Facebook Twitter

№701-13 20 თებერვალი, 2013 წელი

გ-ა ხ 701-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ი. დ-ს

ადვოკატ - მ. ჯ-ს

მსჯავრდებულ - ხ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ხ. გ-ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით:

აჭარის ა/რ-ის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ე. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ე. გ-სა და ბრალდებულ ხ. გ-ს შორის 2011წლის 29 ივნისს დადებული საპროცესო შეთანხმება.

ხ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ხ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 8000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 აპრილიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №3 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ხ. გ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ხ. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–13 მუხლის თანახმად, ხ. გ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული რეალურად მოსახდელი და პირობითად ჩათვლილი სასჯელის (5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით) შემდგომი მოხდისგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ხ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით განესაზღვრა 3 წელი, ხოლო 1 წელი და 6 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 აპრილიდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ხ. გ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლით, რომლის საფუძველზეც უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262-ე მუხლით.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმადაც, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ხ. გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი