნილებისა და შესაბამისად, მიწისძვრის შედეგად დაზიანების ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჭიათურისს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „საქართველოს რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის N352 დადგენილებასთან, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ პირთა სასარგებლოდ ადგენს ფულადი დახმარების გაცემის შესაძლებლობას. კერძოდ, მითითებული დადგენილებით, 1991 წლის 29 აპრილს საქართველოს რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რაიონების პრეფექტურებს დაევალათ, დაუყოვნებლივ შეედგინათ მოსახლეობის სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფის პირველი რიგის სამუშაოთა ნუსხა და მათ ხელთ არსებული ფულადი თუ მატერიალური რესურსების გათვალისწინებით, დაევალათ აღდგენითი სამუშაოების დაწყება. აღნიშნული დადგენილების მე-14 პუნქტის შესაბამისად, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული იმ ოჯახებისათვის, რომელთაც დაენგრათ საცხოვრებელი სახლი და სხვა ნაგებობები, გაუნადგურდათ ავეჯი და სხვა ქონება, დაწესდა ფულადი დახმარების აღმოჩენის ვალდებულება, ერთ ოჯახზე ოთხი ათასი მანეთის ოდენობით და ოჯახის ყველა წევრზე დამატებით - 500 მანეთის ოდენობით.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ჭიათურაში, ... N3-ში მდებარე N... უძრავ ქონებაზე, 2012 წლის 6 დეკემბერს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რეგისტრირებულია თ. ნ-ის საკუთრების უფლება. ასევე დადგენილია, რომ 1991 წლის მიწისძვრის შედეგად, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე, თ. ნ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მთლიანად დანგრეულია, განადგურებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
თ. ნ-ე 2015 წელს დარეგისტრირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, როგორც ეკომიგრანტი. სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის 29 დეკემბერს მოახდინა სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასება და მოამზადა შესაბამისი ფოტომასალა, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. შედეგად, სამინისტრომ შეისწავლა საკითხი და დაინტერესებულ პირს მიანიჭა შესაბამისი ქულა.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმის თანახმად, ჭიათურაში, ... N3-ში მდებარე თ. ნ-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხი განეკუთვნება პირველ კატეგორიას. საცხოვრებელ სახლს დაზიანება მიღებული აქვს 1991 წლის მიწისძვრის შედეგად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს „საქართველოს რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის N352 დადგენილების სუბიექტს. ამავდროულად, მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, მითითებული დადგენილებით გათვალისწინებული წესით, გადაწყვიტოს მოსარჩელის, როგორც მიწისძვრის შედეგად დაზარალებული პირისათვის ფულადი დახმარების გაცემის შესაძლებლობა.
საქმის მასალებით, მათ შორის - მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მოსახლეობის სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხების გაცემის ამსახველი სიებით, ასევე მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს არავითარი დახმარება არ მიუღია სახელმწიფოსაგან, როგორც მიწისძვრით დაზრალებულს. ამდენად, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება, მოქმედი ნორმატიული აქტის - საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის N352 დადგენილების ფარგლებში, უზრუნველყოს მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი დახმარების გაცემა. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად განსაზღვრეს მოსარჩელის სასარგებლოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დასაკისრებელი თანხის ოდენობა. უდავოა, რომ მოსარჩელე განეკუთვნება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის N352 დადგენილების მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ იმ სუბიექტთა კატეგორიას, რომელთაც მიწისძვრის შედეგად დაზარალების გამო, საცხოვრებელი სახლის დანგრევის, ავეჯისა და სხვა ქონების განადგურების ფაქტის გათვალისწინებით, სახელმწიფომ ფულადი დახმარების ოდენობად განუსაზღვრა 4000 (ოთხი ათასი) და დამატებით - 500 მანეთი. საქმეზე წარმოდგენილი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2021 წლის 15 ნოემბერს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ 1991 წლის მაისის 4000 მანეთი, მანეთის, კუპონისა და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით, 2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 3 232,55 ლარს (სამი ათას ორას ოცდათორმეტი ლარი და 55 თეთრი). ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე თ. ნ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3 636 (სამი ათას ექვსას ოცდათექვსმეტი) ლარისა და 62 (სამოცდაორი) თეთრის ანაზღაურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე