საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს -1334(კ-22) 7 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ. გ-ა; მესამე პირები - ნ. ჯ-ა, მ. გ-ა, ლ. გ-ა, მ. გ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 7 ოქტომბერს კ. გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 აგვისტოს N...ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული კ. გ-ას სარჩელი. ამავე სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ნ. ჯ-ა, მ. გ-ა, ლ. გ-ა და მ. გ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კ. გ-ას სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 აგვისტოს N...ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კ. გ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე, მე-4, მე-13 მუხლებზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება მოიაზრებს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად გამოკვლევას. 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმით“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმით“ (დანართი N7) დადგენილია კომპონენტები, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა განისაზღვროს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა. თითოეული კომპონენტისათვის განსაზღვრულია შესაბამისი ქულა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი, დადგენილი კრიტერიუმების მიღმა, დამატებით განსაზღვროს კონკრეტული ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების საკითხი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების N6 დანართის „დ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, ქირით ან ქირის გარეშე სხვის სახლში მცხოვრები დევნილი ოჯახი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ფასდება 1,5 ქულით. სააპელაციო პალატის განმარტებით, ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქულათა რაოდენობა ჯამდება თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მოცემულ შემთხვევაში, კ. გ-ას ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საკითხის განხილვის ეტაპზე, განმცხადებელი არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ არსებული მდგომარეობით, მოსარჩელის და მისი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართია: თბილისი, ..., მე-4 მიკრო რაიონი, კორპუსი 106, ბინა 11. აღნიშნული ბინა არ წარმოადგენს კ. გ-ას ოჯახის საკუთრებას. ამასთან, ოჯახს არც სხვა საკუთრება გააჩნია. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე და მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მყოფი ხუთსულიანი ოჯახი (მათ შორის - მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ მყოფი შვილი - 2016 წელს დაბადებული მ. გ-ა) 2015 წლიდან ცხოვრობს ქირით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის Nბს-308-304(2კ-14) გადაწყვეტილებით დადგენილ პრაქტიკაზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, მოსარჩელის მეუღლის მიერ ბინის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ იქნება გაზიარებული ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ განმცხადებელმა უძრავი ქონება ფორმალურად გაასხვისა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მისაღებად, მოსარჩელის ან სხვა რომელიმე მასთან დაკავშირებული პირის მხრიდან თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტი. ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია დამყარებულია ახსნა-განმარტებაზე, რაც ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად. ამასთანავე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, იმის დასადასტურებლად, რომ სხვა განმცხადებლებს, მოსარჩელეზე მეტად გააჩნდათ გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების საჭიროება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა 1989 წლის 29 ნოემბრის „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მეორე, მე-3, მე-8 მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კ. გ-ას ოჯახის შემადგენლობაში ფიქსირდება 3 არასრულწლოვანი, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმოქმედა ბავშვის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა აღნიშნული ინტერესი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტმა ვერ მიუთითა შესაბამის გარემოებებზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
კასატორი თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. დადგენილია, რომ მოსარჩელე თავისი ოჯახით ცხოვრობს მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა შეიძლება დააგროვოს საკმარისი ქულები, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ადგენს ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობას. მოცემულ შემთხვევაში, არ დადგინდა მოსარჩელის სასწრაფოდ განსახლების აუცილებლობა. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა კ. გ-ას ოჯახის შემადგენლობაში მყოფი სამი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი. კასატორის განმარტებით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელის ოჯახს გააჩნია საკუთრება, რაც ოჯახის სარგებლობაში იყო წლების განმავლობაში. შესაბამისი ფართის გასხვისება, ფორმალურ ხასიათს ატარებდა. სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, მოსარჩელე მხარემ უტყუარად ვერ დაადასტურა მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ქირით ცხოვრების ფაქტი და ვერ მიუთითა გარემოებებზე, რომლებითაც დადასტურდებოდა მისი ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მონიტორინგის აღწერის ფორმაში მითითებული ინფორმაცია. მოსარჩელეს რეალურად გააჩნია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და დაუბრკოლებლად აგრძელებს მასში ცხოვრებას (მოსარჩელე ცხოვრობს თავისი მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში და დღემდე შეუზღუდავად სარგებლობს ბინით. არ დასტურდება, რომ შესაძლოა, იგი თავშესაფრის გარეშე დარჩეს). კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მიერ სააგენტოს ვალდებულებებზე მსჯელობა, მხოლოდ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლიდან გამომდინარე. სასამართლოს სწორად უნდა განემარტა პრიორიტეტულობის პრინციპი, რისი გათვალისწინების ვალდებულებაც აქვს სააგენტოს გადაწყვეტილების მიღების დროს.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის N3ბ/2274-18 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სასამართლომ შეაფასა მხარის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის გადაუდებელი აუცილებლობის საკითხი. საქმეზე სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელე მხარე 2012 წლიდან ცხოვრობდა მეუღლის პაპა-ბებიის სახლში. ის გარემოება, რომ აპელანტებს არ გააჩნდათ საცხოვრებელი ადგილი და საჭიროებდნენ ბინით უპირობოდ უზრუნველყოფას, არ იკვეთებოდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამ სფეროში პრობლემის გადასაჭრელად, სახელმწიფოს არ გააჩნია უსაზღვრო რესურსი, ხოლო არსებული რესურსები, რაციონალურად და სწორად უნდა იქნეს გამოყენებული. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტომ დაიცვა კერძო და საჯარო ინტერესთა ბალანსი.
კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 96-ე მუხლებზე და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაცულია აღნიშნული ნორმების მოთხოვნები. სააგენტომ შეასრულა თავისი ვალდებულება - სათანადოდ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
და მიზნით
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი N1). აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). დანართებში მოცემული იყო ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ კ. გ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კ. გ-ამ განაცხადი გააკეთა სამ არასრულწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად.
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავების შედეგად, სადავო საკითხის გადაწყვეტამდე, წინასწარი შეფასებით კ. გ-ას ოჯახს მიენიჭა 6 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) - 1.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის ოჯახის წევრები (სამი არასრულწლოვანი) - 2 ქულა; სოციალური კრიტერიუმი (30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით) - 2.50 ქულა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის N36 საოქმო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა კ. გ-ას მოთხოვნა, მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. უარის საფუძვლად მითითებულ იქნა განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა, მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო.
ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2020 წლის 12 აგვისტოს გამოსცა N...ბრძანება, კ. გ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.
დადგენილია, რომ სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, უფლებამოსილმა მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლებმა განხორციელეს მონიტორინგი.
მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე (თბილისი, ...ს მე-4 მიკრო რაიონი, კორპუსი 106, ბინა 11) 2020 წლის 10 ივნისს განხორციელებული მონიტორინგის ფორმის მიხედვით, კ. გ-ამ მიუთითა, რომ მისამართზე ცხოვრობს 2008 წლიდან. ერთი წელია, რაც ეს ბინა გაყიდა და ამჟამად ქირით ცხოვრობს, ამავე ბინაში.
ამავე მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლებმა გამოავლინეს, რომ ბინა, რომელშიც კ. გ-ა 2008 წლიდან ოჯახის წევრებთან ერთად, ქირის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს, ამჟამად არის ლ. მ-ის საკუთრება. ლ. მ-ი თბილისში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და არის კ. გ-ას მეუღლის ბიძაშვილი. კ. გ-ას მეუღლე - ნ. ჯ-ა მონიტორინგის დროს მისამართზე არ იმყოფებოდა. ნ. ჯ-ას საკუთრებაში ჰქონდა თბილისში, ...ს მე-4 მიკრო რაიონში, 98-ე კორპუსში მდებარე ბინა N24, რომელიც 2014 წელს გაასხვისა. ამასთანავე, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წელს დას - ე. ჯ-ას საკუთრებაში გადასცა ის ბინა, რომელშიც ამჟამად ქირით იმყოფებიან. ნ. ჯ-ას საკუთრებაში ასევე ჰქონდა თბილისში, ...ს მე-5 მიკრო რაიონში, 24-ე კორპუსში მდებარე ბინა N64, რომელიც 2008 წელს გაასხვისა ა. ჩ-ზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ არსებული მდგომარეობით, მოსარჩელის და მისი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართია: თბილისი, ..., მე-4 მიკრო რაიონი, კორპუსი 106, ბინა 11. აღნიშნული ბინა არ წარმოადგენს კ. გ-ას ოჯახის საკუთრებას. ამასთან, ოჯახს არც სხვა საკუთრება გააჩნია. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე და მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მყოფი ხუთსულიანი ოჯახი (მათ შორის - მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ მყოფი შვილი - 2016 წელს დაბადებული მ. გ-ა) 2015 წლიდან ცხოვრობს ქირით, რაც წარმოადგენს კონკრეტული ქულით შეფასების საფუძველს, ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად.
საგულისხმოა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მისაღებად, მოსარჩელის ან მასთან დაკავშირებული პირის მხრიდან თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტი. ამდენად, საკმარის მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ზეპირსიტყვიერი განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ კ. გ-ას ოჯახმა ფორმალურად გაასხვისა უძრავი ქონება, რომელშიც ამჟამად ქირით ცხოვრობს. ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, იმის დასადასტურებლად, რომ სხვა განმცხადებლებთან მიმართებაში, მოსარჩელეზე მეტად არსებობდა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობა. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ ნორმები და არ იმოქმედა ბავშვის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც კ. გ-ას ოჯახის შემადგენლობაში ფიქსირდება 3 არასრულწლოვანი.
რაც შეეხება კასატორის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის N3ბ/2274-18 გადაწყვეტილებაზე მითითებას და შესაბამისი გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის დასკვნის გათვალისწინებას, მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების არარსებობის თაობაზე: საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება კასატორის მიერ სასამართლო პრაქტიკის სახით მითითებულ გადაწყვეტილებაში ასახული და მოცემული დავისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების იდენტურობა. განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის, არსებითი მნიშვნელობა მიენიჭა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ, ინდივიდუალურ გარემოებათა ერთობლიობას, რომელთა საფუძველზეც, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის აუცილებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დაადასტურა, რომ სადავო საკითხის განხილვის ეტაპზე, მოსარჩელე, როგორც დევნილი პირი, ფაქტობრივად უზრუნველყოფილია ადეკვატური საცხოვრებლით. სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადავო 2020 წლის 12 აგვისტოს N...ბრძანება „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“, უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ბიძინა სტურუა
გენადი მაკარიძე