Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-693(კ-კს-21) 01 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გენადი მაკარიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. გ-ამ 2016 წლის 10 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: სსიპ აღასრულების ეროვნული ბიუროს და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება თბილისის სააღსრულებო ბიუროს არქივიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ №3/3220-07 სააღსრულებო ფურცელზე გახსნილი და დამთავრებულად მიჩნეული №01/21-1925 სააღსრულებო საქმის გამოთხოვის, აღნიშნული სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულებულად მიჩნევის გაუქმებისა და სააღსრულებო წარმოების განახლების შესახებ, აგრეთვე მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 200 000 აშშ დოლარის გადახდის დავალება მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით იმ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისა და მიუღებელი შემოსავლისათვის, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა მათ მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების პირობებში, აგრეთვე 50 000 აშშ დოლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ა. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. გ-ას მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი (საქმე №ბს-897(კ-18)).

ა. გ-ამ 2016 წლის 11 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მესამე პირის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 სექტემბრის №4188 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ აღსრულების ეროვნილი ბიუროსთვის ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. №3/3220-07 საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გაცემული №3/3220-07 სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის აღსრულების დავალება, აგრეთვე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ე. ჯ-ის მიერ 04.02.2016წ. საქმე №3/8543-15 (№229676376259) განჩინების მე-4 პუნქტის მოთხოვნის აღსრულების დავალება, აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის სააღსრულებო წარმოების მასალების არქივიდან ამოღების და სააღსრულებო წარმოების განახლების და აღსრულების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მერია (სასკ-ის 16.1 მუხ.).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 12.09.2016წ. №4188 ბრძანება და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და ა. გ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და ა. გ-ას მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ა. გ-ას საკასაციო საჩივარები დასაშვებად იქნა ცნობილი (საქმე №ბს-523-523 (2კ-18)).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ა. გ-ას საკასაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ (საქმე №ბს-897(კ-18)) გაერთიანდა ერთ წარმოებად საკასაციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ ა. გ-ას საკასაციო საჩივართან, მოწინააღმდეგე მხარე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მესამე პირის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ (საქმე №ბს-523-523 (2კ-18)).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 24 დეკემბრის განჩინებით, ა. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება (საქმე №3ბ/1649-17); სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და ა. გ-ას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინება (საქმე № 3ბ/317-17) და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ამ.

კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითება გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის მასალების სრულყოფილად, მიუკერძოებლად გაანალიზების შესახებ. სასამართლომ აგრეთვე არ გაითვალისწინა, რომ დაირღვა ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-2, მე-6 და სხვ. მუხლების მოთხოვნა. კასატორის მითითებით, 2003 წლის 07 ივლისს ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ გ. კ-ამ 2003 წლის 07 ივლისს წერილით მიმართა ქ. თბილისის რეგისტრატორს ბ-ნ შ-ას და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 მარტის №273 განკარგულების საფუძველზე მოეხდინათ საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის, რაიონში, ... №o8/6-ში, ... სკოლისა და ...ქ. №o8-ში, მდებარე საცხოვრებელ შენობებს არსებული შორის 220 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და დადგენილი წესით გაეცათ საკუთრების უფლების დამადასრურებელი საბუთი. განცხადებას ერთვოდა: პრეზიდენტის №273 განკარგულება, დათარიღებული 2003 წლის 13 მარტით; ქ. თბილისის მერიის თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა (დამტკიცებული თბილისის მთავარი არქიტექტორის ბატონ ი. რ-ის მიერ, დამტკიცებული 2003 წლის 06 მაისს), ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 26 სექტემბრის №13.29.295 დადგენილება. მიუხედავად იმისა, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო რეგისტრატორს განცხადება წარედგინა 2003 წლის 07 ივნისს, აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის სამსახურმა დაარეგისტრირა 2003 წლის 17 ოქტომბერს. ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მთავარი არქიტექტორის, ი. რ-ის მიერ 2003 წლის 6 მაისს დამტკიცებული იქნა გეგმა წარდგენილი მასალების საფუძველზე, რომლის თანახმად, „ქ. თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, ... ქ. 038/6-ში, საავტორო სკოლასა და ...ქ. 08 საცხოვრებელ სახლს შორის პირდაპირი განკარგვის წესით, კეთილმოწყობის მიზნით, ა. გ-ასათვის 220 კვ.მ მიწის ნაკვეთის გეგმა, რომლის საფუძველზეც 2003 წლის 17 ოქტომბერს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის სამსახურის მთავარი რეგისტრატურის კ. შ-ას მიერ, უძრავი ქონება". ამრიგად, სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ 2003 წლის 17 ოქტომბერს და მას მიენიჭა მიწის სარეგისტრაციო ნომერი ... და საკადასტრო კოდი №..., ხოლო საკუთრების უფლების გრაფაში ჩაწერილია: "ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2003 წლის 6 მაისს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა, ხოლო საკუთრების განყოფილებაში მესაკუთრედ მითითებულია სახელმწიფო და არა ფიზიკური პირი ა. გ-ია.

კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრის სამსახურის მოხელის მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, და მე-4 ნაწილის მოთხოვნები. აგრეთვე, დარღვეულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით (ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა); მე- 18 მუხლით (სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ); მე-19-ე მუხლით (საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება) და 34-ე მუხლით დაცული ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები. ა. გ-ას განმარტებით, სააპელაციო პალატამ მხარეს არ მოსთხოვა სააპელაციო საჩივარზე წარმოედგინა შესაგებელი. აღნიშნულით, მოსამართლემ საშუალება მისცა მოწინააღმდეგე მხარეებს დაერღვიათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მოთხოვნა; მეტიც, სასამართლომ სააპელაციო საჩივარი საერთოდ წარმოებაში არ მიიღო, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 მუხლების მოთხოვნები. კასატორის მითითებით, თბილისის მერიამ დაარღვია „ადგილობრივი თვთმმართველობის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი, თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაცის შესახებ კანონი, რომლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციას სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. თბილისის მთავრობის მიერ 2010 წლის 26 თებერვალს მიღებული იქნა №06.12.222 დადგენილება, რომლითაც გაუქმდა თბილისის მთავრობის 2002 წლის 26 სექტემბრის №13.29.295 დადგენილება. ეს დადგენილება უკანონოა, ვინაიდან გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მოთხოვნა.

კასატორმა აგრეთვე იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 09 აგვისტოს განჩინებით ა. გ-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ა. გ-ასა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივრები. ხსენებული დავის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 სექტემბრის №4188 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ აღსრულების ეროვნილი ბიუროსთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 07 აპრილის №3/3220-07 საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გაცემული №3/3220-07 სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის აღსრულების დავალება, აგრეთვე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ე. ჯ-ის მიერ 2016 წლის 04 თებერვლის საქმე №3/8543-15 (№229676376259) განჩინების მე-4 პუნქტის მოთხოვნის აღსრულების დავალება, აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის სააღსრულებო წარმოების მასალების არქივიდან ამოღების და სააღსრულებო წარმოების განახლების და აღსრულების დავალება.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ,,რიგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარების, მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის და მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ’’ ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტით განისაზღვრა, რომ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ქალაქ თბილისის მთავრობასთან არ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ ან/და საკუთრების ან სარგებლობის უფლება არ ჰქონდათ საჯარო რეესტრში და რომელთა ნაწილში არ იყო გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, სათანადო ხელშეკრულებები უნდა გაფორმებოდათ 2007 წლის პირველ დეკემბრამდე, იმ შემთხვევაში თუ ქ. თბილისის მერიას წარუდგენდნენ: ,,ა) ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნას; ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამზადებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს; გ) ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-7 გადაწყვეტილებით დადგენილ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარს“. ამავე დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების 2007 წლის 1 დეკემბრამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმ პირთა ნაწილში, რომლებიც არ შეასრულებენ მათ. მე-7 პუნქტის თანახმად, წინამდებარე დადგენილებაში მითითებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გაუქმების შედეგად დაინტერესებულ მხარეთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდებოდა დამატებითი წარმოების შედეგად მისი ზუსტი ოდენობის განსაზღვრის შემდეგ. მე-8 პუნქტით დადგინდა დადგენილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ხსენებული დადგენილების ერთ-ერთ ადრესატს წარმოადგენდა ა. გ-ა, რომელმაც სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მითითებული დადგენილების მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების ა. გ-ას ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით ა. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი, ამავე დადგენილების მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ა. გ-ას მიმართ. თბილისის მთავრობას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. გ-ას მიმართ თბილისში, ... ქ. №8/6-ში ... სკოლასა და ...ქ. №8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლს შორის არსებული 220 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. ხსენებულ გადაწყვეტილებაზე 2008 წლის 18 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. საქმის მასალებით ისიც დასტურდება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აღმასრულებელმა მიმართა მერიას წინადადებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა სააღსრულებო ბიუროს შეატყობინა თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №24.36.852 დადგენილების მიღების თაობაზე. ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №24.36.852 დადგენილებით ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №18.19.621 დადგენილებაში ცვლილება-დამატებები იქნა შეტანილი, რომლის შედეგად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა თბილისის მთავრობის დადგენილების ის პუნქტები, რომლებიც ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით (მე-5 პუნქტის "გ" ქვეპუნქტი, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტები) ა. გ-ას ნაწილში. თბილისის მერიის ადმინისტრაციის 2009 წლის 08 იანვრის №06/59265-2 წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. გადაწყვეტილება აღსრულდა ქ. თბილისის მთავრობის 22.12.2008წ. №24.36.852 დადგენილების გამოცემით.

ა. გ-ამ 2008 წლის 01 აგვისტოს განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2008 წლის 18 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულების დაწყება მოითხოვა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო მოქმედებები და 2010 წლის 28 იანვარს გაცემული ცნობის თანახმად, სააღსრულებო წარმოება დასრულდა, ვინაიდან მიჩნეული იქნა, რომ გადაწყვეტილება აღსრულებული იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 07 აპრილის №3/3220-07 გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ა. გ-ამ 2015 წლის 21 ივლისს განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, რომლის 2015 წლის 19 აგვისტოს №75885 წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ სააღსრულებო ფურცელი აღსრულებული და გადაგზავნილი იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივში. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ ბიურო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა თუ რამდენად სწორად ჩატარდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება.

2016 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. გ-ამ და მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის თბილისის სააღსრულებო ბიუროს არქივიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 07 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ №3/3220-07 სააღსრულებო ფურცელზე გახსნილი და დამთავრებულად მიჩნეული №01/21-1925 სააღსრულებო საქმის გამოთხოვის, აღნიშნული სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულებულად მიჩნევის გაუქმებისა და სააღსრულებო წარმოების განახლების შესახებ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

2016 წლის 01 სექტემბერს ა. გ-ამ საჩივრით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, განუმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 07 აპრილის №3/3220-07 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოება უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული დასრულებულად და საქმე გაიგზავნა აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივში, ასევე არ აღსრულდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ე. ჯ-ის მიერ, 2016 წლის 04 თებერვალს, საქმე №3/8543-15 (№229676376259), განჩინების მე-4 პუნქტით საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიცემული დავალება. ამდენად, საჩივრის ავტორმა მოითხოვა, ადმინისტრაციული წარმოების დაწყება დაუყოვნებლივ, ჯერ ნებაყოფლობით, შემდეგ კი იძულების წესით. ამასთან, ითხოვა ქ. თბილისის მერის სახელზე წერილის მომზადება, რათა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, დაუყოვნებლოვ განხორცილებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 სექტემბრის №4188 სადავო ბრძანებით ა. გ-ას უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ საჩივრის ავტორს იმავე საკითხებზე, რაც მითითებულია წარმოდგენილ საჩივარში, მიმართული ჰქონდა სასამართლოსათვის, რაზედაც მიმდინარეობდა დავა. აღნიშნული გარემოება კი საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. ამავე ბრძანებაში მიეთითა, რომ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ე. ჯ-ის 2016 წლის 04 თებერვლის განჩინება აღსრულებული იქნა.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებებს სადავო საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც, თავის მხრივ, ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინების დასკვნებს. პალატა აღნიშნავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 სექტემბრის №4188 სადავო ბრძანება ეფუძნებოდა შესაბამის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 07 აპრილის №3/3220-07 გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ა. გ-ამ 2016 წლის 10 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. პარალელურად, 2016 წლის 01 სექტემბერს მან იდენტური მოთხოვნით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. პალატა განმარტავს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 183 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არ განიხილავს საჩივარს, თუ სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ამდენად, არსებობდა ა. გ-ას 2016 წლის 01 სექტემბრის საჩივრით განუხილველად დატოვების კანონისმიერი საფუძველი.

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 07 აპრილის №3/3220-07 საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გაცემული №3/3220-07 სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის აღსრულების მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნას, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთხელ გაჟღერებულ განმარტებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს არ ავალებს კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემას. ამდენად, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული არ არის შესაძლებლობას, მიიღოს იმავე შინაარსის გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით ა. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი, ამავე დადგენილების მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ა. გ-ას მიმართ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მთელი რიგი ღონისძიებები განხორცილდა სააღსრულებო ბიუროს მიერ. საბოლოოდ, თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №24.36.852 დადგენილებით ცვლილება იქნა შეტანილი ა. გ-ას მიერ სასარჩელო წესით გასაჩივრებულ ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №18.19.621 დადგენილებაში, რის შემდეგაც გადაწყვეტილება ჩაითვალა აღსრულებულად. ამდენად, არ არსებობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის სააღსრულებო საქმის დასრულებულად მიჩნევის გაუქმებისა და სააღსრულებო წარმოების განახლების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - აღსრულდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ე. ჯ-ის მიერ 2016 წლის 04 თებერვალს საქმე №3/8543-15 (№229676376259) განჩინების მე-4 პუნქტით საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიცემული დავალება, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქმის მასალების თანახმად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ე. ჯ-ის მიერ 2016 წლის 04 თებერვალს საქმე №3/8543-15 (№229676376259) განჩინებით მოთხოვნილი მასალები წარდგენილი იქნა სასამართლოში, რის გამოც ხსენებული მოთხოვნაც უსაფუძვლოა.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ა. გ-ას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს არავითარ დასაბუთებას სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლინობასთან დაკავშირებით. ამასთან, კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილების უსწორობა, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მიცემული მითითებების შეუსრულებლობა.

რაც შეეხება ა. გ-ას შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. Nას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ Nას-1150-2020, 29.11.2021წ.).

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმის განხილვა საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხორციელდა ზეპირი მოსმენით, მხარეთა დასწრებით, ჩატარდა არაერთი სხდომა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა კონსტიტუციური უფლება, მათივე მონაწილეობით საქმის განხილვაზე, დაცულია, მხარეებს სრულად აქვთ რეალიზებული საკუთარი საპროცესო უფლებები, ამდენად, სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ეწინააღმდეგება საკანონმდებლო დანაწესებს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე

ბ. სტურუა