Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-803(k-21) 1 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ კოლეჯი „გ... ცენტრი“ (სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „გ... ცენტრის“ უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ. ო-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2017 წლის 21 ნოემბერს რ. ო-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „გ... ცენტრის“ მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „გ... ცენტრის“ დირექტორის 2017 წლის 21 სექტემბრის №238/ს ბრძანების - რ. ო-ისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და პროფესიულ სტუდენტთა სახელობითი სიიდან ამორიცხვის შესახებ, ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,გ... ცენტრის” 2017 წლის 21 სექტემბრის №238/ს ბრძანება სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,გ... ცენტრის” პროფესიული სტუდენტებისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და პროფესიულ სტუდენტთა სახელობითი სიიდან ამორიცხვის შესახებ და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს ,,გ... ცენტრს” დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე რ. ო-ესთან მიმართებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საზოგადოებრივმა კოლეჯმა „გ... ცენტრმა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,გ... ცენტრის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საზოგადოებრივმა კოლეჯმა ,,გ... ცენტრმა“.

კასატორის განმარტებით, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,გ... ცენტრის’’ დირექტორის 2012 წლის 21 სექტემბრის N03 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,გ... ცენტრის შინაგანაწესის’’ მე-11 მუხლით განსაზღვრულია პროფესიული სტუდენტის წინასწარ ცნობილი მიზეზით ცენტრში გამოუცხადებლობის შედეგები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პროფესიული სტუდენტის წინასწარ ცნობილი მიზეზით ცენტრში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სტუდენტი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წინასწარ, წერილობით ფორმით მიმართოს ცენტრის ადმინისტრაციას ცენტრში არყოფნის მიზეზების სავარაუდო პერიოდის მითითებით და ითხოვოს დროებით გათავისუფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ცენტრის ადმინისტრაცია პროფესიული სტუდენტის წერილობითი თხოვნის განხილვის შემდეგ უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ცენტრის ადმინისტრაციის მიერ წერილობითი თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს მის მიერ გაცდენილი დღეები ჩაეთვლება საპატიოდ.

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,გ... ცენტრის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-10 მუხლით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება პროფესიული სტუდენტის გაცდენების ცენტრის მიერ საპატიოდ ჩათვლა. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროფესიული სტუდენტი/პროფესიული სტუდენტის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის (1/3 გაცდენა) კონკრეტული პროფესიული სტუდენტის მიმართ გაუვრცელებლობის და გაცდენების საპატიოდ ჩათვლის თაობაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროფესიულ სტუდენტს გაცდენა ჩაეთვლება საპატიოდ, თუ გაცდენის მიზეზს წარმოადგენს პროფესიული სტუდენტის: ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობა (შესაბამისი დოკუმენტის გაცემიდან 10 სამუშაო დღეში წარმოდგენის შემთხვევაში); გ) ოჯახური პირობები.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა მიმართულია ცენტრის საწინააღმდეგოდ, თითქოსდა სტუდენტის მიერ წარმოდგენილი იყო წერილობითი თხოვნა წინასწარ ცნობილი მიზეზით ცენტრში გამოუცხადებლობის შესახებ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მოსარჩელე რ. ო-ეს არასოდეს მიუმართავს კოლეჯის ადმინისტრაციისათვის მის მიერ გაცდენილი საათების საპატიოდ ჩათვლასთან დაკავშირებით და არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც საშუალებას მისცემდა კოლეჯს საპატიოდ ჩაეთვალა გაცდენილი საათები. მოსარჩელე ასევე არაერთხელ ზეპირსიტყვიერად იქნა გაფრთხილებული, იმის თაობაზე, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დარღვევას, რაც ადასტურებს გაფრთხილებას პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის მოსალოდნელ შედეგთან დაკავშირებით.

კასატორის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა იმის შესახებ, რომ პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სადავო აქტით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მოსარჩელის კანონიერ უფლებას - მიეღო კანონით მინიჭებული სასურველი განათლება, სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულია, ვინაიდან მოსარჩელე თავად იჩენდა გულგრილობას შერჩეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და ზოგადად, პროფესიული განათლების მიმართ. იგი პარალელურად ირიცხებოდა პროფესიულ კოლეჯ ,,ი...“, საიდანაც გარიცხულია 2017 წლის ნოემბრიდან არასაპატიო მიზეზით გაცდენილი საკონტაქტო საათების გამო.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ კოლეჯის „გ... ცენტრის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „გ... ცენტრის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „გ... ცენტრის“ დირექტორის მიერ მოსარჩელისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და პროფესიულ სტუდენტთა სახელობითი სიიდან ამორიცხვის კანონიერების შეფასება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოში პროფესიული განათლების მიღების, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პროცესს, პროფესიული განათლების სახეებს, საფეხურებსა და დაფინანსების პრინციპებს აწესრიგებს ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მითითებული კანონის 30-ე მუხლის თანახმად, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს ავტონომიის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებია: პროფესიული კოლეჯი და საზოგადოებრივი კოლეჯი. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი, რომელთა საქმიანობის წესი განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 16 მაისს რ. ო-ესა და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ ,,გ... ცენტრს’’ შორის გაფორმდა N139 ხელშეკრულება, ... ოთხსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე.

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,გ... ცენტრის’’ დირექტორის 2016 წლის 27 მაისის N93/ს ბრძანებით სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,გ... ცენტრის’’ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,...’’ N120 ჯგუფის სტუდენტი რ. ო-ე, 2016 წლის 30 მაისიდან გადაყვანილ იქნა ,,...’’ (მოდული მე-3 საფეხური) პროგრამაზე N114 ჯგუფში.

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში ,,გ... ცენტრში’’ შრომისა და საგანმანათლებლო პროცესის განაწესს, საგანმანათლებლო პროცესში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფასა და პროფესიული სტუდენტების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და ხელშეწყობას უზრუნველყოფს სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,გ... ცენტრის’’ დირექტორის 2012 წლის 21 სექტემბრის N03 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის - ,,გ... ცენტრის შინაგანაწესი“. შინაგანაწესის მე-19 მუხლით განსაზღვრულია პროფესიული სტუდენტის უფლება-მოვალეობები, კერძოდ, პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს: მიიღოს ხარისხიანი პროფესიული განათლება; დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან, გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვს მისი პატივისცემა და სხვა. პროფესიული სტუდენტი ასევე ვალდებულია დროულად გამოცხადდეს ლექციაზე ან/და ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე; მეცადინეობისას თან იქონიოს სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ნივთები, დაემორჩილოს შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებს და სხვა. ამავე წესდების მე-11 მუხლით კი, განსაზღვრულია პროფესიული სტუდენტის წინასწარ ცნობილი მიზეზით ცენტრში გამოუცხადებლობის შედეგები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პროფესიული სტუდენტის წინასწარ ცნობილი მიზეზით ცენტრში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სტუდენტი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წინასწარ, წერილობითი ფორმით მიმართოს ცენტრის ადმინისტრაციას ცენტრში არყოფნის მიზეზების სავარაუდო პერიოდის მითითებით და ითხოვოს დროებით გათავისუფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ცენტრის ადმინისტრაცია პროფესიული სტუდენტის წერილობითი თხოვნის განხილვის შემდეგ უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მე-3 პუნქტის თანახმად, ცენტრის ადმინისტრაციის მიერ წერილობითი თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს მის მიერ გაცდენილი დღეები ჩაეთვლება საპატიოდ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე, რომ სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,გ... ცენტრის’’ დირექტორის 2012 წლის 21 სექტემბრის N04 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,გ... ცენტრის“ სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი’’, რომელიც არეგულირებს სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,გ... ცენტრის’’ სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც ეხება პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვებას, შეჩერებას, შეწყვეტას, მობილობას, სტუდენტთა შეფასების სისტემას. ამავე წესის მე-2 მუხლის თანახმად, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ცენტრის დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი მიმღები კომისიის მიერ სტუდენტთა გასაუბრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრის დირექტორის მიერ სტუდენტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ხოლო მე-10 მუხლით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება პროფესიული სტუდენტის გაცდენების ცენტრის მიერ საპატიოდ ჩათვლა. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროფესიული სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის (1/3 გაცდენა) კონკრეტული პროფესიული სტუდენტის მიმართ გაუვრცელებლობის და გაცდენების საპატიოდ ჩათვლის თაობაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროფესიულ სტუდენტს გაცდენა ჩაეთვლება საპატიოდ, თუ გაცდენის მიზეზს წარმოადგენს პროფესიული სტუდენტის: ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობა (შესაბამისი დოკუმენტის გაცემიდან 10 სამუშაო დღეში წარმოდგენის შემთხვევაში); გ) ოჯახური პირობები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი - ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა’’ და „ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას პროფესიულმა სტუდენტმა /პროფესიული სტუდენტის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, ხოლო ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პროფესიული სტუდენტის გაცდენების საპატიოდ ჩათვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება პროფესიული სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვაში აღნიშნული გარემოებების შეფასებისა და ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლის შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ პროფესიული სტუდენტებისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და პროფესიულ სტუდენტთა სახელობითი სიიდან მათი ამორიცხვის შესახებ სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,გ... ცენტრის’’ დირექტორის 2017 წლის 21 სექტემბრის N238/ს ბრძანებით, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობის ან/და შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საკონტაქტო საათების 1/3-ის გაცდენის გამო რ. ო-ეს 2017 წლის 21 სექტემბრიდან შეუწყდა სტუდენტის სტატუსი და ამორიცხულ იქნა პროფესიულ სტუდენტთა სახელობითი სიიდან.

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,გ... ცენტრის’’ დირექტორის 2017 წლის 13 ოქტომბრის MES 7 17 01258419 წერილით რ. ო-ეს განემარტა, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, რ. ო-ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გაცდენილი საკონტაქტო საათების 1/3 შეადგენს 516 საათს, რაც უკვე აჭარბებდა ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,...’’ გათვალისწინებულ 1/3 საკონტაქტო საათების დასაშვებ რაოდენობას - 511 საკონტაქტო საათს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დისციპლინის სისტემატური დარღვევა უნდა დაეფუძნოს მყარ, არგუმენტირებულ და ურთიერთშეთავსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სტუდენტისა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მონაწილეობით გადაწყვეტილების მიღება, რაც გათვალისწინებულია „პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. მართალია, მოპასუხემ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დააფუძნა ...-ის მონაცემთა ბაზაში 2017 წლის 18 სექტემბრის თარიღით არსებულ მონაცემებს, რომ რ. ო-ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გაცდენილი საკონტაქტო საათების 1/3 შეადგენს 516 საათს, რაც უკვე აჭარბებდა ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,...ათვის’’ გათვალისწინებულ 1/3 საკონტაქტო საათების დასაშვებ რაოდენობას - 511 საკონტაქტო საათს, მაგრამ საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უნდა შემოიფარგლოს ზოგადი განმარტებებით, ყველა მისი დასკვნა უნდა ემყარებოდეს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე შესწავლილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც შესაძლებელს გახდის შემოწმდეს, ადმინისტრაციული ორგანოს უარი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა დაცული კანონმდებლობის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლიოს და შეაფასოს რ. ო-ის განმარტება ოჯახური პირობების გამო გაცდენების თაობაზე, ასევე უნდა გამოიკვლიოს, ხომ არ არსებობდა რ. ო-ის მიერ გაცდენილი საკონტაქტო საათებიდან გარკვეული ნაწილის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ კოლეჯ „გ... ცენტრს“ საკასაციო საჩივარზე 25.08.2021წ. №01360 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ კოლეჯ „გ... ცენტრს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ კოლეჯის „გ... ცენტრის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინება;

3. სსიპ კოლეჯ „გ... ცენტრს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.08.2021წ. №01360 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე