ბს-1106(კ-21) 26 იანვარი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „დ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „დ...მა“ 18.09.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ამავე სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 07.07.2017წ. და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 20.07.2017წ. ͏გადაწყვეტილებების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 23.08.2017წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე შპს „დ...ის“ 09.06.2017წ. №... განცხადების და მასზე დართული უფლებადამდგენი დოკუმენტების საფუძველზე ქ. რუსთავში, ...ის ქუჩის მიმდებარედ 12904,74 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი აქტის მოპასუხისთვის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.09.2017წ. განჩინებით, შპს „დ...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 18.10.2017წ. განჩინებით, შპს „დ...ის“ სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.01.2018წ. განჩინებით, შპს „დ...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 05.06.2018წ. განჩინებით, საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს 30.10.2018წ. გადაწყვეტილებით, შპს „დ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „დ...ის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.2021წ. განჩინებით, შპს „დ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონში განხორციელებული დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე 07.12.2010წ. კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კანონს დაემატა 74 მუხლი, რომლითაც განისაზღვრა კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ვადა. აღნიშნული მუხლის თანახმად, 2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.07.2020წ. Nბს-861-843(კ-12) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ რომ საქართველოს კონსტიტუციის 42.5 მუხლის (ამჟამად მოქმედი რედაქციის 31.9 მუხლი) და სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა. საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე და იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო გამოიყენებს იმ კანონს, რომლის მოქმედების პირობებში ფაქტებს ჰქონდა ადგილი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონში 74 მუხლით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ მიუმართავს უფლების რეალიზაციის მიზნით, ამასთან, მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) შესახებ 11.12.2006წ. ბრძანება და შემდგომ მიმდინარე სააღსრულებო წარმოება არ იყო დამაბრკოლებელი გარემოება იმისათვის, რომ აპელანტს მოეხდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო უძრავ ქონებაზე, ვინაიდან 1996 წლიდან 2012 წლის პირველ იანვრამდე ქრონოლოგიურად მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონები არ კრძალავდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას აღნიშნული ქონების საგადასახადო ორგანოს მიერ დაყადაღების შემთხვევაშიც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „დ...ის“ მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის 28.01.2021წ. სამსახურებრივი ბარათითა და მასზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულია ტექნიკური აღრიცხვის ბარათი მისამართით ქ. რუსთავი, ...ის ქ. №2. ბარათის თავფურცელზე (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) მითითებულია შპს „ა...“. სააღრიცხვო მასალაში დაცული 27.10.1997წ. მიღება-ჩაბარების აქტის (ქსეროასლი) თანახმად, შპს „დ...ი“ შპს „ა...ს“ გადასცემს მისი საკუთრების ნაწილს (...ს). სააღრიცხვო მასალაში ასევე ინახება ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ მომზადებული ცნობა, რომლის თანახმად, შპს „ა...ის“ საკუთრებაშია ფირმა „დ...ის“ ტერიტორიაზე მდებარე ორი შენობა-ნაგებობა, რომელიც სააღრიცხვო მასალის მონაცემების მიხედვით შეესაბამება ლიტ. „ა-ს“ (...ო) და ლიტ. „ბ-ს“ (...ი შენობა - დაუმთავრებელი), მათი ფართობი ჯამში შეადგენს 3297.6კვ.მ.-ს. სააღრიცხვო მასალაში დაცულია 17.10.1996წ. №301 ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათება მისამართზე ქ. რუსთავი, ...ის ქ. №2, რომლის თანახმად ცნობა-დახასიათება მიეცა ფირმა „დ...ს“, საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთების გრაფაში მითითებულია გადაწყვეტილება №1856, 28.11.1990წ. ოქმი №11, 14.11.1990წ. აქტი №5, 1992წ. №98 დადგენილება. შპს „ა...ის“ საწესდებო ფონდის 12.4% წილის მესაკუთრეა შპს „დ...ი“, კომპანიონთა 22.06.1998წ. გადაწყვეტილების მიხედვით ფირმა „ა...ის“ წილი განისაზღვრა 48.5%. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტების დადგენის შემდგომ დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება იმაზე, რომ საარქივო მასალის თავფურცელზე შპს „დ...ი“ არ ფიქსირდება, ზემოაღნიშნულ მფლობელობაზე ტექნიკური პასპორტი შესაბამისი გეგმით შედგენილი არ არის, ცალკე ტექნიკური აღრიცხვის ბარათი მისამართზე ქ. რუსთავი, ...ის ქ. №2 შპს „დ...ის“ მითითებით არ იძებნება, ასევე სააღრიცხვო ბარათში გენგეგმა ყველა ლიტერის მითითებით, რომელიც ცნობა-დახასიათებაში ფიქსირდება, წარდგენილი არ არის.
კასატორმა მიუთითა, რომ შპს „დ...ს“ საკუთრების უფლება შესაბამის უძრავ ქონებაზე ერთხელ უკვე ჰქონდა დადგენილი. სასამართლოს მიერ შესაფასებელია ცნობა-დახასიათება კასატორის საკუთრების უფლების თაობაზე, რის შემდეგაც აღარ იარსებებს უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, შესაბამისად, 01.01.2012წ. თარიღზეც მითითება უსაფუძვლოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „დ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალებით შპს „დ...ის“ წარმომადგენელმა 09.06.2017წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ქ. რუსთავში, ...ის ქუჩაზე, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 904,74კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ რვა არასაცხოვრებელ შენობა-ნაგებობაზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. განმცხადებელმა სარეგისტრაციოდ წარადგინა ქ. რუსთავის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.11.1990წ. №1856 გადაწყვეტილების (ოქმი №11) ასლი, რომლის თანახმად ფირმა „ა...ს“ მიწის ნაკვეთი გამოეყო ...ის ქუჩაზე არსებულ ...სა და №...ას შორის მდებარე თავისუფალი ტერიტორიიდან (2,3 ჰა ფართობი), აგრეთვე ...ის მარცხენა მხარეს ...სა და №...ის მიმდებარე ტერიტორიიდან (0,08ჰა), გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საერთო ფართია 3,1 ჰა. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 7.1 მუხლის განცხადების წარდგენის დროისათვის მოქმედი რედაქციის თანახმად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდებოდა დაინტერესებული პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე. ამავე კანონის 3.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მართლზომიერი მფლობელი განიმარტებოდა, როგორც ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. მსგავს დანაწესს ითვალისწინებს აღნიშნული კანონის 3.1 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის დღეს მოქმედი რედაქცია. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ საჯარო რეესტრს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა იურიდიულმა პირმა - შპს „დ...მა“. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-74 მუხლის მიხედვით, 2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 27.12.2013წ. №2/3/522,533 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელები (სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-74 მუხლის (სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ...მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას”) არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ჰქონდათ გონივრული შესაძლებლობა, ესარგებლათ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებით 2007 წლიდან 2012 წლამდე, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება არ შეიძლება ჩაითვალოს ნდობის პრინციპის საწინააღმდეგოდ და არ წარმოადგენს საკუთრების შეძენის ლეგიტიმური მოლოდინის გაუმართლებელ და დაუსაბუთებელ შეზღუდვას, შესაბამისად, სახეზე არ არის წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან (ძვ. რედაქცია). ამდენად, გასაჩივრებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 07.07.2017წ. გადაწყვეტილებით მარეგისტრირებული ორგანოს მიერ განმცხადებელს მართებულად განემარტა 2012 წლის პირველი იანვრის შემდგომ კერძო სამართლის იურიდიულ პირზე საკუთრების უფლების აღიარების შეუძლებლობაზე და დამატებით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საჭიროებაზე. გარდა ამისა, საქმეში არსებული მასალებით კასატორს 2012 წლის პირველ იანვრამდე მარეგისტრირებელი ორგანოსთვის არ მიუმართავს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, ასევე არ უსარგებლია არც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიღებამდე მოქმედი ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ 28.10.1998წ. კანონით (ძალა დაკარგა 20.09.2007წ.) მინიჭებული უფლებით. 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ კი შპს „დ...მა“, როგორც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, რაც ამ საფუძვლით არ წარმოშობდა შპს „დ...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.
კასატორი მიუთითებს საჯარო რეესტრის 13.03.2020წ. წერილზე და ამ წერილში ხსენებულ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს №301 ცნობა-დახასიათებაზე, რომელიც გაცემულია ფირმა „დ...ზე“, ხოლო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გრაფაში მითითებულია: გადაწყვეტილება №1856, 28.11.1990წ. ოქმი №11, 14.11.1990წ. აქტი №5, 1992წ. №98 დადგენილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული წერილი არ შეიცავს ინფორმაციას სარეგისტრაციო ობიექტის - 12 904,74კვ.მ. მიწის ნაკვეთის შპს „დ...ის“ სახელზე აღირცხვის შესახებ. გარდა ამისა, საქმის მასალებში დაცული ტექნიკური აღირიცხვის არქივის მასალებში არ არის დაცული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ მოსარჩელის სახელზე ქ. რუსთავში, ...ის ქუჩაზე, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 904,74კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უფლების აღირცხვის ფაქტს. ქ. რუსთავის გამგეობის 25.02.1992წ. №98 გადაწყვეტილებით 14.11.1992წ. შერჩევის აქტის შესაბამისად ფირმა „ა...ს“ მიწის ნაკვეთი გამოეყო სარგებლობისათვის, შესაბამისად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებული აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ფირმა „ა...ისთვის“ არა საკუთრების უფლებით, არამედ ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემას. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ქ. რუსთავის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 28.11.1990წ. №1856 გადაწყვეტილების (ოქმი №11) მიღების დროისათვის მოქმედ სსრ მიწის კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად მიწა წარმოადგენდა განსაკუთრებულ სახელმწიფო საკუთრებას და გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. მსგავს დანაწესს შეიცავდა იმავე პერიოდში მოქმედი სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 93-ე მუხლი. ამდენად, 28.11.1990წ. №1856 (ოქმი №11) და 25.02.1992წ. №98 გადაწყვეტილებების საფუძველზე სადავო უძრავ ნივთზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში მოსარჩელის უფლების აღრიცხვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც, აღნიშნული გადაწყვეტილებები მიუთითებენ მხოლოდ მიწის სარგებლობაში გადაცემაზე და არ ადასტურებენ ნაკვეთზე ტექ. ბიუროში შპს „დ...ის“ საკუთრების უფლების აღრიცხვის ფაქტს. მართალია, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა კერძო სამართლის იურიდიულ პირებს 2012 წლს პირველი იანვრიდან აღარ გააჩნიათ.
რაც შეეხება კასატორის მითითებას 27.10.1997წ. მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის თანახმად, შპს „დ...მა“ შპს „ა...ს“ გადასცა მისი საკუთრების ნაწილი (ორ შენობა-ნაგებობაზე), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ ადასტურებს მიწის ნაკვეთზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში მოსარჩელის საკუთრების რეგისტრაციის ფაქტს. ამასთან, საქმეში დაცულია ინფორმაცია ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ქ. რუსთავში, ...ის ქ. №2-ში მდებარე ობიექტზე, სადაც მესაკუთრეების/მოსარგებლეების გრაფაში მითითებულია შპს „ა...“, უფლების დამდგენ დოკუმენტად აღნიშნულია 27.10.1997წ. მიღება-ჩაბარების აქტი, ნაკვეთის საკუთრების ტიპად კი განსაზღვრულია სახელმწიფო საკუთრება (ტ. 3, ს.ფ. 166). ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით შპს „დ...ს“ საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე დადგენილი აქვს, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 12.2 მუხლის თანახმად, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთის გარეშე, დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობასა და მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული საჯარო რეესტრის 07.07.2017წ. გადაწყვეტილებით განმცხადებელს ასევე განემარტა შენობა-ნაგებობებზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და მხოლოდ შენობა-ნაგებობებზე კორექტირებული აზომვითი ნახაზების წარდგენის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის ქვეშ დაკავებული ფართების რეგისტრაციის შესაძლებლობაზე. დგინდება, რომ განმცხადებელს კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზები შენობა-ნაგებობების განაშენიანების შესაბამისად არ წარუდგენია და უფლების რეგისტრაცია არ მოუთხოვია განაშენიანების ფართობზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის მოთხოვნა მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი განცხადებით იყო არა, როგორც შენობა-ნაგებობების განაშენიანების ფართობის შესაბამისად საკუთრების უფლების რეგისტრაცია, არამედ უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე, რაზეც ზემოთ მითითებული გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით არ არსებობდა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „დ...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „დ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.2021წ. განჩინება;
3. თ. ჯ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.01.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი