Facebook Twitter

№691-13 20 თებერვალი, 2013 წელი

ჟ-ი ნ., 691-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. ჟ-ის

მსჯავრდებულ _ ნ. ჟ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. ჟ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ნ. ჟ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 ივნისიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: ნ. ჟ-ს ამოერიცხა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებაზე მითითება. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ჟ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. ჟ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ჟ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. ჟ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ჟ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ოქტომბრის განაჩენში შესული ცვლილება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ამორიცხვის თაობაზე და სასჯელი შეუმცირა ერთი მესამედით. მსჯავრდებული ნ. ჟ-ი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებასა და განთავისუფლებას სასჯელის მოხდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ნ. ჟ-ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა - შენახვისთვის; შესაბამისად, მის მიმართ ვერ მოხდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის გამოყენება და მისი სასჯელისგან სრულად გათავისუფლება.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას, რომ მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით ამოერიცხა მითითება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებაზე, პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, ნ. ჟ-ს ამოერიცხა მითითება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებაზე, მაგრამ მას მაკვალიფიცირებელ ნიშნად დარჩა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნ. ჟ-ის მიერ ჩადენილი ქმედება კვალიფიცირდება გასაღების ნიშნით და ნარკოტიკის ოდენობა ამ ფაქტზე გავლენას არ ახდენს. აქედან გამომდინარე, მის მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლი. შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე ნ. ჟ-ისთვის დანიშნული სასჯელის ერთი მესამედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 6 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. ჟ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე