Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1048(კ-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. ჟ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 10 დეკემბერს ვ. ჟ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ნოემბრის N04-2035/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ჟ-ას სარჩელი. ამავე განჩინებით, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ჟ-ას სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ნოემბრის N04-2035/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ვ. ჟ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ ნორმებზე.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ვ. ჟ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის დროებითი (რეგისტრაციის) და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თბილისი, ..., ... დასახლება, „...“ . მოსარჩელის დევნილი ოჯახი ერთსულიანია და განაცხადში არავინ ჰყავს მითითებული. ვ. ჟ-ას დევნილი ოჯახი 2013 წლის 27 მაისიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (მისამართზე: თბილისი, ..., „...“, მე-8 სართული, ბინა N804-805) და იღებს შემწეობას. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით, მოსარჩელე შეფასებულია 6 ქულით.

სააპელაციო პალატის განმარტებით, უდავოა, რომ ვ. ჟ-ას ერთსულიანი დევნილი ოჯახი ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. ამასთანავე, დადგენილია, რომ ვ. ჟ-ას დევნილი ოჯახის რეგისტრაციის მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ერთიდაიგივეა. ქალაქ თბილისში, ..., ...დასახლებაში მდებარე „...“ შენობა წარმოადგენს ნგრევად და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ ობიექტს. ამრიგად, ვ. ჟ-ას ერთსულიანი დევნილი ოჯახი ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას როგორც კრიტერიუმების (6 ქულა) მიხედვით, ისე კრიტერიუმის გარეშე (ცხოვრობს სიცოცხლისათავის საფრთხის შემცველ ობიექტში). აღნიშნულის მიუხედავად, ვ. ჟ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არ მომხდარა. სადავო 2019 წლის 20 ნოემბრის N04-2035/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის N39 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ვ. ჟ-ას უარი ეთქვა თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ ფართში ცხოვრების გამო („ცხოვრობს სამინისტროს მიერ მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო გამოთავისუფლებულ ფართში, თბილისში, ..., „...“ შენობაში. N805 ბინიდან დაკმაყოფილდა დის ოჯახი“).

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ვ. ჟ-ას გააჩნია სხვა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრაციის ადგილი არის იდენტური (თბილისი, ..., „...“, მე-8 სართული, ბინა N804-805). პალატის მოსაზრებით, ამავე მისამართზე მცხოვრები და რეგისტრირებული მოსარჩელის დის - თ. ჩ-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება არ ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვ. ჟ-ას ერთსულიანი ოჯახის უზრუნველყოფას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. ამრიგად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სადავო 2019 წლის 20 ნოემბრის N04-2035/ო ბრძანება უკანონოა და არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი აქტის გამოცემა, ვ. ჟ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 თებერვლის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

კასატორი თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი.

კასატორის განმარტებით, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა, იმოქმედოს ნორმატიული აქტის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ და საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილოს იმ ობიექტში მცხოვრები პირი, რომელიც ნგრევადის სტატუსიდან გამომდინარე, უკვე დახურულია და იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები დაკმაყოფილებულნი არიან. ამ მოქმედებების შემდეგ, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას იმ დევნილი ოჯახების მიმართაც, რომლებიც ობიექტის დახურვის შემდეგ, არამართლზომიერად დაიკავებენ საცხოვრებელ ფართს და საფრთხეს შეუქმნიან თავიანთ თავს, სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტში ცხოვრებით. სწორედ ასეთ გარემოებას ჰქონდა ადგილი ვ. ჟ-ასთან მიმართებაში. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის დასკვნის საფუძველზე, სამინისტრომ ნგრევადი ობიექტის - „...“ 0, პირველი, მე-8 სართულები გამოათავისუფლა და იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილები დააკმაყოფილა საცხოვრებელი ფართით, ხოლო რამდენიმე ოჯახზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება, უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. ასეთ ოჯახებს შორის იყო ვ. ჟ-ას დის - თ. ჩ-ის ოჯახი, რომელიც ნგრევად ობიექტში ცხოვრობდა (804 და 805 ოთახებში). აღნიშნულ მისამართზე 2018 წელს განხორციელებული მონიტორინგის დროს მოსარჩელე ნგრევად ობიექტში არ ცხოვრობდა. შესაბამისად, 2018 წლის 13 სექტემბრის N01/4302 ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე, თბილისი, ... ქუჩა N38-ში, მე-15 კორპუსში მდებარე საცხოვრებელი ბინა გადაეცა თ. ჩ-ის ოჯახს, ხოლო ვ. ჟ-ა ნგრევად ობიექტში შევიდა და თავისი დის ოთახი დაიკავა მას შემდეგ, რაც სამინიტრომ ნგრევადი ობიექტი დახურა.

კასატორის განმარტებით, აპლიკაციის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, დევნილ ოჯახს ენიჭება ქულები. თუ წინასწარი შეფასების შემდეგ, ქულათა რაოდენობა საკმარისი აღმოჩნდება, ოჯახი ექვემდებარება მონიტორინგს, სადაც უკვე რეალურად მოწმდება მიწოდებული ინფორმაციის სისწორე. განცხადებები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდება მონიტორინგი, განსახილველად დაექვემდებარება კომისიას, რომელიც წყვეტს დევნილი ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხს. მოსარჩელის შემთხვევაშიც, სწორედ აღნიშნული ეტაპების გავლის შედეგად იმსჯელა კომისიამ სადავო საკითხზე. სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, გამოკითხულ იქნა განმცხადებელი, ჩატარდა მონიტორინგი და დათვალიერება. ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, სადავო საკითხის სრულყოფილად გამოსაკვლევად.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობას განსაზღვრავს დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ცხოვრობს სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ ფართში.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც არამართლზომიერად/თვითნებურად იკავებენ დევნილთა იმ ყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომლიდანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა დევნილთა გამოყვანის და განსახლების ღონისძიებები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მას შემდეგ დაიკავა ნგრევად ობიექტში არსებული ფართი, რაც სამინისტრომ მოახდინა ნგრევადი შენობის შესაბამისი სართულების გამოთავისუფლება და იქ მცხოვრები დევნილების (მათ შორის - მოსარჩელის დის ოჯახის) საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ამდენად, მოსარჩელესთან მიმართებაში უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა უკვე გამოთავისუფლებული ფართის თვითნებურად/არამართლზომიერად დაკავება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი N1). აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). დანართებში მოცემული იყო ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.

დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ზემოაღნიშნული „წესით“ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე საკითხის შეფასებიდან გამონაკლისს ადგენდა „წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო, ამ „წესის“ მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, პრიორიტეტი მიენიჭებინა და კრიტერიუმების გარეშე განეხორციელებინა იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობდნენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დადასტურებულიყო სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდებოდა სააგენტოს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მასზე გაცემულია შესაბამისი მოწმობა.

ვ. ჟ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა საცხოვრებელი ფართის გადაცემა. მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი.

ვ. ჟ-ას განცხადების საფუძველზე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიანიჭა 6 ქულა (1) დევნილი ოჯახი ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას. მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა - 3 ქულა; 2) საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია) - 2 ქულა; 3) მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი,რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის N39 საოქმო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ განახორციელა იმ დევნილთა განაცხადებების მონიტორინგი, რომელთაც წინასწარი შეფასებებით მინიჭებული ჰქონდათ ქულები, ბინათა ოთახების რაოდენობის გათვალისწინებით. ამასთანავე, კომისიამ იმსჯელა იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ნგრევად საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, ვ. ჟ-ას განცხადება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ იგი ცხოვრობს სამინისტროს მიერ მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო გამოთავისუფლებულ ფართში, თბილისში, ... მდებარე „...“ შენობაში. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „...“ მდებარე N805 ბინიდან დაკმაყოფილდა ვ. ჟ-ას დის ოჯახი.

ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2019 წლის 20 ნოემბერს გამოსცა N04-2035/ო ბრძანება, ვ. ჟ-ას თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას. კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. ამდენად, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ განსაზღვრულ სუბიექტთა განსაკუთრებული საჭიროებებიდან გამომდინარე, საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმების სისრულეში მოყვანა უნდა პასუხობდეს სახელმწიფოს წინაშე მდგარ ამოცანებს. „..უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო კვლევის შედეგად უნდა უზრუნველყოს საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა..“ (სუს 2022 წლის 9 სექტემბრის Nბს-438(2კ-22) გადაწყვეტილება).

საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის N39 საოქმო გადაწყვეტილებით მოპასუხეს ვ. ჟ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი არ შეუფასებია ზემოაღნიშნულ „წესში“ მოცემული კრიტერიუმების გარეშე. ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც შესაბამისი განაცხადის წარდგენისას, წინასწარი შეფასებებით მოსარჩელეს მინიჭებული ჰქონდა 6 ქულა, ვ. ჟ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ იგი ცხოვრობს სამინისტროს მიერ უკვე გამოთავისუფლებულ, მძიმე საცხოვრებელ პირობებში არსებულ ფართში. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული „წესით“ დადგენილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე, წინასწარი შეფასებით მოსარჩელისათვის შესაბამისი ქულის მინიჭების საფუძველს წარმოადგენდა სწორედ მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე, მინიმალურ საცხოვრებელ გარემოსთან შეუსაბამო ფართში ცხოვრება, თუმცა სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხემ ჩათვალა, რომ ვ. ჟ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობა არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ამტკიცოს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ მითითებული გარემოებების მიუხედავად, ფაქტი უცვლელია - მოსარჩელე არ არის უზრუნველყოფილი მუდმივი საცხოვრებელი ფართით სახელმწიფოსაგან, როგორც ზემოაღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული განსაკუთრებული სუბიექტი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო საკითხთან მიმართებაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაკეთებული დასკვნები წინააღმდეგობაში მოდის მოსარჩელესთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ გარემოებებთან და უგულებელყოფს სახელმწიფოს მიზანს - დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი გადაწყდეს მისთვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნების პრინციპის დაცვით. სახელმწიფო თავადვე ადასტურებს, რომ დღეის მდგომარეობით, მოსარჩელის ერთადერთ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ფართი. სწორედ ამგვარ ფართში ცხოვრება წარმოადგენდა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, მოსარჩელისათვის შესაბამისი ქულის მინიჭების საფუძველს. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით, მოსარჩელე ითვლება სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილად. კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის დის ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილია, არ გამორიცხავს სახელმწიფოს შესაბამის ვალდებულებებს ვ. ჟ-ასთან მიმართებაში.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სადავო 2019 წლის 20 ნოემბრის N04-2035/ო ბრძანება უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

გენადი მაკარიძე