Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-201(კ-20) 28 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ი...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 3 სექტემბერს შპს „ი...-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 2 მაისის №17 გადაწყვეტილებისა და შპს „ი...ს“ ნაწილში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 2 მაისის №5 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ი...-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ი...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ი...-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ი...-მა“.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განაწილებული მტკიცების ტვირთი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მტკიცებულებებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების დანაწესებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ კი არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც აქარწყლებდა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას. კერძოდ, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ,,ექსპერტი საქმიანობისას ვალდებულია დაიცვას კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ ექსპერტი ნებისმიერ სიტუაციაში უნდა მოქმედებდეს ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს საკუთარი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეპუტაციას“. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნა ეწინააღმდეგება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსის მოთხოვნებს, ვინაიდან მოსარჩელის საქმიანობის მონიტორინგი განხორციელდა არსებითი დარღვევებით, არასწორი ინფორმაციისა და სიტყვიერ განმარტებებზე დაყრდნობით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს უფლებამოსილებას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, მისი შექმნის მიზნებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, სარგებლობს ფართო დისკრეციით და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობა, მაგრამ აღნიშნული პრინციპი არ გულისხმობს საბჭოს მოქმედებების უკონტროლობას და მის საქმიანობაზე სასამართლო ზედამხედველობის გამორიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, შესაძლებელია სასამართლომ ვერ შეაფასოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, თუმცა ადმინისტრაციული წარმოების კანონიერების შეფასება სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნებოდა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ი...-ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 2 მაისის №17 გადაწყვეტილებისა და შპს „ი...-ს“ ნაწილში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 2 მაისის №5 სხდომის ოქმის კანონიერება, რომლითაც შპს „ი...ს“ გაუუქმდა ავტორიზაცია. ავტორიზაციაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი გახდა 2018 წლის 23 მარტს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნის პროექტი, რომლის თანახმად, შპს „ი...მა“ დაარღვია „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული შემდეგი სტანდარტები: ა) საგანმანათლებლო პროგრამები, ბ) მატერიალური რესურსი და გ) ადამიანური რესურსი.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობების, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებისა და წესების, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსის, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესის, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობების და წესის განსაზღვრა. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზაცია არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ამავე კანონის 32-ე მუხლი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) არეგულირებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ავტორიზაცია არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო ქმნის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასა და აკრედიტაციას, აკონტროლებს ავტორიზაციის/აკრედიტაციის პირობების შესრულებას და მათი დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს/საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ავტორიზაციის/აკრედიტაციის გაუქმების მოთხოვნით. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში იქმნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ - ავტორიზაციის საბჭო) და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ - აკრედიტაციის საბჭო).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მიზანია შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. სტანდარტი არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად. ამავე დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება ცენტრის ინიციატივით ან საბჭოს შუამდგომლობით გეგმიური და/ან არაგეგმიური მონიტორინგის გზით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ცენტრი უფლებამოსილია, დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.

ამდენად, სასამართლოს შეფასებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით განახორციელოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება გეგმიური და/ან არაგეგმიური მონიტორინგის გზით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შემთხვევაში, დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის პროექტი და წარედგინება ცენტს. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 და 21-ე მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი. ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, დაწესებულება, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის დროს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს. მითითებული დადგენილების 22-ე მუხლი არეგულირებს ავტორიზაციის საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გამართვის საკითხს. კერძოდ, ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები მონაწილეობენ ზეპირ მოსმენაში, ხოლო ცენტრის წარმომადგენლები ან/და სხვა დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან, მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.

დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აპრილს შპს „ი...მა“ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2018 წლის 23 მარტის დასკვნის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს ეცნობა კომისიის სხდომის ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე. სადავო არ არის, რომ შპს „ი...ს“ წარმომადგენელი ესწრებოდა 2018 წლის 2 მაისს გამართულ სხდომას. ამასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 2 მაისის №5 სხდომის ოქმით დგინდება, რომ შპს „ი...ს“ წარმომადგენელს მიეცა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში ასახულ დარღვევებთან დაკავშირებით დაწესებულების პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შემოწმების პროცედურის პროცესუალურ დარღვევებთან მიმართებაში, ხოლო, რაც შეეხება პრეტენზიას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 2 მაისის №5 სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერის არარსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც დასტურდება, 2018 წლის 2 მაისის სხდომას ესწრებოდა თავად შპს „ი...ს“ წარმომადგენელი, რომელსაც განემარტა, რომ სხდომის აუდიოჩანაწერი განადგურდებოდა ოქმის მატერიალური სახით შედგენისთანავე, რაზედაც სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელს შენიშვნა არ გამოუთქვამს, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა და იგი არ ქმნის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველს.

გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალურ კანონიერებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს, რომლითაც ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს.

საქმეში არსებული მონიტორინგის ჯგუფის დასკვნით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმით ირკვევა, რომ დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სტანდარტების (საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი) დარღვევა. კერძოდ, სკოლის 2017-2018 სასწავლო წლების სასკოლო სასწავლო გეგმა არ იყო დამტკიცებული და ვიზიტის პირველ დღეს დაამოწმა სკოლის დირექტორმა ხელმოწერითა და ბეჭდით. მონიტორინგის ეტაპზე სკოლის მიერ წარდგენილ სხვადასხვა დოკუმენტებში მოცემული და ექსპერტთა ჯგუფის მიერ მასწავლებლებსა და მოსწავლესთან ინტერვიუებიდან მიღებული, ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ სკოლას არ ჰქონდა დაზუსტებული გაკვეთილების ცხრილი. სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია მონიტორინგის ჯგუფს არ გადასცემია. ექსპერტთა ჯგუფის მიერ მასწავლებლებსა და მოსწავლესთან ინტერვიუებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ შეუძლებელია მოსწავლეებმა შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები. დაწესებულებამ მონიტორინგის ეტაპზე ვერ წარადგინა სკოლაში არსებული შეფასების სისტემისა და შეფასების კრიტერიუმების გამჭვირვალობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არ ფუნქციონირებდა სკოლის ვებგვერდი. სკოლას არ ჰქონდა სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი. დაწესებულებას სპორტის სახეობებიდან არჩეული აქვს კალათბურთი, ფრენბურთი და ჭადრაკი, თუმცა მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ითამაშონ მხოლოდ ჭადრაკი. ერთ-ერთ საკლასო ოთახში განთავსებულია საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის ზოგიერთი დასახელება: 15 ფიზიკის სახეობის, 3 ბიოლოგიის და რამდენიმე მინის მილი და კოლბები, ასევე, 9 ერთეული პლაკატი-თვალსაჩინოება. მეორე სართულზე არსებული სველი წერტილი არ იყო ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის. ვიზიტის პერიოდში მხოლოდ 1 ერთეული, ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერი იყო სკოლის ბიბლიოთეკაში განთავსებული. სკოლის მეორე სართულზე, თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა არ იყო დამტკიცებული შესაბამისი წესით. სკოლას არ გააჩნია სამედიცინო კაბინეტი და არ ჰყავს საშტატო განრიგით ექიმი/ექთანი, ამასთან, სკოლამ ვერ წარადგინა იმ პირის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელთანაც ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. მონიტორინგის ეტაპზე სკოლამ ვერ წარადგინა ჭადრაკის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პირადი საქმეები (დიპლომები).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაზე ,,ეროვნული გეგმის დამტკიცების თაობაზე“ და განმარტავს, რომ მითითებული ბრძანების 21-ე მუხლის თანახმად, სკოლა ვალდებულია შეიმუშაოს საკუთარი სასკოლო სასწავლო გეგმა ყოველი ახალი სასწავლო წლისათვის. იგი უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას და სკოლის მისიას. სასკოლო სასწავლო გეგმის დანიშნულებაა: ა) სკოლის მისიის განსაზღვრა; ბ) სკოლის პრიორიტეტების გათვალისწინებით კონკრეტული სკოლისათვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი დატვირთვის დაზუსტება; გ) საგნის/საგნების მიხედვით საგნობრივი პროგრამების შემუშავება იმ შემთხვევაში, თუ სკოლა გადაწყვეტს ეროვნული სასწავლო გეგმის წლიური პროგრამებისგან განსხვავებული პროგრამით მუშაობას; დ) დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების განსაზღვრა; ე) სასკოლო-საგანმანათლებლო აქტივობების მიმართულებების განსაზღვრა; (მუხლი 21.3). სასკოლო სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილია: ა) სკოლის მისია; ბ) სასკოლო საათობრივი ბადე; გ) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით; დ) მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები (რომელიც განსაზღვრავს ვადებსა და პირობებს გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენისთვის, საშემოდგომო გამოცდების ჩატარებისთვის და სხვა); ე) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა; ვ) ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი, საჭიროების დასაბუთება და აღწერილობა; თ) ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (საჭიროების შემთხვევაში) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის (მუხლი 21.4). ამავე ბრძანების 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასკოლო საათობრივი ბადე განსაზღვრავს: ა) საგნის/საგნების წლიური ჯამური საათების რაოდენობას; ბ) მოიცავს თითოეული კლასის ყოველდღიური გაკვეთილების განრიგს, რომელიც აზუსტებს კვირის რომელ დღეს, რა თანამიმდევრობით და დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება; სასკოლო საათობრივ ბადეში უნდა აღინიშნოს როგორც სავალდებულო და არჩევითი საგნები, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება (არსებობის შემთხვევაში) (მუხლი 23.2). სკოლას უფლება არა აქვს, საათობრივი ბადიდან საერთოდ ამოიღოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული რომელიმე სავალდებულო საგანი (მუხლი 23.4).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-3 მუხლზე, რომლის თანახმადაც, სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ: ა) სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას; ბ) სასკოლო სასწავლო გეგმა პასუხობს შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მოთხოვნებს და საშუალებას აძლევს მათ, შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები; დ) სკოლაში არსებული მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას. შეფასების კრიტერიუმები გამჭვირვალეა, ცნობილია სასკოლო საზოგადოებისათვის და შედეგები გამოიყენება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად. მითითებული დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად, სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ: ა) დაწესებულებას აქვს სასკოლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსი, მათ შორის: ა.გ) სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი; ა.დ) სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია/ლაბორატორიები; დ) სკოლას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის; ე) სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათ შორის, ინტერნეტით მუდმივად უზრუნველყოფილი კომპიუტერები. ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას; ვ) სკოლაში დაცულია პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს: ვ.ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა; ვ.გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები. ამავე დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად, სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ: ბ) სკოლის მასწავლებლები შერჩეულნი არიან ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად; ე) სკოლას შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები.

კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით და მონიტორინგის ჯგუფის დასკვნით დადგენილია, რომ სკოლის 2017-2018 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა არ იყო დამტკიცებული, სკოლას არ ჰქონდა დაზუსტებული გაკვეთილების ცხრილი. დაწესებულებამ მონიტორინგის ეტაპზე ვერ წარადგინა სკოლაში არსებული შეფასების სისტემისა და შეფასების კრიტერიუმების გამჭვირვალობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არ ფუნქციონირებდა სკოლის ვებგვერდი. სკოლას არ ჰქონდა სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი. ზემოაღნიშნული კანონმდებლობიდან გამომდინარე კი, ავტორიზაციის სტანდარტის დასაკმაყოფილებად სავალდებულოა, რომ სკოლას ჰქონდეს სასკოლო სასწავლო გეგმა, ასევე მნიშვნელოვანია სკოლაში სასკოლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსის ქონა, კერძოდ, სპორტული დარბაზის, აუზის ან მოედნის. განსახილველ შემთხვევაში კი, მაშინ როდესაც სკოლას სპორტული სახეობებიდან არჩეული ჰქონდა კალათბურთი, სკოლას არ ჰქონდა სპორტული დარბაზი.

სასამართლო განმარტავს, რომ მონიტორინგის ჯგუფი დაწესებულების მიერ ავტორიზაციის სტანდარტების შესრულების შემოწმებას ახორციელებს მონიტორინგის ეტაპზე დაწესებულებაში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად შპს „ი...ში“ გამოვლინდა ავტორიზაციის არაერთი სტანდარტის დარღვევის ფაქტი, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს საკლასო ჟურნალის წარდგენა ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო სასამართლოს იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ არსებული დარღვევების რაოდენობისა და ხასიათის გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტით გადაწყვეტილი დავის მთავარი საკითხი - შპს „ი...სთვის“ ავტორიზაციის გაუქმება კანონშესაბამისია, ადგილი არ აქვს ადმინისტრაცული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების გადაცილებას და მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას. თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით კი საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით" (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). ამრიგად, თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ არსებითად თანასწორ პირებს თანაბრად მოეპყრან. სადავო შემთხვევაში კი, თანასწორობის პრინციპის დარღვევა არ დასტურდება, რადგან მოსარჩელის ზოგადი მითითება, რომ არსებობს არაერთი პრაქტიკა, როდესაც მსგავსი ხარვეზების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრა ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა, არ გულისხმობს მოსარჩელის უფლების დარღვევას და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ არ დასტურდება საქმის გარემოებათა იდენტურობა. ამასთან, მოსარჩელის მიმართ კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა და სხვა პირებისთვის უპირატესობის გაუმართლებლად მინიჭების ფაქტი არ დგინდება.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივარზე ი. ი-ეს 07.02.2020წ. N23081581 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. ი-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება;

3. ი. ი-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.02.2020წ. N23081581 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე