საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-653(კ-22) 27 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 25 თებერვალს კ. გ-ამ, მ. ლ-ამ და ი. გ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათ ნაწილში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის N03-147/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მინიჭებული ქულების მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. გ-ას, მ. ლ-ას და ი. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 28 იანვრის N03-147/ო ბრძანება, მოსარჩელეთა ნაწილში; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მინიჭებული ქულების მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-12, მე-13 მუხლებზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის ოჯახის ცხოვრება ზუგდიდის რაიონის სოფელ ..., ... ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაღის შენობაში. მხოლოდ ის გარემოება, რომ ერთ კონკრეტულ დღეს, სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ მისამართზე, არ გამორიცხავს აღნიშნულ შენობაში მათი ცხოვრების ფაქტს. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია, სადავო შენობის გარდა, ცხოვრობდა თუ არა მოსარჩელის ოჯახი მუდმივად სხვა მისამართზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა ... ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2021 წლის 15 თებერვლის ცნობაზე, რომლის თანახმად, კ. გ-ა 1998 წლიდან დღემდე ნამდვილად ცხოვრობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ..., ... ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაღის შენობაში. ამასთანავე, მოსარჩელეები - კ. გ-ა, მ. ლ-ა და ი. გ-ა რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და აღნიშნული ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, მათი ოჯახის მუდმივი საცხოვრებელია ზუგდიდის რაიონი, სოფელი ..., ... ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაღის შენობა. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა სს „ენერგო პროჯორჯიას“ მიერ გაცემულ აბონენტის ბარათზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას 2014 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით ელექტროენერგიის მოხმარების თაობაზე. ამასთან, ზუგდიდის რაიონის სოფელ ..., ... ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაღის შენობაში მცხოვრები სხვა დევნილების წერილობითი განმარტებით, მოსარჩელეები ნამდვილად ცხოვრობენ მითითებულ მისამართზე. საქმეზე წარმოდგენილი ფოტომასალით დასტურდება, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ..., ... ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაღის შენობაში არსებული მოსარჩელეების საცხოვრებელი არის საცხოვრებელ მდგომარეობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად არ შეაფასა მოსარჩელეთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, მოსარჩელეებს უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი ფართის გადაცემაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ 2020 წლის 28 ივნისის აღწერის ფორმიდან და მოსარჩელეთა მეზობლის განმარტებიდან გამომდინარე, სადავო მისამართის ნაცვლად, მოსარჩელეები ცხოვრობენ აფხაზეთში. აღნიშნული განმარტების საპირისპიროდ, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა თ. ბ-ამ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს მან მოსარჩელე კ. გ-ას მამაზე - ჯ. გ-აზე უთხრა აფხაზეთში ცხოვრების შესახებ, ხოლო მოსარჩელეები ნამდვილად ცხოვრობენ ზუგდიდის რაიონის სოფელ ..., ... ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაღის შენობაში. იგივე გარემოება დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა, იმავე მისამართზე მცხოვრებმა ო. ც-ამ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუთითებია უტყუარ მტკიცებულებაზე, რომლითაც გამოირიცხებოდა მოსარჩელის ოჯახის ზუგდიდის რაიონის სოფელ ..., ... ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაღის შენობაში ცხოვრების ფაქტი. 2020 წლის 28 ივნისის აღწერის ფორმის მიხედვით, ადგილზე გამოცხადებულ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს ს. გ-ამ განუმარტა, რომ მისი მშობლები იმყოფებოდნენ გალში, ხოლო კ. გ-ა, მეუღლესთან - მ. ლ-ასთან და შვილთან - ი. გ-ასთან ერთად იმყოფებოდა ქალაქ ზუგდიდში. ამასთანავე, 2020 წლის 17 სექტემბერს, იმავე მისამართზე ვიზიტისას, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს არ დახვდათ ჯ. გ-ა. მეზობლის - თ. ბ-ას განმარტებით, ჯ. გ-ას ოჯახი ცხოვრობს აფხაზეთში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული მტკიცებულებით არ დასტურდება მოსარჩელის ოჯახის აფხაზეთში ცხოვრების ფაქტი, როგორც ამას მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანო. ს. გ-ა და თ. ბ-ა მიუთითებენ არა მოსარჩელეთა ოჯახის, არამედ მოსარჩელე კ. გ-ას მშობლების აფხაზეთში ყოფნის ფაქტზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოსარჩელის ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით, ქულათა მიუხედავად, ვინაიდან ოჯახი ცხოვრობს ნგრევად ობიექტში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არასწორად განმარტა. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან იმ მოწმეთა წერილობით განმარტებაზე მითითება, რომელიც სასამართლო პროცესზე არ გამოკვლეულა. ასევე უსაფუძვლოა მითითება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაზეც. სააგენტო არ არის ვალდებული, უპირობოდ გაიზიაროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემობები. შეფასების სტანდარტი ამ შემთხვევაში უფრო მაღალია, ვიდრე შემწეობის გაცემისას. შესადარებელი სიკეთეები განსხვავდება ერთმანეთისაგან - საქმე შეეხება სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ბინის გადაცემას და არა ყოველთვიური შემწეობის გაცემას, რაც თავისთავად გულისხმობს სააგენტოს მხრიდან საქმის ყოველმხრივ, დეტალურად და ობიექტურად მოკვლევას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში მითითებული ინფორმაცია უპირობოდ სწორი და გასაზიარებელი რომ იყოს, საკანონმდებლო დონეზე არ იქნებოდა რეგულირებული მონიტორინგის სამსახურის საქმიანობა, რომელიც მოიაზრებს ვალდებულებას, შესწავლილ იქნეს დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მათ შორის, ამა თუ იმ მისამართზე დევნილის ცხოვრების ფაქტი. სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ბინის გადაცემა მოიაზრებს საქმის ყოველმხრივ, დეტალურად და ობიექტურად გამოკვლევას. ხშირად, დაინტერესებული პირის რეალური საცხოვრებელი ადგილი განსხვავდება მისი რეგისტრაციის მისამართისაგან. სწორედ ამიტომ, მონიტორინგის სამსახური სწავლობს კონკრეტული დევნილი ოჯახის საკითხს და შედეგებს ასახავს შესაბამის ოქმში.
კასატორის განმარტებით, სს „ე...-ს“ მიერ გაცემული აბონენტის ბრუნვის ისტორიის წარმოდგენით, მხარე ცდილობდა, დაედასტურებინა, რომ იგი ფაქტობრივად ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში, თუმცა აღნიშნული დოკუმენტით საპირისპირო დასტურდება. ამონაწერში კარგად ჩანს, რომ წლების განმავლობაში, ოჯახის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასური უმნიშვნელო ოდენობისაა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარე მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრობს. რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხულ პირს - თ. ბ-ას, მან სასამართლო პროცესზე შეცვალა პოზიცია და განმარტა, რომ მონიტორინგის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია მონიტორინგის სამსახურისათვის არ მიუწოდებია. ამ პირობებში, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ კ. გ-ა ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრობდა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მონიტორინგის ოქმიდან ჩანს, რომ შემოწმებისას მხარე არ იმყოფებოდა ნგრევად ობიექტში. აღნიშნული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას, რომელმაც იმსჯელა მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე. წარდგენილი ინფორმაციით არ დადგინდა, რომ კ. გ-ას ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონთან და მის საფუძველზე მიღებულ ნორმატიულ აქტებთან. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.
სადავო პერიოდში მოქმედებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი N1). აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას ჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა შემთხვევას, როდესაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო, ამ „წესის“ მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, პრიორიტეტი მიენიჭებინა და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განეხორციელებინა იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობდნენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დადასტურებულიყო სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდებოდა სააგენტოს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ კ. გ-ა და მისი შვილი - ი. გ-ა არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე, დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხის განხილვისას, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის N77 საოქმო გადაწყვეტილებით, „აღწერის ოქმში“ მითითებულ ოჯახის შემადგენლობას, მათ შორის - მოსარჩელეებს, უარი ეთქვათ ქალაქ ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. საოქმო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების შესაბამისად, სამეგრელოს რეგიონში მდებარე ნგრევადი ობიექტების დახურვის მიზნით, კომისიამ იმსჯელა მათში მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხზე. წარმოების ფარგლებში, განხორციელდა მონიტორინგს დაქვემდებარებული 68 ნგრევადი და სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტის აღწერა, რაც დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნებით. კომისიის მიერ საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებულ ნგრევად ობიექტებს შორის ფიქსირდება ქალაქ ზუგდიდში, სოფელ ..., ... ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღი (2019 წლის 3 ივნისის N... ექსპერტიზის დასკვნა).
ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის N03-147/ო ბრძანების გამოცემას.
დადგენილია, რომ სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2020 წლის 28 ივნისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში განხორციელდა მონიტორინგი. მონიტორინგის ამსახველი „აღწერის ფორმის“ მიხედვით, შენობაში მცხოვრები დევნილი პირის - ჯ. გ-ას ოჯახის წევრებს შორის მითითებულნი არიან მისი შვილი - კ. გ-ა (დევნილი) და კ. გ-ას მეუღლე - მ. ლ-ა (არადევნილი). ადგილზე გამოცხადებულ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს არ დახვდათ ოჯახის არც ერთი წევრი. დაახლოებით 1 საათში ადგილზე მივიდა ჯ. გ-ას შვილი - ს. გ-ა, რომელმაც განმარტა, რომ მისი მშობლები იმყოფებოდნენ გალში, ხოლო კ. გ-ა, მეუღლესთან - მ. ლ-ასთან და შვილთან - ი. გ-ასთან ერთად, იმყოფებოდა ქალაქ ზუგდიდში. იმავე მისამართზე ვიზიტისას, 2020 წლის 17 სექტემბერს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს არ დახვდათ ჯ. გ-ა. მეზობლის - თ. ბ-ას განმარტებით, ჯ. გ-ას ოჯახი ცხოვრობს აფხაზეთში.
კ. გ-ა, მ. ლ-ა და ი. გ-ა რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. აღნიშნული ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, ოჯახის მუდმივ საცხოვრებლად მითითებულია ზუგდიდის რაიონი სოფელი ..., ... ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაღის შენობა.
... ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2021 წლის 15 თებერვლის ცნობის მიხედვით, კ. გ-ა 1998 წლიდან დღემდე ნამდვილად ცხოვრობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ..., ... ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაღის შენობაში.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ..., ... ქუჩაზე მდებარე, ყოფილი ბაღის შენობაში მცხოვრები სხვა დევნილების წერილობითი განმარტებით მოსარჩელეები ნამდვილად ცხოვრობენ ზუგდიდის რაიონის სოფელ ..., ... ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად გამორიცხა მოსარჩელეთა ზუგდიდში, სოფელ ..., ... ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღის შენობაში ცხოვრების ფაქტი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეები კონკრეტულად მონიტორინგის განხორციელების დროს იმყოფებოდნენ სხვა მისამართზე, არ წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირთა განსახლების საჭიროება, აღნიშნული კი, ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა შესაძლებლობას, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნის არსებობის პირობებში, ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა შესაბამის ობიექტში მცხოვრები ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა მოსარჩელეთა ოჯახის ნგრევად ობიექტში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და გამოირიცხებოდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, რომ სადავო საკითხის განხილვის პროცესში, შესაბამის ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თავადვე ადასტურებს მოსარჩელეთა ოჯახის რეგისტრაციის ადგილის შეფასებას ნგრევად ობიექტად, რაც არ გამორიცხავს შესაძლებლობას, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ოჯახმა დატოვოს რეგისტრაციის ადგილი. ამ პირობებში, კონკრეტულ მომენტში შემოწმებისას მოსარჩელეთა დროებით მისამართზე არყოფნა არ უნდა წარმოადგენდეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის თაობაზე დასკვნის გაკეთების საფუძველს. საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს ... ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემულ 2021 წლის 15 თებერვლის ცნობას, რომლის თანახმად, კ. გ-ა 1998 წლიდან დღემდე ნამდვილად ცხოვრობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ..., ... ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაღის შენობაში. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა მთელ რიგ მტკიცებულებებზე (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; სს „ენერგო პროჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტის ბარათი; ზუგდიდის რაიონის სოფელ ..., ... ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილების წერილობითი განმარტებები; სასამართლოში მოწმეთა სახით დაკითხული პირების განმარტებები), რომლებითაც ასევე დასტურდება მოსარჩელეთა მუდმივი ცხოვრება ზუგდიდის რაიონის სოფელ ..., ... ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაღის შენობაში. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის N03-147/ო ბრძანება, მოსარჩელეთა ნაწილში ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე