Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-910(2კ-22) 7 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2020 წლის 26 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე გ. გ-ის მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ გ. გ-ისთვის ჯარიმის სახით 10 000 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალა მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 2 თებერვალს გაფორმებული უმცროს ოფიცერთა კურსზე ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმის თანხის 10 000 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. გ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალა მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 2 თებერვალს გაფორმებული უმცროს ოფიცერთა კურსზე ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმის თანხის 5 000 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. გ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. გ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ვერ იმოქმედებს კერძო პირებისათვის დამახასიათებელი კერძო ავტონომიის თავისუფლებით, რამდენადაც მისი საქმიანობა მიმართულია საჯარო უფლებამოსილების განსახორციელებლად და მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. თავის მხრივ, ხელშეკრულება წარმოადგენს ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისაკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად. თუ არ არსებობს ორმხრივი ნება, შესაბამისად, არ არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებაც.

პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებით განსაზღვრულია საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის წესები საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის. დებულების I თავის მე-3 პუნქტის თანახმად, დებულება ვრცელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებზე. დებულების XVIII თავით დარეგულირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი. ამ თავის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში) ქვეპუნქტების საფუძველზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 2 თებერვალს გ. გ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა 2013 წლის 29 აპრილის №358 ბრძანებით დამტკიცებული №725 კონტრაქტი, 6 წლის ვადით. ამავე კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს თანხები. 6.2.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ ოთხი წლის სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ჯარიმა 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-მა 2019 წლის 10 მაისს MOD 2 19 00459370 პატაკით მიმართა უზრუნველყოფის ბატალიონის მეთაურს და საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნა მოითხოვა. მოპასუხემ პატაკში ასევე მიუთითა, რომ გაცნობიერებული ჰქონდა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 30 მაისის ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ინჟინერი (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“; შტატი N...), უფროსი ლეიტენანტი გ. გ-ი, პირადი პატაკის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებით დადასტურებულ გარემოებებს წარმოადგენს, რომ გ. გ-მა, რომელმაც 2015 წელს გააფორმა ექვსწლიანი კონტრაქტი, საქართველოს შეიარაღებული ძალებში იმსახურა 4 წელი, 3 თვე და 30 დღე. მან 2019 წლის 10 მაისს პირადად მიმართა უფლებამოსილ პირს კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნით.

პალატის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ისე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, ხოლო 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

პალატის მოსაზრებით, სახეზეა გ. გ-ის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც ქმნის მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის ანაზღაურების საფუძველს. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ. გ-ის ოჯახური მდგომარეობის შეფასების გამო ხელშეკრულებით დადგენილი ჯარიმის შემცირების მართებულობა. პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მოპასუხის მამა ნ. გ-ი არის მნიშვნელოვნად გამოსახული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირი (ს.ფ. 157-158). ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით, გ. გ-ის მიერ ხელშეკრულების დადებიდან 4 წლის შემდგომ, პირადი პატაკის საფუძველზე, ოჯახური მდგომარეობის (მამის ჯანმრთელობის გათვალისწინებით) გამო დათხოვნის მოთხოვნა არ უნდა იქნეს განხილული, როგორც ხელშეკრულების შეწყვეტა სათანადო მიზეზის მითითების გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ნორმატიული ბუნებისაა, რის გამო, ხელშეკრულების დათქმის შეცვლა შეუძლებელია. პალატამ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების მიმართ მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები, შესაბამისად, საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე მითითებით პირგასამტეხლოს შემცირება დასაშვებია, ხოლო, გონივრულობის ტესტის საფუძველზე კი საერთო სასამართლოებმა შემდგომ უნდა განსაზღვრონ შესამცირებელი თანხის ოდენობა ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით.

პალატამ არ გაიზიარა აგრეთვე გ. გ-ის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ოდენობის უფრო მეტად შემცირების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ. გ-ისთვის დაკისრებული თანხის ოდენობა სამართლიანია, გამომდინარეობს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და უნდა დარჩეს უცვლელად. უპირველესად პალატამ აღნიშნა, რომ გ. გ-ი არ იყო შეზღუდული ვადაზე ადრე მოეთხოვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა. ამასთან, გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ პირად პატაკში მხარე მიუთითებს, რომ აცნობიერებს სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების პირობებს.

ჯარიმის თანხის ნებაყოფლობით გადახდაზე უარის თქმის პირობებში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს პატაკის წარდგენის საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ოჯახურ მდგომარეობაზე მითითება საპატიო მიზეზად უნდა იქნეს მიჩნეული.

პალატამ ყურადღება გაამახვილა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ და მხოლოდ მოპასუხის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რასაც მხედველობაში იღებს სასამართლო, თუმცა გ. გ-ის მითითება, რომ მასზე დამოკიდებული იყო არასრულწლოვანი და-ძმა, არ წარმოადგენს დამაჯერებელ არგუმენტს, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.

შესაბამისად, სასამართლომ პირგასამტეხლოს თანხის განახევრებით დაიცვა როგორც გ. გ-ის ინტერესები, ასევე, სახელმწიფო ინტერესებიც. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, რომ სამხედრო მოსამსახურის პროფესიული მომზადებისათვის, ტექნიკური აღჭურვისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსები საქართველოს სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით არის დეტერმინირებული. შესაბამისად, აღნიშნული დიდი საჯარო მიზნიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურესთან დადებულ სამხედრო სამსახურის კონტრაქტში პირგასამტეხლოს გათვალისწინება სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ თითოეულმა სამხედრო მოსამსახურემ გაითვალისწინოს უსაფუძვლოდ სამხედრო სამსახურის შეწყვეტის და მის პროფესიულ განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული სახსრების უშედეგობის დაუშვებლობა, რაც ზიანს აყენებს სახელმწიფო ინტერესებს, როგორც ფინანსური, ისე თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით. პალატამ აღნიშნა, რომ გ. გ-მა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იმსახურა 4 წელი, 3 თვე და 30 დღე, ამდენად, მის მიერ გაწეული სამხედრო სამსახურის და სახელმწიფოს მიერ გაწეული რესურსისა და მოპასუხის მიერ პატაკის წარდგენის საფუძვლების გათვალისწინებით გ. გ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ხელშეკრულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს სახით 5 000 ლარის დაკისრება გონივრულია და უნდა დარჩეს უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. გ-ის მიერ.

კასატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მსჯელობის საგანს წარმოადგენს სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებისა და შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის შემცირების კანონიერების შეფასება. კასატორის მითითებით, სასამართლო პრაქტიკა ერთმანეთისაგან განასხვავებს სახელშეკრულებო და კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს (ჯარიმას). სახელშეკრულებო პირგასამტეხლო განისაზღვრება მხარეთა მიერ და შესაბამისად მისი ოდენობა, გამოთვლის წესი მხოლოდ მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარეობს, ხოლო რაც შეეხება კანონის შესაბამისად განსაზღვრულ პირგასამტეხლოს (ჯარიმას), იგი ექვემდებარება გამოყენებას იმის მიუხედავად, გათვალისწინებულია თუ არა მისი გადახდა შეთანხმებით. კასატორი აღნიშნავს, რომ გ. გ-თან დადებული ხელშეკრულების ფორმა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მოწესრიგებულია კანონის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. შესაბამისად, დაუშვებელია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმებულ პირობას, არამედ დადგენილია კანონისმიერი საფუძველი. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხეს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში იმ ასობით სამხედრო მოსამსახურის მიმართ, რომელთაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე უკვე დაკისრებული აქვთ იმავე სახის კონტრაქტის დარღვევისათვის ჯარიმის 10 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

კასატორი გ. გ-ი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე მითითებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება რამდენიმე გარემოებას ექცევა, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისთვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს, პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხარისხი. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით კასატორის აღნიშნავს, რომ მის მიერ კონტრაქტის დარღვევის მიზეზად არაერთხელ მიეთითა კასატორის მამის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიერ არ შემცირებულა გ. გ-ისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა მინიმუმამდე. კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) სახელშეკრულებო ხასიათისაა, მისი ოდენობა განსაზღვრულია მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროს სურვილის შესაბამისად, გ. გ-ი სამსახურიდან დათხოვნილია პირადი პატაკის საფუძველზე, ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო დათხოვნამდე, 4 წლის განმავლობაში, კასატორი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებდა. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ. გ-ი თვლის, რომ მის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს მინიმუმამდე. კასატორის მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის Nბს-852(კ-21) საქმეზე და აღნიშნავს, რომ ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში დაკისრებული 10 000 ლარიანი ჯარიმა შემცირდა 500 ლარამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. გ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 2 თებერვალს გ. გ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა 2013 წლის 29 აპრილის №358 ბრძანებით დამტკიცებული „უმცროს ოფიცერთა კურსზე ჩარიცხულ პირებთან გასაფორმებელი“ №725 კონტრაქტი. ამავე კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს თანხები. 6.2.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ოთხი წლის სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ გ. გ-მა 2019 წლის 10 მაისს MOD 2 19 00459370 პატაკით მიმართა უზრუნველყოფის ბატალიონის მეთაურს და ოჯახური მდგომარეობის გამო მოითხოვა დათხოვნა საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებიდან. მოპასუხემ პატაკში ასევე მიუთითა, რომ გაცნობიერებული ჰქონდა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 30 მაისის MOD 8 19 00002507 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ინჟინერი (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი N...), უფროსი ლეიტენანტი გ. გ-ი, პირადი პატაკის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა (კოდექსის 417-ე მუხ.), რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (კოდექსის 418-ე მუხ.).

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებას გ. გ-ისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი შემცირების შეუძლებლობის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტით არის დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი წარმოშობის საფუძვლებს ენიჭება (კანონმდებლის მიერ თუ მხარეთა შეთანხმებით). ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობას განსაზღვრავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონისმიერი პირგასამტეხლოს მიმართ, რადგან ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებობას კანონი არ ითვალისწინებს (იხ. სუს 2015 წლის 2 თებერვლის №ას-1171-1116-2014 განჩინება; სუს 2014 წლის 24 მარტის №ას-1284-1226-2013 განჩინება).

ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართვლოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულება კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, განსაზღვრავს ფინანსურ პასუხისმგებლობას კონკრეტული თანხის ოდენობის მითითების გარეშე, რაც ვერ გამორიცხავს საქართველო სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით დადგენილ სასამართლოს უფლებამოსილებას - საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. გ-ს შორის 2015 წლის 2 თებერვალს გაფორებული კონტრაქტი, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. ამდენად, გ. გ-ის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო, მისი წარმოშობის საფუძვლიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ხასიათისაა.

საკასაციო საამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს პირგასამტეხლო, თუკი არის შეუსაბამოდ მაღალი. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს (იხ. სუს. 2022 წლის 29 სექტემბრის Nბს-778(კ-22) განჩინება).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეში კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ამასთანავე, დადგენილია, რომ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზად მითითებულია გ. გ-ის ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ, მამის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, მისი მოვლის საჭიროება. შესაბამისად, დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტის 6.2.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, გ. გ-ის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში - 5 000 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

რაც შეეხება კასატორი გ. გ-ის მოთხოვნას მისთვის უკვე შემცირებული პირგასამტეხლოს უფრო მეტად შემცირების შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გ. გ-ის ქონებრივი მდგომარეობის, ვალდებულების დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხის, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანის, მისი მხარეთა ფინანსურ მდგომარეობასთან თანაფარდობის, აგრეთვე მოსარჩელის ეკონომიკური ინტერესის გათვალისწინებით, გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული თანხა - 5 000 ლარი - წარმოადგენს გ. გ-ის მიერ ვალდებულების დაღვევის თანაზომიერ და გონივრულ ოდენობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა

გენადი მაკარიძე