Facebook Twitter

№651-13 20 თებერვალი, 2013 წელი

ბ–ე მბ, 651-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. დ–ის

მსჯავრდებულ _ მ. ბ–ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ–ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენით მ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 11 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით მ. ბ–ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 21 სექტემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ბ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ბ–ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ბ–ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 179-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

მ. ბ–ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და თბილისის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დამატებული სასჯელი – 1 წელი და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მ. ბ–ეს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ბ–ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ, მართალია, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ვერ განსაზღვრა, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით რა სასჯელი ჰქონდა მას დანიშნული თითოეული დანაშაულისათვის, მაგრამ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, სასამართლოს სსკ-ის 109-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეემცირებინა 2 წლითა და 9 თვით, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 9 თვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული მ. ბ–ე ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანას და სასჯელის საბოლოო ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–2 მუხლის შესაბამისად, მ. ბ–ეს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 4 წელი და განესაზღვროს 2 წელი.

რაც შეეხება საქართველოს სსკ–ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნულ სასჯელებს - 11 წლითა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთას - პალატა აღნიშნავს, რომ ისინი უნდა შემცირდეს ერთი მეოთხედით საბოლოოდ დანიშნულ სასჯელში - 12 წლით თავისუფლების აღკვეთაში - თითოეულის წილის პროპორციულად და საბოლოოდ მ. ბ–ეს უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიის შედეგად განახევრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შემდეგი დაანგარიშებით: ვინაიდან 4 წლიდან ახალ განაჩენს დაემატა ერთი წელი, ეს ნიშნავს, რომ 4 წლის ერთი მეოთხედი იქნა დამატებული. შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს უნდა დაემატოს 2 წლის ერთი მეოთხედი, რაც შეადგენს 6 თვეს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საბოლოოდ მ. ბ–ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც იხდის 2004 წლის 21 სექტემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2, მე-16, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ბ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე